ისინი (თავისუფალი სამყაროს ლიდერები) არ ცდილობენ წავიდნენ თავისი უშუალო სტრატეგიული მიზნის იქით, რომელიც „ომის მოგებაში“ მდგომარეობს და ისტორიული გამოცდილების საპირისპიროდ თვლიან, რომ სამხედრო გამარჯვება მშვიდობამდე მიგვიყვანს .. წმინდა სამხედრო სტრატეგია უნდა ხელმძღვანელობდეს უფრო შორსმჭვრეტელი და უფრო ფართო პერსპექტივის მქონე „დიდი სტრატეგიით“. - ლაიდელ ჰარტი
„იმპერიების სასაფლაო“ - ხშირად ასე უწოდებენ ავღანეთს და ერთი შეხედვით ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, მართლაც ასეა - 1989 წლის 13 თებერვალს უკანასკნელმა საბჭოთა ჯარისკაცმა დატოვა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული. 2021 წლის 31 აგვისტოს უკანასკნელი ამერიკული თვითმფრინავი ტოვებდა ქაბულის აეროპორტს. ორივე შეთხვევაში მსოფლიოს ზესახელმწიფოების მიზნები განსხვავებული იყო ავღანეთის მიმართ, თუმცა დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე სახელმწიფო დამარცხებული დაბრუნდა უკან - ომის შედეგად ვერცერთმა ვერ შეძლო დაატოვებინა იმდაგვარი მშვიდობა რაც საშუალებაც მოგვცემდა გვეთქვა, რომ ომი გამარჯვებით დასრულდა. ტრილიონობით დახარჯული დოლარი, მილიარდობის ღირებულების თალიბანის ხელში მოხვედრილი სხვა და სახვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, ქვეყნის გაურკვეველი მომავალი და ხელისუფლების სათავეში დაბრუნებული თალიბანი. ამას თან ერთვის სხვა რეგიონალური მოთამაშეების გაძლიერებული პოზიციები - ასეთია ამშ-ს ყველაზე ხანგრძლივი ომის არა სრული შედეგების ჩამონათვალი.
თუმცა ეს არ ყოფილა პირველი ასეთი შემთხვევა აშშ-თვის. 58 000 ათასი გარდაცვლილი და 350 000 დაჭრილი ჯარისკაცი, ასეთი იყო იმ ომის შედეგები, როდესაც 1975 წლის 30 აპრილს უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცი ტოვებდა სამხრეთ ვიეტნამს მას შემდეგ რაც ქალაქი საიგონი ჩრდილოეთ ვიეტნამელი მებრძოლების ხელში გადავიდა. როგორც ჩვენ ერთ-ერთი წარსულ სტატიაში ვწერდით, ოთხმხრივი გაერთიანებული სამხედრო მისია, რომელიც 1973 წლის იანვრის პარიზის სამშვიდობო შეთანხმების დებულებებითა და მანდატით ხელმძღვანელობდა, ჩრდილოეთი ვიეტნამის ქალაქ ჰანოიში შეიკრიბა. აღნიშნულ შეხვედრაზე, აშშ-ის დელეგაციის მოლაპარაკების ჯგუფის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჰარი სამერსმა თავის ვიეტნამელ კოლეგას, პოლკოვნიკ ტუს ნიშნით მოგებით უთხრა: - “კარგად იცით, ბრძოლის ველზე თქვენთან არასდროს დავმარცხებულვართ“, - ამაზე კი ვიეტნამელმა ვიზავიმ ღიმილით უპასუხა: -„შეიძლება ასეა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“. აი, ასე მოკლედ გადმოსცა ჩავარდნილი ამერიკული სტრატეგიის ფიასკო ვიეტნამელმა პოლკოვნიკმა. მან აღნიშნული სიტყვებით პირდაპირ ხაზი გაუსვა ცნობილ მაქსიმას, რომ შეიძლება ჯარი ბრძოლის ველზე დაუმარცხებელი იყოს, მაგრამ ქვეყანამ ომი მაინც წააგოს. როგორც ცნობილია, ვიეტნამის ომი, სწორედ ამდაგვარი წარუმატებელი სამხედრო-პოლიტიკური ამოცანების რეალიზაციის თვალსაჩინო მაგალითად ითვლება. ამ ჩამონათვლის გვერდით, „საპატიო ადგილზე“ უკვე დასრულებული ავღანეთის 20 წლიანი კამპანიაც დადგება - ვიეტნამის ომი, ერაყის მეორე კამპანია, ავღანეთი, ასე გამოიყურება ამერიკის სამი დიდი ომი სადაც დამყარებული მშვიდობა ვერ გახდა ამერიკის პოლიტიკური მიზნების რეალიზაციის მომცემი.
სამივე ომში ნათლად გამოჩნდა სამხედრო-პოლიტიკური დაგეგმვის შეცდომა, ვერ მოხერხდა ბრძოლის ველზე მოპოვებული გამარჯვებების იმდაგვარ პოლიტიკურ რეალობად თარგმა, რაც ახალ მშვიდობას წარსულზე უკეტეს გახდიდა. ამას დამატებული, სამივე შემთხვევაში კავშირი სამხედრო მიზნებსა და დიდი სტრატეგიის ხედვას შორის არ იყო სათანადოდ გააზრებული, ან როგორც ასეთი საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, ის რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, მისი პოტენციური შედეგებით, თითოეული ამ ომისთვის ბუნდოვან დასასრულად იქცა და ავღანეთის ბოლო მოვლენებმა ეს მარტივი ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ტრილიონობით დოლარის ხარჯვის მიუხედავად, ის მშვიდობა რომელიც ავღანური საზოგადოებისთვის უნდა ყოფილიყო, დღეს აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნებს მხოლოდ მიგრანტების სახით უბრუნდება და სარგებელი ავღანეთის სახელმწიფოს მომავლისთვის მიზერულია.
ჩვენს მიერ ჩამოთლილ სამივე ომის შემთხვევაში საბრძოლო სივრცეზე მიღწეული გამარჯვებები ვერ იქცა იმდაგვარ გრძელვადიან ახალ და მყარ მშვიდობად რაც აშშ-ს ხანგრძლივი სტრატეგიული გამარჯვების პირობებს შეუქმნიდა. უფრო ფართოდ თუ გავმარტავთ, სამივე შემთხვევაში „დიდი სტრატეგიის“ ხედვა ან არ არსებობდა, ან ვერ განხორციელდა, რამაც გამოიწვია საბრძოლო მოქმედებებისგან მიღებული გამარჯვებების შედეგების გაფანტვა და განლევა. არ არსებობდა კავშირი სამხედრო ამოცანებსა და უფრო დიდ პოლიტიკურ სურათს შორის.
გეოპოლიტიკური კონტექსტი
როგორც მოგეხსენებათ ავღანეთის უკანასკნელი კამპანია 20 წელს გაგრძელდა და სწორედ ამ 20 წლის მანძილზე მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები გლობალური მასშტაბით.
მეოცე საუკუნის დასასრულს განსაკუთრებული პოპულარულობა შეიძინა საუბრებმა გეოპოლიტიკის, გეოპოლიტიკური მსჯელობისა თუ ისტორიის „დასასრულზე“. აშშ დომინირებამ საერთაშორისო ურთიერთობებში და გლობალიზაციის მზარდმა პროცესებმა გარკვეულ წილად „კანტისეული მშვიდობის“ დამყარების ილუზია შექმნა. გეოპოლიტიკა თავისი კლასიკური გაგებით, როგორც სწავლება სულ უფრო ნაკლებ პოპულარული ხდებოდა. საერთაშორისო ურთიერთობებში დადგა გარკვეული "ხავერდოვანი ილუზიის" დრო.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები ამ ილუზიის მსხვრევის სიგნალი გახდა. ტერორიზმის საფრთხემ აიძულა აშშ-ი დაეწყო სამხედრო კამპანია (2001 წლის 7 ოქტომბერს) ავღანეთში, როგორც მთავარი ტერორისტული ორგანიზაციების და პირველ რიგში ალ-ქაედას თავშესაფრისა და ოპერაციული ბაზის წინააღმდეგ. ომის საწყის ციკლის სამხედრო მიზნები აბსოლუტურად გასაგებად და ბუნებრივად გამოიყურებოდა -ტერორისტული ორგანიზაციების სამოქმედო კერების განადგურება და მათი გლობალური მასშტაბით მოქმედებების შესაძლებლობების გაუნებელყოფა რაციონალური მიზანი იყო. კოალიციის მიერ დაწყებული სამხედრო კამპანია სწორედ ამ სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს ისახავდა.
თუმცა, 2003 წელს, ამ მოვლენებს თან დაერთო სადამ ჰუსეინის ერაყში მართველობის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კამპანიაც, რომელიც ისეთ ქიმერულ ომის საბაბს დაეყრდნო, როგორც ერაყელი დიქტატორის ხელში არსებული მასობრივი განადგურების იარაღის ქონა და მისი პოტენციური გამოყენების შესაძლებლობები იყო. სინამდვილეში, როგორც ისტორიამ შემდგომ დაამტკიცა, აღნიშნული საბაბი შორს იყო რეალობისგან. სახეზე მივიღეთ სამხედრო კამპანია რომელიც არა თუ მოგონილ მიზეზებს დაეყრდნო, შესაბამისი საერთაშორისო ლეგიტიმაციაც კი არ ქონია და მიზნად უკვე ერაყში სადამის ჰუსეინის რეჟიმის დასრულება დაისახა.
ომი, როგორც ვიცით, პოლიტიკის გაგრძელებაა სასურველი ახალი მშვიდობის მისაღწევად სამხედრო საშუალებების გამოყენებით, ანუ სხვა ხერხებით. სწორედ აი აქ გამოჩნდა მთავარი სტრატეგიული პრობლემა- რა უნდა ყოფილიყო ეს ახალი ომის შემდგომი მშვიდობა ორივე ქვეყნის ერაყისა და ავღანეთის შემთხვევაში გაუგებარი ჩანდა.
აღნიშნულმა ომების თანმდევმა პროცესებმა ახლო-აღმოსავლეთის რეგიონი საბოლოო ჯამში იქამდე მიიყვანა, რომ მოხდა ძალაუფლების იმდაგვარი ვაკუუმის შექმნა, რაც აშშ-მა სათანადოდ, პირველ რიგში პოლიტიკური თვალსაზრისით ვერ შეავსო. 2011 წელს დაწყებულმა არაბული გაზაფხულის ‘სიომ“ სირიაშიც დაუბერა. დაიწყო სამოქალაქო ომის ასადის მართველობის წინააღმდეგ, რომელიც დღემდე არ დასრულებულა. თუმცა პარალელურად, მიმდინარე ორი ომის შედეგად ნავთობის გაზრდილი ფასებით ფეხზე დამდგარმა რუსეთმა დაიწყო მისი საგარეო-პოლიტიკური ადგილისა და რეალობის გადახედვა, რისი შედეგიც იყო სწორედ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი. ამას თან მოყვა რუსების აქტიური ჩართვა სირიის კონფლიქტში, მიმდინარე ომების ფონზე, ობამას ადმინისტრაციის ინერტული რეაგირება სირიის კონფლიქტსა და მასში დარღვეული წითელი ხაზების მიმართ, ასევე მწვანე შუქი იყო რუსეთისთვის ახლა უკვე უკრაინის წინააღმდეგ სამოქმედოდ. ერაყში გაჩენილმა ვაკუუმა კი ისეთი გლობალური საფრთხის გაჩენას შეუწყო ხელი როგორც იყო “დაეში” (ISIS).
ზემოთ მოყვანილი პროცესების პარალელურად, ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და ტექნოლოგიური აღმასვლა მისი როგორც გლობალური ზესახელმწიფოს სტატუსის ჩამოყალიბებით დასრულდა, რომელმაც ღიად დაიწყო რეგიონალური ინტერესების დაცვა და გატარება, უფრო მეტიც, დღეს იგი უმთავრეს გლობალურად ძალას წარმოადგენს რომელმაც აშშ-ს ერთპოლუსიან მსოფლიოში დომინირება საბოლოოდ დაასრულა და დღეს ჩინეთის პოლიტიკა ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს თეთრი სახლისთვის.
ჩამოთვლილი მოვლენები, რა თქმა უნდა არა სრული სიაა იმ ტენდეციების რომელიც გლობალურ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე, მის სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ტექნოლოგიურ თუ სოციალურ განზომილებებში ბოლო 20 წლის განმავლობაში მოხდა. თუმცა, ყველა ეს მოვლენა, დიდი ტექნოლოგიური თუ ეკონომიკური ცვლილებები ორი მიმდინარე ომის ფონზე მიმდინარეობდა, რომელსაც აშშ-ი აწარმოებდა და სადაც უზარმაზარ რესურსებს ხარჯავდა.
რომ დავუბრუნდეთ ავღანეთს, პირველადი სამხედრო მიზნების რეალიზაციის შემდგომ დღის წესრიგში დადგა ავღანეთის ახალი მშვიდობის მოწყობის საკითხიც (პარალელურად ერაყისა, სადაც ჯამში ირანული გავლენების განმტკიცებით დასრულდა პროცესები). ვაშინგტონმა ითავა ავღანეთის სახელმწიფოსა და საზოგადოების „ცივილიზაციური ნახტომის“ გაკეთების მისია - საზოგადოება რომელიც მათი კალენდარის მიხედვით მე-14 საუკუნეში ცხოვრობს დემოკრატიული მოწყობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ უნდა გარდაქმნილიყო. აღნიშნული ხედვა 2012 წელს აშშ-სა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით დასრულდა, რომელიც დეტალურად მოიცავდა თანამშრომლობის სფეროებსა და მასშტაბებს. რეალობაში აღნიშნული ხელშეკრულება ფაქტობრივად ავღანეთს აცხადებდა ამერიკის უმთავრეს არა ნატოს წევრ მოკავშირე სახელმწიფოდ. მისი პუნქტები კი მიმართული იყო სწორედ ახლებური მშვიდობის დამყარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში აშშ-ს უმტკივნეულო გამოსვლა უნდა უზრუნველყო ავღანეთიდან. რეალურად, ბოლო 10 წლის მანძილზე და კიდევ უფრო ადრეც, აშშ-ს გაღებული ძალისხმევა ავღანეთში დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნას ისახავდა მიზნად, რომელიც აღარასოდეს იქნებოდა აშშ-ს და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის ეპიცენტრი. თუმცა რეალურად დამდგარი შედეგები ყველამ 2021 წლის 31 აგვისტოს თვალნათლივ იხილა.
აღნიშნული მიზნების ფიასკოს მიზეზებზე ბევრი იწერება, თუმცა მარტივად რომ ვთქვათ, ავღანური საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, რომელიც დღემდე ათეულობით სხვადასხვა ტომობრივი გაერთიანებისაგან შედგება, შეუძლებელი იყო აღნიშნულ პერიოდში ხელოვნურად მათი ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლა და დემოკრატიულ პრინციპებზე მომუშავე საზოგადოებად ჩამოყალიბება. ომის შემდგომი მშვიდობის ამერიკული რეცეპტი, როგორც არა ერთი მკვლევარიც აღნიშნავდა, თავიდანვე განწირული იყო ფიასკოსთვის. ომის დასრულება ამერიკული ხედვით ვერ განხორციელდა, საბოლოდ კი ყველამ ვიხილეთ თალიბანის ძალაუფლების დაბრუნება ქვეყანაში და სხვა გლობალური მოთამაშეების ინტერესების გაძლიერება რეგიონში. ამასთან ერთად, 20 წლის მანძილზე ვაშინგტონმა ვერ მოახერხა ავღანეთის საკითხთან მიმართებაში პაკისტანის პოზიციის ცვლილება, რამაც საბოლოო ნიშნით დიდი გავლენა იქონია აღნიშნული ომის შედეგებზე.
როგორც ცნობილია გლობალურად, ბოლო ათწლეულის მანძილზე ლიბერალურ დემოკრატიაზე დამყარებული წესრიგი უკან იხევს. „დემოკრატიის არსენალის“ მთავარი ლოკომიტივი 75 წლის მანძილზე აშშ-ი იყო და არის. მის მიერ წარმოებული ორი წარუმატებელი გლობალური ომის შედეგად, შეუძლებელი გახდა იმ ძალების შეკავება, რომელთაც ეს გეოპოლიტიკურ რყევები საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად გამოიყენეს და დაუპირისპირდნენ დემოკრატიას ყველგან სადაც ამის საშუალება გაჩნდა.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შედეგი წარმოებული ომების ფონზე სათანადო „დიდი სტრატეგიის“ არ არსებობის გამო მოხდა, რომელიც განსაზღვრავდა ახალი გლობალური მშვიდობის უფრო მისაღებ კონტურებს დემოკრატიული სამყაროსათვის.
ბუნებრივია, ეს ომები არ იყო ერთადერთი მიზეზი აღნიშნული ცვლილებებისა, მას თან ერთვოდა ტექნოლოგიურ, ციფრულ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ სფეროებში ტრანსფორმაცია. რამაც დიდი გავლენა მოახდინა დასავლეთის საზოგადოებების ცხოვრების წესსა და პოლიტიკურ დისკურსზე. სახეზე მივიღეთ პოპულიზმის აღზევებაც, რამაც შესაბამისი დაღი დაასვა უკვე დასავლეთის პოლიტიკურ განზომილებასაც.
საბოლოო ნიშნით, დიდი სტრატეგიული სასურველი სურათის არ არსებობის გამო, ლიდერების გარეშე დარჩენილი ლიბერალური დემოკრატია დაღმასვლას განიცდის და ეს უკვე ყველასათვის თვალში საცემია.
მოგეხსენებათ, ომის არსი იმაშია, რომ ის, მაგალითად განსხვავებით რომელიმე სპორტისგან, არ არის თამაში ნულოვანი შედეგით. ანუ მასში ერთი მხრის სამხედრო დამარცხება აუცილებლად არ ნიშნავს მეორის გამარჯვებას. ომი ისე შეიძლება დამთავრდეს, რომ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოიგოს. მაგალითად, ომის შემდგომი მშვიდობის აზრით ქართველებიცა და აფხაზებიც (ანუ ომში მოგებული და დამარცხებული მხარეები) ომის შემდგომი მშვიდობის ჩათვლით უარეს დღეში აღმოჩნდნენ ვიდრე იყვნენ ომამდე. რუსეთის მიერ დამარცხებულმა გერმანიამ და იაპონიამ უკეთესი მშვიდობა მიიღეს ვიდრე ომამდე ჰქონდათ. ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება ისტორიიდან, მაგრამ ის მხოლოდ იმას ადასტურებს რაც ზემოთ აღინიშნა: ომის მოგება სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს მოგებას დიდი სტრატეგიის თვალსაზრისით. ანუ ბრძოლის ველზე გამარჯვებები, უამრავი გაღებული ადამიანური და მატერიალური რესურსი შეიძლება არ იყოს ახალი უკეთესი მშვიდობის საწინდარი.
დაკარგული სტრატეგიული ძაფი და დიდი სტრატეგია
ზოგადად თუ გავამარტივებთ, ტერმინი „სტრატეგია“ ყველაზე უკეთ გაიგება პირდაპირი მნიშვნელობით- როგორც „მხედართმთავრის ხელოვნება“, ანუ შძ-ის ფაქტობრივი ხელმძღვანელობა, განსხვავებით პოლიტიკისგან, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ მის (შძ-ის) გამოყენებას, არამედ მიმართებას სხვა საშუალებებთან: ეკონომიურთან, პოლიტიკურთან, ფსიქოლოგიურთან. ასეთი პოლიტიკა ხორციელდება უმაღლესი ტიპის სტრატეგიის გამოყენებით და მას „დიდი სტრატეგია“ ეწოდება.
დიდი სტრატეგია არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის რომელიმე ასპექტს, ან მთლიანად საგარეო პოლიტიკას. საგარეო პოლიტიკა ხელისუფლების გარესამყაროსთან ინტერაქციის ჯამია. იგი გამოიხატება ინიციატივებსა და ქმედებებში დაწყებული დიპლომატიით, დამთავრებული ძალის გამოყენებით საგარეო მხარდაჭერაში. ამისგან განსხვავებით, დიდი სტრატეგია წარმოადგენს კონცეპტუალურ ლოგიკას, რომელიც აზუსტებს, რომ ზემოთმოყვანილი პოლიტიკური ინსტრუმენტები, გამოიყენება ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესებისათვის მაქსიმალურად სასარგებლოდ. დიდი სტრატეგია ფორმას აძლევს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მის დიპლომატიას და ა.შ. იგი წარმოადგენს ინტერესების, საფრთხეების, რესურსებისა და პოლიტიკების ინტეგრირებულ კონცეფციას (კონცეპტუალურ ხედვას). დიდი სტრატეგია - ეს არის ინტელექტუალური არქიტექტურა, რომელსაც საგარეო პოლიტიკა აძლევს სტრუქტურასა და ფორმას; იგი ეხმარება სახელმწიფოს, ერს საკუთარი გზა და ადგილი იპოვოს სამყაროში.
აღნიშნული ლოგიკა რა თქმა უნდა, შეიძლება მისადაგებულ იქნას, როგორც ერთი სახელმწიფოს მიმართ, ასევე ალიანსებთან მიმართებაშიც. გლობალური ომების წარმოების ლოგიკა, მისი სასურველი რეალისტური ომის შემდგომი ახალი მშვიდობისათვის აუცილებელი კომპონენტების შექმნის გარეშე იძლევა სწორედ ისეთ შედეგებს, როგორც ეს ვიეტნამში, ერაყსა თუ ავღანეთში მივიღეთ. ამის თავიდან ასაცილებლად კი სასურველია არსებობდეს სტრატეგიული კავშირი, ძაფი, რომელიც ომის პოლიტიკურ მიზნებს მკაფიოდ დაუკავშირებს „დიდ სტრატეგიას“, ან სულ ცოტა მის რეალისტურ ხედვებს. აღნიშნული ბმის გარეშე კი მოვლენები, როგორც ისტორია გვასწავლის, 2021 წლის 31 აგვისტოს მსგავსად სრულდება, ისე როგორც ეს ქაბულში ვიხილეთ.
ავღანეთის ომის კონტექსტში, ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები პაკისტანთან გრძელვადიანად „ვერ დალაგებული“ ურთიერთობები ვაშინგტონისათვის თავისი მნიშვნელობით სწორედ დიდი სტრატეგიის საფეხურზეა. ვაშინგტონმა ვერ შეძლო რეგიონალური ინტერესების იმდაგვარი დაბალანსება, რაც საშუალებას მისცემდა სულ ცოტა მინიმუმამდე დაეყვანა პაკისტანის მხარდაჭერა თალიბებისათვის. 2001 წელს პაკისტანის პრეზიდენტმა პერვერზ მუშარაფმა ოფიციალურად გამოაცხადა თალიბანის მხარდაჭერის შეწყვეტა, თუმცა 2004 წელს მან აღადგინა აღნიშნული მფარველობა. 2015 წელს „გარდიანისადმი“ მიცემულ ინტერვიუში, პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ავღანეთის მაშინდელი პრეზიდენტი კარზაი: „დაეხმარა ინდოეთს ზურგში დანა ჩაერტყა პაკისტანისათვის, საშუალება მისცა რა ანტი-პაკისტანელ ტაჯიკებს დიდი როლი ეთამაშათ ავღანეთის მთავრობაში და დაახლოებულიყვნენ ინდოეთთან“.
აღნიშნული დახმარების შედეგად, თალიბანს მუდმივად ქონდა ძალის მოკრებისათვის საჭირო ზურგი და შესაძლებლობა პოზიციონირება მოეხდინა როგორც ერთადერთ ძალას, რომელიც იბრძოდა ოკუპაციის წინააღმდეგ და რომ თალიბი მებრძოლები იყვნენ იმ ავღანური კულტურული და რელიგიური ტრადიციების დამცველები, რაც მტერთან საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლას გულისხმობდა საკუთარი იდენტობისა და სამშობლოს დაცვისათვის. აღნიშნული კულტურული ფაქტორის მნიშვნელობა არა ერთმა კვლევამ დაადასტურა რომელიც ავღანეთში 2007 წლიდან სხვა და სხვა კვლევითმა ორგანიზაციამ ჩაატარა. ყველაფერი ეს კი, სწორედ, ვაშინგტონის მხრიდან დიდი სტრატეგიული კონტექსტის არა სათანადო გააზრებაზე მიუთითებს.
ჩვენს წარსულ სტატიებში მოცემული კასპერ ვაინბერგერის პრინციპები, რომელიც ომის დაწყების ლოგიკას აღწერს, სწორედ ამდაგვარი სტრატეგიული ძაფის, ბმის შექმნას ემსახურება. სტრატეგიული დაგეგმარების რაციონალური ლოგიკა, უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობების პირებისთვის სწორედ ამდაგვარ ჭრილში საკითხის დასმას მოითხოვს ომის დაწყებისა და მისგან გამოსვლის გარემოებების შესახებ.
როგორ გავლენას მოახდენს ხანგრძლივი ომის შედეგები თუნდაც ამერიკის საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაზე? რა დაკვეთას მისცემენ ისინი ადგილობრივ პოლიტიკოსებს და როგორი გავლენა ექნება ამას ვაშინგტონის საგარეო ხედვებზე? ეს შეკითხვებია, რომელიც თავისი შედეგებით საკმაოდ დიდი მნიშვნელობის იქნება მომავალში. დღეს ფაქტია, რომ მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მისი გადადგმული ნაბიჯების შედეგად, უკვე არა ერთმა მკვლევარმა უწოდა რეალისტი პოლიტიკოსი. აღნიშნული ხედვის საერთაშორისო ურთიერთობებში გამტკიცება პოტენციურად რას შეიძლება ნიშნავდეს მცირე სახელმწიფოებისათვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
დღეს ტერმინი „ვიეტნამის სინდრომი“ ადამიანურ ტრაგედიას და ჯარისკაცების მიერ ომში მიღებულ მძიმე ფსიქოლოგიურ განცდებს უკავშირდება. ხშირად მას ისეთი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების აღსაწერად გამოიყენებენ, სადაც საზოგადოებრივი პროტესტი აიძულებს სახელმწიფოებს ბრძოლის ველზე მოპოვებული გამარჯვებების მიუხედავად ომი წარმოება შეწყვიტოს. ტერმინი ავღანური სინდრომი, უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ იმდაგვარ სიტუაციას, სადაც მსოფლიოს ზესახელმწიფოები (დიდი ბრიტანეთი, სსრკ, აშშ) აწარმოებენ იმდაგვარ ომებს, რომელთაგანაც გასვლის შედეგადაც დამყარებული ახალი მშვიდობა თითქმის არაფრით ჯობია ომამდე არსებულს და კიდევ უფრო აუარესებს დიდი მოთამაშეების სტრატეგიულ პოზიციონირებას გლობალური პოლიტიკის ავანსცენაზე.
ახალი რეალობა და საქართველო
აღნიშნული ომების და მასთან ერთად მიმდინარე სხვა მსოფლიო პროცესების შედეგად მივიღეთ გეოპოლიტიკური რეალობა, სადაც დასავლეთის გავლენა გლობალურად მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდა. გეოგრაფიულად წარმოიშვა გარკვეული ცივილიზაციული ტეხილი, რომელიც ძალიან ჰგავს სამუელ ჰანტიგტონის მიერ „ცივილიზაციათა ჯახში“ მოცემულ გლობალური დაპირისპირების საზღვრებს (დაფორმატირებული თუმცა ისევ აქტუალური). ფართო გეოგრაფიულ ჭრილში დღეს საქართველო დასავლური სამყაროს ნაწილად გახდომის ამბიციის მქონე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ ახალი გეოპოლიტიკური გავლენების ტეხილის ზედ საზღვარზე იმყოფება და როგორც ადრე, კვლავინდებურად ცდილობს მშვიდობიანად გააღწიოს სასურველ ნაპირზე.
აღნიშნული გარემოება, საქართველოს შემთხვევაში გამოწვევებთან ერთად აჩენს შესაძლებლობებს როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ისტორია მაინც დასრულდეს ე.წ. ‘Happy End’-ით.