„ინტერპრესნიუსის“ ინტერვიუ „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორთან , ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ ემილ ავდალიანთან აზერბაიჯან-ირანს შორის დაძაბულობის მიზეზებზე, იმაზე, სავარაუდოდ, ახლა რატომ გამოთქვამს მოსკოვი მზაობას გააქტიუროს ქმედებები სამხრეთ კავკასიაში 3+3 პლატფორმის ფარგლებში, ასევე იმაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ არც სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესში და არც აზერბაიჯან-ირანს შორის დაძაბულობის ფონზე ამ პროცესებში არ ჩანს დასავლეთი.
- ბატონო ემილ, ერთ კვირაზე მეტია, რაც ვაკვირდებით ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდას. ამ პროცესების მიზეზად ბევრი რამ სახელდება, მაგრამ რეალურად ახლა, ამ ეტაპზე რაა მოვლენათა ამ სცენარით განვითარების რეალური მიზეზი თუ საბაბი ერთმნიშვნელოვნად თქმა ჭირს.
ძნელი დასაჯერებელია, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ამის მიზეზი თურქეთის პრეზიდენტის მიერ ბაქოში გაკეთებული განცხადება იყოს, რომელშიც პრეზიდენტმა ერდოღანმა გაიხსენა თუ როგორ უსამართლოდ გაიყვეს რუსეთმა და ირანმა აზერბაიჯანი მდინარე არაქსით.
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს აზერბაიჯან-ირანს შორის დაძაბულობისა და ლამის სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე მყოფი ვითარების მიზეზები?
- თავიდანვე დიდი საკითხით უნდა დავიწყოთ - უკანასკნელი წლების განმავლობაში და განსაკუთრებით კი მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ირანის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში, რომელსაც თეირანი თავისი ისტორიული ინტერესების ნაწილად განიხილავს, დიდი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული.
2020 წლის ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება, რომლითაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დასრულდა, სამხრეთ კავკასიაში ირანის მყიფე პოზიციას უსვამს ხაზს. თეირანს არ ჰქონდა საკმარისი ძალა კონფლიქტის მსვლელობაზე გავლენა მოეხდინა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური კუთხით.
ირანის ხელისუფლების მიერ წამოყენებული სამშვიდობო ინიციატივები უგულებელყოფილი იყო რეგიონის ქვეყნების მიერ. ამის საპირისპიროდ, ირანის ისტორიულმა მოწინააღმდეგეებმა, რუსეთმა და თურქეთმა, განსაზღვრეს ომის შედეგი, შეიმუშავეს ცეცხლის შეწყვეტის განცხადება, რომელშიც თურქეთი ოფიციალურად არ ჩანს, და დაიწყეს სამშვიდობო პირობების განხორციელება.
რუსეთის ახალი სამშვიდობო მისია მთიან ყარაბაღში და ასწლიანი პერიოდის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში თურქი ჯარისკაცების დაბრუნება თეირანის მიერ აღქმნულია როგორც რეგიონში ქვეყნის ინტერესების შერყევა.
ამიერიდან ირანის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ თურქეთის გავლენა მატულობს. მეტიც, თურქეთმა რამდენიმე საინტერესო პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა კასპიის რეგიონში, კერძოდ აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის ზღვაში სადავო საკითხების მოგვარების კუთხით.
შესაბამისად, როდესაც ირანი ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანთან არსებული დაძაბულობის ფონზე ხშირად აქცენტს აკეთებს ისრაელის გავლენაზე, რეალური მიზეზები კი უფრო ფუნდამენტურია - ეს თურქეთის გავლენის ზრდაა ნახიჩევანიდან თურქმენეთამდე არსებულ სივრცეში.
ამასთან ერთად, ბოლო თვის განმავლობაში აზერბაიჯან-თურქეთ-პაკისტანის სამხედრო წვრთნებმა და ნაწილობრივ აზერბაიჯანში ებრაული სამხედრო ტექნოლოგიების ფართო გამოყენების საფრთხემ ირანს უბიძგა, თავის მხრივ, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნები ჩაეტარებინა.
ამით თეირანს სურდა ენიშნა ანკარასა და ბაქოსთვის, რომ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება მისთვის არახელსაყრელია და რომ ირანი შეეცდება აქტიური როლი ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში ახალი წესრიგის აგების საქმეში.
შესაბამისად, მათთვის ვინც ყურადღებით აკვირდებოდა სამხრეთ კავკასიაში ირანის საგარეო პოლიტიკის განვითარების ეტაპებს, თეირანის დღევანდელი გააქტიურება არ უნდა იყოს გასაკვირი.
სამხრეთ კავკასიაში 2020 წლამდე არსებული გეოპოლიტიკური წესრიგი თეირანისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იყო. რეგიონი არ წარმოადგენდა ირანის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს. ერაყი, სირია და სპარსეთის ყურე იყო ის სივრცეები, რომელიც თეირანის მთელ ყურადღებას იპყრობდა. ეს რეგიონები დღესაც თამაშობს მნიშნელოვან როლს ირანის გეოპოლიტიკურ მსოფლმხედველობაში, თუმცა ნათელია, რომ სამხრეთ კავკასიის როლი ისლამური რეპუბლიკის ხედვაში ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის.
ამიერიდან სამხრეთ კავკასია თეირანისთვის პრიორიტეტული სივრცე ხდება. ამის მიზეზი ისიცაა, რომ სამხრეთ კავკასია და მახლობელი აღმოსავლეთი იბრუნებენ იმ ისტორიულ კავშირებს, რაც ამ ორ სივრცეს ათასწლეულების განმავლობაში გააჩნდა და რაც გაწყდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის მიერ სამხრეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ კავკასიაში თავისი პრესტიჟის შესანარჩუნებლად ირანის ნათელ მოკავშირედ რუსეთი წარმოდგება. მოსკოვს, მსგავსად თეირანისა, არ სურს აზერბაიჯანში და კასპიის რეგიონში თურქეთის მომძლავრება.
ჰიპოტეტურად შესაძლებელია იმ მოსაზრების წამოყენებაც, რომ ბოლოდროინდელი დაძაბულობა ირანსა და აზერბაიაჯნს და შესაბამისად თურქეთს შორის, ნაწილობრივ რუსეთის ინტერესებშიც შედის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეირანი და მოსკოვი ანკარა-ბაქოს ალიანსის წინააღმდეგ ხარისხობრივად უფრო მაღალი დონის თანამშრომლობის ფაზაში გადადიან.
თუმცა, საჭიროების შემთხვევაში რუსეთს და ირანს შეუძლიათ სიტუაციურ მოკავშირეებად გამოვიდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ირანს ბევრად მეტად აწყობს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჰეგემონობა, ვიდრე თურქეთის გაძლიერება.
- ბოლო ერთი წელია ხშირად ისმის 3+3 პლატფორმის ჩამოყალიბების სურვილი. ამ პლატფორმის შესახებ განცხადებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც თანამშრომლობის შესახებ ერთმანეთის მიმართ საკმაოდ ხელშესაღები ნაბიჯები გადადგეს მოსკოვმა, ანკარამ, თეირანმა და ბაქომ.
სწორედ მათ შორის გააქტიურებული თანამშრომლობის შესახებ ამ ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს სამხრეთ კავკასიაში 3+3 პლატფორმის ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ.
მეტიც, ანკარასა და მოსკოვში იყო მოლოდინი, რომ ამ პლატფორმას საქართველოც შეუერთდებოდა. მაგრამ, ასე არ მოხდა. ოფიციალურმა თბილისმა დიპლომატიურად თქვა უარი მასში მონაწილოებაზე.
სხვათა შორის, ამის შემდეგ დაიწყო ყარაბაღის მეორე ომი, რომლის შედეგადაც ბაქომ ყარაბაღის ნაწილზე კონტროლი აღადგინა და რუსეთმა აზერბაიჯანში მიაღწია იმას, რასაც დიდი ხანია ითხოვდა - ყარაბაღის იმ ნაწილში, სადაც სომხები კომპაქტურად ცხოვრობენ განალაგა თავისი სამშვიდობო ძალები.
აზერბაიჯან-ირანს შორის ვითარების გამწვავების ფონზე მოსკოვში ვიზიტად იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის მოსკოვში ყოფნისას ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა მზაობა აღნიშნული ინიციატივის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
რა მიზანს ისახავს 3+3 პლატფორმის ინიციატივა? და რას შეიძლება ნიშნავდეს ირან-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის გაზრდის ფონზე ამ თემაზე მოსკოვის განცხადება?
- 3+3 პლატფორმა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იცვლება მსოფლიო წესრიგი. ლიბერალური სისტემის ნაცვლად, საერთაშორისო ურთიერთობებში ნელი ტემპებით გავლენის სფეროების და ძალთა ბალანსის იდეები ბრუნდება.
3+3 პლატფორმა არის სამხრეთ კავკასიიდან დასავლეთის განდევნის მცდელობა, რომელიც შემდეგში უკვე სამხრეთ კავკასიის არარეგიონული ძალებისგან ჩაკეტვის მიზანს ემსახურება.
აღნიშნული ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობაცაა, სადაც რუსეთი, თურქეთი და ირანი ერთგვარი იერარქიული წესრიგის შექმნას შეეცდებიან, სადაც რუსეთის ჰეგემონობა უცილობელი იქნება, ხოლო თურქეთი და ირანი მაქსიმალურად შეეცდებიან თავისი გავლენის მომატებას. 3+3 ინიციატივა ასევე ერთგვარი ანტი-დასავლური წყობაცაა დაფუძნებული ანტი-ლიბერალურ იდეებზე.
უფრო დეტალურად თუ რას უნდა მოასწავებდეს ეს ინიციატივა ამ მომენტისთვის უცნობია და მე ვფიქრობ, რომ მონაწილე ქვეყნების ლიდერებისთვისაც კი ბევრი რამ ჯერ კიდევ საკმაოდ ბუნდოვანია.
მე უფრო ვემხრობი მოსაზრებას, რომ 3+3 ინიციატივა უფრო დეკლარაციული ხასიათის იქნება. შესაძლებელია შეხვედრებიც, სამიტებიც, მაგრამ ზოგადი განცხადებების იქეთ წასვლა ნაკლებად მოსალოდნელი იქნება. ამავდროულად, დეკლარაციული ხასიათი არ გამორიცხავს რუსეთის, თურქეთის და ირანის მიერ აქტიურ დიპლომატიურ მცდელობებს რეგიონის საკვანძო საკითხების განსახილველად.
შეუძლებელია არ ვახსენოთ ისიც, თუ რამდენად დიდია ამ სამ ძალას შორის არსებული გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები. რთულია იმის წარმოდგენა, რომ სამივე ძალამ უმტკივნეულოდ მოახერხოს ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ისე, რომ ეს სამივეს ინტერესში შედიოდეს.
მაგალითად, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ მიდის ისევე როგორც, თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსის გაძლიერება. აღნიშნულ პროცესებისადმი მსგავსი დამოკიდებულება აქვს ირანსაც.
ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია ის წინააღმდეგობებიც, რომელიც საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთში და თავის დიდ მეზობლებთან გააჩნიათ.
აქ საუბარი მხოლოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები როდია. ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთსა და აზერბაიჯანს შორისაც კი დაიძაბა ურთიერთობები, რადგან ორივეს განსხვავებული ხედვა გააჩნია ყარაბაღის პრობლემის გარშემო. მეტიც, მოსალოდნელია ურთიერთობების უფრო მეტად გამძაფრება, რადგან რუსეთი შეეცდება თავისი სამშვიდობოები ყარაბაღში 2025 წლის შემდეგაც დატოვოს.
ამიტომაც, ვფიქრობ, რომ 3+3 პლატფორმის გარშემო შემოთავაზებული გეოპოლიტიკური წესრიგი უფრო მიმართული უნდა იყოს რეგიონიდან სხვა ძალების განსადევნად. ამ საერთო სულისკვეთებამ შეიძლება გასაქანი მისცეს ინიციატივის განხორციელებას, მაგრამ უფრო კონკრეტული მიზნების მიღწევა გაჭირდება არსებული უთანხმოებების გამო.
- მიუხედავად იმისა, რომ ნახიჩევანში ვიზიტად იმყოფებოდა თურქეთის მესამე არმიის სარდალი გენერალი იავუზ თურქგენჯი, რომელიც კავკასიის მიმართულებაზეა პასუხისმგებელი, უკანასკნელ დღეებში გახშირდა საუბრები თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ. ამ თემაზე განცხადებები არა მარტო სომხეთის პრეზიდენტმა, არამედ ანკარაშიც გაკეთდა.
მსგავსი განცხადებები მანამდეც არა ერთხელ გაკეთებულა. გვახსოვს საფეხბურთო მატჩში თურქეთსა და სომხეთს შორის, გარკვეული დოზით ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გააქტიურება, მაგრამ არა მათ შორის არსებულ საზღვარზე ვითარების ლიბერალიზაციით.
ამჯერად რამდენად რეალისტურად გამოიყურება თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ? და თუ ეს მართლაც მოხდა, რა კორექტივებს შეიტანს იგი სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე?
- ვფიქრობ, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების მოგვარება დღეს ბევრად უფრო რეალისტურია, ვიდრე ეს აქამდე იყო. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომმა ბევრი რამ შეცვალა. სომხეთი უფრო რეალისტურად უყურებს არსებულ ვითარებას და ხვდება, რომ შექმნილი რთული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად საჭიროა თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
წმინდა პრაქტიკული კუთხით, ერევანს სურს ანკარასთან ურთიერთობების გამოსწორებით თურქეთ-აზერბაიჯანის მზარდი სამხედრო კავშირის ეფექტიანობა შეამციროს. თუ საზღვარი სომხეთთან გაიხსნა ანკარა ნაკლებად იქნება დაინტერსებული ბაქოს გამო ერევანთან ურთიერთობების გაფუჭებით.
ამ მომენტისთვის ურთიერთობების გამოსასწორებლად სომხეთმა რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯიც გადადგა. უკვე დოკუმენტურ დონეზე იწერება, რომ თურქეთთან ურთიერთობების გამოსწორება წინაპირობების გარეშე უნდა მოხდეს. ასევე, სომხეთმა თურქეთის ავიახაზებს აზერბაიჯანში ჩასავლელად თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა.
ამ მომენტისთვის არ არის ნათელი სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებით რამდენად დაინტერესებულია რუსეთი. ცალსახაა, რომ სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის წარმმართველი პოზიცია დიდწილად რუსეთზე რეგიონის სამი ქვეყნის ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ დამოკიდებულებას ეფუძნებოდა.
ისტორიულად რეგიონის ჩაკეტილობა რუსეთის უპირატესობას უსვამდა ხაზს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მეტი დაბრკოლება მოსკოვს ჩარევისთვის მეტ შესაძლებლობას უქმნიდა. სომხეთსა და მის ორ მეზობელს შორის 1990-იან წლებში საზღვრების ჩაკეტვამ ქვეყანა რუსეთზე გახადა დამოკიდებული. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ სომხეთ-თურქეთის 300 კილომეტრიანი საზღვრის გახსნაზე, ამ მოვლენას არ შეიძლება დადებითი შედეგი მოუტანოს მოსკოვის ინტერესებს.
მართალია უსაფრთხოების კუთხით სომხეთი ისევ იქნება რუსეთზე დამოკიდებული, თუმცა, ერევანს მეტი შესაძლებლობა ექნება ეკონომიკური დივერსიფიცირებისთვის.
- ყარაბაღის მეორე ომი ისე დასრულდა, რომ ამ პროცესში არ ჩანდა დასავლეთისა და აშშ-ს მონაწილეობა. ყარაბაღში მეორე ომის ისე დასრულდა, რომ ყარაბაღის საკითხზე მინსკის ჯგუფს, რომელშიც საფრანგეთი და აშშ იყვნენ ჩართულნი ბევრი არც არაფერი გაუკეთებია.
ამ თემაზე გვახსოვს საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის განცხადება, რაზეც პრეზიდენტ ალიევს მძაფრი რეაქცია ჰქონდა, რის შემდეგაც პარიზს ყარაბაღზე ხმა საერთოდ არც ამოუღია.
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ არც სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესში და არც აზერბაიჯან-ირანს შორის დაძაბულობის ფონზე ამ პროცესებში არ ჩანს დასავლეთი?
- აქ რამდენიმე გლობალური მიზეზის გამოყოფა შეიძლება. პირველი, ამერიკას მთელი თავისი ფინანსური და სამხედრო ყურადღება გადააქვს მახლობელი აღმოსავლეთიდან და ნაწილობრივ აღმოსავლეთ ევროპიდან ინდოეთ-წყნარი ოკეანის არეალში. ეს პროცესი ყველაზე ფუნდამენტურ ცვლილებას წარმოადგენს თანამედროვე გეოპოლიტიკაში და გაგრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში.
ხოლო დასრულების შემდეგ ვაშინგტონის ყურადღება ჩინეთზე კიდევ რამდენიმე ათწლეულს გასტანს. ყოველივე ეს მრავალ შესაძლებლობას ქმნის იმ ძალებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ სამეზობლოზე თავისი დაკარგული ან დაკნინებული გავლენები აღადგინონ.
ასეთი ცვლილებები ამერიკის საგარეო პოლიტიკაში უარყოფითად იმოქმედებს სამხრეთ კავკასიაზე, სადაც, როგორც უკვე ვთქვი, კლებულობს კოლექტიურ დასავლეთის ჩართულობა და მატულობს ანტი-ლიბერალური ძალების გავლენა. აღნიშნული პროცესი უფრო მეტად გამძაფრდება მომდევნო წლების განმავლობაში.
მეორე გლობალური პროცესია ევროპაში შიდა პრობლემები, რაც აფერხებს ამ მოთამაშეს სამხრეთ კავკასიაში აქტიური გეოპოლიტიკური როლი ითამაშოს. ევროკავშირი, მიუხედავად მრავალი განცხადებისა, ვერ ყალიბდება მნიშვნელოვან აქტორად. მეტიც, სამხრეთ კავკასიისთვის ევროპებელის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინიციატივები სულ უფრო მეტ დაბრკოლებას აწყდება.
ეს ორი პროცესი, რაც ემთხვევა ევრაზიული ძალების მოძლიერებას, დიდწილად ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ კავკასიაში მომავალ სამშვიდობო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინიციატივებში კოლექტიური დასავლეთი მინიმალურ ან საერთოდ არანაირ როლს არ შეასრულებს. ინიციატივა რუსეთის, თურქეთის და ირანის ხელში იქნება.
ის რაც მეორე ყარაბაღის ომის მსვლელობაში და მის შედეგად მოხდა უკვე ნათელი მანიშნებელია რეგიონიდან დასავლეთის დისტანცირებისა. ეკონომიკური კონტაქტები გაგრძელდება, მაგრამ ხელშესახები გავლენა შემცირდება.
- ვხედავთ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. ამის გამო ახლა ვაშინგტონი მეტ ყურადღებას აქცევს ევრაზიის დასავლეთ ნაწილიდან ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
სხვათა შორის, ეს ეხება აშშ-ს გააქტიურებას ყოფილი სსრკ-ს შუა აზიის რესპუბლიკებსაც. ვგულისხმობ პენტაგიონის მაღალჩინოსნის ვიზიტს ასტანაში, და იქ შუა აზიის ქვეყნების თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას.
თუ ისევ აზერბაიჯანსა და ირანს შორის დაპირისპირებას დავუბრუნდებით - რა როლი შეიძლება ითამაშოს აზერბაიჯანულ-ირანულ დაძაბულობაში იმან, რომ აშშ-ს ყურადღება აქვს გადატანილი ევრაზიის დასავლეთ ნაწილიდან ინდოეთ-წყნარი ოკეანისკენ?
- ვფიქრობ, აღნიშნული დაძაბულობა უფრო ძალის დემონსტრირებისთვის და მეორე მხარის გამოსაცდელად იყო მიმართული.
ამერიკის მიერ ყურადღების გადატანა ჩინეთისკენ ევრაზიის უამრავ წერტილში დაპირისპირების ახალ კერებს წარმოშობს. დღეს, მსოფლიო წესრიგის გადაწყობა მიმდინარეობს და სამხრეთ კავკასია ამ პროცესში გამონაკლისი არ იქნება. სავარაუდოა, რომ აზერბაიჯან-ირანის მსგავსი დაძაბულობა კიდევ ბევრჯერ განმეორდება და ყოველ ჯერზე დასავლეთის, კერძოდ ამერიკის დისტანცირება მეტად საგრძნობი იქნება.
თუმცა აქ ისიც არის აღსანიშნავი, რომ კოლექტიური დასავლეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში ყოველთვის შეზღუდული იყო. საქართველოში პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ხშირად მცდარად მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გავლენა საკმაოდ დიდია. ამან ქვეყანა სავალალო შედეგებამდე მიიყვანა, რადგან არარეალისტური მოლოდინები იქმნებოდა.
რეალისტური მოლოდონი კი დაფუძნებული უნდა იყოს მარტივ რამეზე - გეოგრაფიაზე. შავი ზღვა ჩაკეტილი ზღვაა. ამერიკისთვის, საზღვაო სახელმწიფოსთვის, სამხრეთ კავკასიაში გავლენის მოსახდენად საჭიროა შავ ზღვაში დაუბრკოლებელი შეღწევა. ამის მიღწევა რთულია. ზღვაში შეზღუდული რაოდენობის გემების შეყვანა მნიშვნელოვანია, მაგრამ არაგადამწყვეტი საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს არ აქვს სინგაპურის, ახალი ზელანდიის ან თუნდაც ტაივანის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სადაც ამერიკული გემებისთვის მანევრირება ბევრად მარტივად არის შესაძლებელი.
სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში ამერიკას ესაჭიროება თურქეთთან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ქონა რაც, როგორც ამას ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, არაა მარტივი საქმე. შესაბამისად, ის რაც დღეს ხდება, კერძოდ დასავლეთის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან დისტანცირება, არ უნდა იყოს გასაკვირი.
- 3+3 პლატფორმასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა - „ვიფიქროთ, რომ რაღაც ფორმით დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში ვიყოთ, წითელი ხაზების დაცვით“.
ამ თემაზე მინისტრის განცხადება საკმაოდ ვრცელია და მასში არა ერთი თუ შეიძლება ასე ითქვას საკმაოდ დამაფიქრებელი პოზიციაა დაფიქსირებული.
საქმეში ჩახერდული არა ერთი ადამიანი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ოფიციალური თბილისის ამგვარი განცხადება მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ ფორმატის მიერთებაზე განცხადებას ადრე თუ გვიან მაინც გააკეთებდა. თქვენ როგორ აღიქვით ამ თემაზე ჩვენი საგარეო უწყების ხელმძღვანლის განცხადება?
- ერთი შეხედვით საქართველოს და რუსეთის ერთად ყოფნა 3+3 პლატფორმის ფარგლებში წარმოუდგენელი პროცესია. მართლაც, ოკუპირებული ტერიტორიები და გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები აბრკოლებს პოტენციურ თანამშრომლობას. ამის გარდა, მრავლადაა სხვა მტკივნეული საკითხი.
ამასთან ერთად, საქართველო ერთადერთი პრო-დასავლური კურსის მქონე ქვეყანაა, რომელიც პოტენციურად 3+3 ინიციატივის მონაწილე შეიძლება იყოს. ეს კიდევ ერთ დაბრკოლებას ქმნის. სომხეთის გარდა, რუსეთი, თურქეთი, ირანი და აზერბაიჯანი სახელმწიფო წყობის განსხვავებულ მოდელს მიყვებიან. ამასთან ერთად, 3+3 პლატფორმაში სრული ჩართვა გამოიწვევს საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების მეტად დაძაბვას.
მაგრამ მოდით ვეცადოთ განსხვავებული იდეის წამოყენებას. ანალიტიკა ხომ სხვა არაფერია თუ არა სიახლეების დატესტვის მცდელობა, თუნდაც მაშინ როდესაც თითქოსდა ყველაფერი ნათელია.
შევეცადოთ რეალიზმის პრიზმაში შევხედოთ საქართველოს პოზიციას ცვალებად რეგიონულ წესრიგში. პირველი, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გავლენა მცირდება. მეორე, საქართველოს გარშემო რეგიონული ძალების მკვეთრი მომძლავრება მიმდინარეობს. იქმნება ახალი რეალობა, ყალიბდება ახალი წესრიგი. საქართველოს პოზიცია ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაუარესდა რუსეთის სამხედრო გავლენის ზრდით და ზოგადად არასტაბილურობის მომატებით სავაჭრო და ინფრასტრუქტურულ გზებში, რომელიც საქართველოზე გადის.
ოფიციალური თბილისი ხედავს, რომ ქვეყნის გარშემო შეიძლება ახალი წესრიგი ჩამოყალიბდეს მასში საქართველოს მონაწილეობის გარეშე. ასეთი წესრიგი არ შეიძლება მომგებიანი იყოს საქართველოსთვის, რადგან თბილისის ინტერესები ნაკლებად იქნება გათვალისწინებული.
შესაბამისად, ერთადერთი ლოგიკა იმის უკან, რომ ჩვენ ამ ფორმატში მონაწილეობა მივიღოთ არის იმ პროცესების ნაწილი გავხდეთ, რომელიც ისედაც ჩვენ გარშემო ვითარდება, იმ იმედით, რომ პატარა გავლენა მოვახდინოთ ჩვენი ინტერესების დასაცავად. ახლა ჰიპოტეტურად წარმოვიდგინოთ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს.
საქართველო, როგორც კავკასიის ცენტრი ახალ ინიციატივაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. საქართველოს გარეშე სამხრეთ კავკასიაში ახალი გრძელვადიანი წესრიგის აგება რთული იქნება. ეს თბილისს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს - 3+3 ინიციატივაში მონაწილეობის სანაცვლოდ თბილისისთვის შესაძლებელი იქნება გეოპოლიტიკური დივიდენდების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის უსაფრთხოება შავ ზღვაში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.
შესაბამისად, მუდმივი მანევრირებით და ძალთა ბალანსის იდეის სწორი და თანმიმდევრული გამოყენებით საქართველომ შესაძლებელია უფრო მეტ შედეგს მიაღწიოს, ვიდრე ეს აქამდე მოხერხდა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი ჰიპოტეტურია. დღეს, საქართველოს პოზიცია მყიფეა.
თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული პოზიციის გარდა, ქვეყანას არ გააჩნია ეკონომიკური თუ სამხედრო ინტრუმენტები, რითაც ის თავის პოზიციას დაიკავებს 3+3 ინიციატივაში. რუსეთი, თურქეთი და ირანი, დიდი ძალიდან გამომდინარე, მარტივად შეძლებენ თავისი ინტერესების გატარებას, ხშირად პატარა ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოდ.
- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დიდმა გეოპოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვიოს აშშ-რუსეთის ურთიერთობების თუ გაუმჯობესება არა, დასტაბილურება?
- ჩვენი მსჯელობის მიხედვით დასავლეთის როლი მცირდება შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 3+3 ინიციატივა ამის ნათელი მაგალითია. ეს ყველაფერი კი რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას მოასწავებს.
იმის მტკიცება, რომ ვაშინგტონი სრულად აპირებს სამხრეთ კავკასიიდან გასვლას არ იქნება სწორი, მაგრამ, როგორც ვიმსჯელეთ, რეგიონისადმი თავის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანა ამერიკას მაინც მოუწევს. ახალ საგარეო პოლიტიკურ ხედვაში რუსეთთან ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მოლოდინი იმისა, რომ მოსკოვთან უთანხმოებების მოგვარება შესაძლებელი იქნება ახლო მომავალში არარეალისტურია, მაგრამ ურთიერთობების დასტაბილურება სავსებით შესაძლებელია.
„სტაბილური მეტოქური“ ურთიერთობები მოდელია, სადაც არც მოსკოვი, არც ვაშინგტონი ერთმანეთის წინააღმდეგ რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამენ. თუმცა მეტოქეობა გაგრძელდება და რუსეთი, სამხრეთ კავკასიაში გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ნელი ნაბიჯებით ამერიკის გავლენის მეტად შემცირებას შეეცდება.
რუსეთისთვის იხსნება შესაძლებლობების ხანა - პრობლემები დასავლეთში და ამერიკის მიერ ყურადღების გადატანა ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელ-ფეხს უხსნის მოსკოვს მეტად წარმატებული პოლიტიკა აწარმოოს სამეზობლოში.
ამას ისიც ემატება, რომ რუსეთის სამეზობლოში უსაფრხთოების კუთხით მეტად ქაოტური ვითარებაა. ავიღოთ შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, ბელარუსი, ან ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ შექმნილი არამყარი მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია პრობლემები შეუქმნას ცენტრალურ აზიას.
პოლიტიკური კლასებიც არ არის სათანადოდ შეკრული, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, უკრაინა), რომელიც ლიბერალური დემოკრატიის აგებას ცდილობენ. საჭიროა შეკრული პოლიტიკური ელიტების ყოლა, რომლებიც ნაკლებად იქნებიან რადიკალური და მეტად ორიენტირებული ეროვნული ენერგიის მიმართვაზე კონკრეტული საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
- გასაგებია რასაც ბრძანებთ, შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-სა და დასავლეთის გავლენის შემცირებისა და 3+3 პლატფორმაში საქართველოს თუნდაც ნომინალურად ჩართვის შემთხვევაში მოსკოვს მოკლევადიან, ან გრძელვადიან პერსპექტივაში პოსტსაბჭოთა სივრცეში კონტროლის აღდგენის, ანდაც მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალება მიეცემა.
თუ ამგვარი სცენარით განვითარდა პროცესები, სავარაუდოდ, როგორ აისახება ეს საქართველოს სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
- ამ კითხვაზე პასუხი ნაწილობრივ ჩამოვაყალიბე და ახლა მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ბევრი რამ 3+3 ინიციატივის შესახებ ჯერ კიდევ არ ვიცით.
თუმცა, იმის გათვალისწინებით თუ ქვეყნების როგორი შემადგენლობა არის წარმოდგენილი 3+3 პლატფორმაში, მე საქართველოსთვის უფრო ნეგატიური შედეგებისადმი ვიხრები - დასავლეთის განდევნა, რეგიონის ჩაკეტვა სხვა ძალებისთვის, ერთგვარი გეოპოლიტიკური მონოპოლიის ჩამოყალიბება საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე.
საუბარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე არარეალისტური მეჩვენება. შესაძლებელია სოხუმთან და ცხინვალთან შეზღუდული ეკონომიკური ურთიერთობების ან მცირე დოზით კულტურული დიალოგის აღდგენა. მაგრამ ამას ხელშესახები შედეგების მოტანა არ შეუძლია.
ახალ წესრიგში სამხრეთ კავკასიაში არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ რუსეთი ცდილობდეს თავის პატარა მეზობლებთან თანასწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
მაგრამ, როგორც ვთქვი, თუ საქართველო ამ ინიციატივაში რაიმე ფორმით მონაწილეობის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ორი მარტივი მიზეზით იქნება გამოწვეული.
ერთი - თბილისმა შესაძლოა მძაფრ დიპლომატიურ ზეწოლას ვერ გაუძლოს და მეორე, - თბილისი შეიძლება ხედავდეს ინიციატივაში ჩართულობის საჭიროებას იმის შიშიდან გამომდინარე, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესებისგან არ იყოს გამოთიშული და მისი ინტერესები სრულად არ იყოს უგულებელყოფილი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
11 ოქტომბერი, 2021 წ.