ძალთა ბალანსი სირიაში და გადამწყვეტი გამარჯვების ალბათობა

ავტორი:

გადმოწერეთ PDF ფაილი

გეოპოლიტიკური კონტექსტი


სირიაში ბოლო პერიოდში გამწვავებული სიტუაციის ფონზე საზოგადოებაში მოლოდინი გაჩნდა, რომ დაიწყებოდა ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია, რომელსაც თურქული მხარე განახორციელებდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის ძალების წინააღმდეგ. საბრძოლო მოქმედებები თურქეთის მიერ დამატებითი ძალების მობილიზების შედეგად მართლაც გააქტიურდა და სირიულმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგებიც განიცადა, თუმცა ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი გარღვევის ან სიტუაციის რადიკალური ცვლილების ნიშნები არ არის. საბრძოლო მოქმედებები კვლავინდებურად გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობს.

ნიშანდობლივია, რომ ამგვარი ოპერატიული ვითარების შექმნას თავისი წინაპირობები გააჩნია, და მიზეზები არა მხოლოდ დაპირისპირებული მხარეების გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ, არამედ სამხედრო-სტრატეგიული ხელოვნება გვკარნახობს, რომ ამჟამინდელი ძალთა ბალანსით სიტუაციის რადიკალური ცვლილება ნაკლებ სავარაუდოა.

ომის და სამხედრო კამპანიის გარანტირებული წარმატებისთვის, ბუნებრივია, არ არსებობს მზა ფორმულები, თუმცა, სამხედრო თეორიის განვითარების და წარმოებული სამხედრო კამპანიების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ის პრინციპები, რომლებიც საბრძოლო სივრცეზე დასახული ამოცანების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. ამა თუ იმ მხარის მოქმედებების წარმატების ხარისხიც სწორედ ომის წარმოების პრინციპების რეალიზებაში დევს ხოლმე.

სანამ უშუალოდ სამხედრო-სტრატეგიული ხელოვნების პრინციპებს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია სამხედრო-პოლიტიკურ ჭრილზეც ვისაუბროთ, ვინაიდან შეუძლებელია ნებისმიერი კონფლიქტი, რომელშიც გლობალური მოთამაშეები არიან ჩართული, მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით იქნას განხილული და მისი გეოპოლიტიკური რეალობა არ იყოს გათვალისწინებული.
2011 წლიდან მოყოლებული სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა, ასადის წინააღმდეგ შეიარაღებულმა ამბოხებამ და მისი რეჟიმის კოლაფსის პირამდე მიყვანამ მნიშვნელოვნად არია სიტუაცია რეგიონში. დასავლეთის მხრიდან პასიურმა საპასუხო ნაბიჯებმა შექმნა სიტუაცია, რომლის გამოც რეგიონში ძალთა ბალანსის ვაკუუმი წარმოიშვა.

საერთაშორისო ურთიერთობებისა თუ სამხედრო ისტორიის ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს, რომ გეოსტრატეგიული რეალიები ვერ იტანენ ძალაუფლების ვაკუუმს და გამოთავისუფლებული არეალი აუცილებლად ივსება ახალი მოთამაშეების მიერ. სწორედ ასე მოხდა სირიის, და ზოგადად, რეგიონის შემთხვევაშიც. პირველი ასეთი აქტორი რეგიონში, არაბული აკრონიმით - დაიში/დაეში ცნობილი, ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო გახდა. პირველმა სწორედ მან შეავსო რეგიონში შექმნილი ძალთა სიცარიელე. ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში დაეშის მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებას და აღნიშნული საფრთხის ნეიტრალიზებას საერთაშორისო საზოგადოების, აშშ-ის, რუსეთისა და ადგილობრივი აქტორების გაერთიანებული ძალისხმევა და საბოლოოდ რამდენიმე წლიანი ბრძოლები დასჭირდა. მიუხედავად ამისა, დღემდე არის მებრძოლთა მცირე ჯგუფები დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება პირველ რიგში აშშ-ს და მისი მოკავშირეების სირიის კონფლიქტის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო შეიქმნა. ამის გამომწვევი მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას კონფლიქტში აქტიური ჩარევისგან მაქსიმალურად თავშეკავებული პოლიტიკა, და ზოგადად, აშშ-ს და მის მოკავშირეებს შორის გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობა კონფლიქტთან დაკავშირებით. ამას გარდა, აშშ-ს სირიის კრიზისის მიმართებით პოლიტიკაზე მოქმედი ფაქტორი სირიის ოპოზიციის კომპოზიციაც იყო. ვაშინგტონი თავის დროზე სიტუაციას განიხილავდა როგორც კონფლიქტს სხვადსხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებას შორის, როგორც იყო, მაგალითად, დაეში და ალ-ნუსრა ერთი მხრივ, და მეორე მხრივ ე.წ. „სეკულარული ოპოზიცია“. ეს დაჯგუფებები არ უნდა ყოფილიყვნენ მოლაპარაკების მხარეები და ძირთადი აქცენტი რუსეთთან თანამშრომლობის გზით სიტუაციის დარეგულირებაზე იყო გაკეთებული. ამას გარდა, აშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ვერ უზრუნველყო მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება, რითაც რეგიონის სხვადსხვა მოთამაშე დღემდე სარგებლობს.

საბოლოო ჯამში, შექმნილი ვითარებით ყველაზე მეტად სწორედ რუსეთმა ისარგებლა, რომელმაც აღნიშნული კრიზისი გლობალურ მოთამაშედ წარმოჩენის, საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებისა და მისი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების არენაზე სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი მოთამაშის, სტატუსის დემონსტრირებისთვის გამოიყენა. შეიქმნა ყველა წინაპირობა რუსეთის ახლო აღმოსავლეთში დასაბრუნებლად. ამ ნაბიჯების შედეგად, ფაქტობრივად, რეგიონში განხორციელდა ყველა ის რუსული ინტერესი და მიზანი, რაც გაწერილია მის სტრატეგიულ დოკუმენტებში. საბოლოო ჯამში მივიღეთ მოცემულობა, სადაც დარღვეული ძალთა ბალანსით პირველ რიგში სწორედ რუსეთი გამოვიდა გამარჯვებული.

ამას გარდა, რეგიონში, და პირველ რიგში, ერაყსა და სირიაში კვლავინდებურად გააქტიურდა ირანი, რომელიც პირდაპირ ეხმარება კონფლიქტში ჩართულ შიიტურ დაჯგუფებებსა და ორგანიზაციებს და მათ საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად იყენებს.

შექმნილმა სიტუაციამ ერაყის ჩრდილოეთში მცხოვრებ ქურთებსაც მათი დამოუკიდებლობისათვის წარმატებით ბრძოლის მირაჟი გაუჩინა, რაც პირდაპირ თურქეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

ბუნებრივია, მოვლენების ამგვარმა განვითარებამ რეგიონში თურქული ინტერესების საწინააღმდეგო სიტუაცია შექმნა. მისთვის მიუღებელია სირიის ჩრდილოეთში ასადის რეჟიმის ხელახალი დამყარება, ლტოლვილთა ახალი ნაკადების მის ტერიტორიაზე გადინება და იმ ჯგუფების დამარცხება რომლებიც სარგებლობენ თურქული მხარდაჭერით. ასევე, მიუღებელი იყო ქურთისტანის რაიმე სახის დამოუკიდებელი ერთეულის შექმნა, მიუხედავად ამ უკანასკნელთა დამსახურებისა დაეშის წინააღმდეგ ბრძოლებში.

ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად დღეს სირიაში არსებული ძალთა ბალანსი არ ქმნის რომელიმე მხარისათვის გადამწყვეტი სამხედრო გამარჯვების წინაპირობებს. ზოგადად, უშუალოდ საბრძოლო სივრცეზე მიღწეული წარმატებები აღარ არის საკმარისი საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად. ფინალური გამარჯვება მოითხოვს ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის პირობების შექმნას ყოფილ საბრძოლო სივრცეზე. მხოლოდ ამის მერე შეიძლება შეფასდეს სირიაში შექმნილი სიტუაცია რომელიმე მხარის გამარჯვებად. ამის ნათელი მაგალითია დღეს ავღანეთში მიმდინარე მოვლენები, სადაც მერამდენე მოლაპარკების მიუხედავად თალიბები მუდმივად არღვევენ ზავის პირობებს. 18-წლიანი ომის შემდეგაც აშშ-მ ვერ შეძლო საბოლოოდ ამგვარი მშვიდობის უზრუნველყოფა ავღანეთის ტერიტორიაზე.

სირიაში შექმნილი სიტუაციაც, არსებული ბრძოლების ხასიათის შენარჩუნების შემთხვევაში, არ იძლევა კონფლიქტის მალე ამოწურვის პერსპექტივას. ამისათვის აუცილებელია ან მოლაპარაკება, ან რომელიმე მხარის გადამწყვეტი გამარჯვება, რაც წარმოუდგენელია უფრო აქტიური და აგრესიული სამხედრო კამპანიის გარეშე.

სამხედრო-ოპერატიული ჩიხი

მოგეხსენებათ, ომი მხოლოდ უმიზნო ძალადობრივი დაპირისპირება არ არის. იგი კონკრეტული პოლიტიკური მიზნების რეალიზებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, სირიაში დღეს გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად და სასურველი პოლიტიკური შედეგების მისაღწევად აუცილებელია სწრაფი სამხედრო გამარჯვება. თურქული მხარის აქტიური ჩარევის შედეგად, მაშინ, როდესაც იკვეთება აშშ-ს მის მხარეზე კონფლიქტში ჩართვის პერსპექტივაც, აღნიშნულის მიღწევა შექმნილი ძალთა ბალანსით ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან ძალზედ რთულია ისეთი გამარჯვების მიღწევაც, რაც ბრძოლის ველზე მონაპოვარს სასურველ პოლიტიკურ რეალობად აქცევს. შესაბამისად, შექმნილია სამხედრო-ოპერატიული ჩიხი, რომელიც მოქმედების მხოლოდ შეზღუდულ და მომქანცველ საშუალებებს ტოვებს.

ზოგადად, სამხედრო თეორიაში მიჩნეულია, რომ სამხედრო კამპანიის წარმატებისათვის საომარი გეგმა უნდა ითვალისწინებს რამდენიმე პრინციპს, რომელიც დღეს ამერიკულ, და ზოგადად, დასავლურ სამხედრო დოქტრინებში ომის ცხრა პრინციპით იცნობენ. ეს პრინციპებია:

1. მიზანი - თითოეული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს ნათელი, მიღწევადი და უმნიშვნელოვანესი საერთო მიზნისკენ;

2. აგრესია - დაეუფლე, შეინარჩუნე და განავითარე ინიციატივა;

3. კონცენტრაცია/მასირება - მოახდინე საბრძოლო ძალის კონცენტრაცია საჭირო დროსა და საჭირო ადგილას გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად;

4. ძალთა ეკონომია - არ გამოიყენო იმაზე მეტი მეორად სამიზნეებზე, ვიდრე საჭიროა, რათა არ დაირღვეს კონცენტრაციის პრინციპი;

5. მანევრი - ძალის მოქნილი გამოყენებით ჩააგდე მოწინააღმდეგე მისთვის არახელსაყრელ მდგომარეობაში;

6. მართვის ერთობა - თითოეული სამიზნის მიმართ მართვისა და ძალისხმევის ერთიანობა;

7. უსაფრთხოება - არასოდეს მისცე მოწინააღმდეგეს საშუალება მოულოდნელად დაეუფლოს უპირატესობას;

8. სიურპრიზი - დაარტყი მოწინააღმდეგეს მისთვის მოულოდნელ დროსა და ადგილზე, ან მოულოდნელი ფორმით;

9. სიმარტივე - მოამზადე მკაფიო და ნათელი გეგმა და მოკლე ბრძანებები გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.

ძნელია წარმოვიდგინოთ იმგვარი სრულმასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც ამ პრინციპების რეალიზებას შეძლებდა დღეს სირიაში. ამიტომ, ბრძოლების დღეს არსებული ხასიათი კვლავინდებურად შენარჩუნდება. შედეგად, მიმდინარე ბრძოლები არის შეზღუდული ამოცანების მატარებელი და მიუხედავად იმისა, რომ იდლიბის მიმართულებით შეტევა სირიული მხარის მთავარი ინტერესია, მისი წარმატებით განხორციელება ვერ ხერხდება, ვინაიდან შეუძლებელია იმგვარი ძალების თავმოყრა, რაც ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპებიდან უმთავრეს პოსტულატებს მაინც განახორციელებს რეალობაში და იდლიბის მიმართულებით გადამწყვეტი შეტევის შესაძლებლობას მისცემდა სირიულ მხარეს. ზემოთ მოყვანილი პრინციპებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდით სამს: აგრესია, კონცენტრაცია და მანევრი. მოცემული მიდგომებით კი, ბრძოლების ძირითადი სამიზნეები ხელიდან ხელში გადადის გარდამავალი უპირატესობით.

იმისთვის, რომ სამხედრო-ოპერატიული გარდატეხა მოკლე დროში მოხდეს, აუცილებელია, დიდი შეტევითი ოპერაციის ჩატარება შესაბამისი უზრუნველყოფით. თავისთავად ცხადია, რომ ვერც სირიული მხარე რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად და ვერც ე.წ. ასადის ოპოზიცია თურქული ზურგით ამგვარ/მსგავს სამხედრო ოპერაციაზე ვერ წავა. შესაბამისად, ბუნდოვანია საშუალებები, რომლებითაც დღევანდელი მოცემულობიდან ტაქტიკური გამარჯვებები პოლიტიკურ გამარჯვებებად ითარგმნება. ამიტომ, თუკი თურქული მხარე შეასუსტებს კონფლიქტში თავის ჩართულობას, ეს შანს მისცემს ასადის ძალებს ნელა, მაგრამ მეთოდურად განაგრძონ ბრძოლებით წინსვლა. დღეს კი, თურქული მხარის ასეთი მონაწილეობით დიდი გამარჯვებისთვის ბრძოლა ნიშნავს სრულმასშტაბიანი ოპერაციის ჩატარებას, რაც რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირებას სულ სხვა საფეხურზე აიყვანს ყველა პოტენციური შედეგით. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ომის შემზღუდავი პოლიტიკური გარემოება, რაც სმხედრო გზით სწრაფი გადამწყვეტი გამარჯვების ალბათობას ძალზედ ამცირებს.

 

ყოველივეს გათვალისწინებით, ახლო მომავალში უნდა ველოდოთ საბრძოლო მოქმედებების არსებული ხასიათის შენარჩუნებას და მორიგ დროებით შეთანხმებას რუსეთსა და თურქეთს შორის, მანამ, სანამ ახალი სამხედრო-პოლიტიკური რეალობა უკეთეს პირობებს არ შექმნის რომელიმე მხარისათვის გადამწყვეტი გამარჯვებების მისაღწევად, ანდა არ იქნება ყველა მხარისათვის მისაღები საყოველთაო კომპრომისი მიღწეული მშვიდობის ახლებურ მოწყობაზე, რაც ძნელი წარმოსადგენია.

 

 

წყაროები:
USA ARMY Joint Publication 3-0, Joint Operations ; 11 August 2011;
USA ARMY Field Manual - FM 100-5 Operations; Headquarters Department of the Army; Washington, DC, 14 June 1993;

 

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური

 

გააზიარე: