საქართველოს ევროპული არჩევანი და მისი მნიშვნელობა

ავტორი:

გაერთიანებული ევროპის იდეის განვითარების ისტორია  


1946 წლის 19 სექტემბერს, პირველად, გაერთიანებული ევროპის იდეა  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა, შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა. მან ევროპული ოჯახის რეგიონალური ფორმით ჩამოყალიბებაზე ისაუბრა. კერძოდ, ჩერჩილმა ყურადღება გაამახვილა ევროპის შეერთებული შტატების შექმნის თაობაზე. მიუხედავად ამისა, იმ პერიოდში, ამ ინიციატივის განსახორციელებლად  კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. 


ისტორიულად, 1950 წლის 9 მაისიდან იწყება ევროპული ინტეგრაციის პროცესი, რადგან აღნიშნულ თარიღს უკავშირდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  რობერტ შუმანის მიერ  ფრანგი პოლიტიკოსის ჟან მონეს ინიციატივის გახმოვანება. ეს იდეა გულისხმობდა დასავლეთ ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის ინდუსტრიების გაერთიანებას. 1951 წელს, ამ ინიციატივის თანახმად, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა, იტალიამ და ნიდერლანდების სამეფომ  „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების“ შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებით ევროპული ინტეგრაცია დაიწყო. 


1957 წელს, რომში,  ევროპის ეკონომიკური გაერთიანება შეიქმნა. ასევე, ცალკე ხელშეკრულებით დაფუძნდა ევროპული გაერთიანება ატომური ენერგიის დარგში. მის მიზანს  ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა წარმოადგენდა. 


1967 წელს სამივე ორგანიზაცია: ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და „ევრატომი“ერთ ინსტიტუციურ სისტემაში გაერთიანდა, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“ ეწოდა. 1992 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე, ეს სახელწოდება შეიცვალა და „ევროპული გაერთიანებები“ ევროკავშირად გარდაიქმნა.


ევროპული ინტეგრაციას 71-წლიანმა ისტორიამ აჩვენა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის იდეამ გაამართლა. ევროპის კავშირის ფარგლებში ევროპულმა სახელმწიფოებმა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ინტეგრაციის საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს. ამიტომაცაა ევროკავშირი გამორჩეული სხვა რეგიონალური სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
 

ევროკავშირის ზენაციონალური ელემენტები განაპირობებენ ორგანიზაციის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოების როლისა და კომპეტენციის ისე განსაზღვრას, რომ მათ ხელი შეუწყონ, ერთი მხრივ, ერთიანი ევროპული პოლიტიკის შემუშავებას და, მეორე მხრივ, მის ეფექტიან იმპლემენტაციას.
 

ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულმა ევროპულმა ერთობამ მკაფიოდ წარმოაჩინა ევროკავშირის არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ გლობალური მნიშვნელობაც.
 

ეფექტიანი ევროპული ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია სხვა სახელმწიფოებისთვის, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის, სოლიდარობის გზით მეტი შესაძლებლობების შექმნა ეროვნული სისტემების ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი განვითარებისთვის და ამავდროულად, მათი ინტეგრაცია საერთო ფასეულობებზე დაფუძნებულ გაერთიანებაში.


საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და მისი მნიშვნელობა
 

ევროკავშირი მიზნად ისახავს გაერთიანების ღირებულებების დაცვას, მშვიდობის უზრუნველყოფას და წევრი სახელმწიფოების ხალხთა კეთილდღეობის ხელშეწყობას. ამასთანავე, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სივრცის შექმნას. 


ევროკავშირი ადამიანის ღირსების პატივისცემის, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვის, პლურალიზმის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, შემწყნარებლობის, სამართლიანობის, სოლიდარობის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ღირებულებებს ეფუძნება. ასევე, ევროპული ოჯახი ეფუძნება წევრი სახელმწიფოების ეროვნული იდენტობის პატივისცემის პრინციპს. 


ევროპულ კავშირში გაწევრების მსურველი ევროპული  სახელმწიფო   პატივს უნდა სცემდეს და  მხარს უჭერდეს ამ ღირებულებებს. 


საქართველოსათვის ევროკავშირში წევრობა ნიშნავს სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოოდ ჩამოყალიბებას და უსაფრთხო, თავისუფალი, სამართლიანი გარემოს ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების განვითარებისათვის, კეთილდღეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. 


ისტორიულად, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა და მიისწრაფვის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. მცირე სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის რეალურად არათანაბარ საწყისებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაში პარტნიორების მხარდაჭერა.
 

ბუნებრივია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ევროპის კავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ჩვენი ისტორიული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით - ქვეყნის უზენაესი კანონითაა განმტკიცებული, რაც გულისხმობს კონსტიტუციური ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
 

საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ მიეცა ისტორიული შანსი გადაედგა ნაბიჯები ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ, რომლის მცდელობა ქონდა ჯერ კიდევ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების შედეგად, რომელმაც ფასეულობათა განვითარების თვალსაზრისით იმ პერიოდში დროსაც კი გაუსწრო. თუმცა ისტორიულმა უკუღმართობამ წაგვართვა ეს შესაძლებლობა.
 

ერთ-ერთი ხელშესახები ინსტრუმენტი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისტორიის გაანალიზებისას გახლავთ მე-20 საუკუნის მიწურულისკენ ძალაში შესული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება. აღნიშნულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის გარკვეულწილად ინსტიტუციონალიზაციას და მთელი რიგი პრიორიტეტების გამოკვეთას.
 

ეს მექანიზმი 21-ე საუკუნეში ასოცირების შეთანხმებამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სივრცესთან ერთად ჩაანაცვლა. ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა გაატაროს კონკრეტული რეფორმები ყველა საკვანძო მიმართულებით, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვყოთ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდა, მიგრაციის მართვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამასთანავე, შეთანხმების ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა მოიცავს დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს (გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტექნოლოგიები, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, რეგიონული განვითარება და ა.შ.) გარდაქმნას ევროპული სტანდარტების დანერგვით. 


რაც შეეხება ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩამოყალიბება გულისხმობს ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის დაახლოებით 500 მილიონი მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე მომხმარებლის ბაზარზე თავისუფალ შეღწევას. ეს ქართულ ბიზნესს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს სთავაზობს. ამავდროულად, ევროკავშირის ბაზრის ათვისება მოითხოვს რეგიონებში ფერმერების, მეწარმეების მხარდაჭერას და შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას. 


ევროკავშირთან თანამშრომლობის მექანიზმები ცხადყოფს, რომ ამ ინსტრუმენტების ფარგლებში განხორციელებული და განსახორციელებული რეფორმები საქართველოს განვითარებისათვის, თანამედროვე სამართლებრივ, დემოკრატიულ სახხელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. 
 

ევროკავშირის ფართომასშტაბიანი დახმარება 


ევროკავშირის ფინანსური დახმარება სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის ქვეყნის სატრანსპორტო კავშირების, ელექტრობის და წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას.   ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი, სადაც 250,000-ზე მეტი ფერმერისათვის  ტრენინგები გაიმართა. სამართლის თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით, ევროკავშირის დახმარებით, იურიდიული დახმარების სამსახური ჩამოყალიბდა. სამსახურმა, პანდემიამდე,  უფასო დახმარება 330,000-ზე მეტ ადამიანს გაუწია.


პანდემიის ფონზე გამოიკვეთა, რომ კრიზისის პერიოდშიც ევროკავშირი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც სხვადასხვა ტიპის მასშტაბური დახმარება გაუწია ქვეყანას Covid-19-ის თანმდევი გამოწვევების დასაძლევად.


ევროკავშირის დახმარების პაკეტი მიზნად ისახავს ბიზნესის სტიმულირებას და აღდგენის ხელშეწყობას. ასევე, თანხების მოწოდება ფინანსური პარტნიორების მეშვეობითაც ხორციელდება, გამოიყოფა მიზნობრივი საგრანტო დაფინანსება, რომელიც გულისხმობს ბიზნესმენების, ფერმერებისა და კერძო პირების დახმარებას, რათა მათ შეიძინონ ახალი უნარები, დაძლიონ გამოწვევები და განავითარონ ბიზნესი.
 

ევროკავშირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 40,000 სახის დამცავი ფარის წარმოებაში, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის მოწინავე ხაზზე მყოფი ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ეს დამცავი ფარები დამზადდა საქართველოში ადგილობრივი კომპანიის მიერ, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარებასაც უწყობს ხელს.
 

შემუშავდა „ჭკვიანი სოფლების“ კონცეფციაც, რაც გულისხმობს Covid-19-ის შედეგად გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებას ახალი შესაძლებლობების შექმნით. 


„ჭკვიანი სოფლების“ კონცეფციის წარმატებით განხორციელება შესაძლოა გახდეს წინაპირობა პოსტ-პანდემიურ პერიოდში „ევროპული სოფლების“ იდეის განხორციელებისა, რაც ნიშნავს ევროპული სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ევროკავშირის ბაზრის მეტად ათვისებას და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიან იმპლემენტაციას.
 

ამდენად, ევროკავშირის დახმარების პაკეტი მოიცავს ყველა მოწყვლად ჯგუფს, რაც კიდევ უფრო ხელშესახებს ხდის მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას უშუალოდ საქართველოში მცხოვრები თითოეული ინდივიდისათვის.
 

ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯები


ამ ეტაპზე, მთავარი გეგმაა 2024 წლისათვის ევროკავშირში საქართველოს წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადება. ევროპული პერსპექტივის მისაღწევად აუცილებელია: 1) საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელება, რათა შევქმნათ მყარი საფუძველი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის; 2) ქვეყნის სტრატეგიული საჭიროების მეტად გამოკვეთა; კერძოდ, საჭიროა,  ვიფიქროთ იმ ნიშაზე, დიდ იდეაზე, რომლითაც გაცილებით მიმზიდველები გავხდებით საერთაშორისო თანამეგობრობისთვის; 3) სტრატეგიული გზავნილების გამოყენებით კომუნიკაციის არხების მეტად განვითარება უშუალოდ წევრი ქვეყნების დედაქალაქების დონეზე და მათთვის ნათლად ჩვენებას იმისა, რომ საქართველოს თავისი სტრატეგიული როლით შეუძლია კონკრეტული სარგებელი მოუტანოს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას.
 

ამასთანავე, ნიშანდობლივია დღევანდელი მოცემულობა, რომელიც განსხვავდება შარშანდელი და შარშანწინდელი მოცემულობებისგან. პანდემიის შედეგად შექმნილმა გლობალურმა გამოწვევამ აჩვენა, რომ აუცილებელია დიდმა სახელმწიფოებმა მცირე სახელმწიფოებს მეტი შესაძლებლობები მისცენ, რათა მსოფლიო, რეგიონი უფრო ქმედითი და ეფექტური იყოს საერთო გამოწვევების დაძლევის პროცესში მომავალში.
 

პოსტ-პანდემიური საერთაშორისო რეალობა კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის, რომ საჭიროა ახალი მიდგომების დანერგვა როგორც უნივერსალურ, ისე რეგიონალურ დონეებზე.
 

შესაბამისად, შეცვლილი გეოპოლიტიკური კონიუნქტურა ევროკავშირის ლიდერებს მისცემს ახალ იმპულსს ტრანსფორმაციისთვის, უფრო მოქნილი სისტემის განვითარებისთვის, მათ შორის გაფართოების კონტექსტში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებთანაც თანამშრომლობა სტრატეგიულ საკითხებზე წლებს ითვლის. იმედია, ახალი გეოპოლიტიკური რეალობა გაფართოების პარადიგმას ისე შეცვლის, რომ მის შედეგად კეთილდღეობის მეტი სივრცე შეიქმნება.

გააზიარე: