ევროპული კავშირის ამბიცია


გადმოწერეთ PDF ფაილი

ავტორი: სოფიო ბაქრაძე, "ჯეოქეისის" ალუმნი

 

შესავალი


1972 წელს სტოკჰოლმში გაიმართა კონფერენცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, რომლის განსახილველ თემას ეკოლოგია წარმოადგენდა. ეს გახლდათ პირველი კონფერენცია, რომელმაც მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება. შედეგად, მომდევნო წელს ევროპის კომისიამ გარემოს დაცვის სამოქმედო გეგმა (Environment Action Programme) მიიღო. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ევროპული გაერთიანება ეკოლოგიურ პოლიტიკას აქტუალურ და სერიოზულ საკითხად მიიჩნევს, რის მიზეზად ეკოლოგიური კატასტროფები და საზოგადოების შეშფოთება სახელდება.


2021 წლის 1-დან 12 ნოემბრამდე ევროკომისია მონაწილეობას იღებს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP26), გლაზგოში, დიდ ბრიტანეთში. ამ მხრივ საინტერესოა, განვიხილოთ ევროკავშირის სამომავლო პერსპექტივები და კლიმატის პოლიტიკასთან დაკავშირებული შეხედულებები.
 

მცირე რაკურსი კლიმატის სამოქმედო გეგმის პერსპექტივის შესახებ


„მსოფლიო რბოლა net-zero-სთვის დაწყებულია. ერთად მუშაობით ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ გამარჯვებულები. COP26-ზე ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი პლანეტა მომავალი თაობებისთვის. ევროპაში ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ მივაღწიოთ კლიმატის ნეიტრალიტეტს 2050 წლისთვის და შევამციროთ ემისიები მინიმუმ 55%-ით 2030 წლისთვის. გლაზგოში, მე მოვუწოდებ სხვა მსოფლიო ლიდერებს იგივე გააკეთონ. ინოვაცია და ინვესტირება განახორციელონ უფრო მდგრადი განვითარების სტრატეგიაში. მოკლედ, უზრუნველვყოფთ ჯანსაღ საზოგადოებას ჩვენი პლანეტის უკეთესი მომავლისთვის.” - აცხადებს ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლეიენი, რომელიც კომისიის სათავეში ამბიუციური პროექტით, Green Deal- ით წარსდაგა. აღნიშნული პროექტის მთავარი ამოცანაა ევროპის კლიმატურ-ნეიტრალურ კონტინენტად გადაქცევა 2050 წლისთვის, მთელი რიგი ეკონომიკური რეფორმების გათვალისწინებით. ამბიციური გეგმა იურიდიულად სავალდებულო გახდა 2021 წლის ივლისში, ევროპის კლიმატის კანონის მიღებითა და ძალაში შესვლით. ამასთანავე, იგი მოიცავს შუალედურ მიზანსაც, საუბარია სათბური გაზების ემისიების მინიმუმ 55% ით შემცირებზე 2030 წლისთვის . 


კომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი დღემდე ლიდერია კლიმატის ცვლილებებთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც 1990 წლიდან შეამცირა სათბური გაზების ემისიები, ხოლო ეკონომიკა გაზარდა 60 %-ზე მეტი ოდენობით. ევროპული კავშირი, აღნიშნული პროექტის გამოჩენამდეც, აქტიურად სარგებლობდა ეკოლოგიური პოლიტიკით, რომელიც თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის და უკვე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. სასურველია, განვიხილოთ ევროკავშირის ეკოლოგიური პოლიტიკის მთავარი ასპექტები:


1.    წყლის ხარისხი - ამ შემთხვევაში ყურადღება ეთმობა თავად წყლის ხარისხის კონტროლს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მაღალ სტანდარტებს. ამასთანავე, ეს ასპექტი აკონტროლებს მტკნარი წლების დაბინძურებასაც. 


2.    ნარჩენების კონტროლი - ევროკავშირის მიზანია ხელი შეუწყოს ნარჩენების გადამუშავებას, ასევე გააუმჯობესოს კონტროლი ნარჩენების გადაადგილებასთან და გადაყრასთან დაკავშირებით.


3.  ჰაერის ხარისხი - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ევროკავშირისთვის წარმოადგენს წამყვან ეკოლოგიურ მიზანს, რადგან ჰაერი გახლავთ მთავარი გამომწვევი კლიმატური ცვლილებისა. მასში ვრცელდება ისეთი მავნე ნივთირებები, როგორიცაა: ნახშირბადი, გოგირდმჟავა, ტყვია აზოტმჟავა, ბენზოლი და სხვა . მსგავსი ნივთიერებების გამოყოფას აკონტროლებს ევროკავშირის კანონმდებლობა.


4. ქიმიური ნივთიერება - ასპექტი მოიცავს კონტროლს ყველაზე საშიშ წარმონაქმნებზე, საუბარია ახალ ქიმურ ნივთიერებებზე, უბედურ შემთხვევებზე ქიმიურ ქარხნებში და პესტიციდებზე.


5.  ბიომრავალფეროვნება - ფლორისა და ფაუნის დაცვაა მისი მიზანი, რომელიც დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით. 


6.  გენმოდიფიცირებული ორგანიზმები - გენმოდიფიცირებული საკვები, უდავოდ საზიანოა ორგანიზმისთვის, რომელიც ფართოდ გავრცელდა ევროპაში, აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შემდეგ, რადგან გენმოდიფიცირება ჭარბად გამოიყენება ამ სახელმწიფოში.


7. ხმაური - ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომელიც არეგულირებს ხმაურს ტრანსპორტებისგან, ქარხნებისგან, ენერგოგენერატორებისგან თუ სხვა ხმაურის გამომწვევი ადგილებიდან.


რა თქმა უნდა, ევროკავშირის ამბიციური მიაზნი მხოლოდ გარემოს დაცვას არ ემსახურება,  კლიმატის ცვლილება ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის ხელისშემშლელი ფაქტორიც გახლავთ. შეთანხმება უზრუნველყოფს რვა ძირითადი სფეროს რეფორმირებას, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნება, მდგრადი კვების სისტემები, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სუფთა ენერგია, მდგრადი ინდუსტრია, მშენებლობა და განახლება, მდგრადი მობილურობა, დაბინძურების აღმოფხვრა და კლიმატის ქმედება.  ამ თვალსაზრისით, ხაზგასასმელია, ევროკავშირის საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკაც, ვინაიდან აგრარული სფერო წარმოადგენს ევროკავშირის ტერიტორიის მთლიანი ფართობის 83%-ს და ერთ-ერთ მამოძრავებელ სექტორს ეკონომიკის დარგში. 1962 წლიდან იწყება ევროკავშირის საერთო აგრარული პოლიტიკა (CAP), რომელიც განსაზღვრავს პარტნიორობას აგროკულტურასა და საზოგადოებას, ფერმერებსა და ევროპას შორის. CAP არის საერთო პოლიტიკა ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის. მისი მართვა და დაფინანსება ხორციელდბა ევროპულ დონეზე, ევროკავშირის ბიუჯეტის სახსრებით. საერთო აგრარული პოლიტიკის ამოცანები მოიცავს უსაფრთხო გარემოს შექმნას ევროპელი ფერმერებისთვის, კლიმატის ცვლილებთან გამკლავებას და კარგი მენეჯმენტის ჩამოყალიბებას ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისთვის. 


დასკვნა


აქედან გამომდინარე, ევროკავშირის წარმომადგენლობა ამბიციურ პროექტს საზოგადოების საკელთიდღეოდ ახორციელბს, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობასა და სამართლიანობაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობის ფონზე. ცხადია, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP26), რომელიც იმართება პარიზის შეთანხმების მიღებიდან ექვსი წლის თავზე, შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს Green Deal- ის ინიციატივის შედეგების გასაუმჯობესებლად, მით უმეტეს კონფერენციაზე ჩართული იქნება აშშ, რომელიც პასიურობდა წინა საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში. ევროპული კომისიის მხრიდან მოლოდინი დიდია, მხარეები განიხილავენ სათბური ემისიების შემცირების მიზნებს უახლესი სამეცნიერო მეთოდების გათვალისწინებით.


“ევროპელებს სურთ იცხოვრონ კონტინენტზე, რომელიც განსაზღვრავს მათ ბედს და გააკონტროლებს მათ მომავალს. ვფიქრობ, კლიმატის ნეიტრალიტეტი არის ჩვენი ევროპული ბედი. კონკურენტუნარიანი და მდგრადი ეკონომიკა საუკეთესოა, რაც შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ევროპის კლიმატის კანონი ამ ამბიციის ნაწილია.”  (ურსულა ფონ დერ ლეიენი, 2020)


ნათელია, რომ ევროკავშირის ამგვარი მისწრაფება განაპირობებულია მათი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამბიცია, ევროპა გახდეს მსოფლიოში პირველი კლიმატურ-ნეიტრალური კონტინენტი, სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ევროპული გაერთიანება მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებს.

 

სოფიო ბაქრაძე, "ჯეოქეისის" ალუმნი

10 ნოემბერი, 2021

 

ბიბლიოგრაფია


An official website of the European Union. (2019, April 03). Retrieved from European Commission:
https://ec.europa.eu/info/food-farming-fisheries/sustainability/environmental-sustainability/climate-change_en


An official website of the European Union. (2020, March 04). Retrieved from European Commission: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/de/statement_20_381


An official website of the European Union. (2021, October 28). Retrieved from European Commission: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_21_5623


WORLD ECONOMIC FORUM. (2021, July 13). Retrieved from https://www.weforum.org/agenda/2021/07/what-you-need-to-know-about-the-european-green-deal-and-what-comes-next/


მაკკორმიკი, ჯ. (2016). ევროკავშირის პოლიტიკა. თბილისი: კავკასიის უნივერსიტეტი.480-482.

 

 

 

გააზიარე: