ვისი საქმეა ქვეყნის დაცვა? ეროვნული თავდაცვის თანაბრად ნაცნობი და „უცნობი“ საკითხის შესახებ

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

შესავალი კონკრეტული მაგალითისათვის
 

ბოლო ხანს ისრაელის სახელმწიფო მორიგი, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან უკვე მერამდენე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. გასამხედროებულმა ტერორისტულმა შენაერთებმა ისრაელის ქალაქების მისამართით ასობით რაკეტა გაუშვეს, რამაც მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ისე როგორც წინა შეიარაღებული კონფლიქტებისა და ომების დროს, ჩვენი მეგობარი ერი ამჯერადაც ავლენს, და მომავალშიც გამოავლენს, სამაგალითო სიმტკიცეს, ეროვნული სულის შეუდრეკლობასა და სახელმწიფოს ურყევ ნებას, წინ აღუდგეს და აღკვეთოს აგრესია. ისე როგორც წინათ, ახლაც, ებრაელ ერს ცივილიზებული სამყაროს სრული მხარდაჭერა და თანადგომა აქვს. ეს ბუნებრივია, როდესაც იბრძვი უფლებისათვის იარსებო როგორც ეროვნულმა სახელმწიფომ, შეინარჩუნო ღირსება და განვითარების მშვიდობიანი პერსპექტივა, გქონდეს გამორჩეული და განუმეორებელი ხმა მსოფლიო კულტურათა საგანძურში, იღვაწო და სხვებთან ერთად იმოქმედო იმისათვის, რომ მშვიდობიანი, სამართალსა და სამართლიანობაზე დაფუძნებული თანაცხოვრების წესთა სისტემა იქცეს ძალმომრეობის, უთანასწორობისა და ეროვნული ღირსების ფეხქვეშ გათელვაზე აღმოცენებული ამა თუ იმ მცდელობის რეალურ შემაკავებლად.
 

თუმცა, მთელ ამ უკვე კარგად ნაცნობ ისტორიაში მთავარი სათქმელი მაინც სხვაგვარად გვინდა რომ გადმოვცეთ. ამ სათქმელის უმთავრესი წახნაგი უკავშირდება ისრაელის ნებასა და შესაძლებლობას იარსებოს, იმოქმედოს და ვითარდებოდეს, უპირველესად და უწინარესად, საკუთარი ეროვნული რესურსის, მზადყოფნისა და თავდადების ხარჯზე. ცხადია, ებრაელთა სახელმწიფოს თითქმის არასდროს აკლდა მთავარი მოკავშირის მეტად პრაქტიკული თანადგომა, ისე როგორც არაერთი სხვა ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერა; ებრაელი ერის უფლებას, შეექმნათ სახელმწიფო, განამტკიცებდა ისტორიული დაუწერელი სამართალიც და დაწერილი სამართლის ნორმებიც, მაგრამ 1948 წლიდან მოყოლებული დღემდე, ძირითად განაცხადს საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი რაობის შესახებ, როგორც წესი, ისევ და ისევ თავად ებრაელი ერი აკეთებდა. მეტიც: ამ ქვეყნის უნიკალურობა, მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სპეციფიკურობა თამამად გვაფიქრებინებს, რომ განჭვრეტად მომავალშიც ებრაელთა სახელმწიფო ორგანიზაციის თვითმყოფადი ბუნება ისევ საკუთარ შესაძლებლობებსა და მზადყოფნას დაეყრდნობა და, ამ მორიგ კონფლიქტამდე დამკვიდრებული წესისა არ იყოს, მომავალი გამოწვევების პირობებშიც სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილებათა მიღებისა და აღსრულების მთავარ ამოსავლად საკუთარი ნების ავტონომიურობასა და ებრაელთა ეროვნულ ინტერესებს მონიშნავს.
 

შესავლის განვრცობისათვის
 

აშკარაა, რომ ამგვარი ავტონომიური ეროვნული ნების რეალიზებისას კვლავ აქტუალური იქნება როგორც პარტნიორების მიერ საქმიანი ხელშეწყობა, ისე საერთაშორისო სამართლით დასაბუთება. თუმცა, ასევე ცხადია, რომ გარე მონაწილეთა და გარეშე ფაქტორთა ხელშეწყობის ქმედითობა ერთიორად იზრდება, როდესაც, გარდა იმისა, რომ შენი საქმე არსით მართალია, პირადი მაგალითითაც ამტკიცებ ეფექტიანი თავდაცვის უნარს საკუთარი ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად. საამისო განწყობა, როგორც შესატყვისი საზოგადოებრივი ცნობიერების, ისე ადეკვატური ინფრასტრუქტურული სისტემის გამართვის ფონზე, მით უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების პირობებში. როგორც წინა პუბლიკაციებში უკვე არაერთხელ ვრცლად ვისაუბრეთ, ეს პროცესები ბოლო წლებია საერთაშორისო წესრიგის ძირეული გადაწყობით გამოირჩევა. მართალია, საბოლოო შეჯერებული დასკვნის გამოტანა, თუ როგორი იქნება მომავალი წესრიგის (თუ უწესრიგობის?) კონტურები, ჯერ კიდევ ნაადრევია, მაგრამ მისი რამდენიმე მახასიათებელი უკვე იკვეთება. ესენია: ეროვნული დღის წესრიგის დომინანტი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში, გლობალური გეოკონომიკური ქსელის გადაწყობა ეკონომიკური ნაციონალიზმის ნიშნით, რეგიონალიზმის ფაქტორის შემდგომი დაწინაურება მსოფლიო „საქმეთა მართვისას“, ისე როგორც ეროვნული თუ თემატურ-სიტუაციური ინტერესების თანხვედრის მოტივით სახელმწიფოთა ფორმალური თუ არაფორმალური ალიანსების ჩამოყალიბების ტენდენციის გაძლიერება.
 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს გეოპოლიტიკურად ამა თუ იმ რთულ რეგიონში მდებარე მცირერიცხოვანი ქვეყნის უნარი, მაქსიმალურად უპატრონოს საკუთარ თავს. ამასთანავე, მხოლოდ ასეთი დათქმითა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სამობილიზაციო რესურსის მწყობრი და თვითკმარი სისტემის არსებობის პირობით, შეძლებს იგი საერთაშორისო მოკავშირეებს გაუიოლოს მისთვის დახმარების გაწევა უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. მხოლოდ ასეთი თანწყობით, კერძოდ, ერის რეალური მზაობითა და ორგანიზებულობით, მათზე დაშენებული სამოკავშირეო და საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფით, შესაძლებელია, კონკრეტულად, თავდაცვისა და, ზოგადად, უსაფრთხოების ფართო კონცეპტუალური სისტემის ამოქმედება. ამ განტოლებაში მხოლოდ ერთის – საერთაშორისო კომპონენტის ამარა ყოფნა, მეორის - ეფექტიანი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ბაზისის გარეშე, მეტად რისკიანი ექსპერიმენტია ეგოიზმისა და „რეალური პოლიტიკის“ (realpolitik) კონიუნქტურით გამორჩეულ თანამედროვე რეალობაში.
 

„რეალპოლიტიკაზე“ საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ პოლიტიკის რეალისტური - არა წარმოსახვითი და ილუზორული - კანონებით მოქმედება არამხოლოდ ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერის მიერ დასამკვიდრებელი პრაქტიკაა. ასეთი პრაქტიკის ფართოდ გამოყენებაზე გლობალური სახელმწიფოებიც ღიად საუბრობენ. ასე მაგალითად, ერთ–ერთ ამასწინანდელ საგაზეთო ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ბლინკენი საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომას პრაგმატულ და არა დოქტრინალურ ჭრილში განიხილავს. მისი აზრით, პრობლემების მოგვარების საშუალების ძიებისას ძირითადი მოთხოვნა მათი პრაქტიკული გადაჭრის გზებსა და თანამშრომლობის ახალ ფორმებზეა, რაც, ისე როგორც აშშ-ს ოფიციოზის არაერთი სხვა საჯარო გამოსვლა თუ განცხადება, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის საგარეო პოლიტიკის კეთებისა და შეფასების ახლებურ სტანდარტს.
 

ეს ვრცელი შესავალი, მათ შორის, ისრაელის მაგალითის აღნიშვნით, საჭიროდ ჩავთვალეთ ბევრისთვის, ალბათ, ბანალური შეკითხვების კიდევ ერთხელ დასასმელად: უპირველესად, ვისი საზრუნავია საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება? ვინ უნდა თვლიდეს საკუთარ თავს უმთავრეს მოქმედ პირად ამ, ერთი შეხედვით, გასაგები მოვალეობის შესასრულებლად?
 

სანამ შეკითხვებს ვუპასუხებთ...
 

...ალბათ კარგი იქნება კიდევ ერთხელ თვალი შევავლოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობას, რათა მსჯელობის გასაიოლებლად რამდენიმე საჭირო პრინციპი განვაზოგადოთ. გასაგებია, რომ ყველა ისტორიულ ეპოქას თუ მსოფლიო წესრიგის ფორმაციას იმ მოცემული ეტაპის თანამდევი ნიშნები გამოარჩევს. თუმცა, მათ შორის ასეთი სხვადასხვაობისა და იმანენტური სპეციფიკურობის მიუხედავად, საგარეო ასპარეზზე სახელმწიფოს პოზიციონირების განმსაზღვრელ მდგენელებზე დაკვირვება განზოგადების შესაძლებლობას მაინც იძლევა.
 

საკითხზე პასუხის ზედმეტი გამარტივებაც დაუშვებელია. თუმცა, ძალზე მოკლედ შევნიშნავთ, რომ შესაძლებელია ყველა თანამდევი ნიშნის გაერთიანება სისტემათა შემქმნელ ორ კატეგორიად. მათ შორის ერთია იდეის როლი და მისაღებობა საზოგადოების კრიტიკული ნაწილისათვის, ხოლო მეორე – იდეის გასატარებლად სახელმწიფოს ხელთ არსებული რეალური ძალა. არსებითია ისიც, რომ ეფექტიანი და თანამედროვე ეროვნული თავდაცვითი სისტემის მიზნებისათვის ორივეს - როგორც სწორად და გასაგებად ჩამოყალიბებული იდეის, ისე მის აღსასრულებლად საჭირო მატერიალური რესურსისა თუ ძალის - არსებობა და თანწყობა თანაბრად აუცილებელია.
 

ქართულ სინამდვილეში იდეის დედააზრი ჩვენი ერის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ჩამოყალიბებული ის მოცემულობაა, რომელიც თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვას, ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებისა და ეროვნული გენის განვითარებისათვის დღეს არსებული საერთაშორისო ნორმებით აღიარებული კონკრეტული გეოგრაფიული სივრცის ხელუხლებლობას უკავშირდება. ცხადია, რომ აქ იდეის ზუსტ ფორმულირებაზე არავითარი პრეტენზია არა გვაქვს, ვინაიდან ქართული უსაფრთხოების დანიშნულება, ვფიქრობ, ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს ემყარება და მისი საბაზისო თეზები არსებითად უცვლელია.
 

გაცილებით რთული ამოცანა ხსენებული მეორე კატეგორიის სრულფასოვნად სისრულეში მოყვანაა. ფაქტია, რომ ამ გზაზე დიდი ძალისხმევა დაიხარჯა და კიდევ დაიხარჯება. თუმცა, აქ მთავარი სხვა რამ არის: ეროვნული თავდაცვა ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების უკლებლივ ყველა სეგმენტისა თუ შრის გამაერთიანებელ და პოლიტიზაციისაგან ხელუხლებელ სფეროდ უნდა იქცეს. სწორედ რომ საკითხის ამგვარად გაცნობიერება იქნება ერთი ძლიერი ნაბიჯი თავდაცვის იდეოლოგიური მდგენელის მატერიალიზაციის ერთიანი და რეალურ საჭიროებებს მორგებული გაგებისაკენ.
 

ქართული თავდაცვის ღერძი
 

უდავოა, თუ რაოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომლითაც საქართველო, პრაქტიკულად, მისი ხელახალი დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში სარგებლობს. დიდია ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და სხვა სტრატეგიული პარტნიორების გვერდში დგომა სახელმწიფოებრივი განვითარების, ფაქტობრივად, ყველა სფეროსა და დარგში, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით. დღეს საკამათო არც ის არის, რომ ასეთი განუწყვეტელი და არსებითი მხარდაჭერის გარეშე, ქვეყნის წინაშე არაერთი ისედაც მძიმე გამოწვევა კიდევ უფრო დამძიმდებოდა, გარკვეული გაგებით კი, ზოგიერთი მათგანი პერსპექტივაში გადაულახავ გამოწვევად იქცეოდა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ზომიერი ოპტიმიზმის განცდას ქმნის. აქაც უნდა აღინიშნოს, რომ როგორიც არ უნდა იყოს ქართული თავდაცვის ამა თუ იმ წყობის შინაარსი, მისი საერთოდასავლური სისტემისგან განცალკევებით არსებობა წარმოუდგენელი და როგორც პოლიტიკურად, ისე წმინდა თავდაცვითი გააზრებით, ძალზე მოწყვლადი არჩევანია. აქვე შევნიშნავთ, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური რელიეფი - განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონის ჭრილში - დასავლეთთან კოლექტიური უსაფრთხოების სხვადასხვა გადაწყვეტას გვთავაზობს. ამ მხრივ, რამდენიმე ვარიაცია – ორმხრივი სახელშეკრულებოთი დაწყებული და რეგიონალურ-თემატურით დასრულებული – ჩვენს წინა პუბლიკაციებში დეტალურად განვიხილეთ.
 

ფაქტია, რომ ქვეყანა განაგრძობს გეოპოლიტიკურად თავისი ცივილიზაციური არჩევანის განხორციელებას, რაც თანაბრად არის გამყარებული როგორც ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით, ისე ძირითადი კანონის დანაწესით. რა თქმა უნდა, ამ უმთავრესი ორიენტირისაკენ წარმატებული სვლა ასევე მეტ გამბედაობას, იმპროვიზაციას, გონივრულობასა და ცვალებადი რეალიებისადმი სწორად და მოქნილად ადაპტირებას მოითხოვს. ამ თვისებების აუცილებლობასა და მათ პრაქტიკულ არსზე – უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით სხვადასხვა კონცეპტუალური გადაწყვეტების ირგვლივ – არაერთხელ ვიმსჯელეთ.
 

ამასთანავე, აუცილებელია კიდევ ერთხელ საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნებისმიერი მოდელისა თუ წესწყობილების უმთავრესი ღერძი არის საქართველოს ხალხის, მისი ყოველი მოქალაქის (ეროვნებისა და სარწმუნოების განურჩევლად) ურყევი ნება განუხრელად დაიცვას ის ქვეყანა, რომელსაც სამშობლოდ გრძნობს და აღიქვამს. ეს არის საქმე, რომელიც ნებისმიერ სხვა საქმეზე უმაღლესია თავისი არსითაც და პათოსითაც, რამეთუ წარმოადგენს ქართული საზოგადოების ზრდადასრულებული წევრის მოვალეობას, თავად იყოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის გარანტი და იყოს ასეთი ყოველგვარი დათქმის, პირობისა და ყოყმანის გარეშე; იზრუნოს ამ ინტერესთა დაცვასა და ხელშეწყობაზე საერთაშორისო კონიუნქტურის რაციონალურად და პრაგმატულად გათვალისწინებით; საქართველოს ეროვნული ინტერესი წარმოაჩინოს ისე, რომ იგი სხვისამ არ გადაფაროს ან დაჩრდილოს, აქციოს ეს ინტერესი მის მიერ გაკეთებული ცივილიზაციური არჩევანის პროცესის ორგანულ ნაწილად იმავე პროცესის თანამონაწილეთათვის.
 

საამისოდ, მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს ქართული სახელმწიფო და პარტიულ-პოლიტიკური სპექტრიც. მათ მიერ მომზადებული ყოველი მსხვილი პროექტი თუ შეთავაზება აუცილებლად უნდა გადიოდეს ეროვნული უსაფრთხოების საერთო სისტემასთან თავსებადობის ტესტს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი დიაგნოსტიკა მიზანშეწონილია ყველა საქვეყნო მასშტაბის ინიციატივის შემთხვევაში, მიუხედავად მისი დანიშნულებისა თუ შინაარსისა. აღნიშნული მიდგომის რეალიზებას უკვე არაერთი მოწინავე ქვეყანა შეუდგა – უსაფრთხოების კრიტერიუმი თამამად გამოიყენება გადაწყვეტილების მიღების ან ნებართვის ადმინისტრირებისას. ასეთი საზომი დღეს უკვე არა მხოლოდ პოლიტიკის დოკუმენტების დონეზე ასახული მოთხოვნაა, არამედ ეროვნულ საკანონმდებლო აქტებშიც იმკვიდრებს ადგილს.
 

ამის ახსნა მეტად მარტივია. მსოფლიო, მათ შორის ჩვენი პარტნიორი დასავლეთის ქვეყნები, ძალისმიერი პოლიტიკის ხელახლა აღმოცენებულ ფაზას უსწორებენ თვალს, რაც დიდი სახელმწიფოების სტრატეგიული კონკურენციის ნაწილია. სავარაუდოდ, ეს ფაზა კიდევ კარგა ხანს შენარჩუნდება. ასეთ მოცემულობას - „რეალიზმს“ გეოპოლიტიკასა და პოლიტიკაში – ჩვენც უნდა „მოვუშინაურდეთ“ და ამ გარემოში ქართული სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების გაცილებით არასტანდარტული, ჩვენს ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გზები ვიპოვოთ. ყველაფერთან ერთად, ეს მოითხოვს ძველი შიდა და გარესახელმწიფოებრივი „აზროვნების“ ძველ კლიშეებთან და დამაზიანებელ სტერეოტიპებთან უსწრაფესად დამშვიდობებას, საბჭოეთის დროიდან გადმოყოლილ დოგმებზე უსწრაფესად უარის თქმას.
 

ამასთანავე, აუცილებელია გონებასა და ქცევის წესში ჩავიბეჭდოთ, რომ ქვეყნის დაცვა და მისი უსაფრთხოება არ არის მხოლოდ ეროვნული შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების აპარატის ამოცანა. დღევანდელ ვითარებაში ეს უკვე საერთოეროვნული საზრუნავია, რასაც კაცობრიობის განვითარება და კინეტიკური თუ ასიმეტრიული კონფრონტაციის თანამედროვე ფორმები, ისე როგორც ამ ორის ჰიბრიდული ვარიანტები განაპირობებს. ამაზეც ბევრი ითქვა და კიდევ ბევრჯერ იტყვიან.
 

თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ქართული სახელმწიფო, ეს არის სხვადასხვა მომიჯნავე თუ ურთიერთდაკავშირებული (ზოგჯერ კი დაუკავშირებელი) დარგისა და პროფესიის გეგმაზომიერი და გრძელვადიანი კოორდინაცია, რომლის მიზანია არა თავმოსაწონ „თვითრეკლამირებაზე“ ორიენტირებული, არამედ უკიდურესად პრაქტიკული და ხელშესახები შედეგების მიღება. ეს ასევე ნიშნავს თანამედროვე, კორპორაციული ყაიდის ტექნოკრატიულ მმართველობას, სრულად განახლებულ და მოდერნიზებულ პარტიულ პლასტს, ასევე საკუთარი თავისა და სახელისუფლო-პოლიტიკური თემისადმი მომთხოვნ, კულტურულ, ინფორმირებულ და ობიექტურ საზოგადოებას.
 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებას თავად ჰქონდეს უანგარო დაინტერესება დამოუკიდებლად ეძებოს რეალური თავდაცვითი თუ სხვა შესაძლებლობების მუდმივი განვითარებისა და სრულყოფის გზები. ეს, უპირველესად, ჩვენ გვჭირდება. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ყველა მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირე ჩვენი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივ-ინსტიტუციური მედეგობის ზრდას მხოლოდ მიესალმება, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ დღეის მდგომარეობით არცერთ მათგანს არ აქვს ნაკისრი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ხელშეუხებლობის დაცვის პოზიტიური ვალდებულება და ეს მხოლოდ ქართველთა საქმეა. ეს ბუნებით მონიჭებული ვალდებულება არც მაშინ გაქრება, როდესაც საქართველო ამა თუ იმ ორმხრივი თუ მრავალმხრივი უსაფრთხოების სისტემის ფორმალური წევრი გახდება. ბოლოსდაბოლოს, ნებისმიერი ასეთი წევრობა ხომ მთავარი მიზნის მიღწევის საშუალებაა და არა თავად მიზანი, როგორც დღეს არცთუ იშვიათად გვესმის ხოლმე.
 

ამდენად...
 

ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასებების დრო დადგა. თანაც ისეთებისა, რომლებიც ქვეყნის განვითარების სწორ და რეალისტურ გზას განსაზღვრავს და მის მოკავშირეთა და პარტნიორთათვის გასაგები და მათ მიერ გაზიარებული იქნება. მხოლოდ ასეთ და ამ პირობით გაკეთებული შეფასებების შედეგად განხორციელებულ მოქმედებებს ექნება რეალური მხარდაჭერა. მართალი პასუხებისათვის თავის არიდება საფრთხეებისაგან გაქცევისა და რისკების შემცირების მხოლოდ მოჩვენებითობას ქმნის: თანაბრად მაცდურს და სახიფათოს.
 

თემაზე მსჯელობა ისრაელის მაგალითით დავიწყეთ და სტატიის დასასრულს კვლავ მას მივუბრუნდებით. ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერის ნეთანიაჰუს სიტყვების მოკლე პერიფრაზის თანახმად: მშვიდობას სიძლიერე განაპირობებს და არა სისუსტე ან ცალმხრივი დათმობა; ებრაელთა სახელმწიფოს მიზანი კი მისი მოქალაქეების მომავლის უზრუნველყოფაა, ამიტომ, ისრაელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ნებისმიერი საფრთხისაგან თავის დაცვის შესაძლებლობა. გარკვეული პარალელების გათვალისწინებით, ეს სიტყვები ქართული სახელმწიფოს მთავარ დანიშნულებასა და მიზანზეც შეიძლება თამამად ითქვას.

გააზიარე: