ბოსფორსა და მარმარილოს ზღვებს შორის

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

შესავალი


2021 წლის 26 ივნისს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამა წლის ივნისის ბოლოდან დაიწყებოდა ახალი პროექტი სახელად „არხი სტამბოლი“. არხი სტამბოლი მასშტაბური პროექტია, რომლის მიზანია დააკავშიროს შავი ზღვა - მარმარილოს ზღვას, ხელოვნურად მოხდეს სრუტის გაჭრა, ბოსფორის პარალელურად (დასავლეთით 30 კმ-ის მოშორებით). პროექტის მიზნად სახელდება ბოსფორის სრუტის  ეკონომიკურად განტვირთვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, ეს პროექტი ახალ სულს შთაბერავს თურქეთს და მის ეკონომიკას. მისივე თქმით, არხი სტამბოლის აშენება ყოველთვის იყო მისი ოცნება. მოგეხსენებათ, გახსნის ცერემონიას პრეზიდენტი თავად გაუძღვა და სიმბოლური ქვის ჩაგდებითაც აღნიშნა მშენებლობის დასაწყისი. საჭიროა, ვახსენოთ ის ფაქტიც, რომ ამ პროექტის იდეა არ არის ახალი ერდოღანისთვის. აღნიშნული იდეა პრეზიდენტმა თავდაპირველად 2011 წელს გააჟღერა, როდესაც ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის რანგში იმყოფებოდა. მან საკმაოდ მკვეთრი და დამაჯერებელი განცხადებები გააკეთა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით: „ეს პროექტი რეგიონს შთაბერავს ახალ ძალასა და სიცოცხლეს“ და ასევე, - „მოგწონთ თუ არა ეს თქვენ, ჩვენ მის მშენებლობას დავიწყებთ, ავაშენებთ და გადავცემთ ჩვენს ქვეყანას.“ (წყარო DW) ამავე წლის 30 ივნისს, ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ანტალიაში. საუბარი შეეხო როგორც საგარეო პოლიტიკას, ასევე არხ სტამბოლს.  ჩავუშოღლუს თქმით, არხ სტამბოლს მონტრეს კონვენციასთან შეხება არ ექნება და პირიქით (წყარო Anadolu Agency). შეხვედრაზე  დასახელდა მშენებლობის დასრულების ახალი თარიღიც. თავდაპირველი თარიღი 2023 წელი გახლდათ  - თურქეთის რესპუბლიკის 100 წლისთავი, თუმცა, ახალი თარიღით იგი უნდა დასრულდეს 2025-26 წლების შუალედში.


არხი სტამბოლი 45 კილომეტრი სიგრძის იქნება, სიგანე 360 მეტრი, მისი სიღრმე კი - 21 მეტრი. არხი სტამბოლისთვის გამოყოფილია 15 მილიარდი დოლარი.  სამთავრობო ექსპერტების მტკიცებით, იგი ბოსფორის გადატვირთული სრუტისგან განსხვავებით (სადაც საშუალო ლოდინის ხანგრძლივობა 14 საათიდან 3 დღემდეა), არხი სტამბოლი ბევრად სწრაფ სერვისს შესთავაზებს მომხმარებელს და მისი წლიური მოგება იქნება დაახლოებით 1 მილიარდამდე (წყარო TRT WORLD - Strait Talks; Taha Meli Maraus - ფინანსური ანალიტიკოსი).  


არხი სტამბოლის მნიშვნელობა


აღნიშნულ პროექტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც გარემოს დამცველებისგან, ასევე ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირებისაგან.  აპრილის თვეში 104-მა ყოფილმა სამხედრომ მოაწერა ხელი საჯარო განცხადებას არხი სტამბოლის წინააღმდეგ. პროექტის მოწინააღმდეგეები  მიიჩნევდნენ, რომ ეს პროექტი იქნება მონტრეს კონვენციის რევიზია და იგი საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. 2016 წელს 104 ხელმომწერიდან 10 დააკავეს და  დაადანაშაულეს  სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ერდოღანმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ქვეყანაში, რომლის ისტორიაც სავსეა სამხედრო გადატრიალებებით, მიუღებელია გადამდგარი ადმირალებისაგან ისეთი განცხადებების მოსმენა, რომელიც არეულობის ინსპირაციის წყაროა“ (წყარო REUTERS). საკმაოდ დაძაბული გამოხმაურება მოჰყვა პროექტს საზოგადოებაშიც. უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, უმრავლესობა ამ პროექტის წინააღმდეგია, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ხელოვნური არხის გაჭრა დააზიანებს ქალაქის ყველაზე მწვანე გარემოს, მოხდება მოსახლეობის გადასახლება და დაბინძურდება გარემო.  სტამბოლის მერი იმამოგლუს აზრით, პროექტი მოიტანს მძიმე შედეგებსა და გაზრდილ გადასახადებს.


მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ფაქტებისა, არხი სტამბოლის მშენებლობა დაიწყო. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა ფაქტორები განაპირობებს არხის მშენებლობას. ესენია გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები.

 

არხი სტამბოლის გეოპოლიტიკა და ეკონომიკა


1)    გეოპოლიტიკური და პოლიტიკური ფაქტორი:


პირველი გეოპოლიტიკური მიზეზი ისაა, რომ უნდა მოხდეს თურქეთის ლოგისტიკური ბაზების შექმნა მარმარილოს რეგიონში, რაც შეუცვლელს გახდის საერთაშორისო ვაჭრობაში.  თურქეთის ეროვნული ინტერესია არ იყოს დამოკიდებული ევროპაზე, აშშ-ზე, ჩინეთსა და რუსეთზე.  პროექტის ძირითადი მიზანია შეიქმნას ახალი სატრანსპორტო კვანძები: 1)  არხი სტამბოლი (რომელიც გემების განთავსებისთვის არის საჭირო) 2) პორტი, 3) აეროპორტი 4) სარკინიგზო გზა 5) საავტომობილო გზა.


2)    ეკონომიკური ფაქტორი:


ბოსფორის სრუტეზე გადასახადი საკმაოდ მცირეა და იგი 4500$ დოლარს შეადგენს. თუ ეგვიპტის GDP-ს 15% სუეცის არხზე მოდის ანდა პანამის არხიდან 10% მათ მთლიან შიდა პროდუქტზე,  ბოსფორიდან  დაახლოებით - 0.5% მოდის. არხი სტამბოლის შემთხვევაში კი სურათი საპირისპიროა, იგი ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. პირველ რიგში, 15 მილიარდიანი პროექტი, ხსნის ახალ გზებს (Second Waterway). ის არის 45 კილომეტრი სიგრძის (28 მილი) და 21 მეტრი სიღრმის. აგრეთვე სამთავრობო ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ბოსფორისგან განსხვავებით, გემებს ნაკლები ლოდინი მოუწევთ. აღნიშნული პროექტი საშუალოდ  წლიურად 1 მილიარდი ამერიკული დოლარის მოგებას ითვალისწინებს.  შენდება ეგრეთწოდებული ჭკვიანი ქალაქი (Smart City), რომელიც რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ვაჭრობაში 90% გემებით ხორციელდება, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სარკინიგზო ვაჭრობა უფრო სწრაფია, საზღვაო ვაჭრობის დადებითი მხარე მისი სიიაფეა.  საინტერესოა ჯორჯ ფრიდმანის ( Geopolitical Futures  Founder & Chairman)  მოსაზრება აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. TRT World-თან ინტერვიუში იგი ამბობს, რომ თურქეთის მიზანია 360 გრადუსიანი ექსპორტ-იმპორტის პოლიტიკა,  იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ თურქეთი ყოველთვის იყო საერთაშორისო ვაჭრობის ჰაბი და ეს პროექტი თურქეთისთვის არ არის ახალი იგი ყოველთვის იყო საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი და ეს იდეა უფრო მეტად წარსულში დაბრუნებას გავს, ვიდრე რაიმე ახალს. 


აღსანიშნავია, რომ ისტორიულ  წყაროებზე დაყრდნობით, აღნიშნული პროექტის იდეა ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში სულთან სულეიმანს ჰქონდა. იგივე იდეები ჰქონდა აგრეთვე მურად მე-3-ს, მეჰმედ მე-4-სა და მუსტაფა მე-3-საც (1757-74 წლები), თუმცა მაშინ ეს ყოველივე ვერ განხორციელდა, ხოლო მიზეზები კი ჩვენთვის უცნობია.


პროექტის კრიტიკა


თურქეთში ამ პროექტს დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. აღნიშნული პროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პროექტი, პირველ რიგში, არ არის გრძელვადიანი და მხოლოდ მოკლევადიან ბუსტს ითვალისწინებს. ამასთან, ქალაქის მერი Ekrem imamoglu ამბობს, რომ არხი სტამბოლი საფრთხეს უქმნის თავად ქალაქს, მის ბუნებასა და მის უსაფრთხოებას.  მწვანეების აზრით, არხი სტამბოლი იქნება გარემოსთვის ეკოლოგიური კატასტროფა, ვინაიდან განადგურდება სალზიდირის ჯებირი და მოხდება ტყეების გაკაფვა, - ამბობს Dognany Tolunay, სატყეო ინჟინერი, სალზიდირის ჯებირის განადგურების შემთხვევაში რჩება მხოლოდ მარილიანი წყალი, რაც გავლენას მოახდენს სასმელ წყლებზე, საზღვაო ეკოსისტემაზე და გაავრცელებს უსიამოვნო გოგირდის სუნს. დოიჩე ველეს ინფორმაციით, მოსახლეობის უმრავლესობა, დაახლოებით 80%, აღნიშნული პროექტის წინააღმდეგია.


არხი სტამბოლის წამოწყების მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრე. არსებობს უამრავი მოსაზრება, რამდენად მომგებიანი ან სახიფათო შეიძლება  გახდეს ეს პროექტი. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრება გახლავთ ის, რომ იგი წარმოქმნის ახალ კონფლიქტებს რუსეთთან, ვინაიდან არხი გაუადვილებს შემოსვლას ნატოს გემებსა და ამერიკულ კრეისერებს შავ ზღვაში.  ამერიკელ ექსპერტ პოლ გობლეს განსხვავებული მოსაზრება აქვს და იგი მიიჩნევს, რომ არხი სტამბოლის აშენება ავტომატურად არ ნიშნავს დასავლურ გემებს შავ ზღვაზე, ვინაიდან ერდოღანის თურქეთი და ტრადიციული ქემალისტური თურქეთი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.  მისთვის მიუღებელია, რომ შავ ზღვაში განლაგდნენ დასავლური ხომალდები.  მისი აზრით, ერდოღანი ეწევა მე-2 „განმათავისუფლებელ ბრძოლას“, რომლის მიზანიცაა არც დასავლეთს „ჩაეხუტოს“ და არც რუსეთს, თურქეთი მხოლოდ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს. 


დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროექტი, შესაძლოა, მართლაც გახდეს ახალი ფურცელი შავი ზღვის რეგიონში, თუკი დასავლური გემები აღმოჩნდებიან შავ ზღვაში და ის ჰეგემონია, რომელიც რუსეთმა 2014 წლის ყირიმის ანექსიის  შემდგომ მოიპოვა, შესაძლოა, არსებითად დაბალანსდეს.

გააზიარე: