ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის კრიზისი - პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე მიმდინარე მოვლენების მაგალითზე

ავტორი:

ევროკავშირის გარეგანი საზღვრები და მათი კედლები თვითონ ბლოკს ყოფს შიგნიდან - მართალია, წლების განმავლობაში, ევროკავშირი მსგავსი ღობეებისა თუ კედლების წინააღმდეგი იყო, თუმცა, ეს მიდგომა იცვლება და იგი იცვლება - ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე მიმდინარე პრობლემების კვალდაკვალ.

მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებული დებატები, თავის მხრივ, იმდენად დამაბნეველია, რომ ევროკავშირის დიპლომატები კამათობენ საკუთრივ იმაზე, თუ საერთოდ რა დგას სასწორზე - ევროკავშირის მიერ სასაზღვრო ბარიერების დაფინანსება თუ ამ ბარიერების დანახვა - ევროპის საზღვრების გასაკონტროლებლად ყველაზე ეფექტურ გზად/ხერხად. ვფიქრობ, ეს დებატი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალური ხასიათის არის - როგორ წარმოაჩენს კონტინენტი თავს მომავალში - ღია თუ დახურულ კონტინენტად?

ფაქტია, რომ სასაზღვრო ბარიერები იმატებს და ევროკომისიაზე ზეწოლაც, შესაბამისად, იზრდება - დასახმარებლად და ამ ბარიერების დასაფინანსებლად. 2021 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის 12-მა ქვეყანამ მიმართა კომისიას, რათა ამ უკანასკნელს დაეფინანსებინა ფიზიკური ბარიერები, მათთვის - საზღვრის დაცვის პრიორიტეტული ზომა. სათაურით - „ევროკავშირის სამართლებრივი ჩარჩოს/ბაზის ადაპტაცია ახალ რეალობასთან“, წერილს ხელი მოაწერეს - ავსტრიამ, ბულგარეთმა, კვიპროსმა, ჩეხეთმა, დანიან, საბერძნეთმა, უნგრეთმა, ესტონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ, პოლონეთმა და სლოვაკეთმა.[1] მათ რიგებში სოციალისტური დანიიდან კონსერვატიულ პოლონეთამდე ქვეყნების ხილვა, ნათლად გამოხატავს ევროპის კონტინენტის ცვალებად დინამიკას კონკრეტულ პოლიტიკებთან დაკავშირებით.

მსგავსი კედლების აღმართვა ევროპას აქცევს - „ევროპის ციხე-სიმაგრედ“ - ტერმინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ნაცისტური პროპაგანდისტების მიერ ევროპაში, ახლა, მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ აღარ წარმოადგენს პოლიტიკურ ანათემას, და  პირიქით იგი  ნაკლებად ნეგატიურ მნიშვნელობასაც იძენს.

უკანასკნელ წლებში გაიზარდა რიგი იმ ქვეყნებისა, რომლებიც უბიძგებენ ევროკავშირს ‘ღობეების’ (fencing) დასაფინანსებლად. 2015 წლის სირიელი ლტოლვილების ნაკადის ზრდის შემდეგ, უნგრეთმა და მისმა პრემიერ მინისტრმა - ვიქტორ ორბანმა - მოსთხოვა ბრიუსელს ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე ფიზიკური ბარიერის დაფინანსება - სერბეთთან და ხორვატიასთან. ლიტვა, რომელიც ხელმძღვანელობდა ზემოაღნიშნულ წერილს კომისიისადმი, აშენებს ბარიერს ბელორუსიასთან 678 კილომეტრიანი საზღვრიდან 502-ზე და მას სურს, რომ ევროკავშირმა ამაში გადაიხადოს - 152 მილიონი ევრო. საინტერესოა, რომ ამ 12 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში გაერთიანდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ საკუთრივ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაგალითად, საბერძნეთმა ხელი მოაწერა ამ წერილს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხარს უჭერს თავშესაფრის მაძიებელთა სავალდებულო გადანაწილებას მთელ ბლოკში - მიდგომას, რომელსაც, თავის მხრივ, სასტიკად ეწინააღმდეგება უნგრეთი. როგორია ამ ყველაფერზე ევროკავშირის პასუხი ? კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, აღნიშნა, რომ მათი მხრიდან არ იქნება მავთულხლართებისა და კედლების დაფინანსება, ხაზი გაუსვა რა იმას, რომ არსებობს უკვე საკმაო დაფინანსება კავშირის ქვეყნების საზღვრების მართვის მხარდასაჭერად, მათთვის მაღალტექნოლოგიური სასაზღვრო (სათვალთვალო) კამერების დაფინანსების ჩათვლით.

საკანონმდებლო ორგანოს უმსხვილესი ჯგუფი, მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) ასევე გამოვიდა ევროკავშირის სასაზღვრო ბარიერის დაფინანსების მხარდასაჭერად - „ჩვენ, როგორც EPP, ვითხოვთ, რომ საგანგებო სიტუაციაში ევროკავშირის სახსრები ხელმისაწვდომი იყო ამ ტიპის საქმიანობის დასაფინანსებლად“ - თქვა პარტიის პრეზიდენტმა - მანფრედ ვებერმა. არ იქნება გასაკვირი იმის აღნიშვნაც, რომ პარლამენტში სიდიდით მეორე ჯგუფმა - სოციალისტებმა და დემოკრატებმა, წინააღმდეგობა გაუწიეს ამგვარი პრაქტიკის დანერგვას.

ლიტვის საგარეო საქმითა პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მსგავსი ბარიერების მშენებლობა არ ხდება მხოლოდ ცალკეულად ქვეყნისთვის, მაგალითად, ლიტვის ბარიერი, მისივე თქმით, მთელ ბლოკს იცავს ბელორუსიისგან.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანამ არ უნდა აიკიდოს მარტომ ეს ტვირთვი, ვინაიდან მიგრანტები საბოლოოდ ევროპის სხვა ქვეყნებსაც მისწვდებიან - გერმანიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის ჩათვლით.

მიუხედავად იმისა, რომ 12 ქვეყნისგან შემდგარმა კოალიციამ შეიძლება მხარდაჭერა მოიპოვოს, ევროკავშირის „დიდი ძალები“ მაინც არ ჩანან ერთგულები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კედლების იდეის მიმართ - ზოგ შემთხვევაში, პირიქით - ამგვარი ბარიერების მშენებლობის მკაცრი მოწინააღმდეებიც არიან.

“I am in favor of a Europe that protects its borders, but not a Europe that puts up barbed wire or walls“ - განაცხადა საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა - კლემენ ბონემ France 2 - ზე საუბრისას - პოლონეთის სასაზღვრო ბარიერის გეგმაზე საპასუხოდ.

გერმანიაში მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი (Horst Seehofer) აღმოჩნდა ღია - სასაზღვრო ბარიერის იდეისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქვეყნის მომავალი მთავრობა, რომელსაც მემარცხენე ცენტრისტული პარტია ხელმძღვანელობს მწვანეებთან კოალიციაში, მხარს დაუჭერს ევროკავშირის კედლების დაფინანსებას.

საინტერესოა ზუსტად ის, რომ ევროკავშირის დაფინანსების მიუხედავად - ევროპაში  გრძელდება კედლების მშენებლობა. 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა აღმართეს, დაახლოებით, 1000 კილომეტრის სახმელეთო ბარიერი, რაც წარმოადგენს ბერლინის 6 კედლის ეკვივალენტს.

რა შეგვიძლია ვთქვათ კომისიის გადაწყვეტილებაზე? იგი, ამტკიცებს ამ პრაქტიკას კონკრეტულ გარემოებებში. როდესაც საშინაო საქმეთა კომისიონერი ილვა იოჰანსონი ეწვია ლიტვას, მან ქვეყნის სასაზღვრო ბარიერს „კარგი იდეა“ უწოდა. გასულ წელს კი, ვონ დერ ლეიენმა შეაქო საბერძნეთი - “for being Europe’s shield”. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ფონ დერ ლეიენნის წარმომადგენელმა - ჟან კლოდ იუნკერმა, სულ რაღაც, 5 წლის წინ განაცხადა - “No fence and no wall is high enough to deter these people from coming to Europe“, გააკრიტიკა რა ამით - ბერძნული კედლის მნიშვნელობა.

კი მაგრამ, კანონი? პოლიტიკური რიტორიკის გარდა ამ დებატში გასათვალისწინებელია სამართლებრივი კომპონენტიც. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა - შარლ მიშელმა - ყურადღება მიიპყრო იმით, რომ განაცხადა - საბჭოს იურიდიული სამსახურის მრჩეველმა დაადგინა, რომ ევროკავშირის მიერ სასაზღვრო ბარიერების დაფინანსება - „ლეგალურად შესაძლებელიაო“. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან დაუშვა ღობეების აღმართვის პრაქტიკა იმ შემთხვევაში, თუ ეს ღობეები იმართება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად.

რეალურად, კანონის პატივისცემა წარმოადგენს ევროკავშირის პერიფერიაზე მყოფი მრავალი ქვეყნისთვის - ხორვატიიდან საბერძნეთამდე - დიდი უთანხმოების წყაროს. ეს უკანასკნელნი კი არიან ქვეყნები, რომლებსაც ბრალი ედებათ რეპრესიების წარმოებაში - რაც წარმოადგენს კანონდარღვევას ჟენევის კონვენციის მიხედვით. მსგავსი ბრალდებების წინაშე მყოფმა - პოლონეთმა უბრალოდ მიიღო კანონი, რომელიც ამ პრაქტიკას ლეგალურს გახდიდა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ ვარშავამ, აგრეთვე, უარი განუცხადა ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ს ბელორუსის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებთან უშუალო წვდომაზე, რისი მიზეციც არის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება საზღვარზე მიგრანტების მოსაგერიებლად.

პოლონეთი-ბელორუსის საზღვრის კრიზისი

ევროკავშირმა ბელორუსია დაადანაშაულა ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების მიზიდვაში. აღნიშნული წარმოადგენდა ჰიბრიდულ თავდასხმას ევროკავშირზე ბელორუსიის მხრიდან, რომელიც მიგრანტებს, პოლიტიკურ იარაღად იყენებს და ამას აკეთებს - ევროკავშირის სანქციებზე საპასუხოდ.

დასავლეთი ბელორუსიას პოლონეთის საზღვარზე მიგრანტების კრიზისის ორკესტრირებაში ადანაშაულებს. ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ იპოვონ ბალანსი - ბლოკის საგარეო საზღვრების დაცვასა და გაუარესებული ჰუმანიტარული კრიზისიგან თავის აცილებას შორის. პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით 3000 ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ევროკავშირში შესვლის იმედი, შეიკრიბა კუზნიცას სასაზღვრო პუნქტთან, ბელორუსის ქალაქ გრონდოს მახლობლად (იხ. დანართი 1). ამაზე საპასუხოდ, პოლონეთმა გაზარდა რეგიონში ძალები 17 000-მდე მეტ სასაზღვრო პოლიციელამდე. მათი განცხადებით, 8 ადამიანი დაიღუპა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში.

დანართი 1

უფლებადამცველი ჯგუფები, მათ შორის Amnesty International და ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი - ადანაშაულებს პოლონეთს მიგრანტების უკანონო დევნაში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პოლონეთის მთავრობამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც აკანონებს რეპრესიებს, ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების „ბოროტად გამოყენებას“, რაც გააკრიტიკეს ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებმა და რასაც ევროკომისია ამჟამად დეტალურად აანალიზებს. წლების განმავლობაში, პოლონეთის ნაციონალისტური მმართველი პარტია ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციას - ქვეყნის კულტურისა და სუვერენიტეტის მზარდ საფრთხედ მიიჩნევდა.

მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე მდგომარეობა დასტაბილურდა, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას, მზად არის კურსის შესაცვლელად. ავტოკრატმა უარყო საზღვარზე კრიზისის პროვოცირება - მიგრანტების თავის ქვეყანაში მოწვევით, თუმცა, აღიარა, რომ „აბსოლუტურად შესაძლებელია“, მის ჯარებს დახმარება გაეწიათ მიგრანტებისთვის პოლონეთში გადასვლის მცდელობებში. BBC-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ისინი [ბელორუსიელები] სლავები არიან, რომლებსაც გული აქვთ და რომ მათმა ჯარებმა იციან, რომ მიგრანტები გერმანიაში მიდიან. აღსანიშნავია, რომ საუბარში ლუკაშდენკო აღნიშნავს, რომ ამიერიდან იგი უარს ამბობს მიგრანტების საზღვარზე შეკავებაზე -  „თუკი ამიერიდან ისინი გააგრძელებენ შემოსვლას, მე არ შევაჩერებ მათ, იმიტომ, რომ ისინი არ შემოდიან ჩემს ქვეყანაში, ისინი მოდიან თქვენსაში“.[2]

პოლონეთის მხარდასაჭერად საზღვარზე ჯარები გაგზავნეს გაერთიანებული სამეფოსა და ესტონეთის მთავრობებმაც (ლატვიაში).

რამ გამოიწვია ევროკავშირის დაპირისპირებამ „ევროპის უკანასკნელ დიქტატორთან“?

ევროკავშირის დაპირისპირება ლუკაშენკოსთან გამძაფრდა მაშინ, როდესაც მან სასტიკად ჩაახშო ქუჩის გამოსვლები, სადაც ათასობით ხალხი აპროტესტებდა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას. 2021 წლის მაისში, ბელარუსმა იძულებით დასვა მინსკში საბერძნეთიდან ლიტვაში მიმავალი რაინეარის თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდა მგზავრი - რომან პროტასევიჩი, დისიდენტი ბელორუსიელი ჟურნალისტი. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია დასავლეთის სანქციების პაკეტი - ბელორუსის წინააღმდეგ.

არ იქნება გასაკვირი იმის აღნიშვნაც, რომ ლუკაშენკოს ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად - რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იქცა. სატელეფონო საუბრისას, მათ განიხილეს პოლონეთის საზღვარზე არსებული სიტუაცია. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მიგრაციული კრიზისის გაღვივებაში თვითონ დასავლეთი დაადანაშაულა და დასძინა, რომ ევროკავშირმა ფული უნდა გადაუხადოს ბელორუსს, ამ კრიზისის შეჩარებაში ზუსტად ისევე, როგორც თურქეთს გაუგზავნა ფინანსური დახმარება 2016 წელს.

თავის მხრივ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოლონეთის მმართველმა პარტიამ - კანონი და სამართლიანობა - ისარგებლა აღნიშნული მდგომარეობით და წარმატებით შექმნა მიგრანტების მიერ ალყაში მოქცეული ერის სურათი, მოახერხა თავისი ნაციონალისტური წარმოდგენების კიდევ ერთხელ თამამად დემონსტრირება და მათი კრიტიკოსების - არაპატრიოტებად შერაცხვა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ მიგრანტები გამოიყენა პაიკებად - პოლიტიკური ჭადრაკის სათამაშოდ. და მაინც, ვინ არიან ეს მიგრანტები და საიდან მოდიან ისინი? - ევროკავშირის სასაზღვრო ძალების - Frontex-ის მონაცემები აჩვენებს, რომ მიგრანტების მთავარი წყარო არის ერაყი. უფრო მცირეა მათი რაოდენობა ავღანეთიდან და სირიიდან, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებიდან (იხ. დანართი 2).

დანართი 2

ბელორუსის მიმართ წაყენებული ბრალდება არის - მიგრანტების მიზიდვა ევროკავშირში მარტივი შესვლის ცრუ დაპირებით. საინტერესოა, რომ ბელორუსია უშვებს უვიზო მიმოსვლას 30 დღის განმავლობაში 76 ქვეყნის მოქალაქისთვის, თუმცა, ეს არ ეხება - ერაყის, ავღანეთისა თუ სირიის მოქალაქეებს. რას აკეთებს ევროკავშირი, მიგრანტთა ამ ნაკადის თავიდან ასაცილებლად?  - ბელორუსის მიმართულებით ზოგიერთი საჰაერო მარშრუტი უკვე დაიბლოკა. თურქეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ განაცხადა, რომ ერაყის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს თურქეთის აეროპორტიდან მინსკში ფრენის უფლება არ ექნებათ. თავის მხრივ, ამას მოჰყვა ბელავიის განცხადება, რომლის მიხედვითაც 2021 წლის 12 ნოემბრიდან იგი არ მიიღებდა ერაყის, სირიის, იემენისა და ავღანეთის მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთიდან მიფრინავდნენ ბელორუსში.[3] Cham Wings -ის განცხადებით, რომელიც ახორციელებს რეგულარულ ფრენებს სირიასა და ბელორუსიას შორის, იგი აჩერებს ფრენებს მინსკში.[4]

რა პრობლემები შეიძლება შეექმნას თავად ლუკაშენკოს აღნიშნული კრიზისიდან? ლუკაშენკოს, რომელსაც ხშირად „ევროპის უკანასკნელ დიქტატორად“ მოიხსენიებენ, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას, თუკი მიგრანტები დაიწყებენ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას თვითონ ბელარუსში, რისი მზარდი ტენდენცია უკვე არსებობს მიგრანტებს შორის, რომლებსაც ლუკაშენკოს ქვეყანა ობიექტურად ურჩევნიათ მშობლიურს. აქ აღსანიშნავია, რომ ბელორუსი, მართმადიდებელი ქრისტიანი ერია, რომელსაც მიგრანტების მიღების არანაირი გამოცდილება არ აქვს და პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, ყოველთვის მტრულად იყო განწყობილი ევროპის საზღვრებს გარეთ მცხოვრები არაქრისტიანი დევნილების მიმართ.

ლტოლვილების იარაღად გამოყენება ყურადღებას ამახვილებს რეალურ საკითხზე - საზღვარზე დარჩენილი ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვაზე. საეჭვო მიგრაციული გარიგებები და ანტიიმიგრაციული შეტყობინებები არა მხოლოდ ძირს უთხრის თავშესაფრის უფლებას, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპული იდეის საფუძველს - მშვიდობის, ადამიანის უფლებისა და ღირსების დაცვას, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის გარანტიას - შიდა საზღვრების გარეშე. სანამ ევროკავშირის ქვეყნები პატივს არ სცემენ თავშესაფრის კანონებს და განაგრძობენ ლტოლვილების მიმართ ძალადობრივ მოპყრობას, სავარაუდოა, რომ ქვეყნები, ბელორუსიის მსგავსად, გააგრძელებენ მისი „მიგრაციის შიშის“ გამოყენებას -“The EU has created its own achilles heel – and human beings continue to pay the price“.

ამდენად, ბელორუსია-ევროკავშირის საზღვარზე მომხდარი სასაზღვრო, ჰუმანიტარული კრიზისი მრავალმხრივ გამოწვევას წარმოადგენს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთობლივი და კოორდინირებული პასუხი. ეს პასუხი უნდა იყოს პროპორციული და ყველა მოქმედება, განსაკუთრებით მოვლენათა ეპიცენტრში, უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებს და იცავდეს ევროპულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, განსაკუთრებით კი - ადამიანის უფლებების პატივისცემას.

ვფიქრობ, კონფლიქტების, კლიმატის ცვლილებისა და სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების გამო მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება ახალი პრობლემა არ არის. თუმცა, დღემდე, შეიძლება ითქვას, ევროკავშირი ვერ ახერხებს აღნიშნულ გამოწვევასთან ეფექტურად გამკლავებას. მინსკის ავტორიტარულმა რეჟიმმა გამოიყენა ევროკავშირის ეს „სისუსტე“ - მოსახლეობის გადაადგილების ინსტრუმენტალიზებით და დაუცველი ადამიანების ბოროტად გამოყენებით, რის მიზანსაც წარმოადგენდა - ევროკავშირზე ზეწოლა, დაკისრებული სანქციების საპასუხოდ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ბელორუსის მიმართ მეტი სანქციის დაწესებას, რაც იქნება შეზღუდვების რიგით უკვე - მეხუთე პაკეტი.

ამდენად, ვფიქრობ, ეს კრიზისი კარგი შეხსენებაა ევროკავშირისთვის, რომ საჭიროა საერთო სრულფასოვანი მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად ძალისხმევის გაორმაგება. აღნიშნული პოლიტიკა კი დაფუძნებული უნდა იყოს სოლიდარობაზე, უსაფრთხოებასა და ლტოლვილთა და მიგრანტთა უფლებების პატივისცემაზე. ამავდროულად, მან უნდა გააძლიეროს გეოპოლიტიკურ მოვლენებზე რეაგირების და ერთხმად საუბრის უნარი.

და ბოლოს, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა - “If it’s ‘Fortress Europe,’ it must have windows and bridges.”
 

 

 

[1] https://www.schengenvisainfo.com/news/several-eu-member-states-call-on-the-commission-to-finance-physical-barriers-as-border-protection-measures/

[2] https://www.bbc.com/news/world-europe-59343815

[3] https://en.belavia.by/news/4836729/

[4] https://twitter.com/ChamWings/status/1459568823208714247?s=20

გააზიარე: