არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად

ავტორი:

ინტერესი თუ ფასეულობა?
 

უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების გადასინჯვა საერთაშორისო ურთიერთობებში ძირეულ ცვლილებებს მყისვე იწვევს. ეს მჭიდრო ურთიერთკავშირი მეტად ბუნებრივია, ვინაიდან ესა თუ ის გლობალური თუ რეგიონალური წესრიგი წარმოუდგენელია ამ ურთიერთობათა მთავარ მონაწილე სუბიექტებს - სახელმწიფოებს - შორის ფიზიკური უსაფრთხოების ამა თუ იმ სახით ფორმირებისა და მოწესრიგების გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ საკუთრივ უსაფრთხოების მოდელები ევოლუციას განიცდის და ხშირად ტრანსფორმირდება, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო პოლიტიკაში ცვალებადი კონიუნქტურის შედეგია.
 

ერთ-ერთი ასეთი მძლავრი კონიუნქტურული ცვლილება საბჭოეთის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შედეგად რუსეთის ფედერაციისა და ევროატლანტიკური ერთობის გამყოფ ხაზზე მოქცეული ქვეყნების გეოპოლიტიკურ თვითგამორკვევას და ამ პროცესის თანამდევ კატაკლიზმებს უკავშირდება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ფართო სურათში თვითგამორკვევის სირთულეებს არა მხოლოდ ე.წ. „ბუფერული“ ქვეყნები აწყდებიან. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ისე როგორც ჩვენი სხვა პარტნიორები, არაერთი გადაუჭრელი გამოწვევისა და პასუხგაუცემელი შეკითხვის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს ბოლო წლებია, მთავარ საკითხთა შორის ფიგურირებს ერთი უმთავრესი და ძალზე არსებითი: როგორ გადაწყდება ორ მსხვილ გეოპოლიტიკურ ბანაკს შორის ე.წ. „საზღვრისპირა ზონის“ ბედი და უსაფრთხოების როგორი კონფიგურაციის ბედს გაიზიარებს, მათ შორის, ჩვენი ქვეყანა?
 

ამ შეკითხვის პასუხის პოვნა მხოლოდ თეორიული სავარჯიშოს საგანი ვერ იქნება. სწორი პასუხის მიგნება კი მხოლოდ ქართულ მხარესა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის უწყვეტი კომუნიკაციით არის შესაძლებელი და, ამასთანავე, საერთაშორისო ურთიერთობების აქცენტებსა და პრიორიტეტებზე უწყვეტ დაკვირვებას და მათ შეფასებას მოითხოვს. ჩვენთვის საყურადღებო პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთია „ინტერესისა და ფასეულობის“ განტოლებაში ინტერესის დაწინაურება ფასეულობის მიმართ.
 

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ორი კატეგორიის ირგვლივ სახელმწიფოების გლობალურ თუ რეგიონალურ კონტექსტში ბალანსირება არახალია და, ფაქტობრივად, ეროვნული ნიშნით სახელმწიფოს აღმოცენებიდან იწყება. თუმცა, ინტერესისა და ფასეულობის განსაკუთრებული ძალითა და სიცხადით „ჭიდილის“ ახლებური ისტორიის ათვლის წერტილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე სახელმწიფოს ფორმირების დაწყებაა. ამასთანავე, ცივი ომის დასრულების შედეგად გამოწვეულმა და ჯერაც აღმოუფხვრელმა გაურკვევლობამ და ჩამოუყალიბებლობამ ორწევრიან განტოლებაში მეტ–ნაკლები დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავა: ფასეულობის მიმართ ინტერესის დომინირება აშკარა, ზოგ შემთხვევაში კი, პრაქტიკულად, შეუქცევადი გახდა.
 

ასეთი დისბალანსის მიზეზებსა და ბუნებაზე წინათ არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა, მოკლე შეჯამების მიზნით ვიტყვით, რომ ყველა ეს მიზეზი უმთავრესში იყრის თავს - ეს არის თანამედროვე ფორმაციის სახელმწიფოს უნარის დაქვეითება გაუმკლავდეს დაგროვილ სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გამოწვევებს. ამ თითქმის ქრონიკული უუნარობის გაგრძელებად მივიღეთ შიდასაზოგადოებრივი და შიდაეროვნული ერთობის რღვევა, რაც უმალვე გამოვლინდა აზრთა რადიკალიზაციის, პოზიციების შეურიგებლობისა და ექსტრემისტული მიდრეკილებების სახით. მეტიც, ნაცვლად საშინაო პროცესებში არსებული ამ უმწვავესი კრიზისების მოგვარებისა, ამა თუ იმ ქვეყანამ ყურადღება გარე ასპარეზზე გადაიტანა და ამ გზით სახელმწიფოსა და სოციალური ფაქტორის შემდგომი რღვევის შეჩერება სცადა. ნებისმიერ შემთხვევაში, ყურადღების ასე გადატანას უკვალოდ არ ჩაუვლია: თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებმა საგრძნობი დეზორგანიზაცია განიცადა, რამეთუ, ნაცვლად ფასეულობების ირგვლივ კონსოლიდაციისა, ამ ურთიერთობათა მამოძრავებელ ფაქტორად საკუთარი ეროვნული ინტერესის სხვათა ხარჯზე დაკმაყოფილება გახდა. შესაბამისად, ე.წ. „ნულოვანი ჯამის“ პრინციპმაც, რაც კონკრეტული სუბიექტის მიერ მაქსიმალური სარგებლის სხვათა უგულებელყოფის ხარჯზე მიღებას გულისხმობს, ახალი რენესანსი განიცადა.
 

შედეგად, მსოფლიო პოლიტიკაში მანამდე მეტ-ნაკლები წარმატებით შენიღბული ეგოიზმი საბოლოოდ გამომზეურდა და სახელმწიფოს საერთაშორისო მოქმედების დეკლარირებულ ხაზად იქცა. ამ მეტად თავისებურ პროცესში კი მივიღეთ რეალობა, რომელშიც ფასეულობის კატეგორია ეგოინტერესის მომცრო და რიტუალურ დანამატად იქცა, ხოლო „რეალიზმის“ გეოპოლიტიკური სწავლება გაცილებით უფრო რეალისტური გახდა. ყოველივე ამან, თავის მხრივ, უსაფრთხოების სფეროში თანაცხოვრების ახალი მოდელების ძებნის საჭიროება განაპირობა, ხოლო ამა თუ იმ რეგიონის სპეციფიკურობის მიხედვით ფორმირებულმა კავშირებმა, ალიანსებმა თუ გაერთიანებებმა ინტერესთა მეტი თანხვედრის მიზნით გაცილებით ვიწრო თემატური მიმართება შეიძინეს. ერთი სიტყვით, დროებამ არსებულ უსარგებლო მიდგომებთან საბოლოოდ გამოსამშვიდობებლად და ახლებური გადაწყვეტის საპოვნელად ექსპერიმენტების გარდაუვალობა წარმოქმნა.
 

მეტი მოქნილობა, მეტი შინაარსი, მეტი ფოკუსი..
 

ცნობილია, რომ ცივი ომის პერიოდის დასავლური გლობალური უსაფრთხოება მეტწილად ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის - ნატოს - ღერძს ეფუძნებოდა. ეს სისტემა დღესაც განაგრძობს ოპერირებას, თუმცა, მიმდინარე მოცემულობაში პასუხგაუცემელი ორი არსებითი შეკითხვით: პირველი – თუ რას წარმოადგენს ალიანსის განახლებული ფუნქციონალური დატვირთვა და მეორე - რა არის ალიანსის პრინციპული დამოკიდებულება შესაძლო ახალი გეოგრაფიული გაფართოების თვალსაზრისით. ორივე საკითხზე მსჯელობა აქტიურ ფაზაშია და მათ აქტუალობაზე ნატოს ახლახან გამართული სამიტი და იქ მიღებული 2030 წლის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი მეტყველებს, რომელიც, უნდა ითქვას, რომ საქართველოსათვის აქტუალურ საკითხებს მაინც არასაკმარისად აშუქებს.
 

ნატოს მრავალმხრივ კოლექტიურ ალიანსთან ერთად და მის პარალელურად, ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირემ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა - წლების წინ ჩამოაყალიბა მეორე, არანაკლებ საინტერესო სისტემა, რომელიც თემატურ-გეოგრაფიულ სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობას ითვალისწინებდა. ამ მიდგომის თვალსაჩინო მაგალითებია სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასთან, ფილიპინებთან, იაპონიასა და ტაილანდთან ორმხრივი შეთანხმებებით დამკვიდრებული ე.წ. „წერტილოვანი დაქსელვის“ (hub-and-spoke) მოდელი. უნდა ითქვას, რომ ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის მიმართ ჯორჯ კენანის „შეკავების ხაზის“ ხორცშესხმისას ამ ტიპის სისტემამ თავისი პრაქტიკული დანიშნულება პოვა.
 

თუმცა, როგორც უკვე ითქვა, დროთა განმავლობაში იცვლება ურთიერთობათა ბუნება და მასთან ერთად – უსაფრთხოების სფეროს ქცევის წესები და კონსტრუქციები. ასეთ ძირეულ ცვლილებებს შორის ერთ-ერთია ვიწრო ფორმატის ორმხრივობასა და მსხვილ ალიანსებს შორის ერთგვარად შუალედური - რამდენიმე მხარის მონაწილეობით აღმოცენებული კომპაქტური გაერთიანებები (თანამედროვე ტერმინით - კლასტერები), რომლებიც მონაწილე ქვეყნებს მეტი სიცხადით გამოკვეთილ ფუნქციონალურ ამოცანასთან ერთად, მიზნის მისაღწევად გაუმჯობესებულ მობილურობასა და რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას სთავაზობს. არცთუ იშვიათად, მსგავს გაერთიანებებს „მცირე ნატოს“ უწოდებენ, თუმცა, გარკვეულწილად, ეს შედარება მართებული მაინც არ არის.
 

ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული სახელისუფლო, სპეციალიზებული და ანალიტიკური წრეებისათვის ზემოაღნიშნული მიმდინარეობა პრაქტიკული ინტერესის მქონეა. ამავდროულად, მისი შესწავლა და ჩვენს რეგიონზე მოდელირება შესაძლოა დაგვეხმაროს დიდი ხნის წინათ დამკვიდრებული უსაფრთხოების მოდელებსა თუ მიდგომებში არსებული ხარვეზების - ზოგიერთ შემთხვევაში კი ანაქრონიზმების - აღმოფხვრაში: ქართული სახელმწიფოებრიობისათვის აუცილებელი მხარდაჭერის მაქსიმალურად, რეალურად, საქმით და არა სიტყვით მიღებაში.
 

რეალურად, ხსენებული „კლასტერული“ (ე.წ. „მცირე ნატოს“) სისტემის არსია მონაწილე ქვეყნების ფაქტობრივი და არა დეკლარაციული ინტერესების თანხვედრა და ურთიერთგადაფარვა. ამგვარი თანმხვედრი მისწრაფებების ამპლიტუდა შეიძლება შერჩევითად მონიშნული რამდენიმე სათანამშრომლო სფეროდან ამოცანათა მრავალფეროვნებამდე მერყეობდეს. შესაბამისად, მიიჩნევა (აქაც იდეალიზაციის გარეშე), რომ რეალურად ეფექტიან უსაფრთხოებას სწორედ ის „კლასტერები“ უზრუნველყოფს, რომლებშიც მონაწილე ქვეყნები ბუნებრივად ერთიანდებიან; ხოლო გაერთიანების შემდგომ პერიოდში კი დასახულ მიზნებს მათთვის ცალ-ცალკე და კოლექტიურად გასაგები რაციონალით მიუყვებიან.
 

თუმცა, აქ მოკლედ აღწერილის უკეთ საილუსტრაციოდ ერთ მეტად კონკრეტულ პრეცედენტზე გადავალთ.
 

უკვე მაგალითი, უკვე არსებული გამოცდილება
 

წყნარ ოკეანეში ერთი ასეთი საინტერესო თემატური გაერთიანება ჩამოყალიბდა - „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგი“ (QUAD), რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი მონაწილეობს. ეს პროექტი ჩვენთვის საგულისხმოა იმდენად, რამდენადაც ძალზე პრაქტიკულ მასალას გვთავაზობს ამ სტატიაში გაშლილი თემის ირგვლივ სამსჯელოდ.
 

ზემოხსენებული ქვეყნების გაერთიანება რამდენიმე მიზეზით აიხსნება, თუმცა, მათ შორის უმთავრესი მაინც არის წყნარ ოკეანეში (და ნაწილობრივ ინდოეთის ოკეანეში) ერთგვარი „სტატუს კვოს“ შენარჩუნება ჩინური ექსპანსიის მაქსიმალური შეკავებისა და მოთოკვის გზით. ცხადია, ამის თქმა უფრო იოლია, ვიდრე განხორციელება, ხოლო სირთულეებს შორის არა მარტო რეგიონში ჩინეთის მზარდი ფაქტორი, არამედ „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის“ ფარგლებში მონაწილე ქვეყნებს შორის რიგი საკითხებისა და მიდგომების მიმართ კონცეპტუალური თუ ტაქტიკური განსხვავებაც არის. ზოგადად, „დიალოგის“ ფორმირებისა და მისი შემდგომი განვითარების პროცესი, ისე როგორც მასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა, ცხადია, თანაბრად ღირებულია მოდელის უკეთ გასაგებად. მაგრამ, ვაცნობიერებთ რა, რომ ამ თემის ირგვლივ დეტალიზაცია შორს წაგვიყვანს, ისევ და ისევ მთავარ სათქმელს გვინდა დავუბრუნდეთ და გამოვკვეთოთ.
 

„დიალოგის“ ფორმატის მნიშვნელობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ჩინეთის სისტემატურმა მცდელობამ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე გადააწყოს რეგიონალური წესრიგი, შეაფერხოს თავისუფალი საზღვაო მიმოსვლა რეგიონში, ხელყოს რიგი ქვეყნების სუვერენული უფლებები. აღსანიშნავია, რომ „დიალოგის“ შეფასებით, საგანგაშო ხასიათი შეიძინა პეკინის ძალისხმევამ „გადაწეროს“ რიგი საერთაშორისო ნორმები საკუთარი გეოპოლიტიკური შეხედულებებისა და ამბიციების სარეალიზაციოდ. სავსებით გასაგებია, რომ პროცესის ამ გზით განვითარება საფრთხეს უქმნის რეგიონალურ სტაბილურობასა და ძალთა ბალანსს, ამ საფრთხის პრევენცია და მოვლენათა კიდევ უფრო რადიკალიზაციის თავიდან არიდება სწორედ „დიალოგში“ მონაწილე ქვეყნების უმთავრესი გამოწვევაა; იმავე მიზანს ემსახურება „დიალოგის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ გადადგმული ნაბიჯები.
 

მოკლედ რომ ითქვას, წყნარ ოკეანეში „ოთხმხრივი უსაფრთხოების ფორმატის“ სახით მოქმედი ერთგვარი „მცირე ნატო“ არის მასში მონაწილე დემოკრატიების პასუხი რევიზიონიზმისადმი, როგორც რეგიონში „შეკავების“ პოლიტიკის გასატარებლად მიმართული ღონისძიება რამდენიმე იმ პრინციპის საფუძველზე, რომლებსაც ცივი ომის დროინდელი შეკავების პოლიტიკური ხაზი ითვალისწინებდა. ამავდროულად, ნიშანდობლივია, რომ „ფორმატი“ არ წარმოადგენს ფორმალურ ალიანსს და მას თან არ ახლავს ნატოს მე-5 მუხლის ანალოგი - ფორმალური ვალდებულება სამხედრო ურთიერთდახმარების თაობაზე.
 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობისა, „დიალოგით“ გათვალისწინებულ ინტერესთა არეალში მრავალ სხვა თემაზე კოორდინაციაც შედის, იქნება ეს მიგრაცია, ენერგეტიკა, ტერორიზმი და ა.შ. თუმცა, უდავოა, რომ აშშ-სათვის „ძირითადი ინტერესის“ სფეროდ აღიარებულ გეოგრაფიულ არეალში გეოპოლიტიკური ინტერესის თანხვედრა „დიალოგის“ მონაწილეთა უმთავრესი მოტივატორია. საკუთრივ აშშ-სათვის რეგიონის მნიშვნელობა არა მხოლოდ ამ ქვეყნის პოლიტიკის არაერთ დოკუმენტში აისახა, არამედ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ფარგლებში სპეციალური – ინდო-წყნარი ოკეანეს რეგიონში კოორდინატორის თანამდებობაც დაწესდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის მიმართ მზარდი ყურადღება ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოთა მხრიდანაც ასევე მეტად კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა. ასე მაგალითად, საფრანგეთმა ჯერ საკითხის შესახებ ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ ინდო-წყნარი ოკეანეს საქმეთა საგანგებო ელჩი დანიშნა, გერმანია კი 2020 წელს აღნიშნულ რეგიონთან დაკავშირებით საგანგებო სტრატეგიის დამუშავებას შეუდგა.
 

ეს მოკლე ექსკურსი აუცილებელი იყო, რათა მთავარ სათქმელზე გადავიდეთ და შავი ზღვის ერთიანი უსაფრთხოების მოდელირების თვალსაზრისით საქართველოს უსაფრთხოების ვარიაციებზე ვიმსჯელოთ. აქვე საგანგებო დათქმის ღირსია, რომ ჩვენი ქვეყანა აგრძელებს და ავითარებს ნატოსთან ინტეგრირების კურსს, რაც იყო და კვლავ არის ეროვნული პრიორიტეტი. ამასთანავე, სწორედ რომ ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების უკვე ნაცნობი პრობლემატიკა საჭიროს ხდის ვიმსჯელოთ დასავლურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების ერთობასთან ინტეგრირების დამატებით ან სულაც ალტერნატიულ გზებზე: ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ტენდენცია ქართული სახელმწიფოსაგან მოითხოვს მეტ არჩევანს გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე როგორც მოქნილობისა და ადაპტირების მეტ უნარს მოქმედებისას. საჭიროა - და არა მხოლოდ ქართული, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან - აზროვნების პროცესში სტერეოტიპებისა და კლიშეებისაგან გათავისუფლება, გამბედაობა, ადეკვატურობა და მიღწევების კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით გაზომვა.
 

შავი ზღვის „მცირე ნატო“?
 

დღესდღეობით სხვადასხვა ფორმატის თუ რანგის შეხვედრებზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ და განიხილავენ შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების საკითხს. თუმცა, მიუხედავად ასეთი სიხშირისა, სიტყვასა და საქმეს შორის გარღვევა ჯერ კიდევ საგრძნობია. დიახ, ნატოსთან ურთიერთობა ვითარდება; დიახ, იგი ივსება ახალი ელემენტებით; დიახ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მონაწილეობით უსაფრთხოების ხაზით ახალი პროექტები და ინიციატივები ემატება. ეს ყველაფერი ასეა, თუმცა, რეგიონში სწრაფად ცვალებადი ვითარება გაცილებით მეტს – საკითხების უფრო სიღრმისეულ და გარემოებებთან სრულად შეწყობილ გადაწყვეტას მოითხოვს.
 

ჩვენი ქვეყნისათვის მეტი გარანტიების შექმნის მიზნით ალიანსში გაწევრება მკაფიო ვადებსა და უმოკლეს პროცედურებს უნდა ითვალისწინებდეს, მაგრამ ამ მხრივ სურათი ჯერჯერობით მაინც არადამაკმაყოფილებელია. აგრეთვე, ერთგვარ „სათადარიგო“ ვარიანტად მოვიაზრებდით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგში სტრატეგიულ სახელშეკრულებო მოკავშირეობაზე გადასვლას. ამ ვარიანტის ალბათობა, ისე როგორც შავი ზღვის რეგიონალური კონტექსტის გათვალისწინებით მისი „ექსპერიმენტულობა“, წინა პუბლიკაციებში შეძლებისდაგვარად მიმოვიხილეთ. ამჯერად კი ვეცდებით შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების „კლასტერზე“ - ე.წ. შავი ზღვის „მცირე ნატოს“ შესახებ ვიმსჯელოთ; ხოლო შემდგომში განხილვის მიზნით მის რეგიონალურ სპეციფიკაციას მოვნიშნავთ. მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებული „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის“ შავიზღვისპირული პრეცედენტი, რიგი მიზეზების გამო, შავ ზღვაზე ორ გეოპოლიტიკურ ბანაკს შორის მოქცეული „საზღვრისპირა“ ქვეყნების მიერ დეტალურ შესწავლას იმსახურებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისა, რომლებმაც თავისი საგარეო პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს.
 

დავიწყოთ იმით, რომ შავ ზღვაზე გეოპოლიტიკური ნიშნით დაკავშირებულ ქვეყნებს შორის ურთიერთობის მეტი სტრუქტურირება ერთი მეტად კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯი იქნებოდა, კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში (და, ცხადია, არამარტო) – მავნე და დესტრუქციული გარე გავლენების შესამცირებლად. შედეგად, შავი ზღვის „დიალოგის“ მსგავსი ფორმატი ე.წ. „საზღვრისპირა“ ქვეყნებს შეუმსუბუქებს წნეხს, რომლის ქვეშაც საგარეო ვექტორის რეალიზების გამო ხვდებიან და რომელიც ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.
 

ამასთანავე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ურთიერთობათა მსგავსი სტრუქტურის ჩამოყალიბება, ვფიქრობ, საგრძნობლად გამოკვეთდა რეგიონში დასავლურ ინტერესებს და სრულიად გააბათილებდა აქტუალობას ერთი ცნობილი შეკითხვისა – „სად არის დასავლეთი რეგიონში?“. ბალტიისპირეთისაგან განსხვავებით, შავ ზღვაზე ნატოს ალიანსის შეკვეცილი წარმომადგენლობის პირობებში, ურთიერთობათა ამ გზით გადაფორმატება საფუძველს ჩაუყრიდა აშშ-ს ევრაზიული პოლიტიკის კონცეპტუალიზებას და გაცილებით სარწმუნოს გახდიდა დასავლეთის განცხადებებს რეგიონისადმი რეალური სტრატეგიული ინტერესის შესახებ.
 

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამ გზით „შავი ზღვის დიდ რეგიონში“ (შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონი) არსებულთან შედარებით უფრო მაღალი ხარისხის უსაფრთხოების სისტემას შექმნის. ამ სისტემის მეშვეობით პოლიტიკურად განსხვავებულ მოთამაშეთა ინტერესების თავმოყრა მათთვის მეტად ლოგიკურ საფუძველზე მოხდებოდა: ფორმატში მონაწილე ქვეყნების სტაბილურობა უდრის სტაბილურობას რეგიონში. ამ დიდი რეგიონალური ამოცანის კვალდაკვალ, შემოთავაზებული თანამშრომლობის ფორმატი, აწ უკვე შავი ზღვის არეალში კოლექტიური შეკავების პოლიტიკის ეგიდით, მოემსახურება როგორც რუსული რევიზიონიზმის შედარებით უფრო ეფექტიან მოთოკვას, ისე რეგიონზე სხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორთა მავნე გავლენებთან შეწინააღმდეგებას.
 

კარგად ვაცნობიერებთ იმ გარემოებას, რომ შავი ზღვის „მცირე ნატოს“ ფორმატში მონაწილე ქვეყნების შეწყობილი კოორდინაცია ყოველთვის მარტივად არ მიიღწევა: აქ თავს იჩენს როგორც შიდაპოლიტიკური სპეციფიკაცია, ისე ქვეყნებს შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებულობა თუ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების აღქმის არაერთგვაროვნობა. თუმცა, ყოველივე ამის გადალახვისა და გაერთიანების ძლიერ ფაქტორად მონაწილეთა საგარეო-პოლიტიკური ვექტორების დიდწილად თანხვედრა გამოდგება. პრაქტიკულად, მონაწილე ქვეყნები „შეამხანაგდებიან“ იქ, სადაც მათი ინტერესების დამთხვევის ყველაზე დიდი კონცენტრაცია იქნება, კერძოდ, ასეთია უსაფრთხოების საერთო რისკები და გამოწვევები. ამ რისკების მინიმიზაციის გზაზე ერთ–ერთ აუცილებელ კომპონენტად კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის საიმედო საკომუნიკაციო სისტემის აწყობა გვესახება.
 

აქვე აღვნიშნავთ, რომ შავი ზღვის ფორმატში შემოთავაზებული ასეთი თანამშრომლობა, მსგავსად „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგისა“, ბიუროკრატიულ ფორმალობებსა და მკაცრ სახელშეკრულებო დანაწესებს მოკლებული იქნება. მეტიც, ფორმატის მონაწილე ნებისმიერი ქვეყანა ნატოსა თუ აშშ-სთან უსაფრთხოების კუთხით საკუთარი ინტეგრირების გზას განაგრძობს, ისე როგორც ამ ორი მიმართულებით უკვე ნაკისრი ვალდებულებებისა თუ პროგრამების რეალიზებას. შესაბამისად, შავი ზღვის „მცირე ნატო“ თანაბრად დასაშვებია წარმოდგეს როგორც ურთიერთდამოუკიდებელი სახელშეკრულებო ისეთი ალიანსების ერთობა, რომლის მთავარი შემკვრელი და გამაერთიანებელი რეგიონში ქცევის გარკვეული წესების განმტკიცებისა და დაცვის განზრახვა იქნება.
 

უსაფრთხოება „პლუს“
 

ჩვენს რეგიონში თანამშრომლობა არამხოლოდ უსაფრთხოებას უკავშირდება და ეს ლოგიკურიცაა. საკუთრივ შავი ზღვა და, მთლიანობაში, „შავი ზღვის დიდი რეგიონი“ იმდენად მნიშვნელოვანია ევრაზიულ სივრცეში ძალთა სტაბილური ბალანსისათვის, რომ, სასურველია, ზემოხსენებული ფორმატის მონაწილეებმა სხვა საკითხებზეც გაამახვილონ ყურადღება.
 

აღნიშნული მიზნით ახლო წარსულში არაერთხელ ვახსენეთ შავი ზღვის დეკლარაცია, რომლის ხელმოწერა და ამოქმედება თვისობრივად შეუწყობდა ხელს რეგიონის საერთო დასავლურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ თავდაცვით სივრცეში მოქცევას. მეტიც - ასეთი დოკუმენტი დამატებითი მტკიცებულება გახდებოდა იმისა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დაინტერესება რეგიონით ოდნავადაც არ განელებულა; რომ დეკლარაციის ამოქმედებით დასავლეთი გამოხატავს მტკიცე მზაობას არ აღიაროს შავი ზღვის „საზღვრისპირა ქვეყნებზე“ სხვათა ექსკლუზიური გავლენა; რომ არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ დეკლარაცია პრაქტიკული საშუალება იქნებოდა ასეთ ქვეყნებში მტკიცე დემოკრატიული და ეკონომიკური წყობის ფორმირებისათვის.
 

შავი ზღვის დეკლარაციას ე.წ. „რბილი ზემოქმედების“ დატვირთვაც მიეცემოდა და ამ სტატიაში განხილული სათანამშრომლო ფორმატის შესაძლო „მილიტარიზაციას“ გაანეიტრალებდა. კერძოდ, მასში საუბარი იქნებოდა რეგიონალური პროექტების სარეალიზაციოდ დამატებითი საინვესტიციო რესურსის მოზიდვაზე, ასევე ინფრასტრუქტურულ, გარემოსდაცვით და ენერგოპროექტებზე. დეკლარაცია ასევე საგანგებოდ აღნიშნავდა სავაჭრო კავშირებისათვის აუცილებელ შეუზღუდავ მიმოსვლასა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებისა თუ ბლოკების დროულობას. რეგიონალური თანამშრომლობისა და მასში დასავლეთის თანამონაწილეობის ინტენსიფიკაციის მიზნით, დეკლარანტი ქვეყნები იმსჯელებდნენ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ (ფსევდოეთნიკურ) კონფლიქტებზე, კიბერუსაფრთხოებაზე, უკანონო მიგრაციასა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივ ღონისძიებებზე.
 

შედეგად, სტატიის შესავალ ნაწილში განხილული „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის“ შავიზღვისპირული ანალოგის პარალელურად, ევრაზიული სივრცის ბედის განსასაზღვრად ჩვენს მეტად მნიშვნელოვან რეგიონში საფუძველი ჩაეყრებოდა ახლა უკვე „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ შავიზღვისპირა ქვეყნების გაერთიანების ანალოგს. ეს კი ქვეყნებს შიგნით სიმტკიცისა და რეგიონალური მდგრადობის კიდევ ერთი მძლავრი მექანიზმი გახდებოდა.
 

დამატებით – არაკონვენციურობის შესახებ
 

დღევანდელ პირობებში შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში ჭარბი „კლასიციზმით“ თავის შექცევა რეალურ შედეგთან აცდენის მიზეზად შეიძლება იქცეს. ამის საპირისპიროდ კი, გადაწყვეტილებათა არასტანდარტულობა, ისე როგორც მათგან გამომდინარე ქმედებათა უჩვეულობა - ერთგვარი არაკონვენციურობა - შედეგის მიღწევის მტკიცე განაცხადად გამოდგება. უსაფრთხოების სფეროშიც უსარგებლო სტერეოტიპული მიდგომების ჩამოშორება და ახლის ცდა სწორედ საამისო მოწოდებად უნდა ჩაითვალოს.
 

ამ სტატიაში კონკრეტული მოდელის განხილვა სასურველია იქცეს კიდევ ერთ დემონსტრირებად იმისა, რომ ქართული სახელმწიფოს აწმყოსა და მომავალზე მსჯელობა რეალისტური შინაარსის მქონე ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული. აქვე დავძენთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს ვინმემ ისე გაიგოს, თითქოსდა ჩვენ ფასეულობის მნიშვნელობას (ინტერესის ფონზე) უარვყოფთ და მისი ჩამოწერა გვინდა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაგრამ ისიც საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეტად არაპროგნოზირებად მსოფლიოში დაუშვებელია პრაქტიკული შედეგი უსაგნო თეორიზებამ გადაფაროს, ხოლო პოლიტიკური რეალიზმი თავბრუდამხვევმა და არაფრისმთქმელმა კაკაფონიამ შთანთქას. ისტორიული განვითარების ციცაბო აღმართზე, ურთულეს რეგიონში, შიდა და საგარეო გამოწვევების წინაშე მდგარ მცირერიცხოვან ერს ამის არც საკმარისი რესურსი აქვს და არც ფუფუნება. ქართული ჯანსაღი ეგოსტანდარტით ნაკარნახებმა სიმწიფემ და სიფხიზლემ ქართული სახელმწიფოებრივი რეალიზმი ჩვენი მოქმედებების ნორმად უნდა აქციოს.
 

ფაქტია, რომ განვითარებაზე ფიქრი წარმოუდგენელია ეროვნული უსაფრთხოების საიმედო მექანიზმის გარეშე. საშუალოვადიან მონაკვეთში ამ წერილში ნახსენები შავი ზღვის რეგიონალური ფორმატიც (მაგალითად, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შემდგომი დაყოვნების ან რეალური ორმხრივი თავდაცვითი კავშირების არარსებობის პირობებში) შესაძლოა ერთ-ერთ ასეთ მექანიზმად მოიაზრებოდეს. მისი პრაქტიკული ხორცშესხმა იქცევა მკაფიო გზავნილად, რომ ჩვენი რეგიონი საერთოდასავლური ცივილიზაციის ინტერესის სფეროშია და მისი ძირითადი „გეოპოლიტიკური გეოგრაფიის“ ბუნებრივი ნაწილია. აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთისა და აშშ-სათვის შავი ზღვის „მცირე ნატოს“ გავლით იკვეთება მათივე ევრაზიული პოლიტიკის ერთი მეტად არსებითი მდგენელი. თანაც, ეს ხდება ისეთი მოდელის აპრობირებით, რომელიც შედარებით მცირე დანახარჯისა და დაბალი რისკის პირობით (მაგალითად, ფორმალური ალიანსის არარსებობა ან რეგიონში დამატებითი ინფრასტრუქტურისა თუ ფიზიკური წარმომადგენლობის გარეშე) რეალისტური ამოცანების შესრულებას ემსახურება. ამასთანავე, მიუხედავად ფორმალიზებული სტრუქტურისა, შემოთავაზებული გაერთიანება თავისი ეფექტიანობის საჭირო მინიმუმს ინარჩუნებს, ვინაიდან მის საფუძველს ინტერესთა ბუნებრივი თანხვედრა, სუბიექტთა მონაწილეობის ნებაყოფლობითობა და თანაზომიერი ხარისხი ქმნის. ამასთანავე, შედარებითი კომპაქტურობა მისი დამატებითი ღირსებაა, ისე როგორც ამ ელასტიკური გეოპოლიტიკური გეომეტრიის ფარგლებში თანამედროვე რეგიონალური დიპლომატიის განვითარება.
 

ერთი სიტყვით, რეგიონალური უსაფრთხოების სტრუქტურირების მიზნით საფიქრალი და სამუშაო მრავლადაა. გვითქვამს და გავიმეორებთ მარტივ ჭეშმარიტებას: ამ დროსა და ქარტეხილს გაბედული, ლაღი და საღი პოლიტიკური ძალისხმევა სჭირდება როგორც რეგიონალური, ისე ეროვნული მასშტაბით. ვფიქრობ, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ყველაზე მეტად გვიჭირს, ვინაიდან ქართული პოლიტიკური კულტურისა და ცხოვრების წესის დაწვრილმანების გამო დიდი და გადაუდებელი ამოცანებისათვის ვერ ვიცლით; ან სულაც: რეალურად, ეროვნული საკითხების განცდისა და გააზრების უნარი და განწყობა მნიშვნელოვან ნაწილს უკვე საბოლოოდ დაკარგული გვაქვს...

 

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე

გააზიარე: