ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის ინტერვიუ საინფორმაციო პორტალზე "ამბები.ge"
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. სენატორებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასეს. რა იყო მთავარი გზავნილები, რატომ განსხვავდება ევროპისა და აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები ერთმანეთისგან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და რამდენად შეიძლება, სენატის მიერ დაფიქსირებულმა კრიტიკულმა პოზიციებმა კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი საქართველოში უფრო შედეგიანი გახადოს? - ამ ყველაფერზე "ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი გვესაუბრება, რომელიც ყურადღებას უპირველეს ყოფნისა, მთავარ მესიჯებზე ამახვილებს:
- ქართველი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთგვარი შიშითა და დაძაბულობით ელოდებოდა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელ სხდომას. ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე გარკვეულწილად ეს გასაგებია - ალბათ, მთავარი კითხვა იყო, როგორ შეფასდებოდა ეს მოვლენები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ სენატში გამართულმა მოსმენამ არ გაამართლა ის აპოკალიფსური სცენარის მოლოდინი, რაც ალბათ, ქართული პოლიტიკური საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნია, რომ მთლიანობაში, ჩემი შთაბეჭდილებით, მოსმენა ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან ტონალობაში ჩატარდა და ამავე დროს, მწვავე კრიტიკა, რომელიც გამოითქვა, მხოლოდ ქართული პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას უნდა მოემსახუროს.
ალბათ, პოზიტივებს შორის აღსანიშნია, რომ მოსმენისას მკაფიოდ ითქვა, რომ მიუხედავად 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების ცვლილებისა, ქვეყანა მყარად ინარჩუნებს ევროსტრატეგიულ კურსს, რომ ჩვენი ქვეყანა რჩება რეგიონში აშშ-ის საიმედო პარტნიორად, და რომ ამ გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ ასპარეზზე აშშ-ის მხრიდან აქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა. ეს ძალიან არსებითია, რასაც ჩვენ შესაძლოა, ყოველ ჯერზე ვიმეორებთ, მაგრამ ასეთი გამეორება არ გვაწყენდა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება მწვავე და საქმიან კრიტიკას, რომელიც აუცილებლად აღსანიშნია - მართალია, სენატის გუშინდელი მოსმენის ყველა მონაწილის მხრიდან ასეთი კრიტიკა არ იყო იმდენად მწვავე, როგორც ცალკეული გამომსვლელების სიტყვაში და ზოგიერთი გამომსვლელის შეფასებები შედარებით დაბალანსებული იყო, მაგრამ მათ შენიშვნებსაც ვერ დავუკარგავთ მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროცესში გარკვეული, აუცილებლად გასატარებელი რეფორმების მიმართ გამოიხატება.
აღინიშნა, რომ ქართული მართლმსაჯულება კვლავ რჩება ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე ჩვენს მთავარ გამოწვევად და თავის ტკივილად. არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ეს საკითხი ერთხელ და საბოლოოდ მოსაგვარებელია. მაგალითად, კარა მაკდონალდის გამოსვლაში ითქვა, რომ ეს რეფორმა ერთიანი და მთლიანობაში განხორციელებული უნდა იყოს და არა - ნაწილ-ნაწილ და დროში დანაწევრებული. ვფიქრობ, ქვეყნის და ნებისმიერი ხელისუფლების ღირსების საკითხია, რომ ამ პროცესს ერთხელ და საბოლოოდ დაესვას წერტილი. ასევე აღინიშნა ის, რომ საარჩევნო რეფორმირების თვალსაზრისით, მთელი რიგი რეკომენდაციებისა ეუთო/ოდირის მხრიდან ჯერ კიდევ შეუსრულებელი რჩება და ეს ასევე, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაშია მისახედი.
ამასთანავე, მოსმენის დროს მკაფიოდ აღინიშნა საქართველოში ე.წ. პოლიტიკური დევნის შესახებ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსმენაში მონაწილე პირები, კერძოდ ჯორჯ კენტი ან ბოლომდე არ იყო ინფორმირებული ცალკეულ სამართლებრივ პროცესებზე, ან მან შედარებით მოკლე პასუხი ამჯობინა დასკვნით კითხვაზე, თუმცა აღსანიშნია ის, რომ იმავე, ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე მან თავის პასუხში ცალსახად აღნიშნა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში არცერთი მხარე არ არის ბრალისგან და პასუხისმგებლობისგან თავისუფალი, საკითხში ყველა მხარეს თავისი წვლილი მიუძღვის, მათ შორის, მელიასაც. მან აღნიშნა კანონის ტექნიკური დარღვევა მელიას მხრიდან, თუმცა თქვა ისიც, რომ ერთია, რას გვკარნახობს კანონი, მეორეა, როგორია ამა თუ იმ საკიხის მიმართ პოლიტიკური მიზანშეწონილობა. ასე რომ, ვფიქრობ, კრიტიკული საკითხების ეს ჩამონათვალი ალბათ, უახლოეს პერიოდში აუცილებელი წესით იქნება მისახედი, რათა კომპრომისის ფორმულა მოიძებნოს და შესაბამისად, ქვეყანა არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს მოსმენა საბოლოო ჯამში რეზოლუციაში აისახება, რაც კიდევ უფრო კვალიფიციური მსჯელობის საფუძველს მოგვცემს.
- საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სენატის მოსმენაზე კრიტიკა ძირითადად, ოპოზიციური პარტიებისკენ იყო მიმართული, მაშინ როდესაც მეორე ნაწილის თანახნად, სენატის წევრები მთავრობის მიმართ უფრო მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ. თქვენ რომელ აზრს ეთანხმებით, თუ ორივე მხარის მიმართ თანაბარი კრიტიკა დაინახეთ?
- იცით, ჩვენ თუ გვინდა, სარკეში სწორად ჩავიხედოთ და საკუთარი თავი დავინახოთ, ნებისმიერ მხარეს ეხება, რომ ერთხელ და საბოლოოდ უარი უნდა ვთქვათ იმ ფრაზების კონტექსტიდან ამოგლეჯვაზე, რომელიც შესაძლოა, ამა თუ იმ მხარეს კონკრეტულ მომენტში აწყობდეს. რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს მიდგომა სენატის გუშინდელი მოსმენის მიმართ ახლაც შეინიშნება და ვფიქრობ, ეს არასწორია, ძალიან მახინჯი მიდგომაა. უმთავრესია, რომ ეს ჩვენს ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე მუშაობაში არ დაგვეხმარება. ჩემი შეფასებით, გუშინდელი მოსმენა იყო პარტნიორის მხრიდან პარტნიორის მისამართით გაწვდილი დახმარებისა და თანამშრომლობის ხელი. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყოველი გამომსვლელი აღნიშნავდა, რომ როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ის ჩართულობა პროცესში, როგორიც არ უნდა იყოს მათი თანამონაწილეობა, ეს კრიზისი უმთავრესად ქართველების მხრიდანაა მისახედი, რომ ამ პროცესზე, ციტატა: "მესაკუთრეობა, საკუთრების უფლება“ ქართველებს ეკუთვნით და უპირველეს ყოვლისა, თუ ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ მონახეს ერთმანეთში საერთო ენა, ცხადია, ვერანაირი შეთავაზება, ვერანაირი გარე დახმარება თუ რეცეპტი ჯადოსნური გადაწყვეტის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ეს აღნიშნა შაჰინმაც, კენტმაც, კარა მაკდონალდმაც, თუ არ ვცდები, ჯონსონმაც და .შ. მოკლედ, უმეტესობა, ვინც გუშინ გამოდიოდა, ამა თუ იმ ფორმით ამბობდა, რომ აშშ მზადაა დაგვეხმაროს, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, მაგრამ ამ პროცესის უმთავრესი გადამწყვეტი ისევ ჩვენ ვართ და თუ ერთმანეთში ვერ მოვძებნით კომპრომისს, ვერ გავმიჯნავთ ის, თუ სად მთავრდება პარტიული ინტერესი და სად იწყება ქვეყნის ინტერესი, ვერანაირი დახმარება - ვერც დიპლომატიური, ვერც ნებისმიერი სხვა ამ საკითხში ქმედითი ვერ იქნება. ალბათ, ძირითადი დასკვნა ესაა, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის მთავარი პასუხისმგებლობა და ტვირთი ისევ ჩვენს მხრებზეა.
- ევროკავშირის თანამდებობის პირებთან შედარებით, მთავრობის მიმართ კრიტიკა აშშ-ის სენატში უფრო მწვავე იყო. ამას რას უკავშირებთ?
- ევროკავშირს ამ პროცესში შედარებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს საკუთარ თავზე აღებული მედიაციის თვალსაზრისით და ალბათ, ევროკავშირის წამყვანი როლით აიხსნება მათი შედარებით მეტი სიფრთხილე მათ შეფასებებში. მეორე გარემოებაა, რომ კონცეპტუალურად, საერთოდ, ევროპისთვის დამახასიათებელი ხელწერაა რბილი ძალის ფორმით მონაწილეობა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. რბილი ძალა, ანუ დიპლომატია, პოლიტიკური მანევრის გამოისობით ამა თუ იმ კრისზიში ჩართულობა ისაა, რაც ევროპას ყველაზე მეტად ახასიათებს და გამოარჩევს. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ მინდა დავაკნინო და არც იქნება სწორი, რამენაირად ჩრდილში მოვაქციო ამ პროცესში აშშ-ის თანამონაწილეობა, მაგრამ ვიმეორებ, განსხვავებით აშშ-ისგან, ეს გაცილებით დიდი თემაა, მაგრამ ევროკავშირის ხელწერა სწორედ ასეთ ფასილიტაციასა და მედიაციაშია, მაშასადამე, უფრო რბილი ძალით თანამონაწილეობაში გამოიხატება. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპზე აშშ-ის თანაბარი მონაწილეობა პროცესში აუცილებელი და საჭირო არ გახდეს, მაგრამ დღეს წამყვანი როლი ამ პროცესში ევროკავშირს და მის ინსტიტუტებს ეკუთვნის და შესაბამისად, ალბათ ამითაც უნდა აიხსნას, რომ მათი მიდგომა და შეფასება გაცილებით მოზომილია.
- ხომ არაა შესაძლებელი, რომ ამ ყველაფრის ფონზე დანიელსონის ხელახლა ჩამოსვლა უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს?
- ველი, რომ ამჯერად, ასე ვთქვათ, დანიელსონის "მეორე მოსვლა“ გაცილებით შედეგიანი იქნება, რადგან ვფიქრობ, ევროკავშირმა პირველი მცდელობის შედეგად უკვე გარკვეული დასკვნები გამოიტანა და მეორე მცდელობისას ევროკავშირი უფრო აქტიური, შეიძლება, გარკვეულწილად ზომიერად აგრესიულიც იყოს. ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა ქართული პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები მანევრირების სივრცე დაუტოვოს და ასე ვთქვათ, საკუთარი ფორმულა გარკვეულწილად რბილად, მაგრამ მოახვიოს თავს ქართული პროცესის მონაწილეებს, რათა კარგი გაგებით, საკითხის გადაწყვეტად მოეძებნოს გასაღები. ალბათ, ამ მეორე მცდელობას ეს დამახასიათებელი ნიშან-თვისება ექნება, რომ პირველი რაუნდისგან განსხვავებით, დანიელსონი აქტიური მსმენელიდან უფრო აქტიურ მოსაუბრედ გადაიქცევა და შეიძლება, ეს იყოს ის, რაც ამ პროცესის შედეგიანობას განაპირობებს.
თავისთავად ცხადია, რომ სენატის მოსმენას ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა აქვს, რადგან ნებისმიერ პროცესს შესატყვისი პოლიტიკური და საინფორმაციო ფონი, გნებავთ, ფსიქოლოგიური ფონი სჭირდება. ჩვენ იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კრისტიან დანიელსონისა და კარლ ჰარცელის გვერდით აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ზის, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ აშშ-ის მონაწილეობა და როლი რაოდენ დიდია ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ და სახვალიო განვითარების პროცესში და ცხადია, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც პოზიტიური სიგნალი საჭირო მიმართულებით - არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ, აშშ-ის მხრიდან თანაბარი დაინტერესებაა, რომ პროცესი უსწრაფესად გადაწყდეს.