საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე საკითხების შესახებ „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ხათუნა, 21-22 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა.
მინისტერიალის ფარგლებში პირველად ისტორიაში ნატო-მ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სტრატეგია მიიღო.
რაა ამ სტრატეგიის მიზანი და რა პრინციპებს ეფუძნება ეს დოკუმენტი?
- ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ მიღებული სტრატეგია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გამოყენებას და ამ პროცესში შესაბამისი სამართლებრივი, ეთიკური სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფას.
აღნიშნული დოკუმენტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ცვლიან ომის წარმოების ფორმებს. როგორც 2018 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან დაბრუნებისთანავე აღვნიშნე, საომარ ოპერაციებში რობოტების ჩართვა რეალობაა.
ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურად იხვეწება. კომპიუტერული მეცნიერების მეშვეობით შექმნილი ინტელექტუალური კომპიუტერული მანქანა/პროგრამა უნარიანია ლოგიკური გადაწყვეტილებები მიიღოს. მას იყენებს თითქმის ყველა წამყვანი ორგანიზაცია. ის სხვადასხვა დარგში ინერგება, მათ შორის ჯანდაცვის, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, განათლების, საგარეო და უსაფრთხოების სფეროებში.
ალიანსის თვალთახედვით, ხელოვნური ინტელექტი ცვლის გლობალური თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს. ის გვთავაზობს უპრეცედენტო შესაძლებლობებს. თუმცა მას თან ახლავს გამოწვევები. ტექნოლოგიები გავლენას ახდენენ ნატო-ს სამივე ძირითადი ფუნქციის განხორციელებაზე, იგულისხმება კოლექტიური თავდაცვა, კრიზისის მართვა და წევრ სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.
ნატო და მისი მოკავშირეები ხელს შეუწყობენ რეგულარულად მაღალი დონის დიალოგის წარმართვას იმ კომპანიებთან, რომლებიც ჩართულები არიან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებაში. ეს პროცესი იქნება წინაპირობა საერთო ხედვის შესამუშავებლად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებთან მიმართებით.
ნატო-ს სტრატეგიის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის განვითარება უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობების შესაბამისად, განსაკუთრებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის გათვალისწინებით.
ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები უნდა იყოს გასაგები და პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. მნიშვნელოვანია, ნატოსა და წევრი ქვეყნების დონეზე განისაზღვროს სერტიფიცირების პროცედურები.
ასევე, ალიანსი გადადგამს ნაბიჯებს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებში მიკერძოებული მონაცემების გამოყენების თავიდან ასაცილებლად და მათი ობიექტური ინფორმაციით უზრუნველსაყოფად, რათა სწორი მონაცემების დამუშავებით სათანადო დასკვნები გაკეთდეს.
- საქართველომ, როგორც ალიანსის ასპირანტმა ქვეყანამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელოვნური ინტელექტის გასავითარებლად?
- რაც შეეხება საქართველოს. მონაცემების ეპოქაში ყოველდღიურად იზრდება ციფრული პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა. სწორედ აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში უნდა განვავითაროთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე და თავიდან აგვარიდებს მაღალი რისკის შემცველი აპლიკაციების გამოყენებას.
სხვადასხვა დარგში ხელოვნური ინტელექტის მექანიზმის დანერგვა უნდა მოხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით.
ასევე, ალიანსმა ინოვაციების ფონდი დააფუძნა, რომელიც 1 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს ტექნოლოგიების მიმართულებით. ამ ფონდის ფარგლებში საქართველოსაც ექნება ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა.
- გასულ კვირას მოსკოვმა მიიღო გადაწყვეტილება ნატო-ში მისი ოფისის დახურვის შესახებ. ნატო-სა და რუსეთს შორის ისედაც გაუარესებული ურთიერთობები ყოველდღიურად რთულდება.
ამ ფონზე როგორ შეაფასებდით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის შედეგებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შეკავების თვალსაზრისით?
- რუსეთის ფედერაციის მზარდი აგრესიის ფონზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაამტკიცა გეგმა, რომელიც ეხება წევრი ქვეყნების დაცვას კრიზისა და კონფლიქტის დროს. ის ორიენტირებულია ალიანსის 1 მილიარდი მოქალაქის საფრთხეებისგან დაცვასა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განმტკიცებაზე.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიულ მოქმედებებზე. მან აღნიშნა, რომ ალიანსი განავითარებს პოლიტიკური და სამხედრო ღონისძიებების პაკეტს რუსულ საფრთხესთან გასამკლავებლად. ეს პაკეტი მოიცავს ალიანსის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ის გულისხმობს სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებას, წვრთნების განხორციელებას და შეკავების ინსტრუმენტების მეტად განვითარებას.
ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობაზე, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ურყევი ვალდებულებაა და ნიშნავს კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფას.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი რჩება ევროპაში მშვიდობის ყველაზე დიდ დამრღვევად. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნატო-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები, „ცივი ომის“ შემდგომ, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
- რა განცხადებები გაკეთდა უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის ალიანსის ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში?
- საქართველოსთან მიმართებით ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ალიანსისათვის ძალიან ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს. ასევე, მან განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი ჰავიერ კოლომინა არის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ამასთანავე, ალიანსის მინისტერიალზე აღინიშნა, რომ რუსეთი ვერ დაბლოკავს სუვერენული სახელმწიფოების ნებას გახდნენ ნატო-ს წევრები. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის თანახმად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად განსაზღვროს მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები.
შესაბამისად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან დაიცვან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოების სუვერენულ გადაწყვეტილებებს. სწორედ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს შეუძლია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
- თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მიერ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე გაკეთებული განცხადების შესახებ ისაუბრეთ. ბრიუსელში სტუმრობამდე, ლოიდ ოსტინი იმყოფებოდა საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში.
როგორ შეაფასებდით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტს საქართველოში? რას გულისხმობს, ამ ვიზიტის ფარგლებში, გაჟღერებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა?
- ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე მზარდი აგრესიის ფონზე.
აშშ-ს თავდაცვის მდივანმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისადმი. მეტიც, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე.
აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტმა თბილისში საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ეტაპის დაწყებას.
ამის დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის შესახებ.
საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა მოიცავს ორ მნიშვნელოვან კომპონენტს. პირველი კომპონენტი ეხება ორგანიზაციულ ცვლილებებს, რაც გულისხმობს თავდაცვის სექტორში ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას. ხოლო მეორე კომპონენტი ნიშნავს თავდაცვის ძალების გაძლიერებას წვრთნებსა და ოპერაციებში მონაწილეობით.
საბოლოო ჯამში, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, თავდაცვის ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან კიდევ მეტად დაახლოებას და შეკავების პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებას საფრთხეების თავიდან აცილების შესაძლებლობების განვითარებით.
ასევე, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროატლანტიკური მიზნების მიღწევას. ის მიანიშნებს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიულ პარტნიორზე მეტია, შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიული მოკავშირეა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის. ოსტინის განცხადებით, საქართველომ ავღანეთში დიდი მსხვერპლი გაიღო. 32 საქართველოს მამაცი ჯარისკაცი დაიღუპა და 293 სამხედრო დაიჭრა. ამერიკა მათ პატივს მიაგებს.
- ვხედავთ, რომ ჩვენს რეგიონსა და სამეზობლოში უსაფრთხოების გარემო ყოველდღიაურად მძიმდება.
ვიხილეთ ავღანეთის კრიზისი. სულ ახლახან თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მიიღო გადაწყვეტილება 10 ქვეყნის ელჩის, მათ შორის ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების შესახებ.
ამ ყველაფრის ფონზე როგორ უნდა შევძლოთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება?
- ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილეს ავღანეთის კრიზისი და ყურადღება გაამახვილეს 20-წლიანი ომის სიღრმისეული ანალიზის მნიშვნელობაზე. ასევე, ალიანსი კვლავ ერთობლივი ძალისხმევით გააგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.
რაც შეეხება დასავლეთისა და თურქეთის ურთიერთობებს, ურთიერთსაჭიროება უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი მხარეებს შორის დღეს არსებული დაძაბული ურთიერთობის შესაცვლელად. ასევე, აღსანიშნავია, რომ თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა და ის მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობას.
ამასთანავე, აუცილებელია, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი განვიხილოთ არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ რეგიონალურ ჭრილში. როგორც უკვე აღნიშნეთ, ლოიდ ოსტინი საქართველოში ვიზიტის შემდეგ, იმყოფებოდა უკრაინაში, რუმინეთსა და ბრიუსელში. ეს ვიზიტი მიანიშნებს, რომ საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა სტრატეგიულად დასავლეთისათვის პრიორიტეტული სახელმწიფოა.
აშშ-ს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ "შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების კრიტიკული ნაწილია".
შესაბამისად, შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკებების დროს ისაუბრეს შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის „საგზაო რუკაზე“. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პატრულირებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების შედეგად შავ ზღვაში მიმდინარე მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მიღებას.
სასურველია, მსგავსი „საგზაო რუკა“ შემუშავდეს საქართველოსთან მიმართებით და საქართველოს, უკრაინის საზღვაო შესაძლებლობების გასავითარებლად რეგიონალური ინიციატივა განხორციელდეს.
დღევანდელი მოცემულობის ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დიდი სტრატეგიის შემუშავება გვჭირდება, რომლის თანახმად პარტნიორების წინაშე ჩვენს საერთაშორისო მნიშვნელობას უკეთ წარმოვაჩენთ.
ამისათვის საჭიროა ვიფიქროთ გლობალურ თუ რეგიონალურ პროექტებზე, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რომლის შესაძლებლობას, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ალიანსის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის შესახებ იძლევა.
თუმცა მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას არაორდინალური და ინოვაციური მიდგომები სჭირდება. დღეს ციფრულ სამყაროში მონაცემებზე ორიენტირებული სახელმწიფოები იძენენ ახალ როლსა და მნიშვნელობას.
ასევე, აუცილებელია, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოტენციალის განვითარებისათვის ქვეყნის ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, საგანმანათლებლო და საფინანსო სისტემების განვითარება.
ამასთანავე, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და რეფორმების განხორციელება ქვეყნის გამოკვეთილ საერთაშორისო როლთან ერთად შექმნის მყარ გარანტიებს, პარტნიორების მხარდაჭერით, მივაღწიოთ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მისია შესრულებადია ერთიანობითა და სწორი სტრატეგიული ხედვით.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
26.10.2021