გიორგი ანთაძე - ავღანეთის მოვლენებით დასავლეთის პოლიტიკური გავლენა შემცირდა და დაუბრუნდა 20-ე საუკუნის დასასრულის ვითარებას, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების დროის საკითხი კი ღიად რჩება

ავტორი:

ავღანეთში განვითარებული მოვლენებზე, პროცესების ისტორიულ ასპექტებსა და იმაზე, რამაც შესაძლოა განსაზღვროს კიდეც ავღანეთის, როგორც სახელმწიფოს მომავალი, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს ავღანეთში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო პოლიტიკაზე საერთოდ და კერძოდ კავკასიის რეგიონსა და საქართველოზე “ინტერპრესნიუსი“ "ჯეოქეისის" თავდაცვისა და უსაფრთხოების დირექტორს, პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ანთაძეს ესაუბრა.

 

- ბატონო გიორგი, კარგა ხანს მოუწია ცივილიზებულ სამყაროს ედევნებინა თვალი ავღანეთიდან ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების რბილად რომ ვთქვათ, არასწორად დაგეგმილი გამოსვლის კვალდაკვალ მიმდინარე პროცესებისათვის, რასაც არც დრამატიზმი აკლდა და არც ტრაგიზმი.
 

31 აგვისტოს ქაბულის აეროპორტიდან უკანასკნელი ამერიკული თვითმფრინავის აფრენით დასრულდა ავღანეთში ამერიკული ჯარების 20 წლიანი ყოფნა. ავღანეთში სწრაფად ცვალებად ვითარებებზე უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, ამ ქვეყანაში მშვიდობა და ცივილიზებულ განვითარებაზე ორინერტირებული პროცესები კიდევ კარგა ხანს არ დაიწყება.
 

ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების ავღანეთიდან გამოსვლის თემებს, იმას თუ რა გავლენას იქონიებენ ეს მოვლენები მსოფლიო პოლიტიკაზე ჩვენ ვიმსჯელებთ, მაგრამ ალბათ სწორი იქნება თუ ავღანეთთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს ამ ქვეყანაში სადღეისოდ არსებული მდგომარეობით დავიწყებთ.
 

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცით, რომ ავღანეთის მთავრობას „თალიბანის“ თანადამფუძნებელი, მულა ბარადარი უხელმძღვანელებს, ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში მოვლენები სწრაფად იცვლება, მე კითხვას მაინც ასე დავსვამ - რა ხდება ავღანეთში მას შემდეგ, რაც ამერიკელები და მისი მოკავშირეები ამ ქვეყნიდან გამოვიდნენ?
 

- როგორც ვხედავთ ავღანეთი კვლავინდებურად მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მას შემდეგ რაც, ასე ვიტყოდი, დასავლეთი და ამერიკა გამოვიდა ავღანეთიდან ამ სიტყვის პირდაპირი და ფართო გაგებითაც, ახლა სახეზე გვაქვს თალიბანის მხრიდან ძალაუფლების კონსოლიდაციის პირველი ეტაპი, რომელიც არსებული ქაოსის მოწესრიგებას ემსახურება მათი ინტერესების გათვალისწინებით.
 

„თალიბანის“ ე.წ. ხელისუფლება შეეცდება მთავარი რეგიონალურ მოთამაშეების დარწმუნებას რომ ორგანიზაციასთან საუბარი და მოლაპარკებები სხვადასხვა საკითხზე შესაძლებელია. ასევე ცდილობს პოლიტიკური კონტროლის განმტკიცებას. მისი ამოცანა იქნება არ დაუშვას ავღანეთში სხვადასხვა ჯგუფების გაჩენა და ერთმანეთთან დაპირისპირება და მეორე მხრივ შეეცდება საერთაშორისო იმიჯის შემსუბუქებას, თუ შეიძლება ასე ითქვას.
 

ამით „თალიბანი“ ცდილობს იგივე „წინააღმდეგობის ფრონტი“ არ წარმოაჩინოს როგორც ცივილიზაციის უკანასკნელი ფორპოსტი ავღანეთში. ISIS-K-ს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ქაბულის აეროპორტზე ამ კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესოა. მსგავსი ქმედებები, ბუნებრივია „თალიბანს“ საშუალებას აძლევს საერთაშორისო საზოგადოების თვალში ნაკლებ ბოროტებად წარმოჩნდეს.
 

ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, გერმანიის, ევროკავშირის და სხვა ქვეყნების საგარეო უწყებების განცხადებები, რომ „თალიბანთან“ მოლაპარაკებებს წარმართავენ იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ „თალიბანი“ განიხილება ამ ქვეყნების მხრიდან ავღანეთში ოფიციალურ მხარედ და არა ვინმე სხვა.
 

უფრო ფართო კონტექსტში თუ განვიხილავთ ავღანურ საკითხს, მსოფლიოში არსებული გლობალური პროცესები ავღანეთშიც „ითარგმნა“ და მე ამაში ვგულისხმობ დასავლეთისა და ლიბერალური-დემოკრატიის უკუსვლას ყველგან, რაც გამოიხატება იმაში, რომ დემოკრატიის ე.წ. აშენების მცდელობა ავღანეთში როგორც მოსალოდნელი იყო კრახით დასრულდა და ცხოვრების ის წესი რაც ამ ქვეყნის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა, სამწუხაროდ ამერიკულ დახმარებასთან ერთად დასრულდა.
 

ავღანეთში სახეზე გვაქვს იმ ძალების დომინირება, რომელთაც ზოგადად ისარგებლეს დღეს მსოფლიო წესრიგში მიმდინარე ცვლილებებით, ეს არის რუსეთი და ჩინეთი პირველ რიგში.
 

ჩინეთის გაცხადება პირველივე დღეებში, რომ იგი მზადაა მჭიდრო, მათ შორის ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად ქაბულის ახალ რეჟიმთან სწორედ ამის მიმანიშნებელია. ყველასთვის ცნობილია ის, თუ რამხელა როლს თამაშობს და თამაშობდა მუდამ პაკისტანი „თალიბანის“ არსებობაში და ამას ეხლაც თვალნათლივ ვხედავთ.
 

ავღანეთის ტომობრივ გაერთიანებებში ერთ-ერთ უდიდესი პუშტუნური ნაწილია, რომელსაც ეყრდნობა „თალიბანი“. პაკისტანის ტერიტორიაზე მილიონობით პუშტუნები ცხოვრობენ.
 

პაკისტან-ჩინური ურთიერთობები თავის მხრივ, სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ძალზედ მჭიდროა და ეს ყველამ ვიცით, მათ ასევე საერთო რეგიონალური მოწინააღმდეგეც ყავთ- ინდოეთის სახით.
 

ასე, რომ დასავლეთის უკუსვლა ავღანეთშიც გარდაუვალი გახდა და ბუნებრივია, როგორც ეს იგივე მაგალითად სირიის შემთხვევაში მოხდა, ძალაუფლების ვაკუუმი არასდროს რჩება ცარიელი გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე, მას რეგიონალური მოთამაშეები ამოავსებენ და პირველ რიგში ჩინეთი. აკი ვიხილეთ კიდევაც „თალიბანის“ სპიკერის განცხადება, რომ ჩინეთს მთავარ პარტნიორად მოიაზრებენ.
 

აი ეს არის მოკლედ თუ ჩავსვამთ ავღანეთის მოვლენებს ზოგადად ბოლო ათწლეულის გეოპოლიტიკურ ტენდეციებში.
 

- ავღანეთის ვიცე პრეზიდენტი ამრულა სალეხი პრეზიდენტ აშრაფ ღანის მსგავსად ქვეყნიდან არ გაქცეულა. მან თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა.
 

მას შემდეგ რაც „თალიბებმა“ ქაბული აიღეს, წარმოშობით ტაჯიკი ამრულ სალეხი ტაჯიკებით დასახლებულ ფანჯშირის ხეობაში გადავიდა და განაცხადა, რომ იგი «თალიბებს“ არ დაემორჩილებოდა. ამის შემდეგ ცხადი იყო, რომ ავღანეთის „თალიბების“ ხელისუფლებასა და ფანჯირის ხეობის დამცველებს შორის შეტაკებები დაიწყებოდა.
 

ტაჯიკებმა არა მარტო წარმატებულად შეძლეს თავის დაცვა „თალიბებისგან“, არამედ კონტრშეტევაზეც გადავიდნენ და დაიკავეს ახალი ტერიტორიები. მაგრამ, ფაქტია, რომ მათი გადარჩენა აშკარად იმაზეა დამოკიდებული თუ ისინი სახმელეთო გზას გაჭრიან ტაჯიკეთისკენ, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან მათ ირგვლივ ტერიტორიებს „თალიბები“ აკონტროლებენ.
 

მესმის, რომ ახლა ავღანეთში მიმდინარე თემებზე რაიმე პროგნოზის გაკეთება აშკარად ნაადრევია, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით როგორ ვითარდება პროცესები ფანჯის პროვინციაში?

 

- ბოლო ინფორმაციით თალიბებმაც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს ხეობაში. მოსალოდნელია, რომ ამ ეტაპზე გარდამავალი უპირატესობები იქნება ამ სივრცეში. არა მგონია „წინააღმდეგობის ფრონტს“ იმდაგვარი სამხედრო ძალის კონცენტრირება შეეძლოს, რაც მას გადამწყვეტ გამარჯვებებს განაპირობებდა, ყველაზე მაქსიმუმ ხეობის ნაწილის შენარჩუნება შეძლონ.
 

ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ ორივე მხარეს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა რაც მიმანიშნებელია იმის, რომ ფანჯშირის ხეობის მცველებს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება გაუჭირდებათ.
 

რა თქმა უნდა, ძნელია წინასწარ ზუსტი პროგნოზირება რა მოხდება, თუმცა ასეთ დროს ისტორია კარგი მრჩეველია. ამდაგვარი ანკლავები, როგორც წესი, სათანადო საგარეო დახმარების გარეშე საუკეთესო შემთხვევაში თავის გადარჩენას თუ ახერხებდნენ ხოლმე და საუბარი რაიმე ფორმით გაფართოებაზე ზედმეტია.
 

დღეს ასეთი დახმარება გარედან არ ჩანს და ამ ეტაპზე შეუძლებლად მესახება პროვინციიდან ჩრდილოეთით კორიდორის გაკეთება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს საუბარია პაკისტანის შიდა დაზვერვის მაღალჩინოსნების ჩასვლაზე ქაბულში „თალიბანის“ დასახმარებლად ავღანეთის არმიის რეორგანიზაციის საქმეში, ნათელი გახდება რომ „ხეობის მცველებს“ მომავალში კიდევ უფრო უნდა გაუჭირდეთ რეორგანიზებულ „თალიბან“-ავღანური არმიის წინააღმდეგობის დაძლევა.
 

რეგიონის მთავარი მოთამაშეები აშკარად „თალიბანის“ ე.წ. ხელისუფლებასთან ცდილობენ ურთიერთობების დალაგებას, მათ შორის როგორც უკვე ვთქვი, ევროკავშირი და გერმანიაც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის განცხადებით გერმანია მზადაა ავღანეთს ეკონომიკური დახმარება აღუდგინოს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების საფასურად.
 

ამ ყველაფრის ფონზე ვფიქრობ „წინააღმდეგობის ფრონტის“ შანსები მცირეა. დაველოდოთ, თუ რომელიმე მსხვილი მთამაშე ჩაერევა პირდაპირ პროცესებში, მაშინ შეიძლება ბალანსი კიდევ შეიცვალოს მომავალში.
 

„თალიბანის“ უკან პირდაპირ დგას პაკისტანი და მასთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ჩინეთი. დგას თუ არა ვინმე „წინააღმდეგობის ფრონტის“ უკან სამწუხაროდ, მე ჯერ ვერ ვხედავ.

 

- ჯერჯერობით არ ჩანს, რომ დასავლეთი ავლენს ინტერესესს დაეხმაროს ეთნიკურ ტაჯიკებს ფანჯში, მაგრამ არაა გამორიცხული მათი მხარდამჭერი რუსეთი აღმოჩნდეს, არა პირდაპირ, არამედ ირიბად.
 

ვიდრე ავღანეთში ვითარება უკიდურესად გამწვავდებოდა საინტერესო გახლდათ ის, რომ ტაჯიკეთის პრეზიდენტ იმამალი რახმონოვის ინიციატივით შუა აზიის ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა შედგა, რომელზეც მხარეებმა ავღანეთში მოსალოდნელი პროცესების თემებზე და ახალ რეალობაში მათი მოქმედების სავარაუდო გზებზე იმსჯელეს.
 

საინტერესოა ასევე ის, რომ წარმოშობით ტაჯიკი გენერალი, რომელიც თავის დროზე სსრკ-ს ებრძოდა, ახლა ტაჯიკეთში თუ თურქმენეთში ცხოვრობს.
 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა პირველმა განაცხადა რომ არ დახურავდა თავის საელჩოს ქაბულში, არაა გამორიცხული მოსკოვის თუ პატრონაჟით არა, წაყრუებით ტაჯიკეთმა და შუა აზიის ქვეყნებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ფანჯშირის პროვინციაში მიმდინარე პროცესებში.
 

იმის გათვალისწინებით, რომ ავღანეთის სახელმწიფოში თავის დროზე ხელოვნურად მოხდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გაერთიანება, სულაც არაა გამორიცხული, რომ უკანასკნელი მოვლენების ფონზე ავღანეთში ცენტრიდანული ძალების აქტიურობა საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდეს.
 

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ფანჯშირის პროვინციაში პროცესები თუ დასავლეთის არა, მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფი შუა აზიის ქვეყნების ეგიდით განვითარდეს, რაც გამოიწვევს ავღანეთის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს დაშლას?
 

- შეუძლებლად მიმაჩნია, რომ შუა აზიის ქვეყნებმა ეს მოინდომონ, ან რაც მთავრია ფიზიკურად შეეძლოთ. ამდაგვარი ჩართულობის შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ, თუმცა უკვე სახეზეა, რომ ავღანეთში განვითარებული მოვლენები რეგიონში რუსეთის გავლენას ძალაუნებურად აძლიერებს, ვინაიდან შუა აზიის ქვეყნებმა უკვე მიმართეს რუსეთს დასახმარებლად შესაძლო საფრთხეების პრევენციისთვის. ეს ზომები, უმეტესად ადგილობრივად უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმოს, პირველ რიგში ეს სწორედ ტაჯიკეთს ეხება.
 

როგორც უკვე აღვნიშნე, ნაკლებ სავარაუდოა რეგიონის გლობალური ძალები ავღანეთის აფეთქებით იყვნენ დაინტერესებული, პირიქით, ისინი შეეცდებიან საკუთარი ინტერესები გაატარონ „თალიბების“ რეჟიმის დახმარებით. მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარში არსებობს შანსი, რომ ავღანეთის რესურსებზე წვდომას შეეცადოს პირველ რიგში ჩინეთი.
 

ამიტომ, ავღანეთში ყველაზე სავარაუდო სცენარია ავღანეთში ყველასათვის „მისაღები მშვიდობის“ დამყარება, სადაც მთავარი მოთამაშეების ინტერესი დაცული იქნება. ამას მოწმობს რუსეთის, ჩინეთისა და პაკისტანის განცხადებები და იგივე ირანის თავშეკავებული პოზიციაც.
 

აქვე დავამატებდი, რომ როგორც ცნობილია იგივე ყატარმა მიავლინა უკვე სპეციალისტები რომლებიც დაეხმარებიან „თალიბებს“ დატოვებული სამხედრო ტექნიკის ნაწილის ათვისებასა და გარემონტებაში.
 

სავარაუდოდ, მივიღებთ ავღანეთს „თალიბების“ მმართველობით მისი ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე. წესით პროცესები იქითკენ მიდის, რომ მეტნაკლებად ყველა ჯგუფის ინტერესი დაკმაყოფილდეს და ახლო ვადიან პერსპექტივაში სწორედ „თალიბანი“ იქნება ავღანეთის სათავეში.
 

პაკისტანის აქტიური ჩართულობა ამ ინტერეს მიანიშნებს სწორედ. ამის წინააღმდეგ აქტიური მოთამაშე გლობალურ არენაზე არავინ ჩანს. სიტუაციის გარდატეხა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, თუ სხვადსხვა დაპირისპირებულ ჯგუფებს ვინმე გარედან აქტიურად დაეხმარება. ამის ნიშნები, როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს არ გვაქვს.
 

- დარწმუნებული ვარ, ავღანეთიდან ამერიკელების გასვლა რუსების მსგავსად ჩინელებსაც გაუხარდათ, მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ამერიკელების ყოფნის პირობებში „თალიბებისგან“ მნიშვნელოვნად დაცული რუსეთიც იყო და ჩინეთიც.
 

იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე შუა აზიის ქვეყნებზე ჩინეთის გავლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მეტიც, ტაჯიკეთის გარდა, ამ ქვეყნებში რუსეთის გავლენა მხოლოდ ნომინალური იყო, ახლა როცა „თალიბანი“ მოვიდა ავღანეთის მმართველობაში, რუსეთს გაუჩნდა შანსი მეტად აქტიურად იმოქმედოს შუა აზიის ქვეყნებში.
 

მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებითა და სხვადასხვა ტიპის გავლენებით ჩინეთს შუა აზიის ქვეყნებში დომინანტური მდგომარეობა აქვს და იგი თავის პოზიციებს ასე იოლად არ დათმობს.
 

მოსკოვი და პეკინი ერთმანეთთან აქტიურად კი თანამშრომლობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ რეალობაში ისინი შუა აზიის ქვეყნებში და იგივე ავღანეთში ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან.
 

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ავღანეთიდან ამერიკელების გასვლის შემდეგ ჩინეთი და რუსეთი შუა აზიასა და ავღანეთში ერთმანეთის არა პარტნიორები, არამედ კონკურენტები აღმოჩდნენ?
 

- ჩინეთის საკითხს ჩვენ ნაწილობრივ უკვე შევეხეთ. თქვენს შეკითხვაზე პასუხს რაც შეეხება, ვფიქრობ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ჩინეთის სტრატეგიული კულტურა პირდაპირი დაპირისპირებისკენ არასდროს ყოფილა აქამდე მიმართული.
 

მოგეხსენებათ როგორც ყველგან, ისე აღნიშნულ რეგიონში ჩინეთი მისი გავლენის გაფართოებას პირველ რიგში ეკონომიკური და ფინანსური ბერკეტებით ცდილობს და ამას მოყვება მხოლოდ შემდეგ გარკვეული ნაბიჯები. ასე იქცევა ის მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში.
 

რა თქმა უნდა, რუსეთი, ყველაფრის მიუხედავად უმცროსი პარტნიორია ჩინეთის, თუმცა, მაინც ბირთული სახელწმიფო რომელსაც შეუძლია მისი სასიცოცხლო ინტერესების დაცვა, ამიტომ რაიმე მნიშვნელოვან გამწვავებას რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში ავღანეთის საკითხის ირგვლივ არ უნდა ველოდოთ. უფრო მეტსაც ვიტყვი, არსებობს თემები სადაც მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
 

ესაა იგივე რადიკალიზმის გადმოდინების შეკავება ავღანეთიდან. სწორედ ავღანეთთან ახლოს იმყოფება ჩინეთის ყველაზე პრობლემური იუღურებით დასახლებული რეგიონი. ასე რომ, ამ მიმართებით ვფიქრობ „თალიბანთან“ უკვე „ნამუშევარი“ არის აღნიშნული ქვეყნების მხრიდან.
 

თუ ავღანეთში სიტუაცია მკვეთრად აირია, მაშინ ეს რუსეთს ჩინეთსა და სხვა მოთამაშეებს აუცილებლად მიაჯაჭვებს რეგიონს აქედან გამომდინარე მთელი შედეგებით, რაც არ მგონია მათ ინტერესში იყოს.
 

ესაა იგივე რადიკალიზმის გადმოდინების შეკავება ავღანეთიდან. სწორედ ავღანეთთან ახლოს იმყოფება ჩინეთის ყველაზე პრობლემური იუღურებით დასახლებული რეგიონი. ასე რომ, ამ მიმართებით ვფიქრობ „თალიბანთან“ უკვე „ნამუშევარი“ არის აღნიშნული ქვეყნების მხრიდან.
 

თუ ავღანეთში სიტუაცია მკვეთრად აირია, მაშინ ეს რუსეთს ჩინეთსა და სხვა მოთამაშეებს აუცილებლად მიაჯაჭვებს რეგიონს აქედან გამომდინარე მთელი შედეგებით, რაც არ მგონია მათ ინტერესში იყოს.
 

- შესაძლოა, ჩვენი საუბარი ავღანეთიდან ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების გასვლის თემით უნდა დაგვეწყო, მაგრამ ან ავღანეთში დღეისათვის აქტუალურმა თემებს შევუყევით და მგონი არც თუ ისე უინტერესოდ.
 

ავღანეთიდან ამერიკელების გასვლის მიზეზებსა და შედეგებზე უკვე ბევრი კი ითქვა, მაგრამ ეს ისეთი თემებია, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებზე მსჯელობა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.
 

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტები ავღანეთიდან გამოსვლაზე ბევრს საუბრობდნენ, ეს პროცესი პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტობისას დასრულდა. ახლა როცა ეს პროცესი დასრულებულია და დამკვირვებელთა უმეტესობა ამ თემებზე მსჯელობისას ხშირად ამბობს, რომ ამერიკელების ავღანეთიდან გამოსვლის შემდეგ ახალი რეალობაო, მე კითხვას სწორედ ამაზე დავსვამ.
 

ავღანეთიდან ამერიკელების გასვლის შემდეგ როგორია ის „ახალი რეალობა“, რომელზეც საუბრობენ?
 

სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს ავღანეთიდან ამერიკელების გასვლა და ქვეყნის ხელისუფლებაში „თალიბების“ დაბრუნება რეგიონზე და საერთაშორისო პოლიტიკაზე?
 

- ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ ომის შედეგები მას შემდეგ ითვლება და ფასდება, როდესაც უკანასკნელი ჯარისკაცი ბრუნდება მშობლიურ ყაზარმაში და იმით თუ რა მშვიდობას ტოვებს ჯარისკაცი ბრძოლის ველზე.
 

ამ თვალსაზრისით, ის მშვიდობა რასაც ვაშინგტონი ავღანეთში აშენებდა მისი ყველაზე ხანგრძლივი ომის შედეგად, არა თუ მყარი ვერ გამოდგა, არამედ თან წაიღო იმ ათეულ ათასობით ავღანელთან ერთად, რომელთაც საკუთარი ქვეყნის დატოვება მოუწიათ, სწორედ მათ ვინც ასე თუ ისე იგრძნო და ნაწილი გახდა იმა ხალი ცხოვრების წესის რასაც თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა იძლევა.
 

ეს ძალიან სამწუხარო შედეგია წმინდა ადამიანური თავლსაზრისით, თუმცა, ამავდროულად გარდაუვალი იყო ავღანური სპეციფიკისა და რეალობის გათვალისწინებით.
 

სწორედ ამ კონტექსტში ვერ გათვალა თეთრმა სახლმა და მისმა მოკავშირეებმა ავღანური პოლიტიკის შედეგები. სამწუხაროა, რომ ტრილიონობით დოლარის ხარჯვის მიუხედავად, ის მშვიდობა რომელიც ავღანური საზოგადოებისთვის უნდა ყოფილიყო, დღეს აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნებს მხოლოდ მიგრანტების სახით უბრუნდება და სარგებელი ავღანეთის სახელმწიფოს მომავლისთვის მიზერულია.
 

იმედია შეცდომების აღიარება და გაანალიზება მოხდება, როგორც ცნობილია იგივე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში უკვე დაიწყო მოკვლევა ლონდონის პოლიტიკის ირგვლივ ავღანეთში, რომლის მიზანია ევაკუაციის დეტალების ანალიზი და ზოგადად ქვეყნისთვის ავღანეთის მოვლენების საგარეო-პოლიტიკური შედეგების მიმოხილვა, მათ შორის აშშ-სთან ურთიერთობების ჭრილში.
 

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული რომ ავღანეთიდან ამერიკელების გასვლით მსოფლიოში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ „თალიბებს“ ამერიკელების დატოვებული თუ მიტოვებული ბევრი სამხედრო ტექნიკა ჩაუვარდათ ხელში.
 

საინტერესოა რას იტყოდით ჩემი წინა კითხვის მეორე ნაწილზე - რა გავლენას იქონიებს ავღანეთიდან ამერიკელების გასვლა და ქვეყნის ხელისუფლებაში „თალიბების“ დაბრუნება რეგიონზე და საერთაშორისო პოლიტიკაზე?
 

- არ ვთვლი, რომ ავღანეთში მიმდინარე მოვლენები რაიმე გარდამტეხი ახალი ეტაპია გლობალურ ავანსცენაზე, არამედ, მიმაჩნია, რომ ბოლო ათწლეულის გლობალური მოვლენების ლოგიკური შედეგი და გაგრძელებაა.
 

ყველაფერი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომით დაიწყო, 2011 წელს არაბული გაზაფხულით გადავიდა ახალ ფაზაში, გაგრძელდა სირიით, უკრაინით და დასრულდა ამ ეტაპზე ავღანეთით.
 

ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს ყველაზე ცუდი გავლენა გლობალურ პროცესებზე იმ შემთხვევაში იქნება, თუ ავღანეთში მნიშვნელოვანი დესტაბილიზაცია დაიწყო და იგი კვლავინდებურად სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების თავშესაფარი გახდა.
 

ამაზე წარსულის გამოცდილება ალაპარაკებს ყველას. თუმცა განსხვავებით იგივე 90-იანი წლებიდან როცა თალიბები პირველად მოვიდნენ სათავეში, ავღანეთის ირგვლივ არსებული გლობალური ძალები, პირველ რიგში ჩინეთი, რუსეთი და პაკისტანი გაცილებით ძლიერ პოზიციაში იმყოფებიან, რომ სურვილის შემთხვევაში აღნიშნული პროცესები არ დაუშვან.

 

ის რესურსები, რაც ავღანეთშია და რაც შეიძლება ჩინეთის ინტერესში იყოს, მოსაპოვებლად საკმაო ძალისხმევას და ინვესტიციას საჭიროებს რისთვისაც მეტნაკლებად მშვიდობიანი გარემოა საჭირო.
 

შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბდა რეალობა სადაც დასავლეთის პოლიტიკური გავლენის ზონა კვლავინდებურად შემცირდა და დაუბრუნდა 20-ე საუკუნის დასასრულის მდგომარეობას. ამ კონტექსტში კვლავინდებურად ღიად რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების დროის საკითხიც.
 

- დიახ, ჩვენთვის აქტუალური თემაა რა გავლენას იქონიებს ავღანეთში განვითარებული პროცესები საქართველოზე.
 

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ავღანეთში განვითარებული პროცესები აღმოჩნდეს საფუძველი იმისა, რომ ამერიკამ და ატლანტიკურმა ალიანსმა სერიოზული კორექტივები შეიტანოს თავის გეგემებსა და პოლიტიკაში, რაც საქართველოსაც შეეხება?
 

- თქვენი კითხვის კონტექსტში პირდაპირი შედარება ან პარალელი ავღანეთსა და საქართველოს შორის არა მგონია მართებული იყოს. გლობალური გარემოს გარდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა და პროცესები რომელიც მას თან ახლავს, უშუალოდ ჩვენი რეგიონალური კონტექსტის ნაწილიცაა და ასევე ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებას უკავშირდება.
 

იმ სცენარში სადაც ავღანეთი ხელახლა შეიძლება გახდეს მსოფლიოს თავის ტკივილი, შესაძლოა მისი შედეგები ჩვენს რეგიონსა და საქართველოზეც აისახოს, თუმცა როგორც აღვნიშნე, ამის მოლოდინი პირადად არ მაქვს.

 

საინტერესო სხვა გარემოება უფროა - დღეს საქართველო, რუქას თუ დახედავთ, ფაქტობრივად ევრო-ატლანტიკური და დემოკრატიული სივრცის მისწრაფებით ლამის ერთადერთი ქვეყანაა მთელი ევროპული და ევრაზიული სივრცის გზაგასაყარზე და ვფიქრობ ამ მოცემულობიდან გამომდინარე შესაძლო რისკები და განვითარების შესაძლებლობები არა სათანადოდ არის გააზრებული როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისევე დასავლეთშიც.
 

აქედან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელება, რაც დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. ამ კონტექსტში უნდა გამახვილდეს ყურადღება საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობების ახლებური განვითარების კუთხითაც. სასურველი იქნებოდა ამაზე აქტიურად მიდიოდეს მუშაობა ორივე მხარის მიერ.
 

ამასთან ერთად, ავღანეთის მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია თვითკმარი შესაძლებლობების განვითარება თანამედროვე სამყაროში. ისიც უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ამდაგვარი ფორმით გასვლა, იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ავღანეთს აშშ-ს უმთავრესი არა ნატოს წევრი მოკავშირე ქვეყნის სტატუსი ქონდა, მოკავშირის იმიჯის თვალსაზრისითაც აშშ-ს დიდ ზიანს აყენებს.
 

ამან რუსულ პროპაგანდას ახალი მსუყე ლუკმა მისცა, რომ აშშ მოკავშირეებს ბედის ანაბარა ტოვებს, რომელსაც კრემლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც წარმატებით იყენებს და ამას ჩვენ არა ერთი პრორუსული ძალების ლექსიკონში უკვე აქტიურად ვხედავთ.
 

როგორც ისტორია გვასწავლის - გლობალური მოთამაშეები მსოფლიოს ავანსცენაზე მიდიან და მოდიან, ჩვენნაირ მცირე სახელმწიფოებს კი მუდამ უწევთ ლავირება ცვალებადი რეალიების გათვალიწინებით.
 

სამწუხაროდ უაღრესად კომპლექსური გლობალური მოვლენების ფონზე ჩვენი შიდა პოლიტიკა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებშია გახვეული, სადაც მსჯელობასა და ანალიზს შორს მიმავალ გეოსტრატეგიულ შედეგებზე ნაკლებად შეხვდებით. ეს კი აუცილებლად იქონიებს შესაბამის გავლენას ჩვენს მომავალზე.

 

 

„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

6 სექტემბერი, 2021წ.

გააზიარე: