უკრაინული რუბიკონი

ავტორი:

"Россия получит свою долю в новом всемирном собирании земель (вернее, пространств). Россия будет расширяться не потому, что это хорошо, и не потому, что это плохо, а потому что это физика" (В. Сурков)1

 

საერთაშორისო არენაზე ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, სულ უფრო ხშირად გვიწევს გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციების არც თუ ისე პოზიტიური ხასიათის ხაზგასმა. ლიბერალურ დღის წესრიგზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი უკან იხევს და სახეზეა ავტორიტარული რეჟიმის ზეწოლა დემოკრატიულ სამყაროზე. ამ პროცესების ავანგარდში დიდი ხანია რუსეთიც დგას. აღნიშნული მიმართულებით მოსკოვის ყველაზე ავანტურისტული ნაბიჯები ბოლო წლებში, რა თქმა უნდა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებებია, ისეთი როგორიც იყო ყირიმის ანექსია და ეწ. დონეცკისა და ლუგანსკის  სეპარატისტული რესპუბლიკების რეჟიმების მხარდაჭერა. 


თუ კი აღნიშნულ მოვლენებამდე დასავლეთისათვის არა საკმარისი სიგნალი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, დღეს მსგავსი ილუზიების ქონაზე სუბარი დასავლეთის პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მხრიდან, ან გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ აბსოლუტურ უმწიფრობაზე მიანიშნებს, ან პირდაპირ რუსული ინტერესების გატარებაზე უნდა ვიქონიოთ ეჭვი, ვინაიდან რუსეთის მმართველი ელიტის საგარეო პოლიტიკური მადა და ქცევის ნორმები ბოლო ხანს, მხოლოდ საგანში აბსოლუტურად ჩაუხედავი ადამიანებისთვის თუ იქნება გამოუცნობი. 


ბოლო თვეების განმავლობაში, ევროპაში არსებული ენერგეტიკული საკითხის, დევნილების კრიზისისა და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ირგვლივ არსებული სიტუაციის ფონზე, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად მიუთითებენ იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ამ პერიოდში რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვარზე ჯარების კონცენტრაცია ატარებს. 


აღნიშნულ კონტექსტში დღეს განხილული მთავარი შეკითხვაა - გადადგამს თუ არა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გადამწყვეტ ნაბიჯებს და დაიწყებს თუ არა ფართომასშტაბიან ომს კიევის წინააღმდეგ. 


ზემოაღნიშნულ შეკითხვას ორი მთავარი პლასტი გააჩნია - სამხედრო და პოლიტიკური და უნდა აღინიშნოს რომ ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია. 


კრიზისის პოლიტიკური პლასტის განხილვისას, ჩვენ თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ წინაპირობაზე, რომ ფართომაშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში, საუბარი რაიმე სახის მოულოდნელობაზე უკვე არა თუ არასერიოზული იქნება დასავლეთის მხრიდან, არამედ მიამიტურიც და, ერთის მხრივ, დამცინავიც უკრაინის მიმართ, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსული საგარეო პოლიტიკის კულტურისა და დიქოტომიის ძირითადი მდგენელი დიდი ხანია აღარ წარმოადგენს საიდუმლოს არავისთვის - როდესაც მოსკოვი გრძნობს საერთაშორისო არენაზე ოპორტუნისტული სარგებლის მიღების შესაძლებლობას,  იგი მას როგორც წესი ხელიდან არ უშვებს და ამისათვის მზადაა ძალაც გამოიყენოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი სწორედ მის ახლო სამეზობლოს ეხება, რუსეთის ე.წ. სასიცოცხლო ინტერესების გავრცელების ტრადიციულ არეალს. ასევე, ბევრჯერ გვისაუბრია ბოლო წლებში საერთაშორისო არენაზე ძალის გამოყენების დაბრუნებაზეც, შესაბამისად რუსული ნაბიჯების გათვლის თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა ვიქონიოთ ორივე ეს ფაქტორი მხედველობაში.


მაშასადამე, თუ გამორიცხულია უკრაინის წინააღმდეგ ფართო სამხედრო აგრესიის განხორციელების ჭრილში რაიმე სიურპრიზზე საუბარი,  ვინაიდან გვაქვს ბოლო 15 წლის გამოცდილება, ეს არა მხოლოდ დასავლეთში უნდა ესმოდეთ, არამედ კრემლშიც კარგად უნდა ხვდებოდნენ, რას ნიშნავს ამდაგვარი აგრესიის განხორციელება. კერძოდ კი, ეს არის საბოლოო წითელი ხაზების გადაკვეთა დასავლეთთან ურთიერთობების მიმართებაში, რაც ფაქტობრივად ვა-ბანკზე წასვლას ნიშნავს მოსკოვისათვის და ევრო-ატლანტიკური სივრცის უძლურების დემონსტრირებისკენ გადადგმული პირდაპირი ნაბიჯი იქნება. ნაბიჯი, რომელიც რუსული შიდა აუდიტორიისთვის მიწოდებული იქნება როგორც ისტორიული რუსული მიწების დაბრუნების ბოლო ეტაპი, ის რაზეც ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი საუბრობს, ხოლო დანარჩენი სამყაროსთვის მკაფიო სიგნალი რომ - საერთაშორისო არენაზე ერთპოლუსიანი სამყაროს დასრულებამ, არა კონსტრუქტიული დღის წესრიგის დამკვიდრება გამოიწვია, არამედ  რეალიზმის საბოლოო დაბრუნება და ძალისა და გავლენების სფეროებად სამყაროს დაყოფის ახალი ეტაპის დადგომა გვაუწყა. 


მოგეხსენაბათ, ომი პოლიტიკის გაგრძელებაა და იმისათვის, რომ სამხედრო მოქმედებების წარმატება ან წარუმატებლობა გავარჩიოთ, აუცილებელია მისი პოლიტიკური მიზნების კონტექსტში განხილვა. ის, თუ პოტენციური სამხედრო კონფლიქტი რა შედეგებს მოუტანს მოსკოვს დიდწილად სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული. 


იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამხედრო ავანტურა რუსეთმა წარმატებით განახორციელა, რაც შეიძლება არ გულისხმობდეს მაინცდამაინც კიევის აღებას, ან რეჟიმის შეცვლას, არამედ უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მიწების დაკავებას და შავ ზღვაზე გასასვლელის მოსპობას, ეს გამოიწვევს ორ მნიშვნელოვან შედეგს: პირველი, ის რომ მსგავსი ქმედებების დაუსჯელობამ შეიძლება მწვანე შუქი აუნთოს დედამიწის სხვა წერტილებში დავების სამხედრო გზით გადაწყვეტის მცდელობებს, პირველ რიგში ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩინეთს ეხება. მეორე მნიშვნელოვანი შედეგი, კი დასავლეთის დემოკრატიული დღის წესრიგის სრული „გაბანკროტება“ და იმიჯის შელახვა იქნება საერთაშორისო არენაზე. ევრო-ატლანტიკური სივრცის იმდაგვარი წარმოჩენა, რომ მას არ შეუძლია მისი პარტნიორების დახმარება და დაცვა, რაც თავის მხრივ აუცილებლად უკიდურესად ნეგატიურად აისახება ჩვენს რეგიონზეც.


ბოლო წლებში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის გამოყენებისას ხშირად ხაზი გაესმება, რომ მოსკოვი მისი მიზნების მისაღწევად კომბინირებულ მეთოდებს გამოიყენებს. ამის ფონზე, ერთადერთი ფაქტორი რასაც მოსკოვი თავისი არსებობის მანძილზე ანგარიშს უწევდა არის ძალა - ის რის დემონსტრირებასაც დასავლური სამყარო ხშირად წარმატებით ვერ ახერხებს. ამიტომ, ეს აჩენს აუცილებლობას, რომ ბრიუსელმა თუ ვაშინგტონმა უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას მისი პარტნიორების დასაცავად. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის ახალი კანცლერის და ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა.


როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ვლადიმერ პუტინი ოპორტუნისტია, რომელიც კარგად გრძნობს საჭირო დროს საგარეო-პოლიტიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ამიტომ მიიღებს თუ არა კრემლი კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების გადაწყვეტილებას, დამოკიდებულია დასავლეთის ქვეყნებიდან წამოსულ სიგნალებზე, როგორც ღია, ასევე დახურული გზებით მიღებულზე. ასე ხდებოდა მუდამ ბოლო 15 წლის მანძილზე, დაწყებული 2008 წლის ომიდან, გაგრძელებული სირიით, დონბასით, ყირიმით, ყარაბაღით და ა.შ. ყველგან მოსკოვის მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმებოდა დასავლეთის ინერტულობისა და პასიურობის კონტექსტში. შესაბამისად, არსებული უახლოესი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მოსკოვის მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა კიევის წინააღმდეგ დასავლეთის მხრიდან მკაფიო სიგნალებისა და ნაბიჯების გადადგმაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა, თუ დასავლეთი იქნება აქტიური, ეს არ ნიშნავს კრემლის სრულ პასიურობას, არამედ ტრადიციული ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით იგი აუცილებლად განაგრძობს საკუთარი ინტერესების რეალიზაციას. პირველ რიგში კი შეეცდება, მუქარა და ამ მუქარის ფონზე დათმობები გამოიყენოს როგორც აშშ-სთან და ევროპასთან მოლაპარაკებისა და ვაჭრობის საგანი, რისი შედეგიც მაგალითად, შეიძლება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საბოლოო ამოქმედება გახდეს. ახლო ვადიან პერსპექტივაში მოსკოვი ამგვარი შედეგით მაინც მოგებული რჩება და უკრაინული საკითხის „საბოლოო მოგვარება“ მისთვის მხოლოდ დროებით, უფრო ხელსაყრელი გარემოს დადგომამდე გადაიწევს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ეს დიდი ხნით გადაწევას გულისხმობდეს, ვინაიდან თუ კი უკრაინა გააგრძელებს რეფორმებს სხვადასხვა სფეროში და გააძლიერებს თავდაცვის უნარიანობას, ეს მოსკოვს ცაიტნოტში ჩააგდებს.


ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ ფართომაშტაბიანი აგრესიის დაწყების გადაწყვეტილება მოსკოვისათვის არის რუბიკონი რომლის გადალახვა მისი პოტენციური შედეგების გათვალისწინებით, აუცილებლად იქნება გადამწყვეტი, როგორც დასავლეთთან ურთიერთობის, ასევე შიდაპოლიტიკურ და საერთაშორისო გლობალურ არენაზე დამდგარი შედეგების თვალსაზრისით. 


თუ აღნიშნულ გარემოებას ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ბოლო დროინდელ ნათქვამს დავუმატებთ, რომ დონბასის რეგიონში ფართო მასშტაბიანი ომის განახლების შემთხვევაში, ბელორუსია განზე არ დარჩება, ეს პოტენციურად უკრაინას უქმნის ორ ფრონტზე ომის ალბათობას, რაც მეორე მსოფლიო ომის მერე ამ მასშტაბით ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა. ორი ქვეყნის ჩართულობა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, დასავლური სამყაროსთვის ალბათ ბოლო 60 წლის ყველაზე დიდი გამოცდა იქნება.


ამგვარი შედეგების დადგომა მოხდება იმისდამიუხედავად რამდენად წარმატებული იქნება სამხედრო თვალსაზრისით აღნიშნული ნაბიჯი. ვინაიდან, თვითონ ფაქტის დადგომა აუცილებლად იქონიებს გლობალურ განწყობებზე გავლენას. ის იქნება სილის გაწვნა აშშ-ევროპისათვის და მოსკოვის მცდელობა საბოლოოდ გარდატეხოს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათი. 


წარმატებული სამხედრო კამპანიის შემთხვევაში, სადაც რუსეთი შეძლებს სამხედრო წარმატების პოლიტიკურ დივიდენდებად თარგმნას, შექმნილი რეალობა გამოიწვევს ევრო-ატლანტიკური სივრცის გაფართოების საბოლოო შეჩერებას და, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების ჩიხში შესვლასაც, რასაც უკრაინის შემდგომი დეზინტეგრაცია მოყვება. საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებისათვის კი, თავის მხრივ, ეს იქნება გამოუსწორებელი დარტყმის მომტანი და მყიფე უსაფრთხოების გარემოში არსებული მცირე სახელმწიფოებისთვის ახალი გამოწვევების დასაწყისი.


წარუმატებელი სამხედრო კამპანია და სცენარი სადაც, აღნიშნული მოვლენები მოსკოვისათვის განსაკუთრებულად ძვირი იქნება პოლიტიკურად, შეიძლება გარკვეული დროით შვების მომცემი იყოს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისათვის და ფინალური მიზეზი დასავლეთის კონსოლიდაციისთვის. თუმცა, რიგი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, აღნიშნულის მოლოდინი ჩვენ ნაკლებად გვაქვს.


ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე უფრო მოსალოდნელი, მაინც რუსეთის მხრიდან მუქარის სავაჭროდ გამოყენების სცენარია, რაც მას საშუალებას მისცემს, დაასრულოს „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ და უკრაინა მოწყვიტოს ევროპული გაზის ტრანზიტის დერეფნებს. შედეგად, მოსკოვი შეეცდება ერთი-ერთზე დარჩეს კიევთან მასზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლის გასაძლიერებლად, რაც ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით კიევის მუდმივ „რყევას“ ნიშნავს და შესაძლოა სამომავლოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნასაც. ამ კონტექსტში უკრაინის დემოკრატიულ განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მისთვის.


ნებისმიერ ვითარებაში, უკრაინის წინააღმდეგ ფართო მასშტაბიანი აგრესია იქნება რუბიკონი როგორც მოსკოვისათვის, ასევე დასავლეთისათვის, რომლის გადალახვა უკან დახევის გზებს არ დაუტოვებს ვაშინგტონსა და ბრიუსელს, თუ მათ პოლიტიკური სახის შენარჩუნება უნდათ. ამიტომ ქმედითი ნაბიჯები უკვე დღესაა გადასადგმელი. ჩვენ კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მოვლენების რადიკალური სცენარით განვითარების პოტენციალი, სათანადო რეაგირებას გამოიწვევს დემოკრატიული სამყაროს მედროშეებში, რომლებიც დღეს ასე ძალიან საჭიროებენ კონსოლიდაციას და ლიდერშიფს საერთაშორისო არენაზე ფუნდამენტური დასავლური ღირებულებების დასაცავად, რის გარეშეც ლიბერალური სამყარო უბრალოდ ფიქციაა. 

 

წყაროები:

1. https://cutt.ly/PT7Rx2a

2. https://cutt.ly/8T7RmkV

გააზიარე: