ემილ ავდალიანი - ევროპაში სამიტების სერიამ კიევს და განსაკუთრებით მოსკოვს ტრანსატლანტიკური საზოგადოების ერთობა უჩვენა, ამერიკა ისევ ლიდერია, რომელიც ყველა საკითხზე მუშაობს ევროპელ და აზიელ მოკავშირეებთან


უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ვაშინგტონის ნატოს, ევროკავშირის, G7-ის, ევროპული საბჭოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რამდენად ეფექტური და საკმარისია ვაშინგტონისა და კოლექტიური დასავლეთის ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, აგრეთვე უკრაინის ირგვლივ მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.


- ბატონო ემილ, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, ერთი თვე გავიდა. ფაქტია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა საერთაშორისო ურთიერთობებში უდიდესი მნიშვნელობის ძვრები გამოიწვია.
 

ფაქტია, რომ კრემლმა უკრაინაში ომის დაწყებით, რომელსაც ის სპეცოპერაციას უწოდებს, სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ევროპა და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო ასეთი კონსოლიდირებული არასდროს ყოფილა.
 

უკრაინელი ხალხის მედეგობისა და რუს ოკუპანტებთან თავგანწირულმა ბრძოლამ განაპირობა ის, რომ რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზეც აგებს, აგებს საინფორმაციო ომს და მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური სანქციების გამო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდება.
 

უკრაინისთვის გასული კვირა უკრაინისთვის და ევროპისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნატოს სამიტზე, G-7-ის შეკრებაზე და ასევე ევროპის საბჭოს სხდომაზე უკრაინის საკითხი განიხილებოდა.
 

დღეს ბევრი საუბრობს, რომ კიევი მეტს ელოდა, ნატო-მ და ევროპამ უკრაინა აგრესორ რუსეთთან ერთ-ერთზე დატოვა. მაგრამ, ეს რომ ასე არაა, ამის დანახვა ძნელი არ უნდა იყოს, რადგან რომ არა ნატოს დახმარება უკრაინაზე კონტროლი კრემლს კარგა ხნის წინ ექნებოდა დამყარებული. უკრაინასთან დაკავშირებით G-7-ისა და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებებზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ.
 

თქვენ როგორ შეაფასებდით საერთაშორისო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ნატომ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო მიიღო?
 

- რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სხვა არაფერია თუ არა მცდელობა შეცვალოს არსებული მსოფლიო წესრიგი. უკვე ათწლეულებია, რაც რუსი პოლიტიკოსები და კრემლთან აფილირებული მკვლევრები ამუშავებენ იდეებს თუ როგორ უნდა დაიბრუნოს რუსეთმა წარმმართველი პოზიცია მსოფლიო არენაზე. მათ ეს შესაძლებლად მიაჩნიათ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის რადიკალური შეცვლის ფონზე.
 

ომი უკრაინის წინააღმდეგ, მართალია გეოგრაფიულად უკრაინის ტერიტორიით არის შემოსაზღვრული, მაგრამ რეალურად არის მოსკოვის მცდელობა გარდაქმნას ევროპის უსაფრთხოების კონცეფცია. მოსკოვს სურს ლიბერალური წესრიგი ჩანაცვლდეს გავლენის სფეროებით, სადაც დიდ ევრაზიულ ქვეყნებს ხელშეუშლელად შეეძლებათ სამეზობლოზე თავისი წესრიგი დაამყარონ. რუსეთისთვის ესაა ყოფილი საბჭოთა სივრცე, ჩინეთისთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ირანისთვის – ერაყი, ლიბანი, სირია, იემენი და ა. შ.
 

რუსეთი ე.წ. „ევრაზიული წესრიგის“ დამყარებას ცდილობს, სადაც ალიანსები, ამ სიტყვის დასავლური გაგებით, აღარ იქნება სახელმწიფოებს შორის წარმმართველი კონცეფცია. სანაცვლოდ, რუსეთი შეეცდება ისეთი ურთიერთობების დამყარებას, როგორიც მას დღეს ჩინეთთან გააჩნია. რუსეთი და ჩინეთი არ არიან ოფიციალური მოკავშირეები, მაგრამ მათ ბევრი რამ აახლოებს, რაც ხშირად მათ ურთიერთობებს უფრო კომფორტულს ხდის.
 

სხვა სიტყვებით, რუსეთი realpolitik-ის მომხრეა, სადაც ცვალებადი ბალანსი ძალებს შორის ურთიერთობების საწყისს წარმოადგენს. თუ ასეთი წესრიგი დამყარდება, საერთაშორისო ურთიერთობები, როგორსაც ჩვენ ათწლეულებია მივეჩვიეთ, წარსულს ჩაბარდება. ახალი ერა იქნება ბევრად ქაოსური და განსაკუთრებით მტკივნეული პატარა ქვეყნებისთვის. საქართველოს განვითარებისთვის საუკეთესო გარემო ლიბერალური წესრიგია. ყველა სხვა იდეა ჩვენ მხოლოდ დაგვაზარალებს.
 

რუსეთმა ომი წამოიწყო, რადგან სჯეროდა, რომ დასავლეთი სუსტია. ამის მინიშნებები მართლაც იყო, მაგრამ რუსების მოლოდინი აშშ-ის და ევროპის გახლეჩისა გადაჭარბებული აღმოჩნდა. დღეს, დასავლეთი გაერთიანებულია როგორც არასდროს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
 

ჩინეთი და ბევრი სხვა ევრაზიის დიდი ქვეყანა, მართალია არ აკრიტიკებს რუსეთს, მაგრამ არც განსაკუთრებული დახმარების გაწევა უნდა. ჩინეთს, ირანს, პაკისტანს, ნაწილობრივ ინდოეთს, ამ სახელმწიფოებს დასავლეთის გავლენის შემცირება სურთ, მაგრამ ყოველთვის ერიდებიან პირდაპირ კონფრონტაციას. პუტინი, ფაქტობრივად, მათ საქმეს აკეთებს, რის გამოც ის მათგან მინიმუმ დიპლომატიურ მხარდაჭერას მაინც დაიმსახურებს.
 

- კარგია, რომ ნატო-მ, მართალია გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ უკრაინას უნდა დახმარებოდა, ისიც კარგია, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკით დახმარებას, გააძლიერებს თავის ყოფნას აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყანაში და დაიწყებს ნატოს აპრილის მინისტერიალისთვის მზადებას.
 

ვხედავთ, რომ მოსკოვს ძალიან უნდა უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ წარმოებულ ომში ნატო სრულფასოვნად ჩაერთოს, მაგრამ ალიანსი ამას არ აკეთებს, თუმცა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინამ შეძლოს აგრესორ რუსეთთან თანამედროვე იარაღით გამკლავება.
 

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნატოს სამიტს ამ სიტყვებით მიმართა - „ჩვენი სამხედროების ხათრით, გთხოვთ, აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს - ნატო-მ უნდა აჩვენოს, რა შეუძლია ალიანსს ადამიანების გადასარჩენად, მსოფლიო გელოდებათ“.
 

მან ასევე ნატოელ პარტნიორებს შეახსენა, რომ უკრაინა ახლა ევროპას იცავს რუსული აგრესიისა და „რუსული წესრიგისაგან“. იმაზე, რომ ახლა როგორ არასდროს ევროპული უსაფრთხოების სისტემა საფრთხეშია.
 

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, როგორ შეაფასებდით ნატოს მოქმედებას, აღმოსავლეთ ევროპაში თავის ფლანგის გაძლიერებას და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე იმის მტკიცებას, რომ ახლა უკრაინას ნატოში არ მიიღებენ?
 

- მოგვწონს ეს თუ არა, ნატოს პოლიტიკა საკმაოდ თანმიმდევრულია. ალიანსი არ ჰპირდებოდა უკრაინას ომში ჩართვას არც ომამდე, არც ომის დაწყების შემდეგ. რეალურად, დასავლეთი და მათ შორის ნატო მიყვება ამ მომენტისთვის მოქმედებების ოპტიმალურ ვარიანტს.
 

გასაგებია, რომ კიევისთვის უმჯობესია ნატო პირდაპირ ჩაერთოს ომში, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება დასავლეთში ჯერ არ მომწიფებულა.
 

შესაბამისად, იმ წინააღმდეგობების და მსჯელობის ფონზე რაც დღეს დასავლეთში გვაქვს, უკრაინისადმი დღევანდელი სამხედრო-ეკონომიკური პოლიტიკა ერთადერთ სწორ მიდგომას წარმოადგენს.
 

იარაღი და ფული – ეს ის ინსტრუმენტებია, რომლითაც ჯერჯერობით ხერხდება რუსეთის ჯარის არამარტო შეკავება, არამედ ზოგ მიმართულებაზე უკან დახევაც კი.
 

გრძელვადიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, თუ უკრაინის მდგომარეობა გაუარესდება ნატოს მოუწევს რაღაც ფორმით პასუხის გაცემა.
 

ეს შეიძლება ჯარების დასავლეთ უკრაინაში შეყვანა იყოს, ან უკრაინისთვის ბევრად მძლავრი შეიარაღების მიწოდება. ნათელია, რომ ნატოს ქვეყნებში მწიფდება მოსაზრება, რომ არასტაბილური ან რუსეთის მიერ თუნდაც ნახევრად დაპყრობილი უკრაინა იმავენაირად საფრთხის შემცველი არის ევროპის უსაფრთხოებისთვის, როგორც უშუალოდ ალიანსზე სამხედრო თავდასხმა.
 

- ნატოს სამიტზე ბევრი განცხადება გაკეთდა უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო გეგმებზე. ბირთვული იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ლიდერები კარგა ხანია თავად საუბრობენ. ფაქტია, რომ კრემლი აგრძელებს სხვადასხვა ფორმით ევროპის დედაქალაქების შანტაჟს.
 

ნატოს სამიტზე მკაფიოდ ითქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს იქნება ის „წითელი ხაზი,“ რომლის შემდეგაც რუსეთს კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა მოუწევს.
 

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღს კრემლი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, „თუ რუსეთს ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება.“ ამ თემაზე პუტინის მრჩევლის მედინსკის განცხადებაც იმაზე მიანიშნებს, რომ არაა გამორიცხული რუსეთის ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს ამზადებს მასობრივი განადგურების იარაღის გამოსაყენებლად.
 

რას შეიძლება ნიშნავდეს ნატოს სამიტზე რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საუბარი, ასევე პუტინთან დაახლოებული პირების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე გაკეთებული განცხადებები?
 

- რუსეთის მხრიდან მასობრივი განადგურების შეიარაღებაზე საუბარი უფრო სისუსტის გამოხატულებაა, ვიდრე სხვა რამ. ეს არ ნიშნავს, რომ გამოყენების საშიშროება არ არის. პირიქით, რუსეთის პოლიტიკური კლასის განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება უკრაინას ეგზისტენციალურ საკითხად განიხილავს.
 

რუსეთის მარცხი უკრაინაში ბევრად უფრო დიდი რამ იქნება, ვიდრე 1905 წელს იაპონიასთან წაგება ან ავღანეთიდან ჯარების გაყვანა. მეტიც, ვფიქრობ, ეს ჩეჩნეთის ომში მარცხზე უფრო მეტად იქნება აღქმული.
 

რატომ ფიქრობენ ასე რუსი პოლიტიკოსები ჩვენთვის გაუგებარია. იმპერიალიზმი, ნაციონალიზმი, უკიდურესად დამახინჯებული წარმოდგენები ისტორიაზე, ახალი ანტი-ლიბერალური მსოფლიო წესრიგის აშენების გამძაფრებული სურვილი, ეს ყველაფერი უკრაინის საკითხს რუს პოლიტიკოსებს მკაცრად რადიკალურ ფერებში უხატავს.
 

ზუსტად ესაა ყველაზე სახიფათო მდგომარეობა, როდესაც შენ ერთ რომელიმე საკითხს შენი ქვეყნის არსებობას უკავშირებს. ეს მაფიქრებს იმაზე, რომ, რამდენადაც ეს ახლა არარეალისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, რუსეთს მართლაც შეუძლია ბირთვული და ქიმიური შეიარაღების გამოყენება თუ მარცხის საშიშროების წინაშე დადგება.

 

აქტია რომ რუსეთი უკრაინის გარეშეც შეძლებს ცხოვრებას, უბრალოდ ის ვეღარ იქნება იმპერია, ვეღარ იქნება ისეთი ამბიციური, როგორც მას ისტორიულად ყოველთვის სურდა ყოფილიყო.
 

ზუსტად ამ იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმა არის ყველაზე რთული და რუსები ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ, ან არ სურთ. გერმანიას ამისთვის ორი მსოფლიო ომში მარცხი დასჭრიდა, იაპონიას – ერთი. ფრანგებმა და ინგლისელებმა ეს მეტნაკლებად უმტკივნეულოდ მოახერხეს, თუმცა, პროცესი ათწლეულებზე გაიწელა. რუსეთის შემთხვევაში საბჭოთა კავშირის დაშლა არ იყო საკმარისი.
 

არც ის 30 წელი, რომელიც ამ ამბის შემდეგ გავიდა. და ვეჭვობ, რომ კიდევ ბევრი ათწლეული დასჭირდება, თუ არა სრულმასშტაბიანი სამხედრო მარცხი ან რომელიმე სხვა კატაკლიზმი, რომელიც რუსულ საზოგადოებაში სრულ გადაფასებას გამოიწვევს.
 

რუსეთი ხომ ისტორიულად მოწყვეტილი იყო რენესანსს, პროტესტანტიზმს, განმანათლებლობას და ბევრ სხვა იდეას თუ სამეცნიერო პროგრესს, რაც დასავლეთში საუკუნეების განმავლობაში ლიბერალურ საზოგადოებას ქმნიდა.
 

ბევრი უარყოფითი გამოუწვევია ამ პროცესებს. განა ლიბერალურ ევროპაში არ იქმნებოდა საკონცენტრაციო ბანაკები და ეწყობოდა გენოციდები?! მაგრამ, ლიბერალური იდეის უპირატესობა ზუსტად ესაა, რომ თავის წიაღში დაბადებულ სიმახინჯეს ის ყოველთვის ამარცხებს და პროგრესისკენ მიიწევს.


ამის მოხერხება მხოლოდ საუკუნოვანი ტრადიციებიდან გამომდინარე შეიძლება, რაც ევროპას (დასავლეთს) გააჩნია. მსგავსი ისტორიული გამოცდილება კი რუსეთს არ აქვს. ამიტომაც, ჩვენ არ უნდა ველოდოთ რუსეთში იმპერიალიზმის, მესიანიზმის და ნაციონალიზმის სწრაფად მოშორებას. ეს რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ.
 

- ნატოს სამიტის პარალელურად G7-ის ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ასევე იმსჯელეს უკრაინა-რუსეთის ომსა და რუსული აგრესიის შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
 

G7-ის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ G7- არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ პუტინს, ამ აგრესიის არქიტექტორებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ.ბაიდენმა G7--ის შედეგებზე საუბრისას განაცხადა,, რომ რუსეთის ადგილი არც G-20-არ იქნება.
 

ევროპული საბჭომ განაცხადა - სანქციებისთვის გვერდის ავლის, ან რუსეთისთვის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა უნდა შეწყდეს.
 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე განაცხადა - „მოლაპარაკებები გამოავლენს, ვინ არის უკრაინის მეგობარი, ვინ არის პარტნიორი და ვინ გვიღალატა ფულისთვის“.
 

როგორ შეაფასებდით G7--სა და ევროპული საბჭოს სხდომის შედეგებს და თქვენი აზრით ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებმა რა უჩვენა კიევსა და აგრესორთან ომში ჩაბმულ უკრაინის ხელმძღვანელობას ანდა უკრაინელ ხალხს?
 

- ევროპაში სამიტების სერიამ კიევს და განსაკუთრებით მოსკოვს ტრანს-ატლანტიკური საზოგადოების ერთობა უჩვენა. ეს სიმბოლურიცაა და ძალზედ პრაქტიკულიც, რადგან ამან რუსეთის მოლოდინები ლიბერალური წესრიგის სწრაფი ჩამოშლისა ერთიანად დაასამარა. ამერიკა ისევ ლიდერად გამოვიდა, რომელიც ყველა საკითხზე ინტენსიურ მუშაობას აწარმოებს თავის ევროპელ და აზიელ მოკავშირეებთან.
 

ჩვენ შეიძლება სკეპტიკურად ვუყურებდეთ ბაიდენს, მაგრამ მისმა პოლიტიკამ უზარმაზარი შედეგი გამოიღო. მოქნილი დიპლომატიური სვლებით ამერიკამ ხელახლა დაიბრუნა თავისი წარმმართველი პოზიცია მსოფლიოში.
 

ამ სამიტების მოწყობა მარტო რუსეთზე არ იყო გათვლილი. ჩინეთი და სხვები ყურადღებით აკვირდებიან როგორ პასუხობს დასავლეთი რუსეთის აგრესიას. სისუსტე ამერიკისთვის უარყოფით შედეგებს მოიტანს ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში. ამიტომაც, ძლიერი პოზიციით ვაშინგტონს ასევე სურს სხვა პოტენციური სამხედრო მოწინააღმდეგეების დაშოშმინება.
 

- ამ ერთი თვის განმავლობაში რუსეთს ძალიან ბევრი და მისთვის მტკივნეული ეკონომიკური სანქცია დაუწესდა. რუსულ გემებს ეკრძალებათ პორტებში შესვლა, ფერადი ლითონების გაყიდვა და კიდევ უამრავი რამ.
 

მაგრამ, ფაქტია რომ რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდება რუსეთის ენერგომატარებლებზე დაწესებული ემბარგო, რომლითაც ავსებდა კრემლი ქვეყნის ბიუჯეტს.
 

გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები მუშაობენ იმაზე, რომ მაქსიმალურად შეამცირონ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება. ამ პროცესმა ისეთი მასშტაბები მიიღო, ისეთი პირი უჩანს, რომ რუსეთი მართლაც ვერ შეძლებს ენერგომატარებლების გაყიდვიდან საკმაოდ სოლიდური თანხებით ბიუჯეტის შევსებას.
 

რამდენად ეფექტური და წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს დასავლეთის მხრიდან რუსეთისათვის ეკონომიკური სანქცირების დაწესება და იმისთვის ხელის შეწყობა, რომ რუსეთს არ ჰქონდეს მსოფლიო ბაზრებთან, მსოფლიო კაპიტალის ბაზრებთან, და ისეთ ტექნოლოგიებთან წვდომა, რაზეცაა დამოკიდებული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროები?
 

- თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ სანქციები რუსეთს ვერ შეაწყვეტინებს ომის წარმოებას ისე სწრაფად, როგორც ეს ჩვენ გვინდა. მართლაც, ერთი თვე გავიდა და არ ჩანს იმის ნიშნები, რომ მოსკოვი სამხედრო კამპანიის შეჩერებისკენ დგამდეს ნაბიჯებს.
 

სანქციები ეფექტიანია მაშინ თუ ისინი სრულმასშტაბიანია და აუცილებლად შეთამაშებულია სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან: იარაღის მიწოდება, დიპლომატიური წნეხი, რუსეთის იზოლირება საერთაშორისო არენაზე და ა.შ.
 

დღეს რასაც ვხედავთ არის დასავლეთის მიერ უპრეცედენტო სანქციების დაწესება მსოფლიოს მნიშვნელოვან ეკონომიკაზე. ასეთი მაგალითები „ცივი ომიდან“ მოყოლებული ჩვენ არ მოგვეპოვება. მაგრამ ეს სანქციები მაინც „სრულყოფილი“ არაა.
 

დასავლეთი ყოველდღიურად ჯერ კიდევ ურიცხავს მოსკოვს ასეულობით მილიონ დოლარს მიწოდებული გაზის სანაცვლოდ. სხვა სიტყვებით, დასავლეთის მიერ გადარიცხული ფული რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების წარმოებას ხმარდება.
 

ამიტომაა, რომ ანალიტიკოსები და მკვლევრები მთავარ დარტყმად რუსულ გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგოს დაწესებას მიიჩნევენ. ეს რადიკალურად შეამცირებს მოსკოვის ფინანსებს და, რაც მთავარია, კრემლი ვერ მოახერხებს ალტერნატიული ბაზრების მოძიებას, სადაც მას ევროპელების მსგავს გაზის ტარიფებს გადაუხდიან.
 

ჩვენ არ უნდა შევიქმნათ ილუზიები. სანქციებით ომების მოგება არ ხდება. სრული ემბარგოს შემთხვევაშიც კი მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთი უკრაინაში აგრესიას გააგრძელებს. მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მოსკოვს აღარ ექნება ფული და მოუწევს დათმობებზე წასვლა. ომების მოგება ბრძოლის ველზე ხდება.
 

დღეს რასაც ვხედავთ უკრაინაში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ უკრაინა რუსეთისთვის „მეორე ავღანეთად“ იქცეს. ამიტომაც, სანქციებთან ერთად უნდა იყოს იმის გააზრება, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის უფრო მეტი შეიარაღების მიწოდება და რუსეთის იზოლირება დიპლომატიურ დონეზე.
 

- უკრაინაში მოვლენათა სხვადასხვა სცენარებს კი განიხილავენ აშშ-ში, დასავლეთში, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნასა და ბარბაროსობას.
 

რუსეთის ექსპრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა - „სანამ უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციის შედეგები მიღწეული არ არის, ოპერაცია უკრაინაში უნდა გაგრძელდეს, როგორც ეს რუსეთის პრეზიდენტმა ჩაიფიქრა.“
 

ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინაში სტრატეგიული და ტაქტიკური მარცხის შემდეგ კრემლი მხოლოდ ახლა განიხილავს უკრაინაში მისი მოქმედებების გეგმა ბ-ს. სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს უკრაინაში მოსკოვის შემდგომი მოქმედების გეგმა და რამდენად რეალიზებადი შეიძლება იგი აღმოჩნდეს?
 

- ომის დაწყებამდე დასავლეთში ფაქტობრივად რამდენიმე ანალიტიკოსს თუ სჯეროდა, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან კამპანიას დაიწყებდა. აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ პუტინი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა.
 

ბევრი მიზეზი არსებობდა, რის გამოც უკრაინის დაპყრობის იდეა წარმოუდგენელი იყო. ამ არგუმენტებს შორის უმთავრესი იყო გეოგრაფია. შეუძლებელია უკრაინის დაკავება მისი უზარმაზარი გეოგრაფიული მასშტაბების გამო, სადაც გარდაუვალი იყო სახალხო გამოსვლები და პარტიზანული ბრძოლები, თუნდაც რუსეთს მოეხერხებინა კიევის და სხვა ქალაქების აღება რამდენიმე დღის განმავლობაში. დღეს ზუსტად ეს სცენარი გათამაშდა.
 

უკრაინულმა ჯარმა სასწაულები კი ჩაიდინა, მაგრამ მისი მთავარი მოკავშირე მაინც გეოგრაფიაა. ტერიტორიული სიღრმე, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია მის დაპყრობას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის.
 

უკრაინა არაა საქართველო, სადაც 2008 წელს რუსეთმა სწრაფად მოახერხა თავისი ძირითადი სამხედრო მიზნების მიღწევას. ჩვენთან არ არსებობს ტერიტორიული სიღრმე, ჩვენ ვერ დავთმობთ ას კილომეტრს, რათა კონტრშეტევა განვახორციელოთ. ჩვენთვის ასი კილომეტრი უკვე ქვეყნის მესამედია. უკრაინელებს ამის ფუფუნება გააჩნიათ.
 

მეორე უმთავრესი პრობლემა, რომელსაც რუსები შეეჯახნენ არის დიდი მოსახლეობა. მოსახლეობის უზარმაზარი გადინების ფონზეც კი, ქვეყანას საკმარისი ადამიანური რესურსი გააჩნია რუსეთთან ომის საწარმოებლად.
 

ამიტომაც, ვფიქრობ, როგორ წარმატებებსაც არ უნდა მიაღწიოს რუსეთმა (იქნება ეს კიევის, ოდესის ან სხვა ქალაქების აღება), მთავარი, რასაც ის ვერ მოერევა არის გეოგრაფიული სივრცე. აქედან გამომდინარე, რუსეთი ალბათ შეეცდება აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, მეტი ტერიტორიის დაკავებას.
 

ამის პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა, როდესაც ბოლო სამხედრო ბრიფინგზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ომის მეორე ფაზის დაწყება დააანონსა. ახლა ყურადღება დონბასის აღებაზე იქნება გადატანილი.
 

- როგორც ირკვევა, პეკინმა კი მოისმინა ვაშინგტონისა და ევროპელი პარტნიორების გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ჩინეთის არ უნდა დაეხმაროს რუსეთს სანქციების გვერდის ავლით მიიღოს საჭირო საქონელი, მაგრამ სხვადასხვა წყაროებით მტკიცდება, რომ ჩინეთიდან რუსეთში ყაზახეთის გავლით შედის პროდუქცია რუსეთისათვის.
 

იყო მოლოდინი, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენდა, ასეც ხდებაო ამბობენ, რადგან ჩინეთი აშშ-სა და ევროპის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, როგორც ჩანს, პეკინი ბოლომდე არ თუ ვერ წირავს რუსეთს, რომლის მართვის, პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც ჩინეთის.
 

დამკვირვებელთა ნაწილი კი ამ თემაზე მსჯელობისას იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ როგორც ჩანს, ვაშინგტონი და ჩინეთის ტაივანის თემაზე ვერ შეთანხმდნენ. ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ თუ ჩინეთმა რუსეთის დახმარება არ შეწყვიტა, რუსეთი ეკონომიკურად კიდევ დიდხანს შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს კოლექტიური დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს.
 

თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პროცესებში ჩინეთის როლსა და პოზიციებს?
 

- ჯერჯერობით, ჩინეთი რუსეთის ქმედებების დაგმობისგან თავს იკავებს. ის ასევე თავს არიდებს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ომად, ან აგრესიად მოხსენიებას. პეკინმა ასევე ხაზი გაუსვა თავის უარყოფით დამოკიდებულებას დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიმართ.
 

ჩინეთის პოზიცია ემყარება მოსკოვთან ათწლეულების განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას, რაც აისახა მაღალფარდოვანი განცხადებებითა და ამბიციებით, რომელიც პეკინის ოლიმპიადაზე საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი ეპოქის დაწყების თაობაზე ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციაში იყო წარმოდგენილი.
 

ჩინეთმა თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე, რომელიც გმობდა მოსკოვის ქმედებებს. ჩინეთი ასევე იმ ხუთ სახელმწიფოს შორის იყო, რომელმაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავი შეიკავა მოსკოვის აგრესიის დაგმობისგან. თუმცა, ეს მოვლენები რუსეთის უკრაინაში ომის დასაწყისში მოხდა.
 

იმ ეტაპზე ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, რამდენად მოუმზადებელი იყო რუსეთი უკრაინის დასამარცხებლად. ბევრი და ალბათ მათ შორის ჩინეთიც ფიქრობდა, რომ კონფლიქტი რამდენიმე დღეზე მეტ ხანს არ გაგრძელდებოდა და რუსეთი აშკარა გამარჯვებული იქნებოდა.
 

ჩინეთისთვის იდეალური სცენარი იქნებოდა რუსეთის სწრაფი გამარჯვება, რაც კოორდინირებული სანქციებისა და საგარეო პოლიტიკური რეაგირებისთვის დასავლეთის პოტენციალს შეამცირებდა. სხვა სიტყვებით, დასავლეთი, ვერ მოასწრებდა სათანადო პასუხის გაცემას. სწრაფი გამარჯვება არის ის, რასაც პუტინი თავად ელოდა, როდესაც მან, სავარაუდოდ, სი ძინპინს თავისი სამხედრო ამბიციების შესახებ წინასწარ აცნობა. ამის შემდეგ ჩვენ რუსეთის სამხედრო წარუმატებლობები ვიხილეთ.
 

იმის გამო, რომ ომი გრძელდება და რუსული სამხედრო დანაშაულების შესახებ ინფორმაცია სულ უფრო მატულობს, ჩინეთი სულ უფრო მეტად არაკომფორტულ პოზიციაში იმყოფება. ბევრი პეკინს ადანაშაულებს, როგორც ქვეყანას, რომელმაც ომი არ შეაჩერა და რომლის ოფიციალური პირები ომთან დაკავშირებით საჯაროდ ისევ საკმაოდ ამბივალენტურები არიან.
 

დღეს, რუსეთის სამხედრო ავანტიურიზმი ჩინეთისთვის უფრო საგარეო პოლიტიკურ დილემას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ეს გაუარესებული საერთაშორისო იმიჯი ჯერ არაა საკმარისი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილების გამოსაწვევად. პეკინის აზრით, რუსეთს აქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური მოთხოვნები და პრეტენზიები. ამით ჩინეთი, გარკვეულწილად, თავის წუხილებსაც გამოხატავს, რაც მას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ის ჩართულობასთან აქვს.
 

გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩინეთისთვის სასარგებლო გეოპოლიტიკურ მოვლენას წარმოადგენს. პეკინის გადმოსახედიდან, დასავლეთი რუსეთთან კონფლიქტშია ჩაფლული და ამჟამად მას ცოტა დრო და ენერგია აქვს ჩინეთზე და ზოგადად ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე გადაიტანოს ყურადღება.
 

ჩინეთისთვის ეს არის მეორე შესაძლებლობა, რომელიც მას ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოუჩნდა. 2001 წელს ამერიკის წინააღმდეგ მოწყობილმა ტერორისტულმა შეტევებმა დასავლეთს ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაატანინა. ობამას პოლიტიკის მიუხედავად, ვაშინგტონმა ჩინეთზე ყურადღების სრულად გადატანა მხოლოდ 2017 წლიდან მოახერხა.
 

დასავლეთის და რუსეთის უკრაინაზე ფოკუსირება ჩინეთს შესაძლებლობას აძლევს რესურსების მობილიზებისთვის და აშშ-სთან და მის აზიელ მოკავშირეებთან მომავალი ეკონომიკური და, პოტენციურად, სამხედრო კონფრონტაციისთვის მოსამზადებლად.
 

მეტიც, ის თუ როგორ უპასუხა დასავლეთმა რუსეთის აგრესიას, პეკინისთვის საჭირო გამოცდილებას წარმოადგენს თუ რა შეიძლება მოხდეს თუ პეკინი „ტაივანის საკითხის“ ძალისმიერად გადაწყვეტას დაუჭერს მხარს. ჩინეთი, სავარაუდოდ, ძლიერი ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ მოექცევა.
 

ამასთან ერთად, ეს ვაშინგტონის აზიელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს QUAD-ისა და AUKUS-ის ფორმატების ფარგლებში ხარისხობრივად მაღალი სამხედრო თანამშრომლობისკენ უბიძგებს.
 

- მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ხშირად ახსენებენ 2008 წლის აგვისტოს ომს. მეტიც, სინანულით აღნიშნავენ, რომ 2008 წელს დასავლეთმა რუსეთს საქართველოზე აგრესია არ შეიმჩნია, პუტინის დაშოშმინების პოლიტიკაზე გადავიდა, ევროპა კიდევ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე და ასე შემდეგ.
 

ვხედავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეუწყონ ხელი საქართველოს მეტად დაცულობას. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება, მაგრამ საერთაშორისო ფორუმებზე, რომლებზეც უკრაინის საკითხები განიხილება, ნაკლებად ისმის, ან სულაც არ ისმის საქართველოს წარმომადგენლების ხმა.
 

მმართველი გუნდი ამბობს, რომ ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, ეს გასაგებია, მაგრამ, ვითარებაში, როცა უკრაინას ისეთივე პრობლემები აქვს, როგორც ჩვენ, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს, რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება ნამეტნავად მორიდებულადაც კი იქცევა.
 

აღარაფერს ვამბობ უკრაინის თემაზე აშკარად ორაზროვან განცხადებებზე. საუბარია იმის მოთხოვნაზე, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის გარდა, უნდა დატოვონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები.
 

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაფიოდ და გასაგებად არ ითხოვს ვაშინგტონისა და კოლექტიური დასავლეთისაგან ისეთივე მიდგომებს, რაც უკრაინასთან დაკავშირებით კეთდება?
 

- ამის მიზეზი ალბათ ის საფრთხეებია, რაც რუსეთისგან მომდინარეობს. ჩემი დაკვირვებით, თბილისი ერთგვარი ლოდინის რეჟიმშია. რა მოხდება თუ რუსეთმა უკრაინაში თავის მიზნებს მიაღწია? ამის ფონზე რა ბედი ელის საქართველოს?
 

მთავარი რაც ჩვენ უნდა გვესმოდეს არის ის, რომ როგორი დადებითი პოლიტიკაც არ უნდა გავატაროთ რუსეთის მიმართ დღეს თუ მომავალში ეს მოსკოვს უარს არ ათქმევინებს თავისთვის ისეთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის მხარდაჭერა.
 

მოსკოვი ასევე არ შეიცვლის აზრს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თაობაზე. რუსეთი ევროკავშირის გაფართოებას არანაკლები აგრესიულობით უყურებს, ვიდრე ნატოს საკითხს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი და ყირიმის ანექსია არ იყო ნატოს გაფართოებით გამოწვეული, არამედ კიევის ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების შედეგი იყო.
 

ამიტომაც, ილუზია, რომ რუსეთი საქართველოს ევროკავშირში მიღების წინააღმდეგი არ იქნება არ არის სწორი. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენთან მოსახლეობას და განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ხშირად მარტივი ფაქტები და დებულებები ავიწყდებათ. როგორი დადებითი დამოკიდებულება არ უნდა იყოს მოსკოვში თბილისის მიმართ, კრემლი მაინც შეეცდება საქართველოს ნატოზე/ევროკავშირზე ოფიციალურად უარი ათქმევინოს.
 

როგორც ქვეყანა ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს უნდა ვიდგეთ. ის რაც მოხდება უკრაინაში ჩვენზე პირდაპირ გავლენას იქონიებს. ამიტომაც მხარდაჭერა უკრაინისადმი საჭიროა. გასაგებია, რომ არავინ მოელის ჩვენგან ომში ჩართვას, მაგრამ ყოველთვის საჭიროა იმის ხაზგასმა თუ სად ვდგავართ. აქ სენტიმენტებზე საუბარი არაა.
 

წმინდა გეოპოლიტიკურად ჩვენ უნდა შევეცადოთ პატარა წვლილი შევიტანოთ უკრაინის გამარჯვებაში. უკრაინის მარცხი, საქართველოს მარცხიცაა. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი აშშ-სგან და ნატოსგან მხოლოდ უკრაინის საკითხზე არ ესაუბრებოდა. მანდ საქართველოც ფიგურირებდა და საფრთხის შემცვლელია.
 

 

„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

გააზიარე: