5 ივლისის გაკვეთილები - ეროვნული ღირებულებები და ეროვნული უსაფრთხოება 

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

ვფიქრობ ის მოვლენები რომელის მომსწრენიც გუშინ გავხდით შეფასებას იმსახურებენ, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების ჭრილშიც.  ასევე მართებულად მიმაჩნია ჩემი მოსაზრება გამოვხატო  ქრისტიანობის და ზოგადად მართლმადიდებლობის ისტორიულ როლზე და მის ადგილზე დღევანდელობაში, ვინაიდან ტრადიციებისა და რწმენის საკითხი ჩვენი პოლიტიკური ველის განუყოფელ თემებად იქცა.


ბუნებრივია ჩვენი მსჯელობა, მხოლოდ დილეტანტური მიმოხილვაა ზემოთ აღნიშნული ცნებების ისტორიულ ადგილსა და როლზე ჩვენს ცნობიერებაში, თუმცა, რამდენიმე მოსაზრების დაფიქსირება მნიშვნელოვნად ჩავთვალე გუშინ, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში განვითარებული მოვლენების ფონზე და აუცილებლად მივიჩნიე, დამეკავშირებინა ეროვნული  უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტთან.


ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ყველანაირი თეორიული მსჯელობა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების და სტრატეგიული დაგეგმარების სფეროში,  იწყება ღირებულებების განსაზღვრებით.  


ხშირად როდესაც საქართველოში ღირებულებებზე საუბრობენ, მაშინათვე მოიშველიებენ ხოლმე ილია ჭავჭავაძის მიერ მოცემულ ქართულ სამებას - მამული, ენა, სარწმუნოება. მაგრამ როგორია ამ სამების შემადგენლების თანამედროვე გაგება, ან გნებავთ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მათი განცდა?


ამ კონტექსტში, საინტერესო შეკითხვაა, რა ტიპის კულტურაა ქართული კულტურა? ანუ ის ღირებულებები, რომელთა წიაღში იბადება, იზრდება და ცხოვრობს ქართველი ადამიანი (საქართველოს მოქალაქე). რას ვიცავთ და რას ემუქრება საფრთხე, რომელიც გვაიძულებს თავგანწირვით ვიბრძოლოთ იმის დასაცავად, რაც ქართული ცხოვრების წესს ნიშნავს?


თუ საქართველო ისაა, „საცა ქართულითა ენითა ჟამნი შეიწირნის“ (გიორგი მერჩულე), მაშინ ქართველი ისაა, ვინც ამ ქართულ ენაზე მეტყველებს და შედის დიალოგში ღმერთთან და სამყაროსთან, ანუ ვინც წირავს ქრისტიანულად (აქ წირვაში შეწირვაც არის ნაგულისხმევი) და ცხოვრობს ქართული კულტურის მიერ დადგენილი წესით.


აღნიშნული მსჯელობა, ბუნებრივია, წარმოშობს კითხვას: განა ქრისტიანობამდე არ არსებობდა საქართველო და ქართული ენა ქართველი ერითურთ? 


აქ მოვიშველიებ ჩემი უფროსი მეგობრისა და ლექტორის,  რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილ, პროფესორ ჯანი კაშიას სტატიას - „ქართული კულტურის პარადიგმა და გამოწვევები ცვალებად მსოფლიოში“. სტატიაში ის ამბობს რომ: „ქრისტიანობამდე საქართველო არ არსებობდა და, შესატყვისად, არ არსებობდა ქართული ენა. ბუნებრივია, აქ საქართველო და ქართულ ენას იმ გაგებით ვამბობ, რომლის ისტორიული მემკვიდრეც სახელმწიფოებრივი გაგებიდან გამომდინარე, შეიძლება განხილულ იქნას დღევანდელი თანამედროვე საქართველო. სწორედ ამ დღევანდელობის უშუალო, ერთიანი ის, რასაც ქართული ენა დაერქვა, ანუ ის, რადაც ქართული ენა ჩამოყალიბდა, არის ქართველური ოჯახის განვითარების საბოლოო ისტორიული შედეგი, რომელიც ქრისტიანობამ დაამკვიდრა. ამ თვალსაზრისით ეს ოჯახი ალბათ იწყება სვანურიდან, გადადის მეგრულში და ქართული ენა ასრულებს და აგვირგვინებს ქართველური ოჯახის განვითარებას (რატომაც ეს ოჯახი იწოდება ‘ქართველურ ოჯახად’). შესაბამისად, სარწმუნოებაც როგორც, ილიას მიერ მოცემული სამების ნაწილი, განვლილი ისტორიული პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემკვრელი ელემენტია, ის ძაფია, რითაც იქსოვებოდა ქართული ყოფიერება და ღირებულებითი პარადიგმები“. ეს ჩემის შეფასებითაც ნამდვილად ასეა, და ძნელია უარყო ის როლი რაც ქრისტიანობას და მართლმადიდებლობას ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ისტორიულ გზაზე ქონდა. სწორედ ამას გულისხმობდა ილია ჭავჭავაძეც სარწმუნოების მნიშვნელობის თვალსაზრისითაც.


ამიტომ, როდესაც ღირებულებებსა და რელიგიის როლზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს ისტორიული როლი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის. ამიტომ არის ის პრივილეგირებული დღეს. 


აქვე, ჩვენი ბლოგის ფორმატში, ცოტათი გადავუხვევ ჩემს მთავარ სათქმელს და აღვნიშნავ, რომ  პირადად მე ძალიანაც სწორედ მიმაჩია, რომ ჩანაწერი ქორწინების შესახებ არის დაფიქსირებული, ვინაიდან სწორედ ქალისა და მამაკაცის, ტრადიციული ოჯახი მესახება ერთადერთ უმთავრეს ფუნდამენტად რაზეც უნდა იდგეს საზოგადოება, მისი უდიდესი ნაწილი. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია და შეიძლება ვინმე არც იზიარებდეს.


ამავე კონტექსტში, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩია ერთი და იმავე სქესიან ოჯახებში ბავშვების გაშვილება და მგონია, რომ ეს აბსოლუტურად არასწორი და უცხოა ქართული რეალობისათვის, იდენტობისათვის.


ტრადიციული ოჯახი, ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე, ყოველთვის იყო  უმთავრესი ფუნდამენტი საზოგადოების სიმტკიცის და მისი საფუძველი. სხვანაირად უბრალოდ ვერ გადაურჩებოდნენ ტომები, თემები, საზოგადოებები, ვერ იფუნქციონირებდნენ როგორც ერთობა, ვერ გადაჭრიდნენ იმ ამოცანებს, რაც მათ წინაშე კაცობრიობის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე იდგა.


აქვე, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ოჯახში რაიმე ფორმით ძალადობა ასევე კატეგორიულად მიუღებელია, დასაგმობია და ის ფემიციდი, რაც საქართველოში წლების განმავლობაში ხდება არის ჩვენი საზოგადოების სერიოზული პრობლემა, რომელიც აქტიურ მუშაობას საჭიროებს. 


თანასწორია ყველა, ნებისმიერი ნიშნის მიუხედავად, მაგრამ არის რაღაც საზღვრები, რომელიც გარკვეულ ღირებულებათა იერარქიებს ურტყამს და ანგრევს იმ ცხოვრების წესს, რაც საფუძველთა საფუძველია ამა თუ იმ ქვეყანაში და მისი იდენტობის ნაწილი ხდება. ამიტომ ყველა ქვეყანას აქვს განსხვავებული ისტორიული გზა. ასე იქმნება პირველ რიგში ის მორალურ-ეთიკური საფუძვლები, რაც გიჩენს განცდას, რომ რაღაც გაქვს დასაცავი. გაქვს რაღაც კავშირი წარსულთან, იმ ადამიანებთან, ვინც შენამდე ცხოვრობდა. ანუ გაქვს შენი სამშობლო, გაქვს სახლი, გყავს ახლობლები და ოჯახის წევრები, რომელიც შენი სიყვარულის წრეა, უფრო ფართოდ ესაა ის, რაც სამშობლოს განცდას გიჩენს, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად. შესაბამისად, ცვლილებები მხოლოდ ბუნებრივად უნდა ხორციელდებოდეს, ამა თუ იმ საზოგადოების ჰარმონიული ტრანსფორმაციული განვითარების შედეგად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება რადიკალური გამოვლინებები და ღირებულებათა ჯახები. ხდება არსებული ცხოვრების წესის შიგნით კონფლიქტური კერების გაჩენა, რაც, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევადაც კი იქცევიან. ცხოვრების წესის რადიკალური, ძალით ცვლილება ვერ იძლევა შედეგს და იწვევს უკურეაქციას. ამის ბრწყინვალე მაგალითია იგივე ავღანეთში მიმდინარე და აწ უკვე დასრულებული სამხედრო კამპანიები. ადგილობრივების ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილების მცდელობანი განწირული აღმოჩნდა და შეუძლებელი გახდა გარედან პოლიტიკური სისტემის თავს მოხვევა. ღირებულებათა ცვლილების, ცხოვრების წესის ევოლუციური ცვლილების გარეშე, ამდაგვარი ქირურგიული ჩარევები კრახით მთავრდება ხოლმე.


ასევე ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლებში, ეკლესიაში არსებული უამრავი მანკიერების მიუხედავად, აშკარად მიზანმიმართული კამპანია მიდის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ და სამწუხაროა რომ ამ პროცესში სასულიერო პირებიც არაერთ  ე.წ. „სატოპკეს“ უგდებენ იმ ძალებს რომლებიც მას ებრძვიან, ეს ორგანიზმიც აშკარად უამრავ შიდა ფუნდამენტურ პრობლემებს განიცდის, რომელიც მისივე წიაღშია მოსაგვარებელი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათი ნაწილი პირდაპირ კრემლის პროპაგანდის გზავნილებს ავრცელებენ საქართველოში და ამით ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან. უპირისპირდებიან გაცხადებულ და დეკლარირებულ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.


თუმცა, როგორც თავში აღვნიშნე, არ არსებობდა საქართველო, როგორც კონცეფცია და იდეა მართლმადიდებლობის გარეშე და ვერც მომავალში იარსებებს, ამის მტკიცედ მჯერა. მაგრამ აქ ვგულისხმობ, ქრისტიანული სულიერების ყველაზე სუფთა გამოვლინებას, ის რაც ნამდვილად არის ქრისტიანული, მართლმადიდებლური მოძღვრების არსი და ღირებულებათა ერთობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო აღვირახსნილ ძალადობასთან, განსხვავებულის მიუღებლობასთან, სიძულვილის ენასთან და ყველაფერ იმასთან რაც გუშინ ვნახეთ ქუჩებში. ყოველივე ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ის ვინც არ მეთანხმება, არ არის ჩემი მტერი. 


რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, პირდაპირ ეხმიანება ძალადობრივი ექსტრემიზმის გაგებასა და რადიკალიზაციის გამოვლინებას.


რა არის ძალადობრივი ექსტრემიზმი?  ძალადობრივი ექსტრემიზმი შეგვიძლია განვმარტოთ როგორც: იდეათა ერთობლიობა, იდეოლოგია, რომელიც არ აღიარებს ადამიანთა თანასწორობის პრინციპს, მხარს უჭერს სიძულვილს, შეუწყნარებლობას, ძალადობას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წყობას და კანონის უზენაესობას.
 

რადიკალიზაცია ესა არის - პროცესი, როდესაც პირი საკუთარი მოსაზრებების გავრცელებისა და გარკვეული იდეოლოგიის მხარდაჭერისას, შესაძლოა, გასცდეს კანონის ფარგლებს და ჩაერთოს ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ საქმიანობაში. აღნიშნულ პროცესში იკვეთება პირის მზაობა, მის მიერ მხარდაჭერილი იდეოლოგიის მიზნებისთვის დაეთანხმოს ან/და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს ძალადობრივ მეთოდებს.
 

ასე, რომ ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ პირდაპირ ეხმიანება აღნიშნულ ცნებებსა და მათ პრაქტიკულ გამოვლინებას წარმოადგენს.


თუმცა, ღირებულებებს რომ მივუბრუნდეთ, თუ ჩვენ არ შევთანხმდით ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რისი ნაწილიც აუცილებლად უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანული, ჰუმანური საფუძვლები და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები, სხვანაირად ჩვენ ვერ შევდგებით როგორც  სახელმწიფო და დავრჩებით პერმანენტული რადიკალიზმის ტყვეობაში. 


იგივე ილიას მიერ მოცემულ სამ ღირებულებაში, მხოლოდ, სარწმუნოება, ან ენა არ არის -  არსებობს  კიდევ მამულიც, ანუ ქვეყანა. შესაბამისად,  სახელმწიფო და მოქალაქეები იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ნების მიხედვით უნდა იყოს მოწყობილი სახელმწიფო და როგორც ყველა ნორმალურ საზოგადოებას ეკადრება, ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება და თავისუფლება უნდ იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. 


კიდევ ერთხელ გავიხსენებ პროფესორ ჯანრი კაშიას, რომელიც ჩვენს მიერ მოყვანილ სტატიაში ამბობს, რომ: „ადამიანთა, საზოგადოების (მთლიანობაში პიროვნების, ოჯახის, ერისა და სახელმწიფოს) არსებობა შეძლება დავახასიათოთ, როგორც გარკვეულ საზღვრებში ურთიერთის გვერდით მოსახლე და ურთიერთობაში მყოფ ადამიანთა (ინდივიდთა, ოჯახთა და ჯგუფთა) მშვიდობიანი და უსაფრთხო თანაარსებობა. ეს ქმნის იმ სივრცეს, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ  უსაფრთხოების ველი. უსაფრთხოების მშვიდობიანი ველი არის ის პირობა, რომლითაც ყალიბდება და იქმნება თავისუფალი და მდგრადი საცხოვრისი ყველასათვის, ვინც ამ ველში ცხოვრობს და სადაც, თუ მოვიშველიებთ ქრისტიანულ ფორმულას, რომლითაც რუსთაველი ასრულებს თავის სახელმწიფოებრივი ყოფიერების ფილოსოფიას, „თხა და მგელი ერთად სძოვს“. 


მის მიერ აღწერილი უსაფრთხოების ველი, მშვიდობიანობასთან ერთად, არის სამართლიანობის ველიც. რადგან საზოგადოების უსაფრთხოება და მდგრადობა განისაზღვრება ამ საზოგადოებაში მოქმედი სამართლის პირუთვნელობითა და ერთგვაროვნებით. 


ამასთან, კიდევ ერთი არსებითი ელემენტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების არის თავისუფლება. თავისუფლების პრობლემის გატანა ზოგადად უსაფრთხოების ველიდან, იწვევს ისეთი აბსურდული კითხვების წამოჭრას, როგორიცაა არის თუ არა ან შეიძლება თუ არა იყოს ადამიანი, ერი, სახელმწიფო და სხვ. „აბსოლუტურად თავისუფალი?“ ეს ფაქტობრივად დადასტურებულ და გავრცელებულ იდიოტურ კითხვათა რიგს ეკუთვნის, რადგან თავისუფლების შესახებ კითხვას არანაირად არ მიეწერება აბსოლუტურობის ნიშანი, თუნდაც ადამიანის მოკვდავობისა და დროულობის გამო. ხოლო საკითხი კი ყოველთვის ეხება ადამიანს და მის არსებობას საზოგადოებასა და ცხოვრებაში. მის უფლებებსა და თავისუფლებებს ამა თუ იმ სახელმწიფოში, გარემოში, ცხოვრების წესში.


ქრისტიანულ გაგებაში, სადაც თავისუფლება ადამიანის არჩევანის სახითაა შემოტანილი ყოფიერებაში, ეს გამოთქმულია პავლეს მიერ („თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლეთ ქრისტემ, მაშ იდექით და ნუ შეუდგებით მონობის უღელს“- გალატელთა, 5/1) საკითხი ეხება ადამიანის არჩევანს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ნებით. აქ თავის-უფლება ადამიანის ყოფიერების განმსაზღვრელი და მისთვის ღირებულების დამდგენი პრინციპია. თავისუფლების საზღვრებს სახელმწიფოში კი ადგენს კონსტიტუცია, აღასრულებს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათი გამართული ფუნქციონირება.


მაშინ, როდესაც ქვეყანაში 5 ივლისის მსგავსი მოვლენები ვითარდება, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები გუშინდელი მოვლენების დროს ვერ დავინახეთ. სწორედ ამიტომ უნდა ვისწრაფოდეთ იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს გამართული დემოკრატია, ევროპული საქართველო, ტოლერანტული, ჰუმანური იდეებით გაჯერებული პოლიტიკური პროცესი, რომელიც ჩვენი ისტორიული გამოცდილებისა და ტრადიციების ყველაზე ნათელ გამოვლინებას დაეყრდნობა. სხვა დანარჩენი ჩვენ გვამყოფებს დღევანდელი არეული სამყაროს ბნელ მხარეს, სადაც ერთი ადამიანის ფასი გროშია, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები წონის ყველაფერს, სადაც ჟურნალისტებს კლავენ, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და ოპოზიციონრები იწამლებიან, სადაც განსხვავებული აზრის ადგილი ციხეშია. 


თუ გვინდა ჩვენი თავისუფლების შენარჩუნება, ჩვენი სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანების ძალისხმევისა და გაღებული სიცოცხლეების დაფასება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმგვარი თავისუფლების და უსაფრთხოების ველის დასამკვიდრებლად, სადაც ადამიანებს ექნებათ ღირსების განცდა, სადაც ისტორიას პატივს ცემენ, სადაც სიტყვა საქართველო კონკრეტული ისტორიული გამოცდილებისა და ტრადიციის მატარებელია, სადაც განსხვავებული აზრი არ იდევნება და რაიმე ნიშნით განსხვავებულ ხალხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, სადაც ქართული ტოლერანტობა მხოლოდ მითი და ლეგენდა არ არის სადაც კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა უფლება დაცული და გარანტირებულია. ასეთ საქართველოს შეუძლია მხოლოდ თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს განვითარებულ სახელმწიფოთა შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავასრულებთ ისევ ავტორიტარულ, ფსევდო დემოკრატიულ, თანამედროვე ფეოდალურ მონობაში.


განვითარების, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ალტერნატივა არის ის, ვინც მუდმივად გვმტრობს, ფრესკებს თეთრად გვიღებავს და ნებისმიერი ჩვენი წარმატება გულზე ხეთქავს. ის, ვისაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. მე არ მინდა მისი სამყაროს ნაწილი ვიყო, მე მჯერა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უნარი ავაშენოთ ნორმალური სახელმწიფო, რომელსაც არც თავისი ისტორია დავიწყებია და არც თავისი ქრისტიანული იდენტობის წართმევის ეშინია მომავლის წინაშე.


საქართველო უნდა იყოს თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, იმ კონსტიტუციური სულისკვეთების მატარებელი რომელიც 1918-21 წლებში ჩვენი პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ მამებს ქონდათ განსაზღვრული. ეს უნდა იყოს ამბროსი ხელაიას სულისკვეთების მემკვიდრე სახელმწიფო და ეკლესია, სხვა ალტერნატივა თუ ჩვენ გადარჩენა გვინდა არ გვაქვს.


თუ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, უნდა გააზრებულ იქნას ის ღირებულებებიც, რომელიც საფუძვლად დაედება მას. დღეს როგორც ჩანს, ქართულ სახელმწიფოს ამ მიმართულებით ჯერ კიდევ აქვს რაღაც სათქმელი, ხოლო ქართულ პოლიტიკურ კლასს გასააზრებელი.


ამიტომ, სანამ ჩვენ კარგად არ გავიაზრებთ  რომ განვმეორდე,  ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ღირებულებათა საფუძვლებს და არ ავაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, რომელშიც მცხოვრებ მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები ექნება გარანტირებული, მანამდე სიტყვა უსაფრთხოებაც იქნება ბუნდოვანი და ჩვენ არ გვეცოდინება, რას ვიცავთ, ვისგან ვიცავთ და რითი უნდა დავიცვათ. 


და ბოლოს, დასკვნის მაგიერ, შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნარატივს, რომელიც ჩვენს საინფორმაციო სივრცეში მუდმივად ვრცელდება და არ უნდა გვავიწყდებოდეს.

 

  • გაკოტრებული დასავლური ლიბერალური წესრიგი უნდა შეიცვალოს ევრაზიული ნეოკონსერვატორული პოსტლიბერალური მსოფლიო წესრიგით, რომელიც იცავს ტრადიციებს, კონსერვატიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას;
  • დასავლეთი ახდენს რუსეთის დემონიზებას; სინამდვილეში ეს უკანასკნელი მხოლოდ ცდილობს საკუთარი ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას;
  • აშშ ერევა სუვერენული სახელმწიფოების შიდა პოლიტიკაში და ცვლის ხელისუფლებებს მთელს მსოფლიოში.

ეს სამი ძირითადი პოსტულატი აღებულია აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ანგარიშიდან  და არის რუსული პროპაგანდის მთავარი მიმართულებები. ამიტომ, სანამ ამა თუ იმ მიზეზით დავიწყებთ მოქმედებებს, კარგად უნდა დავფიქრდეთ რომელიმე ამ ნარატივის წისქვილზე ხომ არ ვასხამთ წყალს და ჩვენი ქმედებები “ჩრდილოეთის“ ღირებულებებს ხომ არ ემსახურება.

გააზიარე: