გთავაზობთ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ჯანდაცვის მიმართულების დირექტორის, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის სკოლის პროფესორის, მედიცინის აკად. დოქტორის, ზვიად კირტავას ანალიზსა და რეკომენდაციებს ომიკრონის შესახებ.
ომიკრონის სწრაფად გავრცელება მსოფლიოს რიგ ქვეყნებში უკვე ფაქტია – აშშ-ში ეს შტამი ახალი შემთხვევების 73%-ს შეადგენს, დანიაში – 47%, ბრიტანეთში – 2 კვირაში – 50%-ს მიაღწევს. ომიკრონით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 2 დღეში ორმაგდება. რეინფიცირებისგან დაცულობა კი 85%-დან 20-25%-მდე მცირდება. ეს ყველაფერი ახალი ლოქდაუნების შანსს ზრდის და ომიკრონის დომინაციის ფონზე სამედიცინო ინფრასტრუქტურის და პერსონალის გადატვირთვას გამოიწვევს.
ამავდროულად, საინტერესოა, რომ თავად სამხრეთ აფრიკის იმ რაიონში, სადაც ომიკრონი პირველად დაფიქსირდა (გაუტენგის პროვინციაში) შემთხვევებმა კლება დაიწყო. სამხრეთაფრიკელი ექიმის ანგელიკა კოეთზეს განცხადებით, რომელმაც პირველმა აღწერა ომიკრონით დაავადებული პაციენტები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სხვა ნაწილებში ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯერაც ზრდადია, გაუტენგში მრუდმა დაქვეითება დაიწყო. ყველაზე ოპტიმისტური ინფორმაცია კი ის არის, რომ სახმრეთ აფრიკაშიც და ევროპის ქვეყნებშიც შემთხვევების უმრავლესობა კვლავაც მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება!
თუ შემთხვევების მსუბუქი მიმდინარეობა, სამხრეთ აფრიკის მსგავსად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც შენარჩუნდა, მაშინ შეიძლება გვექნეს ორი საპირისპირო ტენდენცია – ძალიან მაღალი გავრცელება და შემთხვევების შედარებით უკეთესი პროგნოზი. რომელი მათგანი გადაძალავს, ძნელი სათქმელია. შეიძლება რეალური დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე და კრიტიკული დახმარების/რეანიმაციის განყოფილებებზე შედარებით ნაკლები იყოს და მეტი სიმძიმე ამბულატორიული პაციენტების დიდი ნაკადის [დისტანციურ] მართვაზე გადავიდეს. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინფიცირების მკვეთრი მატების ფონზე, ჩვეულებრივ იზრდება მოსახლეობის ფსიქოლოგიური სტრესიც და შიშის გამო ჰოსპიტლების მიმართ მიმართვიანობაც, თუნდაც ისეთ მსუბუქ შემთხვევებში, რომელიც სხვა პირობებში, ალბათ არ გახდებოდა ასეთი მიმართვის მიზეზი. მით უფრო, რომ ზამთრის პერიოდში სხვა რესპირატორული ინფექციებიც მეტი იქნება და დიფერენცირება – რთული (ომიკრონი უფრო ჰგავს ზოგად გაციებას, ვიდრე წინა ვარიანტები).
პირბადეების (მათ შორის ორმაგი პირბადეების ან განსაკუთრებით მაღალი დაცველობის დონის) გამოყენების და დისტანცირების წესების მკაცრად დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ხარჯ-ეფექტური ფაქტორი შეიძლება იყოს ომიკრონის მართვაში და შემთხვევების სწრაფი გავრცელების მინიმიზირებაში.
რაც უფრო მეტ დროს მოვიგებთ, მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი 1-2 თვის განამავლობაში გაცილებით მეტი ინფორმაცია დაგროვდება ომიკრონის შესახებ, მაგალითად, როგორია T-ლიმფოციტებით განპირობებული დაცვის ხარისხი, როგორია ბუსტერ-დოზებით გამყარებული (მათ შორის სინოფარმის/სინოვაკის) დაცვის შესაძლებლობა, ახალი ვაქცინები (მაგ. ნოვავაქსი, აშშ არმიის ახალი ერთდოზიანი – SpFN…) და სამკურნალო პრეპარატებიც იქნება ხელმისაწვდომი. ასე რომ, საზღვრებზე ტესტირება და სავალდებულო კარანტინი/იზოლაცია ასევე გარკვეულ ეფექტს შეინარჩუნებს მანამ, სანამ გავრცელება ძირითადად შემოტანილი შემთხვევებითაა მოსალოდნელი.
ინფიცირების ტემპების მიხედვით, შეიძლება საჭირო გახდეს დისტანციურად სწავლების და მუშაობის მეთოდების გამოყენებაც – ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. თუ ზოგადად გავრცელების ტემპებს გავითვალისწინებთ, ალბათ, ომიკრონის გავრცელების პიკი ჩვენთან იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
ჩვენი მთავარი პრობლემა არის ვაქცინაციით მოსახლეობის დაბალი მოცვა, განსაკუთრებით – ასაკოვანი მოსახლეობის. ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის 70%-ია ვაქცინირებული, აქტიური შემთხვევების მხოლოდ 1-2%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება, ჩვენთან კი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის 10-ჯერ მეტია, რადგან ვაქცინაციის დონე 36%-ია.
მოსახლეობის მოწყვლადი ფენების (ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებებით პაციენტების) დასაცავად მათი სრული და ბუსტერ – ვაქცინაცია უაღრესად მნიშვნელოვანი და სასწრაფო ამოცანაა, რადგან მიუხედავად ომიკრონის ზოგადად შესაძლო მსუბუქი მიმდინარეობისა, მათთვის რისკი დელტას დროსაც ძალიან მაღალია და ომიკრონის დროსაც საკმაოდ მაღალი დარჩება. ამას ემატება ის, რომ რეინფიცირების რისკი ომიკრონის დროს 4-ჯერ და მეტად იზრდება.
მსოფლიო ლიდერებმა უნდა მოახდინონ გლობალური შეთანხმება ღარიბი ქვეყნებისათვის ვაქცინების და დამცავი საშუალებების სასწრაფო და თანაბარი მიწოდების და ერთიანი საინფორმაციო კამპანიის განსახორციელებლად (დღემდე ყველაზე რთული ამოცანა)
თუ ომიკრონის სწრაფმა გავრცელებამ სიკვდილობის მკვეთრი ზრდა და/ან ჰოსპიტალური სექტორის მძიმე კრიზისი არ გამოიწვია, ეს ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე პოპულაციის სწრაფი მატების მიზეზი შეიძლება გახდეს. იმედის სხივი, რომ ომიკრონი კოვიდ-პანდემიას დაასრულებს, არსებობს, მაგრამ ეს სცენარი გარანტირებული არ არის და მისი რეალიზება (ვაქცინირების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებისთვის) რთული იქნება. უახლოესი 2-3 თვე ბევრ რამეს გადაწყვეტს პანდემიის გლობალურ და ლოკალურ კონტესტში.