საქართველო ახალი საგარეო პოლიტიკური ხედვის ძიებაში

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ახალი ეპოქა იწყება. ფიქსაცია დასავლეთზე ადგილს უთმობს მეტ რეალიზმს. დღის წესრიგში ნელი ტემპებით მრავალვექტორული პოლიტიკის გატარების ტენდენციები ჩნდება. ამის გამომწვევი მიზეზი მრავალია და მათ შორის უპირველესი კი ალბათ ის პრობლემებია, რომელიც დასავლეთში დაგროვდა. ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დასუსტებამ კითხვის ქვეშ დააყენა ცივი ომის დასრულების შემდგომ ჩამოყალიბებული წესები, იქნება ეს ეკონომიკაში თუ პოლიტიკურ საკითხებში. დასავლეთის მიერ დაფუძნებული მსოფლიო ორგანიზაციები სისუსტეებს აჩენს. აზია ფუნდამენტურ ნახტომებს აკეთებს ეკონომიკის და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში, რითაც უკანასკნელი ორას წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ წესრიგს ცვლის - დასავლეთი აღარ არის პროგრესის ერთადერთი წყარო. ეს იწვევს საერთაშორისო ურთიერთობებში ძირეულ ცვილილებებს. მსოფლიოში გეოპოლიტიკური მიზიდულობის ახალი ცენტრები ჩნდება. ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი პირველ ეშელონს ქმნიან. მეორე წრეს შედარებით მცირე ძალის მქონე თურქეთი, ირანი, ინდონეზია და სხვა ქვეყნები ქმნიან. ამ ქვეყნებს ყოველთვის გააჩნდა გეოპოლიტიკური ამბიციები, მაგრამ უკანასკნელ წლებში ჩვენ ამ პროცესის გამყარების მომსწრენი ვხდებით. მსოფლიო მრავალპოლუსიანი ხდება.


ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ აქ საუბარი არაა დასავლეთის ფუნდამენტურ დასუსტებაზე. ეს მოსაზრება დიდწილად მცდარია. ჩვენ უფრო საქმე გვაქვს დასავლეთის ჭარბი ძალის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მეტ-ნაკლებად თანაბარ გადანაწილებაზე. აღნიშნული პროცესის თანმდევი მოვლენაა ცვლილებები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაში. ამ მხრივ საქართველო არ წარმოადგენს გამონაკლისს. ქვეყანა საგარეო პოლიტიკურ გზაგასაყარზეა და თანამედროვე ცვალებად მსოფლიო წესრიგში საქართველო ისევე, როგორც რეგიონის ქვეყნების დიდი ნაწილი მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარებას შეეცდება. შესაბამისად, მოსაზრებები რომ საქართველო ისევ მხოლოდ დასავლეთსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკურ თამაშში იმყოფება, საკმაოდ მოძველებულია, მცდარიცაა. მსოფლიო ბევრად დიდია ვიდრე დასავლეთი და რუსეთი. ერთ რომელიმე დიდ მოთამაშეს აღარ შეეძლება მცირე ქვეყანაზე ექსკლუზიური კონტროლის/გავლენის დამყარება.


მრავალვექტორული პოლიტიკა დასავლეთთან საქართველოს განსხვავებული ურთიერთობების აგებას მოასწავებს. პერიოდი, როდესაც ლიბერალური მსოფლიო წესრიგი ძლიერი და ექსპანსიონისტური იყო, დასრულდა. ზუსტად ამ პერიოდში იყო საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების ყველაზე აქტიური ფაზა. დღეს კი ბევრად განსხვავებული ვითარებაა  ლიბერალური წესრიგის გავრცელება აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში შენელებულია თუ არა სრულად შეჩერებული. იმას რისკენაც საქართველო ედუარდ შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული, ათწლეულების განმავლობაში ილტვოდა, დღეს რთულად განსახორციელებელია. ეს კი ოფიციალურ თბილისს ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე აყენებს  დღეს ქართული დიპლომატია აქტიურად გამოსავლის ძიებაში უნდა იყოს.


მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, რომლის იდეაც მე ჩემს ერთ-ერთ სტატიაში წამოვაყენე, შეიძლება ამ ეტაპისთვის ოპტიმალურ გამოსავალს წარმოადგენდეს ცვალებად მსოფლიო წესრიგთან მორგებისთვის. მრავალვექტორული პოლიტიკა ცოდნას და გამოცდილებას საჭიროებს. ის ყალიბდება მაშინ, როდესაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე წარუმატებლობას განიცდის, რაც დაბალანსების საჭიროებას წარმოშობს. მრავალვექტორული პოლიტიკის გატარება მხოლოდ მნიშვნელოვან ქვეყნებს შეუძლიათ. მათ შორის ის ვისი ტერიტორიული სიმცირე ან მსხვილი ბუნებრივი რესურსებით ბალანსდება, ან კრიტიკულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით. საქართველო ამ მეორე კატეგორიას მიეკუთვნება.


საქართველოსთვის მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არ ნიშნავს ნატოზე და ევროკავშირზე უარის თქმას. ის უფრო რეალისტური პოლიტიკის გატარებას მოემსახურება, სადაც საქართველოს წარუმატებლობა დასავლურ ფრონტზე დაბალანსდება სამეზობლოში და ზოგადად ევრაზიაში დიდ ქვეყნებთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებით. მრავალვექტორული პოლიტიკა ბალანსის დაჭერის დიდ ნიჭს მოითხოვს. საქართველოს, რთული სამეზობლოდან გამომდინარე, ეს ისტორიულად აქვს გამომუშავებული. ქართველი მეფეები შუა საუკუნეებში სხვა არაფერს აკეთებდნენ თუ არა აბალანსებდნენ ძლიერ სპარსეთს ოსმალეთის იმპერიით და პირიქით; შემდეგ ორივე ძალას რუსეთთან ურთიერთობით; ამ უკანასკნელს კი თანამედროვე პერიოდში დასავლეთთან მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური კონტაქტებით. ბალანსი ქართული დიპლომატიის ისტორიული ნიშანთვისებაა. მაგრამ თუ აქამდე თბილისი ერთ ძალას მეორეთი აბალანდებდა, რაც ერთ-ერთის (მაგ. რუსეთის) განაწყენებას და აგრესიას იწვევდა, დღევანდელ დღეს საქართველოს წინაშე ახალი რეალობაა, ასე ვთქვათ, მეტი შესაძლებლობაა. ოფიციალურ თბილისს აქვს შანსი მსოფლიოს მრავალ მოთამაშესთან ჰქონდეს აქტიური ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობა. მეტიც, თბილისი ნაწილობრივ იძულებულიც იქნება ეს გააკეთოს: 1) რადგან დასავლეთში არსებული პრობლემები ნაკლებად სავარაუდოა ახლო მომავალში მოგვარდეს; 2) ევრაზიაში და განსაკუთრებით საქართველოს გარშემო რეგიონში მრავალვექტორული პოლიტიკა ღრმად იკიდებს ფეხს.


ავიღოთ თურქეთის მაგალითი. მრავალი მოსაზრების მიუხედავად, რომ ანკარა ნატოზე თანდათანობით უარს ამბობს, ეს ნაკლებად მოსალოდნელია. ის არც ევროპასთან გაწყვეტს ურთიერთობას რომელიმე სხვა ძალის სასარგებლოდ. თურქეთი ხედავს იმას თუ როგორ წარუმატებლად დასრულდა მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები და ახლა ცდილობს თავისი ისტორიული ფიქსაცია დასავლეთზე უფრო დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით ჩაანაცვლოს. აქედან მომდინარეობს აქტიური ურთიერთობა რუსეთთან, ირანთან, აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. 


იგივეს აკეთებს რუსეთიც. ქვეყნის გეოპოლიტიკური განვითარება ისტორიულად დასავლეთთან ურთიერთობაზე იყო აწყობილი. 1990-იანი წლებიდან რუსული საგარეო პოლიტიკის გადაწყობა დაიწყო, რაც დაგვირგვინდა 2014 წლიდან მკვეთრად ჩინეთზე და ზოგადად აზიაზე გეოპოლიტიკური ორიენტირის გადატანით. აქაც, მსგავსად თურქეთისა, რუსეთი არ ფიქრობს დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტაზე, აზიის ევროპით ჩანაცვლებაზე, არამედ ის მიზანმიმართულად მრავავექტორული საგარეო პოლიტიკის გატარებას ახორციელებს.


ამ ორ მაგალითთან არ შეგვიძლია არ ვახსენოთ ირანი, რომელიც ასევე ცდილობს ჩინეთთან, რუსეთთან, თურქეთთან და სხვა ევრაზიულ და აფრიკულ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით ხარისხობრივად უფრო მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური დივიდენდის მომტანი საგარეო პოლიტიკა ააგოს. აქვეა აღსანიშნავი მზარდი მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გამტარებელი მცირე გეოპოლიტიკური წონის მქონე ქვეყნები: აზერბაიჯანი, უზბეკეთი, უნგრეთი, პოლონეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი და ფილიპინები.


ამრიგად, რეგიონში მრავალვექტორული პოლიტიკის გატარების მცდელობები ქართული დიპლომატიისთვის ახალი დღის წესრიგის დამყარებას მოასწავებს. ეს საგარეო პოლიტიკის გატარების ის მოდელია, რასაც პირობითად „ევრაზიული“ ტიპის ურთიერთობებს დავარქმევდი; ურთიერთობებს, რომელიც არ ითხოვს ფორმალური ალიანსების დადებას. მრავალპოლუსიან სამყაროში ალიანსი უფრო შემზღუდავი იქნება, ვიდრე სარგებლის მომტანი. ამავდროულად, „ევრაზიული“ მოდელი არ გამორიცხავს დაძაბულობას ორმხრივ ურთიერთობებში. ამის კარგი მაგალითია რუსეთ-თურქეთის, რუსეთ-ირანის, ირან-თურქეთის, ისრაელ-რუსეთის, ირან-აზერბაიჯანის  და მრავალი სხვა ორმხრივი ურთიერთობა. მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გატარებისას მცირე შეცდომასაც კი შეუძლია ქვეყანა ერთ მოთამაშეზე არაპროპორციულად დამოკიდებული გახადოს. მაგრამ მსგავსი ურთიერთობები მზარდ გეოპოლიტიკურ კონკურენციაში გაწრთობას მოასწავებს. საქართველოსთვის ეს საკუთარი ინტერესების დაცვის კარგ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. ქვეყანა იძულებული იქნება პერმანენტული დაბალანსების პოლიტიკაში იყოს ჩაბმული. ეს, თავის მხრივ, დაძაბულობას გამოიწვევს დასავლეთთან ურთიერთობაში. ხომ არაა დღევანელ დღეს საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებული სირთულეები ამის პირველი ნიშანი?

 

 

ფოტოს წყარო: www.brookings.edu

გააზიარე: