უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ თუ როგორ და რამდენად შეიცვალა მსოფლიო, რა ცვლილები მოხდა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საერთაშორისო ურთიერთობებში, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ასევე იმაზე, ამ პროცესების ფონზე სადაა საქართველო და რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორს და პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ანთაძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მსოფლიო იმდენად შეიცვალა, რისი წარმოდგენაც კი, 2-3 წლის წინ შეუძლებელი იყო. დიდი ცვლილებების კონტურებიც არ ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებული სისტემა რომ აღარ მუშაობდა ამის ნიშნები ნამდვილად იყო.
როგორც კი დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამერიკელმა და ევროპელმა ლიდერებმა რუსეთს ბევრი რამ გახსენეს, კრემლთან ურთიერთობებში თავისი შეცდომებიც აღიარეს. მათ შორის ისიც, რომ აშშ-ს და ევროპას რუსეთის ომზე საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ისე არ უპასუხა, როგორც საჭირო იყო.
5 თვეზე მეტია უკრაინა ებრძვის რუსულ აგრესიას აშშ-სა და ევროპის არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით, არამედ ამერიკული და ევროპული იარაღით. აშშ და ევროპა აცხადებენ, რომ უკრაინას არ მიატოვებენ, მეტიც, რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი საუდის არაბეთსა და ისრაელში იმყოფებოდა. პუტინს ვიზიტი ჰქონდა თეირანში, სადაც იგი თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შეხვდა. უკრაინის ომმა პრაქტიკულად ორად გაყო ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო.
ტრამპის დროს საკმაოზე მეტად დაზიანებულმა ამერიკულ-ევროპული ერთობამ ახალი დინამიკა შეიძინა. მეტიც, ზოგი იმასაც ამბობს, რომ ახლა ევროპაში სეფე სიტყვა ვაშინგტონს ეკუთვნის და ეს დინამიკა შეუქცევადია. ისტორია თითქოს მეორდება, თუმცა, ამჯერად როგორ განმეორდება, ჯერ არ ჩანს.
როგორ შეაფასებდით იმას, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკაში ხდება? როგორ და რამდენად შეიცვალა მსოფლიო?
- მსოფლიო ნამდვილად აღარ იქნება ისეთი როგორიც ომამდე იყო. თუმცა, უნდა აღნიშნოს რომ ომის დაწყებამდეც გეოპოლიტიკურ ლანდშაფტზე მნიშვნელოვანი ძვრები იყო და ამაზე თქვენთან ინტერვიუებში წარსულშიც გვისაუბრია.
გავიხსენოთ რა იყო ბოლო წლების უმთავრესი ტენდენცია რისი გამოძახილის არის ეს ომი? ეს იყო ბოლო პერიოდში რუსეთის თამადობით სამყაროს არადემოკრატიული ძალების ზეწოლა დასავლეთის გლობალურ პოზიციონერობაზე და დამკვიდრებულ მსოფლიო წესრიგზე, რომლის ბოლო აკორდიც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია გახდა.
მას წარმატების შემთხვევაში უნდა განემტკიცებინა საბოლოოდ ტენდენცია, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ურთიერთობები ძალისმიერ თამაშის პრინციპებს უნდა დაჰბრუნებოდა, ანუ იქ სადაც რეგიონული ლიდერების ინტერესები და ძალის ენა არის მთავარი და არა ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.
ამის მოლოდინებს ბოლო ათწლეულის მანძილზე დასავლეთში არსებული არა ერთგვაროვნება, არა თანამიმდევრულობა და ხშირ შემთხვევაში შესუსტებული გეოსტრატეგიული პოზიციები განაპირობებდა. ფაქტობრივად ყველა დიდი მოთამაშე დასავლეთის პოლიტიკური გავლენების შესუსტებას ცდილობდა მსოფლიო სხვადასხვა წერტილში. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინსაც ამ დასავლური უძლურობის იმედი ჰქონდა უკრაინასთან მიმართებაშიც.
თუმცა, უკრაინელი ხალხის მტკიცე წინააღმდეგობამ საყოველთაო გამოფხიზლების საბაბი შექმნა და მადრიდის სამიტზე ჩვენ ფართო ევრო-ატლანტიკური კოალიციის გამოღვიძება ვნახეთ. ასე ვუწოდებდი მე სამიტის შედეგებს, ვინაიდან ფაქტობრივად გამოიკვეთა კონტურები იმ სახელმწიფოების, რომლებიც ერთ ბანაკში მოიაზრებიან. კარგია რომ საქართველოც მათ გვერდით დგას.
გლობალური მოვლენები ისეთ ვითარდება, რომ ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური გრავიტაციის ცენტრები ვაშინგტონისა და პეკინის ირგვლივ დაჯგუფდება. გავიხსენოთ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო დროინდელი განცხადებაც, რომ აზიურ სახელმწიფოებზე ზეწოლა ხორციელდება და მათ აიძულებენ მხარე აირჩიონ. ეს ყველაფერი სწორედ ამ გლობალური პროცესების გამოძახილია.
ამასთან ერთად მკვეთრად გაძლიერდა რეგიონული მოთამაშეების აქტივობები, როგორც ჩვენთან ისე, სხვა რეგიონებში. თქვენს მიერ ნახსენები აშშ პრეზიდენტის ვიზიტიც ამის შედეგია - დღეს საუბარი მიდის აქამდე უპრეცედენტო სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისრაელსა და იმ არაბულ ქვეყნებს შორის, რომლებიც ანტი ირანული განწყობების არიან. 2-3 წლის წინ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო.
თურქეთი კვლავინდებურად აგრძელებს ბალანსირების პოლიტიკას ერთის მხრივ დასავლეთთან და მეორეს მხრივ ირანთან და რუსეთთან ურთიერთობების ჭრილში. ანალოგიური მოვლენების მომსწრე ვართ ინდოეთისა და ჩინეთის შემთხვევაშიც, რომლებიც საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ.
მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში არსებული ენერგეტიკული და სავაჭრო კორიდორების გადახედვაც მოხდება, ვინაიდან თუ ევროპა განაგრძობს რუსულ ენერგეტიკულ მატარებლებზე უარის პოლიტიკას, ეს აუცილებელი ნაბიჯი იქნება, რაც ჩვენი რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს რომელთაც გამოყენება დაჭირდება.
რომ შევაჯამოთ გლობალური პროცესები და ომის გავლენა საერთაშორისო ძალთა ბალანსზე, ეს იქნება ცვლილებების საკმაოდ გახანგრძლივებული პროცესი პერიოდული ეკონომიკური და პოლიტიკური ტურბულენტობით.
- უკრაინაში მიმდინარე ომმა ბევრი რამ შეცვალა. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, ამ პროცესებს იმ ტიპის დინამიკა აქვს რომ დღეისათვის არსებული ვითარება დიდხანს ვერ შენარჩუნდება.
დამკვირვებელთა მეორე ნაწილი შენიშნავს, რომ დღეს არსებული ვითარება პირიქით დიდხანს გაგრძელდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთს ომის წარმოების რესურსი საკმაოზე დიდი აქვს. მაგრამ, უკრაინაში რუსულ რესურსებს უპირისპირდება აშშ-სა და ევროპის, ასევე კიდევ სხვა იმ ქვეყნების რესურსები, ვინც უკრაინას ეხმარება.
ომი მხოლოდ უკრაინის ფრონტებზე არაა. პრაქტიკულად სახეზეა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფინანსური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სასურსათო, დიპლომატიური და საინფორმაციო ომები.
უნდათ თუ არა, ამ ომში ჩართულია ყველა დიდი ქვეყანა. ჩინეთის, ინდოეთის, ირანის ჩათვლით. თავიდან პეკინის დამოკიდებულება უკრაინის ომის მიმართ საკმაოდ თავშეკავებული იყო, მერე აღმოჩნდა, რომ ჩინეთი გარკვეულ საკითხებში ანგარიშს უწევს მოსკოვს და ეკონომიკური სანქციების არიდებაში ეხმარება. მხედველობაში მაქვს სხვადასხვა სახის ჩიპების, მათ შორის სამხედრო დანიშნულების მიწოდება და ნავთობის შესყიდვა. ინდოეთიც ყიდულობს რუსეთისგან ნავთობს.
ევროპა ისე ენერგიულად ცდილობს დააღწიოს თავი რუსეთს ენერგოდამოკიდებულებას, სულაც არაა დამოკიდებული, მან ეს შეძლოს.
სავარაუდოდ, როგორ გაგრძელდება დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფინანსური, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სასურსათო, დიპლომატიური და საინფორმაციო ომები? და მთავარი, - ამ დაპირისპირებაში უპირატესობა ვის მხარეს იქნება?
- როგორც აღვნიშნე პეკინი და სხვა რეგიონული მოთამაშეები საკუთარი დღის წესრიგითა და ინტერესების მიხედვით მოქმედებენ და გააგრძელებენ მომავალშიც. პეკინი ჩემის აზრით, არ შეიცვლის ახლო მომავალში სტრატეგიას და ფრთხილი დამკვირვებლის როლში იქნება. ერთის მხრივ არ გაწყვეტს რუსეთთან კავშირებს, მათ შორის ეკონომიკის ჭრილში, თუმცა არ მიიყვანს დასავლეთთან ურთიერთობებს იმ დონეზე, რომ სანქციების საფრთხე დაემუქროს.
ეს ჩინეთისათვის და გლობალური ეკონომიკისთვისაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება და ამას ყველა ხვდება, ამიტომ, გარკვეული ეკონომიკური პროცესები რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებში ვფიქრობ ჩრდილოვან ველში დარჩება. ტექნოლოგიურად ჩინეთი დასავლეთს კვლავინდებურად ჩამორჩება და ეს მას კარგად ესმის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როგორც ახსენეთ, იქნება ნახევარგამტარების საკითხი, რომელიც დღეს ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ რესურს წარმოადგენს და მსოფლიოს ძალაუფლების ყველა ცენტრი მიმართულია ამ სფეროში მაქსიმალურად ავტონომიური შესაძლებლობების შექმნისკენ. ამ მხრივ თვითკმარი რესურსების შექმნას დაახლოებით 10 წელი დაჭირდება ორივე ბანაკში, ამიტომ თუ დასავლეთი ერთიანობას შეინარჩუნებს, იმ გამოწვევების ირგვლივ, რაც მადრიდის სამიტზე გაჟღერდა, ჩინეთსა და სხვა მოთამაშეებს ერთიანი დასავლეთის წინააღმდეგ დაპირისპირება ძალიან გაუჭირდებათ.
მოგეხსენებათ ჩინეთს ტაივანის საკითხი აქვს დღის წესრიგში, რომელიც დღეს ჩვენს მიერ ნახსენები ჩიპების უმთავრესი მწარმოებელია, ამიტომ უახლოესი 10 წელი ვფიქრობ ჩინეთისგან ზედმეტად ხისტი ნაბიჯები ნაკლებად მოსალოდნელია ამ მიმართულებით.
დასავლეთმა და პირველ რიგში აშშ-მა მკაფიო დემონსტრირება მოახდინა, რომ მას კვლავინდებურად აქვს ერთიანობის რესურსი და რომ ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის აგრესია ვაშინგტონის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება.
რაც შეეხება უპირატესობას, კაცობრიობის ისტორია და რუსეთ-უკრაინის ომიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფართო კოალიციებს ყოველთვის დიდი უპირატესობა აქვთ რამდენიმე სახელმწიფოს გაერთიანებების წინააღმდეგ და ამიტომ პეკინი ძალიან ფრთხილი და მოზომილი იქნება თავის ნაბიჯებში.
- ვაშინგტონმა და ევროპამ თქვეს - უკრაინას იმდენ ხანს აღმოუჩენთ დახმარებას, რამდენი ხანიც დასჭირდება იმას, რომ ვითარება ჯერ დაუბრუნდეს 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებულ ვითარებას, ხოლო შემდეგ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის სრულ გასვლას, მათ შორის ყირიმიდან.
უკრაინიდან ხორბლის გატანაზე რუსეთის თანხმობის შემდეგ რუსეთის მიერ ოდესის ხორბლის ტერმინალების დაბომბვამ ცხადად აჩვენა, რომ რუსეთთან ნებისმიერ მოლაპარაკებებს, აზრი არ აქვს. იგი გააგრძელებს საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას, თან დემონსტრაციულად.
მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარებზე ახლა ბევრი საუბრობს. გასაგებია, რომ ამაზე მსჯელობა შესაძლოა ნაადრევიც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ როგორადაც არ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში, მნიშვნელოვნად შეიცვლება არა მხოლოდ მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემა, არამედ ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობები.
იმის გათვალისწინებით თუ რა რეალობა არსებობს უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?
- რუსეთ-უკრაინის ომის ფინალური აკორდები ჯერ კიდევ არაა ახლოს და შინაარსიც ბუნდოვანია, თუმცა მათი მნიშვნელობა რომ ძალიან დიდი იქნება აქედანვე იგრძნობა. რამდენიმე შეკითხვა დღესაც პასუხგაუცემელია.
მაგალითად, როგორი იქნება ამ ომის სამხედრო-პოლიტიკური დასასრული? შეძლებს თუ არა უკრაინა დაკარგული ტერიტორიებს მთლიანად დაბრუნებას? ვგულისხმობ იმას, რომ დონბასის დაბრუნება არ იქნება მარტივად რეალიზებადი ამოცანა უკრაინისთვის, თუ საერთოდ იქნება. მთავარი აქცენტი ახლა ხერსონსა და სამხრეთ მიმართულებაზეა. ამიტომ კიევისთვის აუცილებელია დასავლური დახმარების დროული და შესაბამის ტემპში მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრონტი უბრალოდ გაიყინება.
ასევე საკითხავია როგორი იქნება შიდაპოლიტიკური სიტუაცია რუსეთში და რამდენად შეძლებს დასავლეთი მოსკოვის მიმართ ერთიანი პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებას. ჩემი ვარაუდით, მოსკოვი ხანგრძლივი იზოლაციის პირობებში დარჩება და თუ უკრაინა წარმატებით გაართმევს თავს სამხედრო ამოცანების შესრულებას, კრემლს აუცილებლად მოუწევს მარცხის აღიარება, დე ფაქტო მაინც.
თუმცა, ამისათვის შემდგომი უკრაინული დიდი სამხედრო გამარჯვებებია აუცილებელი რაც ჯერ არ მომხდარა. არ ველოდები ამის საპასუხოდ დასავლეთისგან რუსეთის მიმართ მყისიერ დათმობებს. ამ ომის დასრულების შედეგად, დიდი ალბათობაა იმის, რომ ევროპამ მის აღმოსავლეთ ფლანგზე ახალი უკრაინის სახით მიიღოს კბილებამდე შეიარაღებული სახელმწიფო, რომელიც პოლონეთთან ერთად რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისგან ე.წ. მთავარ შემაკავებელ ფაქტორს შექმნის მომავალში, იმის და მიუხედავად გახდება თუ არ კიევი ნატოს წევრი ახლო მომავალში და რა დე ფაქტო საზღვრებში იქნება.
ამის ფონზე, თუ დასავლეთი ერთიანობას შეინარჩუნებს, ამ ომიდან ნატო უპრეცედენტოდ გაძლიერებული გამოვა, დავუმატოთ ამას ფინეთისა და შვედეთის წევრობაც და ახალი სამხედრო-პოლიტიკური რეალობა შეიქმნება ევროპის აღმოსავლეთ სივრცეში და ბალტიის ზღვაში.
დასავლეთის მხრიდან ამ ომში გაწეული ძალისხმევა აუცილებლად დღის წესრიგში დააყენებს სამხედრო ინდუსტრიის ხელახალი გამოღვიძების აუცილებლობას ევროპასა და აშშ-ში, ამაზე უკვე არის საუბრები და ესეც ამ ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება.
- თუ უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირისა და ნატოს წევრობა გასაგები იყო, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტად გახდა გაუგებარი.
აღარავინ დავობს, რომ ხელისუფლების გაუგებარი საგარეო პოლიტიკის გამო ქვეყანამ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი. მეტიც, 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველი გუნდის მსჯელობა არ ტოვებს განცდას, რომ 2023 წლის ბოლომდე შეძლებს ქვეყანა მათ შესრულებას.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების ანტიდასავლურმა, ანტიამერიკულმა რიტორიკამ ისეთი სახე მიიღო, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იძულებული გახდა თავისი ბრიფინგი საქართველოს თემით დაეწყო და ეთქვა - „ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლების რიტორიკამ შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას.“
ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცერზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები იმდენად არადიპლომატიური იყო, რომ ევროკავშირი იძულებული გახდა მისი ყოფილი სრულუფლებიანი ელჩი საჯაროდ დაეცვა.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაწერილით მიმართა ევროკომისიის თავმჯდომარეს და სთხოვა მას გაემიჯნოს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას, რომელშიც საუბარია საქართველოში დეოლიგარქციის დასრულებაზე. გასაგებია, რომ მმართველი გუნდისთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ წესით საგარეო კურსზე მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს.
ამის პარალელურად მოხდა ის, რომ რუსეთმა 50-მდე გაზარდა აარამეგრობრული ქვეყნების სია. ფაქტია, რომ კრემლისთვის საქართველო მეგობარი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.
კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება, რომელიც კიდევ უფრო ხდის საქართველოს საგარეო კურსს. და ეს მაშინ, როცა მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება, გეოპოლიტიკაზე საუბარმაც აზრი დაკარგა და გაჩნდა შანსი საქართველოზე გამავალი ტვირთები მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
ხუნდაძემ, სუბარმა და ყაველაშვილმა, კიდევ ერთხელ გაგვაკვირვეს ელჩ დეგნანისადმი მიწერილი წერილით, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა...
თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის განცხადება, მეორე მხრივ ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას? არის საქართველო კოორდინატების იმ სისტემაში, რომელიც ჩვენთვის აგრესორ და ოკუპანტ ქვეყანას უპირისპირდება?
- ის რომ გრძელვადიანი საგარეო-პოლიტიკური დაგეგმვა და მერე მოქმედება არ წარმოადგენს ქართული პოლიტიკის ძლიერ მხარეს, სამწუხაროდ, ამას დიდი ხანია მივხვდით უკვე. შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე უკვე არა ერთხელ ზარალდება ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ბუნებრივია პასუხისმგებლობა ამაზე მთლიან პოლიტიკურ სპექტრზე ნაწილდება.
ვფიქრობ, დღეს საგარეო პოლიტიკური ფაქტორების გამოყენება ხდება შიდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ეს ბუნებრივია აზიანებს საგარეო პოლიტიკური ამოცანების რეალიზაციას. აშშ საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია და ეს მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან ამ ურთიერთობების სათავე არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის კავშირები, არამედ წმინდა გეოპოლიტიკური მიზეზებიც არის, მათ შორის თქვენს მიერ ნახსენები ენერგეტიკული და სატრანზიტო საკითხებიც.
ევროპისგან მოცემულია 12 სამუშაო პუნქტი და მიმართულებები, შექმნილია სამუშაო ჯგუფები და აუცილებელია ყველა მხარის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ამ პუნქტების მოთხოვნების რეალიზაციაც. ესაა ქვეყნის ეროვნული ინტერესი დღეს.
რაც შეეხება ჩვენს ადგილს, ვფიქრობ საქართველო მთელი ამ პრობლემური შიდა პოლიტიკური რეალობის მიუხედავად ევრო-ატლანტიკური სივრცის ნაწილად რჩება. ამის დადასტურებაა, როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს მონაწილეობა იგივე მადრიდის სამიტის ირგვლივ პროცესებში და იმ ქვეყნების გვერდით დგომა რომელიც რამშტაინის ბაზაზე ე.წ. ანტირუსული კოალიციის ფარგლებში განიხილავენ უკრაინის დახმარებას.
მოგეხსენებათ, მადრიდის სამიტში არამხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები, არამედ მათი პარტნიორი ქვეყნებიც მონაწილეობდნენ, დაწყებული ლათინური ამერიკიდან, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნებით გაგრძელებული. ეს სწორედ ის ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობაა, რომელიც მე უკვე ვახსენე და რომელსაც არადემოკრატიული ქვეყნების ბანაკი უპირისპირდება. ეს მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ საქართველო ჯერ კიდევ ამ ორბიტაზე რჩება.
თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ გლობალური პროცესების ფონზე რეგიონული მოთამაშეები გააქტიურდებიან ყველგან, მათ შორის კავკასიაში და საქართველოს შეუძლია ამ მრავალვექტორულ პროცესებში საკუთარი ინტერესების რეალიზაციაც, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და სავაჭრო სივრცეში.
თუმცა, ამისათვის აუცილებელია, რომ მთელი ენერგია ფუჭ შიდაპოლიტიკურ დისკურსზე არ იხარჯებოდეს.
- სამწუხაროდ, საშინაო პოლიტიკაში ისე განვითარდა პროცესები, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი არ ერიდება უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთის გულშემატკივრობას.
ამ თვალსაზრისთ ჩვენში ბევრი უცნაურობა ხდება. მხედველობაში მაქვს რუსეთის მოქალაქეების მოზღვავება და არა მარტო უძრავი ქონების შეძენა, არამედ ბიზნესების დაფუძნება. რაც არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს გავლით მოხვდეს რუსეთში სანქცირებული პროდუქტები.
ვითარებაში, როცა საფრთხეები გაზრდილია, მმართველმა გუნდმა უარი თქვა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე. ასევე კანონის გამკაცრებაზე, რომელიც საქართველოდან რუსეთში სანქცირებული პროდუქტის გატანაზე კონტროლს გაამკაცრებდა.
რუსეთთან დამოკიდებულების თემა სულ უფრო აქტუალური და პრობლემური ხდება, ფაქტია. „ინტერპრესნიუსთან" წინა ინტერვიუში თქვან ბრძანეთ - „საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა უსაფრთხოების ფუნდამენტურ მიზნებზე ეროვნული ძალისხმევის კონსოლიდაცია“.
როგორ შეაფასებდით ამ თემებზე ხელისუფლების უმოქმედობას? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უსაფრთხოების ფუნდამენტურ მიზნებზე ეროვნული ძალისხმევის კონსოლიდაცია?
- აუცილებელია ისე არ მოხდეს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დარღვევის გამო დაზარალდეს, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება როგორც ქვეყნის იმიჯზე, ისე ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე. ამას ყველა უნდა აცნობიერებდეს.
რაც შეეხება კონსენსუს უსაფრთხოების ფუნდამენტურ საკითხებზე, მე ამის აუცილებლობას ახლაც ვხედავ. თუმცა, იმედი ნამდვილად აღარ მაქვს, ვინაიდან შიდაპოლიტიკური სპექტრი სულ სხვა საკითხებითაა გატაცებული. დღეს არსებული ვითარება არ ემსახურება პოლარიზაციის დასრულებას და დიალოგის დაწყებას, რაც უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმების შანსებს გააჩენდა. ამ ეტაპზე ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ნდობა ფაქტობრივად არ არსებობს, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ამდაგვარი შეთანხმების მიღწევას.
ამ მხრივ მხოლოდ ხელისუფლების დადანაშაულება არ იქნებოდა სწორი. ვფიქრობ ოპოზიციის ნაწილმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე და მხოლოდ ესკალაციის შედეგად პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე არ უნდა ფიქრობდეს.
ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები, უმეტესწილად ეპიზოდურად ხდება აქტუალური და იშვიათად თუ ნახავთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელიც თუნდაც არჩევნების დროს უთმობდეს სათანადო ყურადღებას ამ საკითხებს. ამ მხრივ ალბათ საზოგადოებაშიც არის სამუშაო, იმისთვის რომ ასეთი დაკვეთა გაჩნდეს.
უკრაინის ომმა ხაზი გაუსვა ამდაგვარი დისკურსის გაჩენის აუცილებლობას. დღევანდელ ვითარებაში კი, საქართველო კვლავინდებურად მხოლოდ სიტუაციური მოთამაშეა და არა საკუთარი ინტერესების საგარეო პოლიტიკურ სცენაზე გეგმაზომიერი გამტარებელი. ასეთია რეალობა და პერსპექტივები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი