კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული მძლავრი დარტყმის მიუხედავად, გლობალური ეკონომიკა აღდგენის და იმედის ნიშნებს იძლევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, გლობალური მშპ 2021 წლის აპრილში 6 % შეადგენდა: ჩინეთის - 8,2%, აშშ-ის - 6,2%, ინდოეთის – 12,6%. თუმცა, საერთო ჯამში იგი 4 ტრილიონი აშშ დოლარით დაეცა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც დაფიქსირდა 84 ტრილიონი აშშ დოლარი.
სამთავრობო მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელების შედეგად, რასაც მოჰყვა გაძლიერებული სახელმწიფო ხარჯვა, ფინანსური დახმარების გაწევა კერძო სექტორისათვის, მეტი დასაქმების სამუშაო ადგილი, მომხმარებელთა დანახარჯების გარკვეულწილად ზრდა და სხვა ზომები, ეკონომიკურმა ცხოვრებამ დაიწყო ნაწილობრივი დაბრუნება პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელთან.
მაგრამ, საერთო სიტუაცია კვლავ განსხვავებულ დამოკიდებულებებს გვთავაზობს - ზოგს აიმედებს, ზოგს კი - ეჭვის საფუძველს უქმნის და ხელს უშლის მომავლის განვითარების პროგნოზის გაკეთებაში. ევროპაში, აშშ-ში, რუსეთსა და სხვა რეგიონებში ეპიდემიის ბოლოდროინდელი აფეთქება კიდევ უფრო აღრმავებს საერთაშორისო საზოგადოების ამ შეშფოთებას.
კიდევ ერთი შეხსენება ამ თვალსაზრისით: ეს არ არის ჩვეულებრივი ეკონომიკური კრიზისი. ეს გახლავთ არა-ეკონომიკური წარმოშობის ტურბულენტობა, რომლის მოგვარება უკავშირდება პირველ რიგში იმას თუ როგორ გაუმკლავდებიან კრიზისს ექიმები, სამედიცინო სექტორი.
ამასთან, გარკვეული პოზიტიური მოლოდინები ჭარბობს და ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.
სამწუხაროდ, ადრინდელ რისკებს ახალი ემატება, რაც ორმაგად აზიანებს ეკონომიკას და მოიცავს ნავთობის მწარმოებელ და მომხმარებელ ქვეყნებს შორის გაუთავებელ დაპირისპირებას მსოფლიო ბაზარზე ფასების დასტაბილურებასთან დაკავშირებით. მაგრამ 2021 წლის კონფლიქტი ამ საკითხთან მიმართებით განსხვავებულია და მოულოდნელი პანდემიური კრიზისით დამძიმებული.
იგი ყველაზე მძლავრ ეკონომიკურ მოთამაშეებს/აქტორებს შორის ბრძოლის ველად გადაიქცა. ერთის მხრივ, აშშ და ევროპა, ხოლო, მეორეს მხრივ, ,,ოპეკი (OPEC) ,, (ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაცია) და მისი მოკავშირეები რუსეთის ჩათვლით. ამჟამად ოპეკ-ის წევრი ქვეყნები მსოფლიოს არსებული ნავთობის მარაგების დაახლოებით 2/3-ს აკონტროლებენ, აწარმოებენ მსოფლიოს ნავთობის პროდუქტების 40 %, გარდა ამისა, ამ ჯგუფზე მოდის მსოფლიოს ექსპორტის ნახევარი.
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად დაუყოვნებლივ საჭიროა ინტენსიური პოლიტიკური, დიპლომატიური და სხვა სახის ძალისხმევა, რომელსაც ერთი ძირითადი მიზანი გააჩნია - აიძულონ ოპეკის წევრი ქვეყნები და მათ მოკავშირეები კიდევ უფრო მეტი მოცულობის ნავთობის მოპოვება აწარმოონ და გასცდნენ ამჟამად ფიქსირებულ კვოტებს რათა შეამცირონ ფასები გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.
კოვიდ-19 პანდემიის ადრეულ ეტაპზე ოპეკ-ის წევრმა ქვეყნებმა ნავთობის მოწოდება მსოფლიო ბაზარზე დღეში 10 მილიონი ბარელით შეამცირეს მოთხოვნის ვარდნის გამო. ამჟამად, ამ მოთხოვნის ზრდასთან ერთად, დღევანდელი მსოფლიო ნედლი ნავთობის ფასი გაორმაგდა 2021 წლის პირველ ნახევარში და მიაღწია ბარელზე 81 დოლარს. ამერიკის ბანკის (Bank of America) შეფასებების მიხედვით, 2022 წლის შუა პერიოდისთვის იგი 120 აშშ დოლარამდე გაიზრდება.
საკმაოდ მკაცრი რეაქცია ჰქონდა ამ მხრივ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელმაც გამოაცხადა, რომ იგი „განიხილავდა მათ ხელთ არსებული მექანიზმების მთელ სპექტრს საზოგადოებრივი მედეგობისა და რწმენის განსამტკიცებლად“ იმის შემდეგ, რაც OPEC და მისმა პარტნიერიებმა, (საუდის არაბეთის და რუსეთის სახით), უგულვებელყო ნავთობის მომხმარებელი დიდი ქვეყნების მოწოდებები, აშშ-ის ჩათვლით, დაგეგმილზე მეტად გაეზარდა წარმოება დეკემბერში“. გარდა ამისა, აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სპიკერმა განაცხადა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიტუაციის გლობალურ გაუმჯობესებას არ უნდა ემუქრებოდეს გართულება მოთხოვნისა და მიწოდების შეუთავსებლობის სახით“ (ჩარლზ რილე და კევინ ლიპტაკი - „თეთრ სახლში ამბობენ, რომ OPEC და რუსეთი გლობალურ კრიზისიდან გამოსვლას რისკის ქვეშ აყენებენ“, CNN Business, 5 ნოემბერი, 2021).
სიტუაცია არ შეცვლილა მიუხედავად OPEC-ის წევრი ქვეყნებისა და მათი მეკავშირეების განზრახვისა, გაეზარდათ ნავთობის ყოველთვიურად მოპოვება 400 000 ბარელამდე.
ამჟამად, 2021 წლის ნავთობის მოხმარების მიხედვით, ხუთი წამყვანი ქვეყანა, როგორიცაა, ჩინეთი - 20,5 %, აშშ - 12%, ევროკავშირი - 10,3%, ინდოეთი და იაპონია დგანან ეკონომიკის აღდგენის შეჩერების საფრთხის ქვეშ უმეტესწილად ამ ბარიერის გამო და აქტიურად უჭერენ მხარს OPEC-ზე ზეწოლის გამხორციელების პოლიტიკას, რასაც ალიანსის კლუბის პოზიცია ემატება. ჩინეთი მის უარყოფით რეაქციას ღიად არ გამოხატავს, მაგრამ იგი უდავოდ დაინტერესებულია ნავთობ-პროდუქტებზე ფასების სტაბილიზაციით ეროვნული ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესში პოზიტიური ტენდენციების განსამტკიცებლად.
ნავთობის მაღალმა ფასმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა რიგითი მომხმარებლის ცხოვრების დონეზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებით, აშშ-ში, სადაც ბენზინზე ფასი მკვეთრად გაიზარდა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით, მომავალი ზამთრის პირობებში.
აშშ-ის მთავრობას სურს, დაიწყოს მისი ეროვნული სტრატეგიული ნავთობის რეზერვების გამოყენება (საერთო ჯამში, ამჟამად 714 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის მოცულობა - რაც OPEC-ის სარეზერვო ფონდის მოცულობაზე ოდნავ ნაკლებია - 802 მილიონი ბარელი) იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც გადაჭრას პრობლემა. ჩინეთი ასევე განიხილავს ამ არჩევანს. გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციამ 2021 წლის 24 ნოემბერს გამოაცხადა რომ: „მილიონობით ბარელ ნავთობს გასცემს მისი სტრატეგიული რეზერვებიდან ჩინეთთან, ინდოეთთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან და ბრიტანეთთან კოორდინირებით იმისათვის, რომ მოახდინოს ფასების დაწევა, რადგანაც OPEC+ მწარმოებლებმა რეაქცია არ გამოხატეს მეტი ნედლი ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებულ მოწოდებებზე (ვაშინგტონი, 23 ნოემბერი, 2021 წელი, Reuters)
რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ გლობალურად და საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე ამ თვალსაზრისით?
რამდენიმე დაკვირვება და კომენტარი
• ვინადიან პანდემიით გამოწვეული კრიზისი ჯერ არ დასრულებულა, მოწოდება/მოთხოვნის შეფარდება გლობალურ ბაზარზე, სავარაუდოდ, მერყევი იქნება რაც, როგორც აქამდე აღინიშნა, ძირითადად, არაეკონომიკური ფაქტორებითაა გამოწვეული. ეს ზეგავლენას ახდენს ნავთობის ფასების რეგულირებაზე გლობალური ბაზრის ფუნქციონირების სტანდარტულ პირობებშიც, მაშინაც კი, როდესაც ცნობილი ზომები, როგორიცაა, ეროვნული სარეზერვო ფონდების გამოყენება, ამგვარი დეფიციტის შევსებას ახდენენ.
• შესაძლოა, ფასების შემცირების გარკვეული ტენდენციები შეინიშნება, მაგრამ ნავთობის მწარმოებელ და მომხმარებელ ქვეყნებს შორის კონფრონტაცია მომავალშიც მუდმივი თავისტკივილი იქნება მსოფლიო ბაზარზე მთავარი ეკონომიკური აქტორებისათვის.
• ერთის მხრივ, აშშ-სა და ევროპას, ხოლო მეორეს მხრივ, ჩინეთსა და რუსეთს შორის არსებული გლობალური დაძაბულობა, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს კარგ საფუძველს სრულყოფილი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. 2021 წელს აშშ-ისა და ევრო-კავშირის მხრიდან რამდენიმე ახალი ინიციატივის გამოჩენა ჩინეთის 'Belt and Road Initiative’-თან ერთად, სავარაუდოდ, შექმნის ახალ რეალობას გლობალურ ურთიერთობებში. ამავე დროს, ჩვენი აზრით, როგორც აშშ-ისა და ჩინეთისათვის, ისე ევრო-კავშირის, იაპონიისა და ინდოეთისათვის საკმაოდ ხელსაყრელი მომენტია იმისათვის, რომ მოახდინონ მაქსიმალური მობილიზება საერთო პრობლემების გადასაჭრელად, ვინაიდან ისინი „ნავთობის მომხმარებელი ქვეყნების დიდ ჯგუფს“ წარმოადგენენ. აშშ-მა სთხოვა ჩინეთს, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მიმდინარე დისკუსიების ფარგლებში, ნავთობის რესურსების გახსნა ნედლ ნავთობზე მზარდი ფასების სტაბილიზაციის მიზნით“ (კეთრინ უონგი და ფრანკ ტანგი, „აშშ სთხოვს ჩინეთს გახსნას ნავთობის მარაგები ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მიმდინარე დისკუსიების ფარგლებში“ (გაზეთი South China Morning Post, 2021 წლის 17 ნოემბერი). აღნიშნული საკითხი აშშ-ს პრეზიედენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინს შორის მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარებული ვირტუალური შეხვედრის დროს წამოიჭრა.
• როგორც აღინიშნა, აშშ-მა და ჩინეთმა დაიწყეს მათი ნავთობის სტრატეგიული რეზერვების ნაწილობრივი გამოყენება ფასების სტაბილიზაციისათვის, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ეს ნაბიჯი სურათს არსებითად ვერ შეცვლის და მხოლოდ უმნიშვნელოდ შეამცირებს ფასებს. მაგალითად, მსხვილი ამერიკული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის და ფინანსური მომსახურების კომპანიის „გოლდმენ საქს“-ის (Golden Sachs) ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ „60 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემა მხოლოდ დროებითი და მოკრძალებული/ზომიერი დახმარება იქნება“. მიმდინარე წლის ბოლოს იგი brent-ის ფასებს ერთ ბარელზე მხოლოდ $3-ით შეამცირებს და აშშ-ს ფიქალის (shale) მწარმოებლებს ხელს შეუშლის პროდუქციის წარმოებაში, რასაც შედეგად მოყვება მაღალი ფასები 2022 წელს (ჩალზ რილე და კევინ ლიპტაკი 'White House says OPEC and Russia are putting the global recovery at risk' CNN Business, 2021 წლის 5 ნოემბერი).
• OPEC-ისა და ალიანსის ქვეყნების შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია და ზოგჯერ იოლი არაა იმის განსაზღვრა, თუ რომელი ფაქტორი დომინირებს ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკაში - კომერციული თუ პოლიტიკური. ეს გარემოება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მრავალ არსებით საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევაზე, ნავთობზე კვოტების დარეგულირების ჩათვლით.
• შემდეგი ტენდენციაა ამჟამად მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა, რაც ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნედლი ნავთობის ფასებზე. ამ თვალსაზრისით, სხვა ფაქტორებთან ერთად, რუსეთის, როგორც OPEC-ის ერთ-ერთი მეკავშირის, გავლენა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
• გრძელვადიან პერსპექტივაში, ალტერნატიული ენერგო-რესურსების განვითარებამ, რაც „მწვანე გლობალური ეკონომიკის“ კონცეფციის ნაწილია, უნდა შეამციროს ბუნებრივი ენერგიის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ჩვენი აზრით, ამ გარემოებით შესაძლოა ავხსნათ, თუ რატომ არ გამოხატავენ მზაობას ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები მოიპოვონ მეტი ნავთობი თავიანთი მარაგებიდან.
• და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად აღნიშნული ბარიერებისა, მსოფლიო მასშტაბით პოსტ-პანდემიური კრიზისიდან გამოსვლის აქტიურად ხელშეწყობის საჭიროება აიძულებს ნავთობ-მწარმოებელ და მომხმარებელ ქვეყნებს მიიღონ გადაწყვეტილება საერთო კონსენსუსის საფუძველზე. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადაგმული ნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოების გასაერთიანებლად გლობალური სტაბილურობის დღის წესრიგისა და პოსტ-პანდემიური კრიზისის სარეაბილიტაციო პროგრამის გარშემო.
და სად არის საქართველო ამ ვითარებაში?
• საქართველო მცირე ბაზარია და, რა თქმა უნდა, არ მიეკუთვნება დიდი მოთამაშეების ჯგუფს, რომლებსაც ზეგავლენის მოხდენის მძლავრი შესაძლებლობები გააჩნიათ. მაგრამ, ქვეყანა გლობალური ბაზრის ნაწილია და, შესაბამისად, მასსზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნავთობზე (განსაკუთრებით, ბენზინზე) გაზრდილი ფასები. ეს კი, პირველ რიგში, მოსახლეობის ცხოვრების დონეზე აისახება. მათ სულ უფრო მეტი თანხის გადახდა უწევთ ამ პროდუქტზე ბენზინ-გასამართ სადგურებზე.
• ინფლაციის მაღალ დონესა და პანდემიური კრიზისის გამოწვევებთან ერთად, იგი ასევე ზეგავლენას ახდენს ქვეყანის მშპ-ს ზრდის მდგრადობაზე.
• კოვიდ-19 ეპიდემიის კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ტურიზმის სფერო გამოცოცხლებას იწყებს. მაგრამ, ამ ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი, შესაძლოა, შემცირდეს ავია ბილეთების მაღალი ფასის გამო (რადგანაც მასში საავიაციო საწვავის ღირებულების წილი საკმაოდ მაღალია). ასევე, შესაძლოა, გაძვირდეს სახმელეთო და სხვა სატრანსპორტო საშუალებები პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის შედეგად.
• საქართველო, როგორც სატრანზიტო დამაკავშირებელი ქვეყანა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბაზრებს შორის და საიმედო გრძელვადიანი ბიზნეს პარტნიორი ნავთობის მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნებისათვის, ბუნებრივია, ძალზედ დაინტერესებულია ამ გლობალური პრობლემის გადაჭრით. საქართველოს მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად უნდა წარმოჩინდეს პოსტ-პანდემიურ პერიოდში, როცა სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვები გაიზრდება, თუმცა ენერგორესურსების კრიზისის შემთხვევაში, ამ ამოცანის მიღწევა ნაკლებ რეალისტური იქნება.
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით აფციაური
29 ნოემბერი, 2021