ხათუნა ბურკაძე - კრემლმა ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი მკვლელობებისათვის პასუხი უნდა აგოს, რაც აუცილებელია ღირებულებებისათვის ბრძოლაში ბოროტების დასამარცხებლად

ავტორი:

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების ფონზე, კვლავ გავხდით მოწმენი იმისა, თუ როგორი მოწყვლადია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქვეყანამ - რუსეთის ფედერაციამ ხელახლა დაარღვია გაერო-ს წესდების მე-2 ფუნდამენტური მუხლი და გამოიყენა ძალა სუვერენული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და მთელი რიგი აგრესიული მოქმედებების განსახორციელებლად. ერთ თვეზე მეტი ხანია ომი მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ის ბომბავს საბავშვო ბაღებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ჰოსპიტლებს, სამოქალაქო დასახლებებს, სამედიცინო დაწესებულებებს, იყენებს აკრძალულ იარაღს, ახორციელებს აგრესიულ მოქმედებებს ატომურ ელექტროსადგურებზე და მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით იმუქრება. კრემლის მიერ კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში განხორციელებული მასობრივი ხოცვა-ჟლეტა კი მკაფიოდ აჩვენებს ბოროტების მანქანის უსასტიკეს მხარეებს. ბუჩას უმძიმესი კადრები ილუსტრაცია იმისა, თუ კრემლი როგორ ქმნის ჯოჯოხეთს დედამიწაზე. აღნიშნული მოქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულებს წარმოადგენენ. ეს ცხადყოფს, რომ კრემლისათვის ყველა კანონგარეშე, დაუშვებელი საშუალება მისაღებია მისი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად. ის დაცლილია მორალური კატეგორიებისგან. კრემლი ისწრაფვის ტერიტორიების დაპყრობისკენ დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის გენოციდის მოწყობის ფასად. აუცილებელია, დაჩქარებული წესით, დადგეს აგრესორის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. სამართლიანობის აღდგენის გარეშე წარმოუდგენელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფა და მშვიდობის დაცვა მომავალში.
 

გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის მთავარი გამოწვევები
 

რუსეთ-უკრაინის ომმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის მთავარი გამოწვევები. უშიშროების საბჭომ ამჯერადაც ვერ მიიღო სავალდებულო ძალის მქონე რეზოლუცია, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ფორმირებებს აიძულებდა უკრაინის დატოვებას. ბუნებრივია, რუსეთი მისი ინტერესების საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარს არ დაუჭერდა და ზემოაღნიშნული სისასტიკის ჩამდენი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი ქვეყანა ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის განხილვამ გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გენერალურ ასამბლეაზე გადაინაცვლა. კერძოდ, აღნიშნულმა საბჭომ გენერალური ასამბლეის სპეციალური საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც გაერო-ს 193 სახელმწიფოს შეუძლია პროცესში ჩართვა.
 

ამა წლის 2 მარტს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელსაც გაერო-ს 193 წევრი სახელმწიფოდან 141-მა მხარი დაუჭირა. 96 ქვეყანა, მათ შორის საქართველო რეზოლუციის თანაავტორი იყო. აღნიშნული დოკუმენტის მხარდამჭერმა სახელმწიფოებმა მოუწოდეს რუსეთს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაუყოვნებლივ, პირობების გარეშე, სრულად გაიყვანოს მისი ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.
 

პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის მიმართვის საფუძველზე, ამა წლის 16 მარტს გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დროებით ღონისძიებებთან დაკავშირებით. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 13-მა მოსამართლემ რუსეთის ფედერაციისაგან სამხედრო მოქმედებების შეჩერება მოითხოვა. ამასთანავე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ მხარდაჭერილი ან კონტროლირებადი სამხედრო და არარეგულარული შეიარაღებული ძალები, კრემლის ხელმძღვანელობის ან გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციები ან პირები სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას შეწყვეტენ და არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ვითარების ესკალაციას. ამ გადაწყვეტილებით თავისუფლებისათვის მებრძოლმა უკრაინამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოშიც შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება. მიუხედავად ამისა, დღემდე რუსეთის ფედერაცია არც ერთ ამ გადაწყვეტილებას არ ასრულებს და ყოველდღიურად აგრძელებს იმ წესრიგისათვის სერიოზული ზიანის მიყენებას, რომლისთვისაც ცივილიზებულმა კაცობრიობამ წლების განმავლობაში ძალისხმევა ჩადო.
 

მთავარი სტრატეგიული შეცდომები და ბრძოლა თავისუფლებისათვის
 

სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობამ თავის დროზე სათანადოდ ვერ შეაფასა პუტინის რეჟიმიდან მომდინარე საფრთხე. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებულ აგრესიულ მოქმედებებს არ მოჰყვა ის ადეკვატური შემაკავებელი ზომები, რომლებიც კრემლს არ მისცემდნენ მორიგი აგრესიის ჩადენის შესაძლებლობას. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევისათვის არ დადგა შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რამაც რუსეთს 2014 წელს მისცა შესაძლებლობა ახალი უმძიმესი დანაშაულებრივი მოქმედებები ჩაედინა ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში განხორციელებული სხვა ძალისმიერი ქმედებების სახით. როგორც ტერიტორიების ოკუპაციამ, ასევე ანექსიამ ამ შემთხვევაშიც არ გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთიანი რეაგირება, მიუხედავად გარკვეული სანქციებისა. მეტიც, კომპრომისული გადაწყვეტილებებიც კი იქნა მიღებული გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო წლებში. ასევე, სტრატეგიული შეცდომების კონტექსტშივე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ შემოფარგლული პოლიტიკური დაპირებით. იმ პერიოდში აუცილებელი გახლდათ უფრო მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება იმის თაობაზე, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთგული აქტორები მტკიცედ დაიცავდნენ სუვერენული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკურ არჩევანს.
 

დღეს კვლავ გვიწევს ბრძოლა ღირებულებების დასაცავად. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის უკრაინის მხარდამჭერი გამოსვლა ვარშავაში. მან აღნიშნა, „ჩვენ ხელახლა გამოვჩნდით თავისუფლებისთვის დიდ ბრძოლაში, ბრძოლაში დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად“.
 

კრემლს კვლავ სურს წაგვართვას დიდი ძალისხმევით, მათ შორის სიცოცხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება და მისი ე.წ. „მონიშნული გავლენის სფეროები“ აქციოს მორიგ განუვითარებელ ტერიტორიებად, სადაც მოსახლეობას არ ექნება შესაძლებლობა საკუთარი ქვეყნის მომავალი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება. პუტინის რეჟიმისათვის დემოკრატიული, განვითარებული მეზობელი ქვეყნები საფრთხის შემცველია, რადგან სწორედ ხალხის ნების დათრგუნვა და ძალაზე დაფუძნებული სისტემაა მისთვის ძალაუფლების უზრუნველყოფის საშუალება. ღირებულებებისათვის ომში უკრაინამ მსოფლიოს წარმოუდგენელი სიმტკიცე და შეუპოვრობა აჩვენა. უკრაინის მედეგობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წესებისადმი ერთგული ყველა აქტორის გასაერთიანებლად და თავისუფლებისათვის ბრძოლაში გასამარჯვებლად.
 

რუსეთის აგრესიული მოქმედებების შესაძლო შემაკავებელი ინსტრუმენტები
 

ამა წლის 24-25 მარტს ბრიუსელში გაიმართა ნატო-ს, ევროპული საბჭოსა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები. ამ სამმა სამიტმა გააერთიანა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთგული აქტორები იმისათვის, რომ განესაზღვრათ რუსეთიდან მომდინარე აგრესიული მოქმედებების შემაკავებელი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული ინსტრუმენტები. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული რისკების მართვისათვის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის ახალი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხედვა განიხილა, რომელიც გულისხმობს კრიზისებზე რეაგირების მიზნით ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების დაფუძნებას, ასევე დოკუმენტი ითვალისწინებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაზრდას, ამასთანავე, შეიქმნება სპეციალური ფონდი უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და აღდგენითი სამუშაოებისათვის. გარდა ამისა, „დიდმა შვიდეულმა“ იმსჯელა იმ გზებსა და საშუალებებზე, რომელთა მეშვეობით უნდა მოხდეს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ეფექტიანად განხორციელება. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა შეთანხმდნენ, რომ ამერიკა ბუნებრივი აირის ექსპორტს განახორციელებს ევროპაში. ასევე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა დაიწყო გამოძიება უკრაინაში ჩადენილი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით. ამ პროცესის საბოლოო მიზანია დადგეს საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველა იმ ლიდერისა თუ სამხედრო მოსამსახურისა, რომლებიც ავტორები და შემსრულებლები არიან დანაშაულებრივი ქმედებების უკრაინის ტერიტორიაზე. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად პარტნიორებმა აამოქმედეს არაერთი ინსტრუმენტი. მიუხედავად ამისა, უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ასევე, აუცილებელია პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმების ისე გამოყენება, რომ უკრაინამ შეძლოს დიდი ძალისხმევით მიღწეული შედეგების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაცვა და უსაფრთხოების რეალური გარანტიების მიღება. მოლაპარაკების პროცესში განხილული ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ისეთ მუხლებს, რომლებიც უკრაინის მოკავშირე სახელმწიფოებს მასზე თავდასხმის შემთხვევაში დააკისრებენ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას სამხედრო თვალსაზრისით ჩაერთონ საომარ მოქმედებებში ანუ უკრაინაზე თავდასხმა უნდა ნიშნავდეს მათზე თავდასხმას. ისტორიამ აჩვენა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე შექმნილმა კოლექტიური თავდაცვის სისტემამ წლების განმავლობაში შეძლო ჯერ საბჭოთა კავშირიდან და შემდეგ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შეკავება. რუსეთს ძალის დემონსტრირების ენა ყველაზე უკეთ ესმის. გაცნობიერება იმისა, რომ ალიანსის 30-ი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთზე თავდასხმა ტოლფასია სხვა დანარჩენებზე თავდასხმისა, იქცა ყველაზე ქმედით შემაკავებელ ინსტრუმენტად არაქმედითი გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის პარალელურად. ამიტომაცაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უკრაინისა და საქართველოს ალიანსში წევრობა. ორივე სახელმწიფო ამას იმსახურებს, ორივე ქვეყნის გმირმა ჯარისკაცებმა მთელს მსოფლიოს აჩვენეს მათი თავდადება მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი. უნდა დასრულდეს საკითხების ბიუროკრატიულ ჭრილში განხილვა. ლიბერალური წესრიგის დაცვა ამჟამად თვისებრივად განსხვავებული მიდგომების განვითარებასა და მეტი გაბედული გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. მით უფრო, რომ ბუჩაში განხორციელებული სისასტიკის ფონზე ძალიან რთულია კრემლის წარმომადგენლებთან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მიღწევა.


დასკვნა
 

რუსეთმა მისი აგრესიული მოქმედებებისათვის დიდი სტრატეგიული ფასი უნდა გადაიხადოს და ასევე, უნდა დადგეს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე ინდივიდუალურად. სხვაგვარად, კვლავ მოგვიწევს ბრძოლა თავისუფლების დასაცავად, რომლის გარეშე სხვა დანარჩენი აზრს კარგავს. მშვიდობა თავისუფლების გარეშე მონობის ტოლფასია, რაც სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომაცაა თავისუფლების დაცვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებისგან, რომლებიც მეზობელი ქვეყნის აგრესიული მოქმედებების სამიზნეები ხდებიან. საქართველოსა და უკრაინას საერთო საფრთხე აერთიანებს. წლებია ჩვენი სახელმწიფოებრივი სისტემების მდგრადობისათვის ვიბრძვით.
 

ამ ურთულეს გარემოში თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინა ახალ ისტორიას ქმნის, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ისეთი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბების, სადაც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე მაღლა არ დადგება კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური ინტერესი და ერთ სახელმწიფოს არ გაუჩნდება სურვილი ხელყოს მეორე სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. აუცილებელია, ახალი შესაძლებლობების მიცემა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც რუსეთის აგრესიული ქმედებების სამიზნეებს წარმოადგენენ. ამ კონტექსტში ნიშანდობლივია, ამა წლის 11 მარტს ევროპული საბჭოს მიერ ვერსალში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკომისიისგან მოითხოვს შეისწავლოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, უმნიშვნელოვანესია აღნიშნული პროცესის სწრაფად წარმართვა და გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. საყურადღებოა, რომ კიევში ვიზიტის დროს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, ევროპარლამენტის სახელით, უკრაინელებს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება აღუთქვა.


რაც შეეხება საქართველოს, ამჟამად ევროინტეგრაციის გზაზე ახალი გზამკვლევი გვჭირდება, რათა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების ახალი პაკეტი შემუშავდეს. ეს კი ხელს შეუწყობს ევროკომისიისგან დადებითი დასკვნის მიღებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ჩვენი ევროპული პერსპექტივის გამოსაკვეთად და გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად. ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზებით დაცვისათვის, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უნდა შეიქმნას ახალი შემაკავებელი მექანიზმები ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ჩართულობით. ამასთანავე, ქვეყანას სჭირდება თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი ხედვა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებითა და პროაქტიური ინსტრუმენტების შექმნით. გარდა ამისა, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მოსახლეობის მედეგობის უზრუნველყოფა. დღეს ჩვენი თავისუფლებისა და უსაფრთხოების ხაზი უკრაინაზე გადის. მეტიც, უკრაინის გამარჯვება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთლიანად ევროპის გამარჯვებაა, რომლის გარეშე ვერ შეიქმნება თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების სისტემა. ეს კი აუცილებელი წინაპირობაა ახალი საერთაშორისო წესრიგისათვის, სადაც საქართველომ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს.
 

გააზიარე: