ომის ცხრა პრინციპი - რატომ ჩავარდა რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში

ავტორი:

„ომი სახელმწიფოს უდიდესი საქმიანობაა. სიცოცხლის და სიკვდილის საწყისი, გზა გადარჩენისკენ ან დასასრულისკენ. ის კარგად უნდა გაიაზრო და აწონ-დაწონო“
სუნ ძი


ერთ თვეზე მეტია უკრაინაში ომი მიმდინარეობს და დღეს ცალსახად შეიძლება საუბარი რუსეთის მიერ ჩატარებული სამხედრო კამპანიის წარუმატებლობაზე, დაზვერვის, ლოგისტიკის ჩავარდნაზე, დიდი შენაერთების მართვის უუნარობაზე. თუმცა უპირველესად თვალშისაცემია არასწორი დაგეგმვისა და ოპერატიული მართვის შედეგები. თუ რუსეთის გენერლების მოქმედებებს და ზოგადად სამხედრო კამპანიის მიმდინარეობას მივუსადაგებთ ომის დამკვიდრებულ პრინციპებს, მაშინათვე ნათელი გახდება, რომ თითქმის ომის არცერთი პრინციპი არ იქნა კამპანიის მიმდინარეობის დროს რუსების მიერ დაცული, რაც შესაბამის შედეგებში აისახა. ვფიქრობ ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს რას წარმოადგენს ზოგადად ე.წ. „ომის 9 პრინციპი“ დასავლურ სამხედრო აზროვნებაში და რას გვეტყვიან ეს პრინციპები, თუ მათ რუსეთის სამხედრო კამპანიის პრიზმაში გავაანალიზებთ. ამის შემდგომ დღეს უკრაინაში რუსული სამხედრო მანქანის ფიასკო უფრო ლოგიკური და გასაგებიც იქნება.

 
არმიათა საბრძოლო ოპერაციების თეორიულ საფუძველს დასავლურ სამხედრო დოქტრინებში ე.წ. „ომის ცხრა პრინციპი“ წარმოადგენს, რომელთა სწორედ იმპლემენტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ წარმატებული სამხედრო დაგეგმვისთვის და მოქმედებებისთვის, დაწყებული საბრძოლო შენაერთებიდან გაგრძელებული საბრძოლო მოქმედებათა თეატრის სახელმძღვანელო დონემდე.


სხვადასხვა ეპოქაში, მხედართმთავრები თუ ომის თეორეტიკოსები, მუდმივად ეძებდნენ  ომის წარმატებულად წარმოების ყველაზე ეფექტურ პრინციპებსა და საშუალებებს, რომლითაც  გარკვეულ თეორიულ ბაზისს შექმნიდნენ სამხედრო კამპანიის დაგეგმვისთვის. ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განსაკუთრებით ბოლო ორასი წელია,  სამხედრო თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები სხვადასხვა ნაშრომებში თავის ხედვებს აყალიბებდნენ ომის სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით და მეოცე საუკუნის დაახლოებთ შუა პერიოდში ამ შრომათა ერთობლიობამ ომის წარმოების ცხრა პრინციპის სახე მიიღო.


მეორე მსოფლიო ომი დასრულების შემდგომ ეს პრინციპები  ოფიცრების მომზადების სისტემებში იქნა შეტანილი, დღემდე  საველე სახელმძღვანელოების ფუნდამენტია და ოპერატიული დაგეგმვის ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ს არმიის საველე სახელმძღვანელოში „3-0 ოპერაციები“, აქამდე არსებულ ცხრა პრინციპს კიდევ სამი დაემატა, რომლებიც განსაკუთრებით უსვამენ ხაზს  არმიათა გამოყენების დემოკრატიულ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს.


ისტორიული წინაპირობები


ადრეული პერიოდის ყველაზე ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსი, რომელმაც საკუთარი  ხედვები ჩამოყალიბებულ ნაშრომად დაგვიტოვა, ჩინელი მხედართმთავარი და სტრატეგი სუნ ძია (500-400 წწ. ძვ.წ). მისი ცნობილი ნაშრომი „ომის ხელოვნება“ ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბრძოლების წარმოება, შეტევის დაგეგმვა, არმიის მანევრები, სახმელეთო წყაროები და ჯაშუშთა გამოყენება. ხოლო მისი ნაშრომის ერთ-ერთი თავი  თავი „გათვლები“ დღეს შეიძლება განხილულ იქნას როგორც ომის სტრატეგიული დაგეგმვა, რომელსაც, თუ მისავე სიტყვებს დავეყრდნობით, „რაც უფრო მეტს აკეთებ მით უფრო იზრდება ომში გამარჯვების შესაძლებლობა“.


დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც სუნ ძი თავის ნაშრომს წერდა,ომის თავისეულ  ფილოსოფიას აყალიბებდნენ ძველი ბერძნებიც. ძვ.წ. აღ.-ის 490 წელს მარათონის ბრძოლაში ათენელებმა მილტიადეს ხელმძღვანელობით მათზე რიცხობრივად აღმატებული სპარსული ჯარი დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ მილტიადე  არ მოქმედებდა სპეციფიკურად ომის წარმოების თანამედროვე ცხრა პრინციპით, მისი ტაქტიკა თავის თავში უკვე მოიცავდა მასირებისა და ძალთა ეკონომიის პრინციპებს.


გაცილებით გვიან, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიების შემდგომ, სამხედრო თეორეტიკოსებმა და სტრატეგებმა უფრო ფართოდ გაშალეს ომის წარმოების პრინციპების თეორიული საფუძვლები.


გენერალი ანრი ჟომინი ნაპოლეონის კამპანიის შესწავლის შემდეგ წერდა: „ნაპოლეონის კამპანიებში სახეზე გვაქვს ომის წარმოების რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი, რომელთა გამოყენებაც თითქმის ყველა შემთხვევაში ნაპოლეონის ომების წარმატების საფუძველი იყო“. ჟომინის აზრით, ნაპოლეონმა დაამტკიცა, რომ არმიები, როგორც წესი, წარმატებულები არიან, როდესაც მოქმედებენ მოწინააღმდეგეთა კომუნიკაციების ხაზების წინააღმდეგ, ახდენენ ძალთა მასირებას   და კონცენტრირებულად, სწრაფად და საჭირო დროს უტევენ ყველაზე სუსტ წერტილებს. ეს იდეები გარკვეულწილად ჟომინის შემდგომი პერიოდის ომის წარმოების ფუძემდებლურ პრინციპებად იქცა დასავლურ სამხედრო თეორიაში.


ომის პრინციპების ჩამოყალიბების ფინალურ პერიოდად პირველი მსოფლიო ომი იქცა. ამ ომის არაეფექტური, უზარმაზარი და ფუჭი დანაკარგების მქონე, არაპროდუქტიული ოპერაციების ფონზე თეორეტიკოსები ჩამოყალიბდნენ მოსაზრებაზე, რომ ომის წარმოებას ახალი თეორიულ საფუძვლები ესაჭიროებოდა. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის ტექნოლოგიურმა პროგრესმა და არმიათა მზარდმა მექანიზაციამ თავისი მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ამგვარი თეორიული დისკუსიების მიმდინარეობას და უფრო გაადვილა გარკვეული პრინციპების ცხოვრებაში რეალიზაცია.


1916 წელს ბრიტანელი გენერალი ჯონ ფრედერიკ ჩარლზ ფულერი სამხედრო ჟურნალში აქვეყნებს სტატიას „ომის პრინციპები 1914-1915 წლების კამპანიების ფონზე“. მისი ეს სტატია ომის წარმოების თეორიული პრინციპების პირველ დეტალურ ახსნას წარმოადგენს, სადაც იგი ომის რვა პრინციპს განიხილავს და სწორედ მათზე დაყრდნობით აშშ-ს ომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი „წვრთნების რეგულაციები  №10-5“, რომელიც ამერიკული არმიის პირველ ოფიციალურ დოკუმენტია ომის პრინციპების შესახებ.
 


(ჯონ ფრედერიკ ჩარლზ ფულერი)


ამ მოვლენებიდან მალე, ამერიკის არმიის პოლკოვნიკმა უილიამ ნელორმა, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანმა, გამოაქვეყნა სამი წერილი „ქვეითთა ჟურნალში“, რომლებშიც იგი ამ პრინციპებს დეტალურად განიხილავდა. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში პრინციპების კრიტიკამ მათი ამერიკული და ბრიტანული სამხედრო დოქტრინებიდან ამოღება გამოიწვია.
 

თუმცა მეორე მსოფლიო ომის ხასიათმა ნათლად აჩვენა ამდაგვარი მიდგომის შეცდომა. ომის დამთავრებისთანავე აშშ-ს არმიამ ხელახლა გამოაქვეყნა ომის ცხრა პრინციპი 1949 წლის საველე სახელმძღვანელოში „100-5. საველე სამსახურის რეგულაციები: ოპერაციები“. ეს წარმოადგენდა პრინციპების, როგორც საარმიო დოქტრინების ქვაკუთხედის, ოფიციალურ აღიარებას. მიუხედავად იმისა, რომ  ვიეტნამის ომის  შემდგომ პერიოდში   ისინი კვლავ ამოიღეს საარმიო დოქტრინიდან 100-5,  1980 წელს სახმელეთო და საჰაერო ბრძოლის დოქტრინაში ამ პრინციპებს ისევ შეხვდებით და ამ პერიოდიდან მოყოლებული ომის ცხრა პრინციპი მუდმივად არის აშშ-ს არმიის დოქტრინებში, კერძოდ „FM 100-5“და  „FM-3.0 ოპერაციები“ თანამედროვე ომების პირობებში წამყვანი არმიები კვლავინდებურად არიან ჩართულები  კონფლიქტებში სახელმწიფო თუ იმ არასახელმწიფო აქტორებთან, რომლებიც ცდილობენ ძალის გამოყენებით თავიანთი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მიზნების მიღწევას; თანამედროვე ომის პოტენციური თეატრები კვლავაც სავსეა კონფლიქტების კერებით, სადაც იქმნება ახალი გამოწვევები, კომპლექსური მაღალ ტექნოლოგიური დაპირისპირებით, სადაც ფრონტის ხაზის გარჩევა სულ უფრო რთულდება. თუ ადრე არმიები ახერხებდნენ ბრძოლის ველის ხალხისაგან გამოცალკევებას, დღეს ეს პროცესი განსაკუთრებულად გართულებულია და ხალხის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა იმ კონფლიქტში გამარჯვებისთვის, რომელშიც ეს საზოგადოება თავისდაუნებურად ჩართულია, ძალიან მნიშვნელოვანია.


დღეს მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო სივრცეზე მიღწეული წარმატებები აღარ არის საკმარისი საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად. ფინალური გამარჯვება მოითხოვს ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის პირობების შექმნას ყოფილ საბრძოლო სივრცეზე. ამის რეალიზაციისთვის ცხრა ძირითად პრინციპს, რომელთაც ქვემოთ განვიხილავთ, კიდევ სამი პრინციპი დაემატა და ჯამში ეს პრინციპები დღეს ქმნიან აშშ-ს არმიის გაერთიანებული ოპერატიული მოქმედების საბაზისო პრინციპებს. 


თუ გავიაზრებთ ამ პრინციპებს და მათ რუსეთის სამხედრო მოქმედებების პრიზმაში განვიხილავთ, დავინახავთ რომ თითქმის არცერთი მათგანი არ იქნა დაცული და რეალიზებული, რამაც შესაბამისი შედეგები მოუტანა რუსეთს ომის დღევანდელ ეტაპზე.


ომის ცხრა პრინციპი:


1. მიზანი – თითოეული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს ნათელი, მიღწევადი და უმნიშვნელოვანესი საერთო მიზნისკენ. სამხედრო კამპანიის თითოეული ოპერაცია და გაანგარიშება უნდა დაიგეგმოს უმთავრესი სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე. სტრატეგიული დაგეგმვით დაკავებული ადამიანები უნდა განსაზღვრავდნენ სამიზნეებს უმთავრესი სტრატეგიული სამიზნის გათვალისწინებით და ეს სამიზნეები მკაფიოდ გასაგები უნდა იყოს ყველა დონის სამხედრო მოსამსახურისთვის. - რუსეთის მოქმედებებში მიზანი აბსოლუტურად ბუნდოვანი იყო. პირველადი დღეების მოქმედება რომელიც გათვლილი იყო შოკის მოხდენაზე კიევში ჩავარდა და ამას დაქვემდებარებული მოქმედებების ომის სხვა ფრონტებზე აბსოლუტურად ამოვარდნილები აღმოჩნდნენ საერთო სურათიდან. მათ წინაშე განსაზღვრული მიზნები არ ემსახურებოდნენ არათუ სტრატეგიული არამედ, ლოკალური ჩანაფიქრის განხორცილებას.
 

2. აგრესია – დაეუფლე, შეინარჩუნე და განავითარე ინიციატივა; მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე განახორციელე შეტევითი ქმედებები, საერთო მიზნის მისაღწევად  ყველაზე ეფექტურია მომარაგებისა და კომუნიკაციების გზების ხელყოფა. შეტევითი ოპერაციები არის გზა, რის მეშვეობითაც ეუფლები ინიციატივას, ინარჩუნებ მოქმედების თავისუფლებას და აღწევ გადამწყვეტ შედეგებს. აგრესიულობის  ეს პრინციპი კრიტიკულია ომის წარმოების ნებისმიერი დონეზე წარმატებით მოქმედებებისათვის. - ომის პირველივე დღიდან რუსეთმა ვერ შესძლო სწრაფი შეტევების განვითარება. უმრავლეს შემთხვევაში საბრძოლო ჯგუფების სამიზნეებად განსაზღვრული იყო ამოცანები რომლის დაუფლებასაც დაჭირდებოდა იმდაგვარი რესურსი რაც არ იყო ჩაბმული თავიდანვე. 
 

3. კონცენტრაცია/მასირება - მოახდინე საბრძოლო ძალის კონცენტრაცია საჭირო დროსა და საჭირო ადგილას გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად. კონცენტრირებული დარტყმა მიმართული უნდა იყოს შედეგზე და მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე, რომელიც, თავის მხრივ, ახალი უპირატესობის მომცემი უნდა გახდეს. კონცენტრირების საშუალებით ორი ძირითადი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი:  გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება  მცირერიცხოვანი ძალებითაც კი, და მეორე – საკუთარი ძალების მოწინააღმდეგის ცეცხლისგან მაქსიმალურად განრიდება (ლიმიტირება). - შეტევების არასაკმარისი კონცენტრაცია ომის პირველივე დღიდან რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა. ავტომაგისტრალებზე ეშელონებად მოძრავი ძალები ვერ უზრუნველყოფდნენ სათანადო საცეცხლე და შეტევითი ძალების ჩართულობას და მიზნებზე სათანადო ძალის კონცენტრაციას.
 

4. ძალთა ეკონომია – არ გამოიყენო იმაზე  მეტი მეორად სამიზნეებზე, ვიდრე საჭიროა, რათა არ დაირღვეს კონცენტრაციის პრინციპი. საჭირო დროსა და ადგილზე, კონცენტრაციის წარმატებისთვის,  აუცილებელია არსებული ძალების ეფექტურად მართვა და  კოორდინაცია. ძალთა ეკონომია არის პრინციპი, რომელიც დაგეგმვისას  საკუთარი ძალების გონივრულად და მიზნის თანაზომიერად გამოყენების საშუალებას იძლევა. მეთაურმა გონივრულად უნდა გამოიყენოს და მართოს  მის ხელთ არსებული საბრძოლო რესურსი, მათ შორის ისეთი ამოცანების გადაჭრისას, როგორებიცაა იმიტირებული ან ლიმიტირებული შეტევა, თავდაცვა, შეყოვნება, ცრუ მოქმედებები და სხვა მსგავსი ოპერაციები. - აქ ყველაფერი ნათელია. ომის პირველ ფაზაში აბსოლუტურად არაპროდუქტიულად მოხდა საუკეთესო და ყველაზე ბრძოლისუნარიანი რუსული ნაწილების უშედეგოდ გაფლანგვა.


5. მანევრი – ძალის მოქნილი გამოყენებით ჩააგდე მოწინააღმდეგე მისთვის არახელსაყრელ მდგომარეობაში. ძნელია მოძრავი სამიზნისათვის მოხვედრა. ზოგადად მოძრაობა, თავისი ბუნებით, რთულად პროგნოზირებადია. ეფექტური მანევრები არღვევს მოწინააღმდეგის ერთიანობას. მანევრი გამოიყენება წარმატების განსავითარებლად, ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, მოქმედებების თავისუფლების მისაღწევად და საკუთარი მოწყვლადობის შესამცირებლად. აქტიური მანევრით მოწინააღმდეგის გეგმებსა და მოქმედებებში შედის დისონანსი, რაც ახალი წარმატების შესაძლებლობასაც აჩენს.  ომის წარმოების ნებისმიერ დონეზე წარმატებული მანევრი მეთაურისგან დაგეგმვაში, ოპერირებაში და ორგანიზებაში აზროვნების სხარტ უნარს საჭიროებს. - უკრაინაში არა სათანადო წელიწადის დროის შერჩევა მასიური შეტევისათვის, როდესაც რუსული სამხედრო ტექნიკა მასიურად ეფლობოდა ტალახში, შეუძლებელს ხდიდა დიდი სამანევრო ოპერაციების განხორციელებას და გაშლას, ვინაიდან ტექნიკა ცენტრალურ ავტო მაგისტრალებს იყო მიჯაჭვული. აქაც ნათელია აღნიშნული პრინციპის დარღვევა. 
 

6. მართვის ერთობა - თითოეული სამიზნის მიმართ მართვისა და ძალისხმევის ერთიანობა. მართვის ერთობა ნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე მოქმედი ძალები ემორჩილებიან ერთ მეთაურს. მართვისა და ძალისხმევის ერთობა გულისხმობს ომის ყველა დონეზე ძირითადი მიზნების მისაღწევად მეთაურის მიერ საბრძოლო ძალისხმევის კონცენტრაციას . ბრძოლის ველზე წარმატება მეთაურისგან მოითხოვს მის ხელთ არსებული ძალების ერთიანი და კოორდინირებული მართვის უნარს. - ვფიქრობ აქ კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. რუსული ჯარის მართვის რგოლმა უკიდურესად  სუსტად წარმოაჩინა თავი აღნიშნულ ომში.
 

7. უსაფრთხოება – არასოდეს მისცე მოწინააღმდეგეს საშუალება მოულოდნელად დაეუფლოს უპირატესობას. შესაბამისი უსაფრთხოება მოქმედებების თავისუფლების და მოწინააღმდეგის მოქმედებების მიმართ საკუთარი ძალების მოწყვლადობის შემცირების საშუალებას იძლევა.
 

დაზვერვა, მოწინააღმდეგის დოქტრინების, დაგეგმვის, სტრატეგიის და ტაქტიკის ცოდნა ზრდის უსაფრთხოებას. ომს რისკი ახლავს. წარმატებისათვის საჭიროა გონივრული და გააზრებული რისკის გაწევა საკუთარი ძალების დასაცავად და მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. საკუთარი ძალების დაცვა და უსაფრთხოება, თავის მხრივ, რისკების გათვლისა და მიზანშეწონილობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. - მთლიანად მთელი რუსული სამხედრო კამპანია ბლეფს ეფუძნებოდა და არასწორ სადაზვერვო ინფორმაციას და გათვლებს, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელებაზე. მოლოდინები რომელზედაც იდგა კამპანიის დაგეგმვა არ გამართლდა.
 

8. სიურპრიზი – დაარტყი მოწინააღმდეგეს მისთვის მოულოდნელ დროსა და  ადგილზე,  ან მოულოდნელი  ფორმით. ტრადიციული სამხედრო ძალებისათვის დღეს სიურპრიზის მიღწევა უაღრესად რთულია. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ  საბრძოლო სივრცეზე დიდი ძალების ფარული და შენიღბული მოქმედებები თითქმის შეუძლებელი გახადა, თუმცა სიურპრიზი ის მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელმაც, შესაძლებელია, მის განმხორციელებელს მცირე ძალისხმევით დიდი უპირატესობის მიღწევის საშუალება მისცეს.  სიურპრიზის საფუძველი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი გახდეს: ძალთა მოცულობა, მთავარი მოქმედების ადგილი თუ მიმართულება, დროის შერჩევა და კიდევ ბევრი ისეთი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სიურპრიზის ეფექტის შექმნაზე, კერძოდ: ეფექტური დაზვერვა,  სისწრაფე, მოულოდნელი საცეცხლე ძალების გამოყენება, ოპერაციათა უსაფრთხოება და ოპერაციათა მეთოდებისა და ტაქტიკების ვარიაციულობა. - ეს კომპონენტი იყო, რომელზედაც დიდი ფსონი დაიდო რუსული გენერალიტეტის მხრიდან, გოსტომელის აეროპორტზე განხორციელებული სადესანტო იერში სწორედ სიურპრიზის გამოყენების მაქსიმალურ ეფექტურობაზე იყო გათვლილი. ამავე ლოგიკაში იყო ბელორუსიდან და ჩერნობილის მხრიდან შემოსული ძალებით მარშის მცდელობა კიევზე. ორივე ეს ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა, რუსული სიურპრიზი არ შედგა.
 

9. სიმარტივე – მოამზადე მკაფიო და ნათელი გეგმა და მოკლე ბრძანებები გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.  წარმატებული სამხედრო კამპანიის მნიშვნელოვანი ფაქტორია სიმარტივე. გეგმა  გასაგები უნდა იყოს ყველა დონის მეთაურისთვის. მარტივი, გასაგები და ნათელი ბრძანებები ამცირებს გაურკვევლობის წარმოქმნის ალბათობას. სასურველია გეგმის „მოძრავი ნაწილების“ რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. როგორც ამბობენ, ყველაზე მარტივი გეგმა ხშირად საუკეთესოა. - ამ კომპონენტთან მიმართებაში თავიდანვე უამრავი შეკითხვა გაჩნდა. გეგმა ეფუძნებოდა მცდარ წარმოდგენებს რამაც შეუძლებელი გახადა თავდაპირველი გეგმის არა თუ მარტივად, არამედ ზოგადად განხორციელება.


დღეს აშშ-ს დოქტრინებში დამატებულია კიდევ სამი პრინციპი:


10. სიმტკიცე – მეთაურები ემზადებიან განსაზღვრული, ხანგრძლივი ოპერაციებისთვისაც. ეროვნული, სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში გაერთიანებული ოპერაციები  შესაძლოა წლები გაგრძელდეს, როგორც ეს ერაყისა ავღანეთის შემთხვევაში მოხდა. კრიზისის ძირითადი მიზეზები ხშირად ცვალებადი და რთულად გასაგებია, რაც აძნელებს საბოლოო მიზნისთვის აუცილებელი კონდიციების მიღწევას და ამიტომაც, ხშირად საჭიროა მოთმინება, ურყევი, შეუპოვარი და მიზანდასახული მოქმედებები.
 

ასეთი ხანგრძლივი მოქმედებებისთვის აუცილებელია შეირაღებული ძალების გამძლეობა და მეთაურების ურყეობა. - უკვე ძალზედ ცხადია რომ რუსული მხარის მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე შერყეულია. ძნელად წარმოსადგენია დიდი ძალისხმევისა და მობილიზაციის გარეშე როგორ უნდა იქნას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნული საკითხი გამოსწორებული. ამასთან ერთად, დაწესებული ეკონომიკური სანქციები დროში გაწელილი სამხედრო კამპანიის შემთხვევაში შესაბამის გავლენას იქონიებენ მის მიმდინარეობაზე, რაც შეუძლებელს გახდის დღევანდელ პირობებში მორალური და ფიზიკური სიმტკიცის შენარჩუნებას.
 

11. ლეგიტიმურობა – სამხედრო ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს.
 

  • სამხედრო ძალების გამოყენება მოხდეს ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით.
  • შეიარაღებული ძალები აუცილებლად უნდა მოქმედებდნენ  საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით.
  • სასურველია კამპანიებსა და ოპერაციებს მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნის ხელისუფლებამაც, რომელშიც ასეთი კამპანია მიმდინარეობს და ეს ხელისუფლება  საერთაშორისო საზოგადოების მიერ იყოს აღიარებული.


ლეგიტიმურობაში, შესაძლოა, საგარეო აუდიენციის არა ერთი აქტორი იყოს დაინტერესებული, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კამპანიის წარმატებისათვის აუცილებელი ფაქტორი, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ლეგიტიმურობა  არ არის. წარმატებული სამხედრო კამპანიების ჩატარება შესაძლებელია შეზღუდული ლეგიტიმურობის პირობებშიც. ეს პრინციპი მნიშვნელოვან კორელაციაში იმყოფება მოქმედი სახელმწიფოების მოწყობის ტიპთან, ოპერაციების გარემოსთან და სხვა სუბიექტურ ცვლადებთანაც. სწორი პროპორციის დაცვა ლეგიტიმურობასა და უსაფრთხოებას შორის აუცილებელია. 


ზემოაღნიშნული პუნქტის კომენტირება ზედმეტია უკრაინაში მიმდინარე ომის თვალსაზრისით.
 

12. ზომიერება/სიფრთხილე – მოითხოვს ფრთხილ და დისციპლინირებულ ბალანსირებას უსაფრთხოებას,  სამხედრო ოპერაციების ჩატარებასა და სასურველ სტრატეგიულ დასასრულს შორის. ეს მიდგომა მეტწილად საცეცხლე კონტაქტში შესვლის წესებს გულისხმობს. მეთაურებმა ეს წესები ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდნენ და ფუჭი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, თუ გარემოებები მათში ცვლილებს მოითხოვს, აუცილებელია მათი განხორციელება. ჯარისკაცების სიცოცხლე ამ წესების გამო გაუმართლებელი რისკის ქვეშ არ უნდა მოექცეს. - აღნიშნული პუნქტი აბსოლუტურად უცხოა რუსული შეიარაღებული ძალებისათვის, ისევე როგორც წინა ორი პუნქტი.


ზოგადად, ომის და სამხედრო კამპანიის გარანტირებული წარმატებისთვის, ბუნებრივია, არ არსებობს მზა ფორმულები, თუმცა, სამხედრო თეორიის განვითარების და წარმოებული სამხედრო კამპანიების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ის პრინციპები, რომლებიც საბრძოლო სივრცეზე დასახული ამოცანების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. აშშ-ს არმიაში დღეს სწორედ ზემოთ განხილული პრინციპები ითვლება სამხედრო კამპანიების ოპერატიული დაგეგმვის დოქტრინალურ ბაზისად და ამიტომ,  სტრატეგიის განსაზღვრების დროს მნიშვნელოვანია მხედართმთავარს ქონდეს იმდაგვარი რესურსები, რომლებიც მას აღნიშნული პრინციპების რეალიზაციის საშუალებას მისცემს საბრძოლო მოქმედებების თეატრზე, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებული კამპანიის წარმოება სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება. სწორედ ამას ამტკიცებს რუსული სამხედრო მანქანის მოქმედებები, რომელსაც თუ ზემოთ მოყვანილი ომის პრინციპების პრიზმაში განვიხილავთ, მაშინ რუსეთის სამხედრო წარუმატებლობა უკრაინაში  იმთავითვე გასაგები და ახსნადი იქნება. როგორც ჩანს რუსეთის ოფიცერთა წრეში სათანადო სამხედრო-ოპერატიული განათლების საფუძვლები სერიოზულ განახლებას საჭიროებენ.
 

გააზიარე: