2020 წლის 31 იანვარს ევროკავშირის 70 წლიანი არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო პოლიტიკური მოვლენა მოხდა - გაფართოების ნაცვლად, ევროპული პროექტი შემცირდა. წევრმა სახელმწიფომ, გაერთიანებული სამეფოს სახით, ევროკავშირი დატოვა, რითაც ევროპულ გაერთიანებაში დაიწყო სრულიად ახალი ერა.
ევროკავშირზე „ბრექსითის“ გავლენის შეფასებები არაერთგვაროვანია, მაგრამ უდავოა ერთი საკითხი - იგი არც ერთ შემთხვევაში არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ევროპული პროექტის მომავლის არსებობას. აღნიშნულს ცხადყოფს ის ამბივალენტური ურთიერთობა, რაც ისტორიულად გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირთან ყოველთვის აკავშირებდა. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი „ევროპული ოჯახისა“ და „ევროპის შეერთებული შტატების“ შექმნის აუცილებლობაზე დაჟინებით საუბრობდა ჯერ კიდევ 1946 წლიდან, თუმცა, საბოლოოდ, ბრიტანელებმა არ ისურვეს „ევროპის ეკონომიკური გაერთიანების“ შექმნაში მონაწილეობის მიღება 1957 წელს და მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით შემოიფარგლნენ. შემდგომში, მათ გაერთიანებაში გაწევრიანება მოისურვეს და წევრობაზე კანდიდატურაც წარადგინეს 1961 წელს, მაგრამ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებაში გაწევრიანებას მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთი. საფრანგეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო ინტერესები ნაკლებად იყო თანხვედრაში ევროპული პროექტის იდეასთან და იგი უფრო მეტად აშშ-ზე იყო ფოკუსირებული, დიდი ბრიტანეთის ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების კანდიდატურას 2-ჯერ დაადო ვეტო - 1963 და 1967 წლებში. დიდი ბრიტანეთის „ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში“ გაწევრიანება მოგვიანებით, 1973 წელს, გახდა შესაძლებელი საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტის, ჟორჟ პომპიდუს დროს, რომლის თანხმობა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებაში გაწევრიანების განაცხადზე, უფრო მეტად, ევროპულ გაერთიანებაში გერმანიასთან ძალთა ბალანსის გასწორების მოტივით იყო ნაკარნახევი, ეკონომიკური თვალსაზრისით. 2-ჯერ უარყოფილი კანდიდატურისა და 12 წლიანი ლოდინის შემდეგ, მართალია დიდი ბრიტანეთი შეუერთდა 1973 წელს ევროპულ გაერთიანებას, მაგრამ უკვე 1975 წელს - გაწევრიანებიდან 2 წელიწადში, ბრიტანელებმა რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტეს გაერთიანებაში დარჩენის მართებულობასთან დაკავშირებით. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, ქვეყანა ევროპულ კავშირში დარჩა, თუმცა, გაერთიანებაში სრული ინტეგრაცია არ მოისურვა: 1992 წელს გაერთიანებულმა სამეფომ მხარი დაუჭირა ევროზონის შექმნას, მაგრამ მასში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა; იგი ასევე არ შეუერთდა შენგენის სივრცესაც.
ფაქტია, რომ ევროკავშირთან გაერთიანებული სამეფოს ზემოაღწერილ ეკლექტურ დამოკიდებულებას არ შეუშლია ხელი ევროპული პროექტისთვის არც მისი განვითარების და არც მისი გაფართოებისთვის არსებობის 70 წლის მანძილზე.
დღეს, ისევე როგორც 47 წლის წინ ანუ გაერთიანებული სამეფოს ევროპულ გაერთიანებაში შესვლის და გაერთიანებიდან მისი გამოსვლის დროს, ევროკავშირის დღის წესრიგში ძალთა ბალანსის საკითხი დგას. ამიერიდან, ევროპის კავშირის 27 წევრი სახელმწიფოს განსხვავებული ეროვნული ინტერესების ევროპულ დონეზე ლობირება და მათი დაცვა ძალთა ახალ ბალანსზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ფორმირების აქტიურ ფაზაშია.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ევროკავშირი გაერთიანებული სამეფოს მისი შემადგენლობიდან გასვლით მნიშვნელოვან ქვეყანას კარგავს. კერძოდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, გერმანიის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო რიგით მე-2 ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო გახლდათ, რაც ევროპის კავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-ს წარმოადგენდა. „ბრექსითის“ შემდეგ კი, ევროკავშირის დღევანდელი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური გამოწვევა - ჩინეთთან კონკურენციის გაწევა - კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს. ასევე, გეოპოლიტიკურ ჭრილში თუ განვიხილავთ ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლას, აღნიშნული ევროპის კავშირის პოზიციების შესუსტებასაც ნიშნავს, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოში, სადაც მისი წევრი სახელმწიფოებიდან მუდმივმოქმედ წევრად ამჯერად მხოლოდ საფრანგეთი რჩება. ამასთან, 66 მილიონიანი მოსახლეობის მქონე გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლით, მნიშვნელოვნად მცირდება ევროპის კავშირის მოსახლეობის რიცხვი. „ბრექსითის“ შემდეგ, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის მოსახლეობა უკვე ევროკავშირის თითქმის ნახევარს - 42%-ს შეადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ამიერიდან გერმანულ-ფრანგულ-პოლონური თანამშრომლობა ევროკავშირის კონტექსტში. ამ მხრივ, აღსანიშნავია გერმანიას, საფრანგეთსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი - ე.წ. „ვაიმარის სამკუთხედი“. აღნიშნული ფორმატი, რომელიც 1991 წელს, ბერლინის კედლის დაცემიდან ორ წელიწადში და საბჭოთა კავშირის დაშლის წელს შეიქმნა, იდეურად გერმანულ-პოლონური შერიგების პროცესის ერთგვარ აკომპანირებას ნიშნავდა საფრანგეთის მიერ და ამასთან, იგი მიზნად ისახავდა საფრანგეთისა და გერმანიის მხრიდან პოლონეთის ხელშეწყობას ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ამ უკანასკნელის მიღწევის შემდეგ, ფორმატის პოლიტიკური დატვირთვა უფრო მეტად ქვეყნებს შორის სექტორულმა თანამშრომლობამ ჩაანაცვლა. „ბრექსითის“ ფონზე კი, ევროკაშირში ძალთა ახალი ბალანსის ფორმირების პროცესში უკვე ჩნდება „ვაიმარის სამკუთხედის“ პოლიტიკური წონის გაზრდის შესაძლებლობა და საჭიროება. „დარწმუნებულები ვართ, რომ „ვაიმარის სამკუთხედს“ შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ძლიერი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანი ევროპის განვითარების ხელშეწყობაში“ – აღნიშნულია მოცემული სამი ქვეყნის ევროპულ საქმეთა მინისტრების ამა წლის 21 იანვრით დათარიღებულ ერთობლივ განცხადებაში. თუმც, ჯერჯერობით, საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს შორის მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობაა რიგ ევროპულ საკითხებზე.
მაგალითად, „ბრექსითის“ ფონზე, ევროპულ საკითხებზე კონსესუსის მიღწევის პროცესში, უდავოა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გერმანიისა და საფრანგეთის ერთიანობას, მაგრამ პარადოქსულად, ფრანგულ-გერმანული ურთიერთობები ევროკავშირის კონტექსტში სწორედ დღეს შეინიშნება ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზე. აღნიშნულის მიზეზი საფრანგეთი-გერმანიის წინააღმდეგობრივი პოზიციაა ისეთ სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირის თავდაცვა და უსაფრთხოება ან კიდევ მისი მომავალი გაფართოება. განსხვავებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან, გერმანია აღიარებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მნიშვნელოვან როლს ევროპული თავდაცვისა და უსაფრთხოების სამომავლო უზრუნველყოფის სფეროში, იგი ასევე არ იზიარებს საფრანგეთის იმ ვეტოს, რომელიც მან ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს დაადო გასული წლის ოქტომბერში. რაც შეეხება თავად საფრანგეთს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ევროკავშირის რეფორმირების ანუ „ევროპული რენესანსის“ გეგმა გულისხმობს სუვერენული, დემოკრატიული და ძლიერი ეკონომიკის მქონე ევროკავშირის მშენებლობას. იგი ეჭვქვეშ აყენებს დღეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციისადმი ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხის მინდობას, მიიჩნევს, რომ ევროპა სუვერენული მხოლოდ საკუთარი ევროპული არმიის შექმნით იქნება და ამასთან, იგი ფიქრობს, რომ ევროპაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა რუსეთთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა. მაკრონის მოცემული გეგმის საბოლოო მიზანი გეოპოლიტიკურ დონეზე ევროკავშირის გაძლიერებაა, რისთვისაც მისი მოსაზრებით, გადამწყვეტია წევრი სახელმწიფოების ერთიანობა. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტის ევროკავშირის მოდერნიზების ხედვა, განსაკუთრებით კი მისი სკეპტიკური დამოკიდებულება ნატო-ს მიმართ და რუსეთის ევროპული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში მოაზრება, ევროკავშირის შიგნით უფრო მეტად აზრთა გაყოფას და უნდობლობას იწვევს, ვიდრე ერთიანობას. გერმანიის მსგავსად, მაკრონის აღნიშნულ ხედვას არ იზიარებს ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებიც.
ზემოაღწერილი საკითხი, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით სენსიტიურია ევროკავშირის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის, პოლონეთისთვის. ეს უკანასკნელი კი სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი „ბრექსითიდან“ ანუ როგორც მაკრონმა მას უწოდა „ისტორიული განგაშის ზარიდან“ უკვე სამ დღეში ეწვია. „ბრექსითიდან“ გამომდინარე, პოლონეთისა და საფრანგეთის მხრიდან ერთხმად აღინიშნა ევროკავშირის გაძლიერების აუცილებლობა. ორ ქვეყანას შორის არსებული წინააღმდეგობრივი ხედვების ფონზე კი, უწინარესად ევროპული უსაფრთხოების სფეროში ნატოსა და რუსეთის როლთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მაკრონმა პოლონეთში ვიზიტისას ხაზი გაუსვა ნატოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამავდროულად, რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმართვის საჭიროებას. თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სამართლიანად აღნიშნა: „ფრანგული თვალთახედვიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოწვეული კონფლიქტი შეიძლება ჩანდეს შორეული, მაშინ როცა, ჩვენთვის - პოლონელებისთვის ეს კონფლიქტი ხდება მეზობლად. ჩვენ მეტად ახლოს ვიცნობთ რისკებს, ისევე როგორც საფრანგეთი - იგი უკეთ იცნობს ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონთან დაკავშირებულ გამოწვევებს“.
ჩრდილოეთ აფრიკასთან და უფრო ფართოდ, აფრიკის კონტინენტთან სტრატეგიული ურთიერთობა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია როგორც პრეზიდენტ მაკრონისთვის, ისე ევროკავშირისთვის. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს ევროკავშირის მიერ აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან გაფორმებული 20 წლიანი ე.წ. „კოტონუს შეთანხმება“ მიმდინარე წლის 29 თებერვალს იწურება, რაც აფრიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს. დღეს, ევროკავშირის მოსახლეობა ევროპული გაერთიანების უმთავრეს პრობლემად იმიგრაციას ასახელებს. აფრიკის კონტინენტიდან მომავალი არალეგალური მიგრაციის პრევენცია და მისი მართვა კი ევროკავშირის მომავალი ეკონომიკური სიძლიერისა და კეთილდღეობის საწინდარია. შესაბამისად, ამ კუთხით, ევროკავშირის წინაშე ნამდვილად მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გაეროს მონაცემებით, 2050 წელს აფრიკის მოსახლეობა ორჯერ გაიზრდება და იგი 2 მილიარდს მიაღწევს. აღნიშნულის მართვა ევროკავშირს, რა თქმა უნდა, აფრიკის კონტინენტის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობით შეუძლია, თუმცა, გამოწვევაც მისთვის სწორედ ის არის, რომ დღეს აფრიკის ნომერ 1-ელი სავაჭრო პარტნიორი არა ევროკავშირი, არამედ ჩინეთია.
აფრიკასა და ევროპის აღმოსავლეთ რეგიონს შორის პრიორიტეტულობის საკითხი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების განსხვავებული პრეფერენციებიდან გამომდინარე, ყოველთვის იყო დისკუსიის საგანი. ფაქტია, რომ ორივე რეგიონში ევროკავშირის ინვესტიცია მისი შიდა უსაფრთხოების წინაპირობაა, იგი არსებითია ევროკავშირის შიდა გაძლიერებისა თუ მისი მომავალი გაფართოებისთვის.
„ბრექსითის“ ფაქტორიდან გამომდინარე, ყველა თანხმდება იმაზე, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროკავშირს ესაჭიროება შიდა რეფორმირება საერთაშორისო არენაზე მეტად გაძლიერების მიზნით. ამ მხრივ, ევროპელ ლიდერებს შორის, ამჟამად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ერთადერთი ლიდერია, ვისაც ევროკავშირის მოდერნიზების პოლიტიკურად ამბიციური გეგმა აქვს, თუმც, მისი პრობლემა - იზოლირება და მოკავშირეების არყოლაა. ამასთან, განსაკუთრებით განუჭვრეტადია პრეზიდენტ მაკრონის ორპოლუსიანი ამბიცია - შეიძინოს მეტი მოკავშირე ევროპელ ლიდერებს შორის აფრიკის კონტინენტის მეტად გაძლიერების საკითხში, რაც უწინარესად, აღნიშნულ რეგიონთან საფრანგეთის ისტორიული ურთიერთობიდან გამომდინარეობს და ამავდროულად, დაარწმუნოს ევროპელი ლიდერები ერთიანი ევროპული უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში რუსეთის მოაზრების მართებულობაში.
საბოლოო ჯამში, „ბრექსითის“ შემდგომი პერიოდისა და ევროკავშირის წინაშე არსებული ისეთი კომპლექსური გამოწვევების გადალახვა, როგორიცაა მაგალითად, ევროპული უსაფრთხოებისა თუ ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, განპირობებული იქნება ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში და სამხრეთით - აფრიკის კონტინენტზე საგარეო პრიორიტეტების სამომავლო განსაზღვრაზე. ამ უკანასკნელის სამართლიანად დაბალანსების პროცესში კი მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს გერმანია-საფრანგეთი-პოლონეთის მჭიდრო სამმხრივ თანამშრომლობას, არსებითი იქნება რიგ სტრატეგიულ საკითხებზე მათ შორის აზრთა თანხვედრა და ერთიანობა - ის, რაც ზოგადად ყველაზე მეტად აფერხებს დღეს ევროკავშირის რენესანსს.
ფოტო: მხატვარ ბენქსის გრაფიტი დიდი ბრიტანეთის საპორტო ქალაქ დუვრში