საქართველო ნატო-ს წევრობას იმსახურებს

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

წლებია საქართველო ევროატლანტიკური გაერთიანების სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის. ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ქვეყანამ, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით,  არაერთი რეფორმა განახორციელა დემოკრატიის, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. წლიდან წლამდე, საბოლოო ჯამში,  საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება დადებითად ფასდება. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ ამა წლის 23 იანვარს ქ.ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების პროცესი პოზიტიურად  შეფასდა. მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია. 


აღნიშნული პოზიტიური გზავნილების მიღება ბრიუსელიდან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. თუმცა საქართველო მეტს იმსახურებს, ქვეყანა, რომელსაც როგორც ნატო-ს წევრ, ისევე ალიანსის პარტნიორ ქვეყნებს შორის გამორჩეული წვლილი შეაქვს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენი მამაცი ჯარისკაცები პარტნიორების გვერდით დგანან საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე.  


ნიშანდობლივია, რომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: “არ მესმის რატომ არ მოვიწვიეთ ჩვენ საქართველო და არ მივანიჭეთ სამოქმედო გეგმა გაწევრიანებისათვის“. ასევე, მან დასძინა, „საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. გაფართოება საჭიროა და საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს.“ ამდენად, თურქეთმა კიდევ ერთხელ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე.


ამასთანავე, შემთხვევითი არ არის გასულ კვირას ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, „ჰერითიჯის ფონდის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის  ლუკ კოფის გამოხმაურება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ცნობილი მკვლევარი ლუკ კოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს მოუწოდებს გაითვალისწინონ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევა და საქართველოს ნატო-ში წევრობა დააჩქარონ. ამასთანავე, ლუკ კოფი საინტერესოდ წარმოაჩენს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საქართველოს საჭიროსა და მიმზიდველს ხდის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. მისი განმარტებით, პირველ რიგში, საქართველო არის საიმედო პარტნიორი. ლუკ კოფის თქმით,  2012 წელს, როდესაც ალიანსის ბევრი ქვეყანა ავღანეთის გასასვლელი კარისკენ მიიწევდა, საქართველომ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის დამატებით ასობით სამხედრო გაგზავნა. ავღანეთში საქართველოს, ყველაზე სახიფათო ადგილებში, ორი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა განთავსებული. დღეს ავღანეთში თითქმის 900 ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რაც ცხადჰყოფს, რომ საქართველო ალიანსის საწვრთნელი მისიის უმსხვილესი არაწევრი კონტრიბუტორია. ასევე, ლუკ კოფი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ  საქართველო მნიშვნელოვან გეოგრაფიულ და კულტურულ გზაჯვარედინზე მდებარეობს და შესაბამისად, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით სტრატეგიულად საჭირო ქვეყანას წარმოადგენს. ასევე, ის საუბრობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე და აქცენტს შავი ზღვის რეგიონზე აკეთებს. მკვლევარი დასძენს, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ სვლა არის მაგალითის მიმცემი რეგიონისთვის. იგი აღნიშნავს, რომ 1991 წლიდან პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ საქართველო ურყევად მიიწევს დემოკრატიისკენ. რეგიონალური სტაბილურობისთვის კი ამერიკის შეერთებული შტატების  ინტერესებშია საქართველო დარჩეს ამ გზაზე. მისი განმარტებით, წლებია საქართველო ახდენს ეკონომიკის ლიბერალიზაციას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. მეტიც, საქართველო ტრანსატლანტიკური გაერთიანების  ერთგულია.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სტრატგიულად მნიშვნელოვანია და ევროატლანტიკური ოჯახისადმი ურყევია მისი ერთგულება, საქართველო კვლავ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების მოლოდინშია. მით უფრო, რომ საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობა მოიცავს წევრობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს, რაც არაერთგზის გაჟღერდა ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლების, მათ შორის ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ. შესაბამისად, ასევე, გასაანალიზებელია ის ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოსთვის 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიცემული პოლიტიკური დაპირების განხორციელებას. 


ლუკ კოფი აღნიშნავს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის  ერთ-ერთი მთავარი შემაშფოთებელი საკითხია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. „რუსეთი იყენებს განგრძობად ოკუპაციას ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, როგორც საუკეთესო გზას საქართველო  ნატო-ს გარეთ ამყოფოს. ეს არის მოსკოვის დე-ფაქტო ვეტო, რომელიც მიუღებელია“ - დასძენს იგი. ის ზოგადად, დაკონკრეტების გარეშე, საუბრობს უკვე მოფიქრებულ გზებზე, რათა  საქართველოს ნატო-ში შესვლა მოხდეს რუსეთთან ომის გაღვივების გარეშე. ამავდროულად, იგი მიიჩნევს, რომ ერთადერთი კითხვა რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არიან ალიანსის ქვეყნების ლიდერები პოლიტიკურად მზად საქართველოს ნატო-ში წევრობა რეალობად აქციონ. ის აღნიშნავს, რომ დროა ამ მიმართულებით  ნატო-ს წევრებმა პროგრესს მიაღწიონ.


ერთი წლის წინ საქართველოს ნატო-ში წევრობის დროულობაზე ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესიც საუბრობდა. მან მკაფიოდ განაცხადა, „საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს“.


მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ახალ იმპულსს მისცემს. ასევე,  საქართველოს ნატო-ში წევრად მიწვევაზე საუბრისას, საყურადღებოა უშუალოდ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტი - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მე-10 მუხლი ალიანსის გაფართოების პროცესს ეხება. ამ მუხლის თანახმად, მხარეებს კონსენსუსის გზით შეუძლიათ მოიწვიონ ნატო-ში ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრინციპების განხორციელებას შეუწყოს ხელი და შეიტანოს წვლილი  ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თუ ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულო ძალის მქონე აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ის ალიანსის პრინციპების ერთგულია და შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. მით უფრო, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე ნატო-ს მიერ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცება საქართველოსთან ერთადაა ეფექტიანად შესაძლებელი.  საქართველო  ალიანსში წევრობას იმსახურებს, რისი გასაღებიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დედაქალაქებშია. ნატო სუვერენული სახელმწიფოების ერთობაა, რომელმაც არაერთ ევროპულ სახელმწიფოს მისცა წევრობის შესაძლებლობა, მათ შორის საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს: ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს. როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებს მისცეს ისტორიული შანსი, ასევე საქართველოსთან მიმართებით უნდა შესრულდეს პოლიტიკური დანაპირები, რომელიც უკვე 10 წელზე მეტს ითვლის. 

 

წყაროები: 


Luke Coffey, NATO should follow Turkey’s advice and make Georgia a member, https://www.trtworld.com/opinion/nato-should-follow-turkey-s-advice-and-make-georgia-a-member-33446?fbclid=IwAR0Fa9MzoaRd_xTy_wBkqgMIwVG5fwg1F-ewBqa_Nu7sGY1xmujNrdVtgIs


Turkish FM calls for Georgian NATO membership in Davos: ‘Georgia needs us’, https://agenda.ge/en/news/2020/219


NATO agreed Georgia would join. Why hasn’t it happened? https://www.pri.org/stories/2019-03-27/nato-agreed-georgia-would-join-why-hasn-t-it-happened
The North Atlantic Treaty, https://www.nato.int/cps/en/natolive/official_texts_17120.htm


ფოტო: infocenter.gov.ge

გააზიარე: