წლევანდელი ზაფხული შარშანდლისაგან საკმაოდ განსხვავდება - საზოგადოების დიდ ნაწილს გვახსოვს შარშანდელი ზაფხულში შიდა ტურიზმის აღმავლობის ფონზე რეგულაციების დაუცველობის და „მეგასუფრული კლასტერების“ მწარე გაკვეთილი - რაც შემოდგომის უმძიმეს ტალღაში გამოიხატა და ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასი დაგვიჯდა, ხოლო ჯანდაცვის სექტორი სწრაფი ჰოსპიტალიზაციით გადატვირთვის უმძიმესი გამოცდის წინ დადგა...
პირველი და მეორე ტალღის მკვეთრად განსხვავებული სტატისტიკა
მაჩვენებელი |
I ტალღა (მარტი-აგვ) |
II ტალღა (სექტ.-იანვარი) |
შემთხვევები |
1,500 |
260,000 |
სიკვდილობა (CFR) |
19 (1.3%) |
3,200 (1.23%) |
აქტიური შემთხვევების პიკი |
367 |
30,944 |
დღიური შემთხვევების მაქსიმუმი |
45 |
5,450 |
სტაციონარული საწოლები |
2,600 |
7,000 |
ტესტირება (1 მლნ მოსახლეზე) / ტესტირების ლაბორატორია |
52,900 / 5 ლაბორატორია |
1,054,000 / 33 ლაბორატორია |
ჰოსპიტალიზაცია |
85% (1,300 შემთხვევა) |
52% (59,000 შემთხვევა) |
კოვიდ-სასტუმროების დატვირთვა |
5% |
18% (25,000 შემთხვევა) |
ბინაზე მართვა |
10% |
30% |
ოჯახის ექიმის მიერ მართვა |
430 |
132,000 |
ონლაინ-კლინიკა |
14 |
65 (700 ექიმი) |
პოზიტიური ტესტირების % |
3-4% |
15-25% |
|
|
|
სამაგიეროდ, ახლა გვაქვს იმედისმომცემი გამოცდილება მეორე და უკვე მესამე ტალღის გამკლავების სახით...
რა არის საიმედო და საყურადღებო დღევანდელ მდგომარეობაში?
საიმედო არის ვაქცინაციის ტემპების ზრდა. ამჟამად ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 212,000-ზე მეტი ადამიანი. ეს მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 8.5%-ია ან მთელი მოსახლეობის 5.7%. სრულად აცრილია 70,000-მდე მოქალაქე, რაც შესაბამისად ზრადსრული მოსახლეობის 2.8%-ია და მთელი მოსახლეობის 1.9%. თი გავიხსენებთ, რომ ქვეყანაში მარტ-აპრილში დღიურად სულ რამდენიმე ასეული ადამიანი იცრებოდა, ამჟამად დღიური 5,000-იანი მაჩვენებელი საკმაო პროგრესია. იმედით განგვაწყობს ისიც, რომ როგორც პოლიტიკოსთა და ცნობილი ადამიანების, ასევე მოქალაქეთა დიდი ნაწილი აქტიურად ახდენს ვაქცინაციაში საკუთარი მონაწილეობის დემონსტრაციას და ეხმარება სხვებსაც არჩევანის გაკეთებაში. გაიზარდა ვაქცინაციაში მონაწილე დაწესებულებების ორგანიზებულობა, როგორც პროცესის გამართულობის, ვაქცინაციის კაბინეტების და მოსაცდელი სივრცეების, ასევე - რიგების მართვის და სისწრაფის კუთხით - ადრე ერთი პირის ვაქცინაციაზე კაბინეტში 15 წუთი იყო გამოყოფილი, ახლა ეს დრო 7 წუთამდეა ზოგან დასული.
საიმედოა ინფიცირების შედარებით დაბალი მაჩვენებლების შენარჩუნება - ივნისის განმავლობაში ის მხოლოდ 2-ჯერ აცდა 1000-ს, იმ ფონზე, როცა გარკვეული შეზღუდვები უკვე მოიხსნა, გაიხსნა სახმელეთო საზღვრები, მაისში ქვეყანაში 100,000-მდე ვიზიტორი დაფიქსირდა, მუშაობს სარესტორნო ბიზნესიც.
საკმაოდ მნიშვნელოვანია კოვიდ-ტესტირების დადებითობის მაჩვენებლის ნორმის ფარგლებში (<5%) შენარჩუნებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯერჯერობით კარგად კონტროლდება და ინფიცირების მაჩვენებლები რეალურია.
თუმცა, ვაქცინაციის დღევანდელი ტემპები ნამდვილად არასაკმარისია. იმისათვის, რომ წლის ბოლომდე ვაქცინაციის ეროვნული გეგმით დასახული მიზანი - 1.7 მლნ ადამიანის სრულად აცრა მოხერხდეს, დღიური აცრების ტემპი 4-5-ჯერ უნდა გაიზარდოს. ვაქცინაცია უნდა გახდეს მასობრივი, რასაც სჭირდება უფრო მასშტაბური ცენტრები საზოგადოებრივ ადგილებში, როგორც ეს მთელ მსოფლიოში და გაცილებით მეტი ოდენობით მომზადებული ბრიგადები. მეტიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ აცრების უდიდესი ნაწილი თბილისზე (60%), აჭარასა (10%) და იმერეთზე (8%) მოდის, ხოლო რეგიონების უმრავლესობაში 100 მოსახლეზე აცრის მაჩვენებლები თბილისთან შედარებით 2-5-ჯერ უფრო დაბალია, აშკარაა, რომ აუცილებელია გაცილებით აქტიური საინფორმაციო კამპანია, თანაც რეგიონებში - განსხვავებული ფორმით. ალბათ მცირე დასახლებულ პუნქტებში და სოფლებში გამართლებული იქნება წინასწარ გამოცხადებული გრაფიკით მობილური ბრიგადებით აცრების ჩატარება, ან - სამხარეო ვაქცინაციის ცენტრებში სოფლებიდან ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით, მოსაფიქრებელია ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებების ფორმაც. მაგალითად, შეიძლებოდა - უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, მედიკამენტების ფასდაკლების ვაუჩერები ქრონიკული ავადმყოფებისთვის, სხვადასხვა დახმარების ფორმები პენსიონერებისა და ორსულებისათვის, ვაქცინაციის ცენტრების მახლობლად ზაფხულის ბოლოს უკვე მოახლოებული სასკოლო ბაზრობების დაგეგმვა, ვაქცინაციაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისას - კონცერტების, სპორტული დარბაზების და სასტუმროების უფასო ან ფასდაკლების ვაუჩერების ან სხვადასხვა წამახალისებელი ლატარეის გათამაშება, პრიზებად მობილური ტელეფონების თუ კომპიუტერების ჩათვლით.
მნიშვნელოვანი იქნება მსხვილი და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ვაქცინაციის ტემპების დასაჩქარებლად. განსაკუთრებით, ეს ეხება სასტუმრო და სარესტორნო ორგანიზაციებს, კერძო სკოლებს და უნივერსიტეტებს, ფიტნეს ცენტრებს, აუზებს და საავადმყოფოებს. გასაგებია, რომ მათი წარმატებული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება პანდემიის შემდგომი ტალღის აცილებას ან - მაქსიმალურად შემსუბუქებას. ამისათვის კი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისიც, როგორ გააგრძელებენ დაწესებული რეგულაციების დაცვას, მაგრამ ისიც, როგორ მოახერხებენ საკუთარი პერსონალის დარწმუნებას სწრაფი ვაქცინაციის აუცილებლობაში. თუ გავიხსენებთ, როგორი ზარალი შეიძლება მიადგეს ბიზნესს მოსამსახურეთა ჯგუფის იზოლაციაში გადასვლის ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო, რის გამო მომსახურების ძველი ტემპის აღდგენა არ იქნა იოლი, ხოლო ტურიზმის სექტორში რეპუტაციული ზიანიც უნდა ვივარაუდოთ, გასაგებია, რომ ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის სიკეთე პასუხისმგებელ მენეჯერს თავადაც კარგად უნდა ესმოდეს.
ზაფხულამდე პერიოდის ეფექტურად გამოყენება ვერ მოხერხდა ვაქცინების უკმარობის გამო, რაც გლობალური დეფიციტის, ზოგიერთი კვლევის (მაგ. ნოვავაქსის) დაგვიანების, წარმოების შეფერხებების (ჯონსონ & ჯონსონის), კოვაქს პლატფორმაზე სახსრების მობილიზების ჩამორჩენის, და ინდოეთში მძიმე მეორე ტალღის (ინდოეთის შრატების ინსტიტუტი კოვაქსის ყველაზე მსხვილი კონტრაქტორია) მიზეზებით იყო, ძირითადად განპირობებული. ამ პრობლემების ნაწილი საერთო ძალისხმევით უკვე გადაიჭრა. ახლახანს ჩატარებული G7 სამიტის ფონზე გაკეთდა განცხადება 2.3 მილიარდი ვაქცინის წარმოების და მსოფლიოს დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. საკმაოდ რეალურია მოლოდინი, რომ ზაფხულის ბოლოს ვაქცინების რესურსი ქვეყანაში იქნება. ისევე როგორც ის, რომ პერსონალის გადამზადება სამიზნე მაჩვენებელს ამ დროისათვის მიაღწევს.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ახალი ვარიანტების საფრთხე
ზაფხულის პერიოდში და შეზღუდვების უფრო მეტად მოხსნის ფონზე ქვეყანაში შიდა და გარე მობილობა გაიზრდება. მაქსიმალური ყურადღება გვმართებს მით უფრო იმ დროს, როცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფიქსირდება ახალი, ე.წ. შეშფოთების ვარიანტების დომინანტურად გადაქცევის ტენდენცია. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა ე.წ. დელტა ვარიანტი (B1.617.2), რომელიც პირველად ინდოეთში იყო იდენტიფიცირებული. ამ ვარიანტს ახასიათებს 40-80%-ით უფრო მეტი და სწრაფი გავრცელება, ვიდრე წინა - ალფა (ადრე ბრიტანულად წოდებულ) ვარიანტს, ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი რისკი, თანაც წინა ვარიანტებზე მეტად შეიძლება გავრცელდეს ახალგაზრდებშიც. გარდა ამისა, ვაქცინები, განსაკუთრებით მხოლოდ პირველი დოზა, შესამჩნევად ნაკლებად ახერხებენ ამ ვარიანტისგან დაცვას (პფაიზერის და ასტრაზენეკას პირველი აცრის ეფექტურობა დელტას მიმართ, ვიდრე ალფა ვარიანტის მიმართ დაახლოებით 17%-ით უფრო დაბალი იყო).
რაც შეეხება სრულად ვაქცინირებულ პირებს, საინტერესო ბოლო დღეებში გამოქვეყნებული შოტლანდიური და ინგლისური კვლევები. შოტლანდიაში ჩატარებული კვლევით დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაში არავაქცინირებული პირის ჰოსპიტალიზაციის რისკი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ალფა ვარიანტის დროს. განსაკუთრებით, იმ პირებში, რომელთაც 5 და მეტი თანმხლები დაავადება ჰქონდათ.
ყველა სიმპტომური შემთხვევის მიმართ პფაიზერის ეფექტურობა დელტა ვარიანტის შემთხვევაში 79% იყო (ალფას დროს - 92%), ხოლო ასტრაზენეკას ეფექტურობა შესაბამისად 60% (ალფას მიმართ - 73%) . თუმცა, ისიც იყო აღნიშნული, რომ ასტრაზენეკას ვაქცინას მყარი იმუნიტეტის მისაღწევად გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე პფაიზერს, ხოლო ამ კვლევის მონაცემები მეორე ვაქცინიდან 2 კვირის შემდეგ იყო შეფასებული. ასე რომ უფრო გვიან შეფასებისას, სავარაუდოდ, ფაუზერსა და ასტრაზენეკას შორის სხვაობა ნაკლები იქნებოდა.
თუმცა, როცა საქმე მძიმე, ჰოსპიტალიზაციის რისკის პაციენტებს ეხება, ინგლისში ჩატარებული მსგავსი კვლევის თანახმად, როგორც პფაიზერი, ასევე ასტრაზენეკა, ძალიან ეფექტური აღმოჩნდნენ დელტა ვარიანტის მიმართაც - შესაბამისად - 96% და 92%.
აშკარაა, რომ დელტა ვარიანტის მძიმე ფორმისაგან თავდასაცავად დროული და ორჯერადი ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფაიზერის ვაქცინა უკეთ იცავს დელტა ვარიანტის ნებისმიერი სიმძიმის ინფექციისაგან, მაგრამ როცა საქმე მძიმე შემთხვევებისაგან დაცვას ეხება, ასტრაზენეკას ვაქცინაც მაღალეფექტურია. ეს მონაცემები ძალიან გამამხნევებელია და მნიშვნელოვანია, რომ პანიკას არ მივცეთ თავი - თუ დელტა ვარიანტი გავრცელდება, შეზღუდვების ნაწილი დროებით შეიძლება კვლავ ამოქმედდეს, მანამდე მაინც, სანამ ორჯერადი ვაქცინაციით მოსახლეობის 25-30% არ იქნება დაცული.
დამაჯერებელი მონაცემები ნაკლებად არის ჩინურ ვაქცინებთან მიმართებაში. რამდენიმე ქვეყნის - უნგრეთი, სერბეთი, ემირატები, თურქეთი დაცულობა ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების მიღწევისას საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, თუმცა ზოგიერთ მათგანში (მალდივები, სეიშელი, ბაჰრეინი, ჩილე), ტურისტული სეზონის სწრაფმა გახსნამ და/ან შეზღუდვების მალე მოხსნამ შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გამოიწვია და იძულებული გახადა ხელისუფლებები, შეზღუდვები ისევ აღედგინათ. არაა გამორიცხული, რომ ეს უკავშირდებოდეს შეშფოთების ვარიანტების მიმართ ამ ვაქცინების შედარებით ნაკლებ ეფექტურობას, განსაკუთრებით მხოლოდ ერთი აცრის შემთხვევაში (რაც ჩილეში შესწავლით აღმოჩნდა - პირველი ვაქცინის ეფექტურობა 16% იყო, ორივე ვაქცინის - 67%). თუმცა ორჯერადი ვაქცინაციის ფონზე მძიმე ვარიანტების შემცირების ტენდენცია ამ ქვეყნებშიც იქნა დაფიქსირებული. ანალიზი გართულებულია, რადგან დასახელებულ ქვეყნებში, როგორც წესი, რამდენიმე ვაქცინა გამოიყენება და მკაფიოდ დიფერენცირებული სტატისტიკური და სამეცნიერო ანალიზის ანგარიშები ნაკლებად მოიპოვება. გამონაკლისი იყო პატარა ბრაზილიური ქალაქი სერანა, რომლის 45,000-იანი მოზრდილი მოსახლეობის 80%-ის სინოვაკით აცრის შემდეგ მოსახლეობას მყარი პოპულაციური იმუნიტეტი განუვითარდა, მათ შორის მოზარდებსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ყოფილან ვაქცინირებულები და უბრალოდ მოზრდილებში შემთხვევების მკვეთრად შემცირების წყალობით ირიბი დადებითი ეფექტი მათზეც გავრცელდა.
როდის ხდება ნებისმიერი ვარიანტი მნიშვნელოვანი? –
სადღეისოდ შეშფოთების ვარიანტებია ალფა (პირველად დაფიქსირდა კენტში, ბრიტანეთში), ბეტა (პირველად - სამხრეთ აფრიკაში), გამა (პირველად - ბრაზილიაში) და დელტა (ყოფილი ინდური). მათი აღმოცენება, ვირუსის თავდაცვითი ტაქტიკაა. მათი გავრცელება - ხანგრძლივი ცირკულირების და მრავალრიცხვოვანი მუტირების შედეგი - უფრო გადარჩებიან ის ვარიანტები, რომლებიც ცვლად და მტრულ გარემოში, მაღალ გავრცელებას, უკეთეს შემგუებლობას და რეზისტენტობას გამოამჟღავნებენ. როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოშუა ლედერბერგი ამბობდა, ვირუსებთან ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღი ინტელექტი და ინოვაციებია. ვირუსების - უსწრაფესი გამრავლება და მუტაციების გზით საფრთხეების მიმართ ადაპტირება...
ერთჯერადი შემთხვევების აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ გავრცელების მაღალ მაჩვენებელს (R = 4-5), და იმას, რომ ვირუსის სექვენირების კვლევებს ხანგრძლივი დრო სჭირდება, შეიძლება პირველი შემთხვევებიდან უკვე რამდენიმე კვირაში, ან 1-2 თვეში შტამი დომინანტი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანეთის მაგალითი ამას უჩვენებს. თუ მკვეთრი შეზღუდვებით და მასობრივი ვაქცინირებით ვერ იქნა აცილებული ექსპონენციალური გავრცელება, რაც შემდგომი 1 თვის განმავლობაში სერიოზული ტალღის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქვეყნები, სადაც ახალი ვარიანტის დომინანტად ქცევის საშიშროება იგრძნეს, განსაკუთრებულ სიფხიზლეს იჩენენ და შემთხვევების შედარებით მცირედ მატებისაც კი ზოგჯერ შეზღუდვების მოხსნის შენელებით/გაჩერებით, ხოლო ზოგჯერ ახალი შეზღუდვებითაც კი ხდებიან. დიდ ბრიტანეთში ზოგადად მდგომარეობა თითქოს არაა სახიფათო, ბოლო სამი თვის განმავლობაში მასობრივი ვაქცინაციის წყალობით შემთხვევების რაოდენობა 20-ჯერ, ხოლო სივდილობის - 100-ჯერ შემცირდა, მაგრამ ზოგიერთ საგრაფოსა და ქალაქში დელტას დომინაციისა და ამ ადგილებში ბოლო კვირაში შემთხვევების ლამის გაორმაგების ფონზე, ხელისუფლებამ შეზღუდვების სრულად მოხსნის, ე.წ. „თავისუფლების დღე“ 24 ივნისიდან 4 კვირით უკან გადასწია. ხოლო რამდენიმე ქვეყანამ (გერმანიამ, საფრანგეთმა) ბრიტანეთში მგზავრობაზე შეზღუდვები დააწესა.
სად არის ამჟამად დელტა ვარიანტი გავრცელებული?
70-მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული, თუმცა დომინაცია ჯერჯერობით შემოსაზღვრულია. ინგლისი - 90%, შოტლანდია - 75%, ბანგლადეში (80%?), ინდოეთი (54-90%?), სპარსეთის ყურის ქვეყნები, ავღანეთი, ესპანეთი (5-10%, სავარაუდო დომინანტობა 6-7 კვირაში), აშშ - 10% (შესაძლო დომინანტობა - სექტემბერში). სიფხიზლეს იჩენენ ავსტრალია, შრილანკა, ინდონეზია. არ ვიცით დელტა ვარიანტის პოტენციურ გავრცელებაზე რუსეთში, სადაც ბოლო ორი თვეა, ახალი ტალღა ფიქსირდება, განსაკუთრებით - მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, იმატა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა. ხოლო დამაჯერებელი ინფორმაცია არ არის. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთიდან ტურისტული ნაკადის თანდათანობით მატების გათვალისწინებით...
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ თავად ინდოეთში მაისის ბოლოს კოვიდ-19 კატასტროფული მატების შემდეგ, როცა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 400,000-ს აღწევდა, ბოლო კვირებში ეს რაოდენობა თითქმის 4-ჯერ შემცირდა. მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება ნეპალში, პაკისტანსა და ბაგლადეშში. ინდოეთში შეიძლება საზოგადოების მიერ საფრთხის გაცნობიერებამ და ხელისუფლების მიერ დისტანცირების დანერგვამ ითამაშა გადამწყვეტი როლი. ვაქცინაციის ტემპი ხომ ჯერჯერობით ინდოეთში სასურველს ბევრად ჩამორჩება (მხოლოდ 3.5%-ია სრულად აცრილი). რამდენადაც დელტა ვარიანტს რამდენიმე ახლო „ნათესავი“ ჰყავს, ისიც არაა გამორიცხული, რომ რომელიმე შედარებით ნაკლებად სახიფათო შტამმა, მათგანმა, მაგალითად, კაპპამ, მას დომინაცია „წაართვა“. თუ ეს აზიის რამდენიმე ქვეყანაში შემჩნეული დელტას უკანდახევის ტენდენცია ბრიტანეთშიც დაფიქსირდა, , რომ ამ სახიფათო ვარიანტის კონტროლირება დისტანცირებით, პირბადით და ზოგიერთი შეზღუდვების აღდგენით საკმაოდ ეფექტურად შენაძლება და იგი არც ისეთი სახიფათო ყოფილა, როგორც ამჟამად გვგონია.
ინდოეთში ვარიანტების გარცელების ზუსტი და დროული მონაცემები არ მოიპოვება. სამწუხაროდ, შემთხვევების გენომის სექვენირება მხოლოდ 1%-ზე ნაკლებში ხდება. რადგან ეს ძვირი და ხანგრძლივი მეთოდია. თუმცა, ამჟამად PCR ტესტირების მოდიფიცირებითაც - მაგალითად მულტიპლექს PCR ან მარტივი ნუკლეოტიდური პოლიმორიფიზმის PCR-თაც შეიძლება ვარიანტის დადგენა. მიმდინარეობს მუშაობა ანტიგენური ტესტის მოდიფიცირებაზეც. ასე რომ, შეშფოთების ვარიანტების უფრო სწრაფი და იაფი მეთოდით დადგენა მალე იქნება ხელმისაწვდომი.
ზაფხულის საფრთხე შემოდგომაზე შეიძლება გაიზარდოს კიდეც. როცა ტემპერატურის კლებასთან პარალელურად ინფექციის ზრდის პოტენციური საფრთხე იქნება საგანმანათლებლო პროცესის ადგილებზე განახლება და გაიზრდება დახურულ სივრცეებში ყოფნის დრო, რაც ვირუსის გავრცელების შანსს ზრდის. მნიშვნელოვანია მასობრივი ვაქცინაციის დროულად დაწყება ვაქცინაციის ახალ სივრცეებშიც, განსაკუთრებით - რეგიონებში.
უნდა გვახსოვდეს პანდემიაზე პოლიტიკური აქტივობების შესაძლო გავლენაც. შარშან ახალი ტალღა დაიწყო ზაფხულის ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში, რასაც მოჰყვა აქტიური საარჩევნო პროცესი და გაზრდილი მობილობა - მასობრივი შეხვედრები, მიტინგები, თავად არჩევნების ორი ტური. წელსაც გვექნება პოლიტიკური პროცესით გამოწვეული პანდემიური რისკები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სექტემბრის ბოლომდე ვაქცინაციით მოსახლეობის მნიშვნელოვანი სეგმენტის მოცვა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლები (ერთჯერადი <15-25%, ან ორჯერადი < 5-10%) ვერ იძლევა გარდამტეხ დაცულობას. ამიტომ მნიშვნელოვანი დონეებია - ერთჯერადი - 40-50% ან ორჯერადი - >20-25%. ეს არის დაახლოებით 1.5-1.7 მლნ დოზა. თუ გავიხსენებთ, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 220,000-მდე დოზაა მოხმარებული, ოქტომბრამდე 100 დღეზე ცოტა მეტია დარჩენილი, ხოლო ძირითად მასას ივლისიდან მივიღებთ, გამოდის, რომ დღიურად 20-25,000 დოზის გაკეთება იქნება საჭირო. ამოცანა შეუძლებელი ნამდვილად არაა, თუმცა ყველა რესურსის კარგი მობილიზაცია და საინფორმაციო მხარდაჭერა იქნება საჭირო.
კიდევ ერთი პრობლემა - რამდენადაც, სასიხარულოა ორჯერადად ვაქცინირებული ხალხის რაოდენობის ზრდა (70,000) და მათი ნაწილი მალე, სავარაუდოდ, უარს იტყვის პირბადის ტარებაზე, ამან შეიძლება უბიძგოს სხვებსაც იგივე ქცევის გავრცელებისაკენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და როგორც მათ ასევე სხვების მიმართ ინფიცირების რისკებს სერიოზულად გაზრდის.
იმედის სარგებელი, თავბრუდახვევის საფრთხე
კოვიდ-19 გლობალურ მართვაში ახლაა მთავარი პრობლემა არის მკვეთრი დისონანსი ქვეყნებს შორის ვაქცინებზე ხელმისაწვდომობაში, ვაქცინირების პოლიტიკის რეალიზების შესაძლებლობებში და შეზღუდვების მოხსნის/შენარჩუნების ვექტორში. იქ, სადაც ვაქცინირება (განსაკუთრებით დასავლური ვაქცინების გამოყენებისას) შემთხვევების მკვეთრად შემცირების საფუძველი გახდა და ან მოხსნეს შეზღუდვები (ისრაელი, გიბრალტარი), ან ამ პროცესს ახლა იწყებენ (აშშ, ბრიტანეთი) – და უკვე რიგი სარგებელია დაწესებული სრულად ვაქცინირებული პირებისათვის. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინირება ჯერ კიდევ უმნიშვნელო სეგმენტს მოიცავს მდგომარეობა შეიძლება არ იყოს საგანგაში, მაგრამ სტაბილურობა ადვილად შეიძლება დაირღვეს ან რეკომენდაციების ხშირი უგულვებელყოფის, ან მობილობის მკვეთრი ზრდის ფონზე შეშფოთების ვარიანტების გავრცელებით.
მნიშვნელოვანია, მალე და მტკიცედ გავიზიაროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მსაობრივი ვაქცინაციის პოზიტიური გამოცდილება, ვისწავლოთ როგორც მიღწევებზე, ასევე - მარცხის გათვალისწინებაც მოვახდინოთ. და სანამ ვაქცინაციით მოსახლეობის საკმარის მოცვას არ მოვახდენთ, არ ავყვეთ სხვა ქვეყნებიდან კოვიდზე გამარჯვების დამადასტურებელი ფოტოებით საკუთარი საქციელის ნაადრევად ცვლილების ცდუნებას. ჩვენ ჯერ მსგავსი ზეიმის საფუძველი არ გვაქვს და პირველ რიგში, სწორედ ამ საფუძვლის რეალიზება უნდა იყოს საზოგადოების გამაერთიანებელი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა.