ესტონეთის თავდაცვის ლიგის როლი ტოტალური თავდაცვის სტრატეგიის რეალიზებაში

ავტორი:

ტოტალური თავდაცვის სტრატეგიიდან საყოველთაო თავდაცვის მიდგომამდე 


1999 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ბალტიის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, ესტონეთმა დაიწყო ეროვნული თავდაცვის სისტემის სტრუქტურული რეორგანიზება, რომელიც, გარკვეულწილად, იზიარებდა ფინურ პრაქტიკას. კერძოდ კი, სარეზერვო არმიისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის შენარჩუნებას, ტერიტორიული და ტოტალური თავდაცვის პრინციპების მიღებას, მოხალისეთა ჩართულობის წახალისებას ეროვნული თავდაცვის უზრუნველყოფაში („კაიცელიტი“), თავდაცვის კურსების შემოღებას (ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კურსები მოქმედებს 1999 წლიდან და აერთიანებს: ესტონელ პოლიტიკოსებს, სამხედრო, სამთავრობო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, კერძო სექტორსა და არა-სამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე პერსონალს). ეს ყველაფერი კი მიზნად ისახავდა სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებას. დასაწყისშივე აღსანიშნავია, რომ ესტონეთის ტოტალური თავდაცვის მოდელში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების პოლიტიკის არა-სამხედრო ასპექტებს, მოქალაქეების ფართო ჩართულობას და მისი იმპლემენტაციის მიდგომა არის ინკლუზიური, რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა სექტორის -სამთავრობო ინსტიტუტები, კერძო სექტორი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები -მონაწილეობას. მისი ამოსავალი წერტილია, შეუნარჩუნოს ქვეყანას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გაზარდოს მოსახლეობის ნდობა მთავრობის/ინსტიტუტების მიმართ და მოქალაქეებს გაუძლიერონ სურვილი დაიცვან ესტონეთი. 


ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო 2000 წლიდან რეგულარულად ატარებს კვლევას  „საზოგადოებრივი აზრისა  და ეროვნული თავდაცვის“ შესახებ, რომელიც სხვადასახვა კომპონენტებში აფასებს მოქალაქეების დამოკიდებულებას და ჩართულობას, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც არის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის  საჭიროება, სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში, ქვეყნის დაცვაში მონაწილეობის მზაობა ან პირიქით მისი დატოვება. სამინისტროს ბრძანების საფუძველზე, 2019  წლის გაზაფხულზე ჩატარდა რიგით 45-ე გამოკითხვა და მონაცემების მიხედვით მოსახლეობაში ჩანს ნდობის მაღალი ხარისხი როგორც სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების, აგრეთვე პარტნიორი ორგანიზაციების/მოკავშირეების მიმართ. 
 


წყარო: „Public Opinion and National Defence Report“,  Ministry of Defence of Estonia, 2019, გვ.21.


რაც შეეხება, მოსახლეობის სურვილს, რომ მიიღონ მონაწილეობა თავდაცვით მოქმედებებში, გვაქვს შემდეგი სახის მოცემულობა: მოქალაქეების 58% აფიქსირებს დადებით პოზიციას, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს ესტონეთის უსაფრთხოებაში, ხოლო მთლიანი მოსახლეობის 80% თვლის, რომ წინააღმეგობის გაწევა საჭიროა. 


თავდაცვის სურვილის დონე, ერთგვარი ინდიკატორია იმისა თუ რამდენად კარგად არის ინფორმირებული ხალხი მათი საშუალებების შესახებ, თუ როგორ დაიცავს ესტონეთი თავს შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.  შესაბამისად, თუ მოსახლეობამ არ იცის ან ვერ აცნობიერებს მათ პოტენციურ როლს სამხედრო კონფლიქტში, მცირეა ალბათობა, რომ ისინი გამოხატავენ მზაობას აქტიურ/პასიურ მონაწილეობაზე.  ესტონეთის შემთხვევაში, მოქალაქეებს აქვთ ისტორიული პრაქტიკა, როგორც შეირაღებული, აგრეთვე, არა-ძალადობრივი ფორმით დაპირისპირების  აღმატებულ ძალასთან, რამაც გამოცდილების დაგროვებასთან ერთად საზოგადოება გახადა უფრო მედეგი და მოქალაქეების ჩართულობა თავდაცვით საქმიანობაში (ცნობიერების და ნდობის ამაღლებით) დაამკვიდროს როგორც კულტურა.  
 


წყარო: „Public Opinion and National Defence Report“,  Ministry of Defence of Estonia, 2019,გვ.37


გამომდინარე იქიდან, რომ უსაფრთხოების სფერო დინამიურია და ბოლო ათწლეულებში ჰიბდირული საფრთხეების ფართო სპექტრიც მის თანმდევ ნაწილად იქცა, ბუნებრივია, დადგა საჭიროება, უკვე არსებული (ტოტალური) მოდელის გადასინჯვისა და მასში ცვლილებების შეტანისა. განსაკუთრებით ორმა მოვლენამ იქონია გავლენა და შექმნა მოთხოვნა შეემუშავებინათ უფრო ეფექტური მიდგომა. პირველი, 2007 წელს ტალინში საბჭოთა ჯარისკაცის მემორიალის გადაადგილება და შედეგად, რუსული უმცირესობების უკმაყოფილება/პროტესტი/კიბერ-თავდასხმა, რამაც გამოიწვია საჯარო დაწესებულებების პარალიზება, ხოლო მეორე 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოს წინააღმდეგ (საინფორმაციო, ფსიქოლოგიური, კიბერ ასპექტები). 2010 წელს შეიმუშავეს ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც ჩნდება ცნება ინტეგრირებული/საყოველთაო უსაფრთხოება, რაც გულისხმობს, მთავრობისა და საზოგადოების საყოველთაო ჩართულობას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. იგი, აგრეთვე, ფარავდა სამხედრო და სამოქალაქო სფეროებს, საშინაო უსაფრთხოება, საერთაშორისო თანამშრომლობა, ფსიქოლოგიური დაცვა.  2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ, კვლავ გადახედეს საკუთარ დოკუმენტს და 2017 წელს მიიღეს ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ეფუძნება საყოველთაო ეროვნული თავდაცვის მიდგომას და აქვს 6 ძირითადი მიმართულება: სამხედრო თავდაცვა, სამოქალაქო მხარდაჭერა სამხედრო თავდაცვისთვის, საერთაშორისო საქმიანობა, შიდა უსაფრთხოება, სახელმწიფოსა და საზოგადოების უწყვეტი ფუნქციონირება და ფსიქოლოგიური თავდაცვა. 
 

 

საყოველთაო თავდაცვის მიმართულებები

 

 

მიზნები და ამოცანები

 

1. სამხედრო თავდაცვა

  • შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობების მიუხედავად დაიცვას დამოუკიდებლობა;
  • გააძლიეროს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა (HNS),სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება ნატოს მრავალეროვნული ძალების განთავსებისთვი;
  • უზრუნველყოს რეზერვის სწრაფი მობილიზება, (ოპერატიული წარმატების წინაპირობა);

 

2. სამოქალაქო მხარდაჭერა სამხედრო თავდაცვისთვის

  • სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა (აეროპორტი, გზები, საავადმყოფო..), მოსახლეობისა და პარტნიორებისათვის დახმარების მისაღებად;
  • თანამშრომლობა საჯარო სექტორსა და კერძო ბიზნესთან;

 

3. საერთაშორისო საქმიანობა

  • ნატო-ს ძალისხმევის გაძლიერება რუსეთის შეკავებისთვის, ბალტიის ზღვის რეგიონსა და ესტონეთში მოკავშირეთა სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდით;
  • ევროკავშირის წევრობა უზრუნველყოფს ეკონომიკის უსაფრთხოებასა და ცივილიზაციურ არჩევანს;

 

 

 

4. შიდა უსაფრთხოება

  • სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესება, ემიგრანტების მენეჯმენტი, მასობრივი განადგურების იარაღისა და ორგანიზებულ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;
  • ოხალისეობრივი აქტივობებისა  და არა-სამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მხარდაჭერა ადგილობრივი თემის უსაფრთხოებაში.
     

 

5. სახელმწიფოსა და საზოგადოების უწყვეტი ფუნქციონირება

  • 14 კატეგორიზებული სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო ინსტიტუტებს მიერ საომარ სიტუაციაში:  (ელექტროენერგია, საწვავი, წყალი,.); სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა (სატელეფონო ქსელი, საგადასახო სერვისები, ელექტრონული მმართველობა..)

 

 

 

6. ფსიქოლოგიური დაცვა

  • მტრული გავლენის მქონე წყაროების იდენტიფიცირება/განეიტრალება;
  • ხალხის სურვილის გაძლიერება ჩაერთოს თავდაცვაში და სახელმწიფოებრივ აზროვნებაში;
  • მედეგი და ერთიანი საზოგადოების მშენებლობა.

 

წყარო: “New Ideas for Total Defense: Comprehensive Security in Finland and Estonia ”, Center for Eastern Studies,2020. გვ.40-49 


ესტონეთის თავდაცვის ლიგა - „კაიცელიტი“


ესტონეთის თავდაცვის ლიგა წარმოადგენს, მოხალისეობრივ ეროვნული თავდაცვის ორგანიზაციას, რომელიც მოქმედებს თავდაცვის სამინისტროს არეალში. მოწყობილია სამხედრო პრიციპების შესაბამისად, ფლობენ იარაღს და ატარებენ სამხედრო წვრთნებს. ორგანიზაცია დაარსდა 1918 წლის 11 ნომბერს, საუკუნოვან გამოცდილებასთან ერთად (აღინიშნა „კაიცელიტის 103 წლისთავი) მას აქვს საკუთარი კანონმდებლობა ე.წ. „ესტონეთის თავდაცვის ლიგის აქტი“, რომელიც განსაზღვრავს ლიგის და მისი წევრების როლს მშვიდობის, კრიზისული სიატუაციისა და საომარი მდგომარეობის დროს. თავდაცვის ლიგასთან აფილირებული ორგანიზაციებია: „ქალთა მოხალისეობრივი თავდაცვის ორგანიზაცია“, „ახალგაზრდა არწივები“ და „Home Daughters“. ჯამში, ლიგას ჰყავს 26 000 მოქმედი წევრი აღნიშნული ერთეულების ჩათვლით.  მას გააჩნია საკუთარი კიბერ-უსაფრთოების  ერთეული, რომელიც კიბერ-სივრცისა და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის დაცვაზეა ორიენტირებული. ქვედანაყოფები დანაწილებულია ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად და ჯამში ფარავს ქვეყნის 15 რაიონს.


ლიგის ამოცანებია: „ტერიტორიული ქვედანაყოფების მომზადება სამხედრო თავდაცვისთვის, სტრატეგიული ადგილების დაცვაში მონაწილეობა, კიბერ-თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება“.  თუმცა, უმთავრესია „მოსახლეობის ინფორმირება/მზადყოფნის გაზრდა იმისათვის, რომ დაეხმარონ ესტონეთის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, აღნიშნულის რეალიზება კი ხდება სამხედრო თავდაცვითი აქტივობების დაგეგმვით, პარტიზანული მოქმედებების და წინააღმდეგორბივი მოძრაობების ჩათვლით“ („National Defense Stratehy of Estonia“, 2011.გვ.12-13).  


მოხალისეობრივი ორგანიზაცია, მისი ამოცანებიდან გამომდინარე, ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს, ერთი მხრივ, შეიარაღებულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნულ თავდაცვასა და შიდა უსართხოებას  შორის. მობილიზაციის შემთხვევაში, ლიგა ხდება თავდაცვის ძალების გამაძლიერებელი და სამხედრო კონფლიქტისას არარეგულარი ბრძოლის მეთოდებით ცდილობს მტრის შეჩერებას, ხოლო მშვიდობის დროს მონაწილეობს კრიზის მართვასა და სამაშველო ოპერაციებში. მაგალითად, 2014 წელს, ტალინში, ბარაკ ობამას ვიზიტისას, ლიგის 300 წევრი მიამაგრეს პოლიციას უსაფრთოების უზრუნველყოფაში. 2016 წლის მონაცემებით, ლიგის მოხალისეები 4372 სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ. ლიგის წევრები მონაწილეობას იღებენ რეგულარი ძალების წვრთნებში (ნატო-ს ჯარებთან ერთად), იცავენ ამფიბიურ სადესანტო ზონებს, უზრუნველყოფენ ანტი-სატანკო მხარდაჭერას, იცავენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას  და, აგრთვე, გადიან სწავლებას პოლიციასთან, სასაზღვრო დაცვასთან, მეხანძრე/მაშველებთან. ქუჩებში პატრულირების სწავლებების  მთავარი მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა არეულობის შემთხვევაში. შესაბამისად, ლიგასთან მიმართებაში არსებობს ინსტუტიციათაშორისი  მიდგომა და მისი პოტენციალის ეფექტურად გამოყენება სხადასხვა პრობლემებთან გასამაკლავებლად (ბუნებრივი კატასტროფა, მოსახლეობის ევაკუაცია, სამძებრო/სამაშველო სამუშაოები..).


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საყოველთაო თავდაცვის მიდგომის განხორციელებაში  ესტონეთის თავდაცვის ლიგა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია განსაკუთრებით სამხედრო თავდაცვის, შიდა უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური თავდაცვის გაძლიერებაში. 

 

გამოყენებული ლიტერატურა

(2019). In Public Opinion and National Defence Report“, Ministry of Defence of Estonia (pp. 21-37). Ministry of Defence of Estonia.

Estonian Defence League. (n.d.). Retrieved from https://www.kaitseliit.ee/en/edl

J., S. (n.d.). Deterring Russian Aggression In the Baltic States Through Resilience and Resistance. Rand Corporation.

(2011). National Defence Strategy of Estonia. Estonian Ministry of Defense.

New Ideas for Total Defense: Comprehensive Security in Finland and Estonia ”,. (2020). In P. Szymański. Center for Eastern Studies.

Osburg, M. K. (2019). Total Defense: How the Baltic States Are Integrating Citizenry Into Their National Security Strategies. Small Wars Journal.

 

 

 

 

გააზიარე: