საქართველოში, სადაც ქალებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ისევ და ისევ აქტიურ მოვლენად რჩება, გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ ღრმად არის დამკვიდრებული. განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა ე.წ. „ღირსების“ სახელით ჩადენილი ძალადობა. ამ დანაშაულის პრევენცია და მისი აღმოფხვრა სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ნეგატიური დამოკიდებულება გააჩნია გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, გენდერული დისკრიმინაცია შეინიშნება არა მხოლოდ ქალებში, არამედ ასევე პუბერტატულ ასაკში მყოფ გოგონებში. ადრეული ასაკიდან ხდება ისეთი გენდერული სტერეოტიპების ჩანერგვა, როგორიცაა ქალის მორჩილება და მამაკაცის უპირობო ბატონობა სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სფეროში. ყოველივე აქედან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებაში ნათლად არის განსაზღვრული ქალის ფუნქცია-მოვალეობები. ქალის სახე ძირითადად ასოცირებულია აპრიორი დედის და მორჩილლი მეუღლის იმიჯთან.
ღირსებისა და მისი ნორმების აღქმა და მნიშვნელობა დროთა განმავლობაში იცვლება და შესაძლებელია განსხვავებული დატვირთვა ჰქონდეს. როგორც წესი, ,,ღირსების’’ დაცვის სახელით ხდება საზოგადოების მხრიდან ქალთა პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა და მასზე კონტროლის მცდელობა. საქართველოში, ქალების სხეულის ავტონომიურობა მკაცრად შეზღუდულია. საკუთარი სხეულის შესახებ დამოუკიდებელი გადაწყეტილების მიღების უფლება მოიზარებს რეალურ შესაძლებლობას, რომ პირმა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი თავის სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ბევრ ადამიანს, ჩვეულებრივ კი ქალებს, წარმოდგენაც არ აქვს, რომ მათ გააჩნიათ საკუთარი სხეულისა და მომავლის შესახებ თავისუფალი არჩევანი. საქართველოში, საზოგადოება ოჯახის ,,ღირსების’’ თამასად ქალს მოიაზრებს. ღირსების სახელით ჩადენილი ძალადობა, ხშირად საზოგადოების მხრიდან თანაგრძნობას იწვევს მოძალადის მიმართ. სწორედ ეს საზოგადოება უფრო უფრთხილდება და გაგებით ეკიდება მოძალადეების ,,ღირსებას“ ვიდრე ქალების კონსტიტუციურ უფლებებს. ქალები, რომლებიც ამ საზოგადოების მიერ დამკვიდრებულ ნორმებსა და ქცევის წესებს არ შეესაბამებიან, ხშირად ხდებიან შეურაცხყოფისა და ძალადობის მსხვერპლნი. ზოგჯერ ქალებს, ადათებისა და დამკვიდრებული წესებისის დარღვევა დღესაც კი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. საზოგადოების მხრიდან ,,ღირსების“ დაცვის სახელით მოძალადის მიმართ გამოხატული ემპათიის ნათელი მაგალითია 2022 წლის ივლისში, თბილისში მომხდარი შემთხვევა. ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი დედა დაჭრა, მასთან მყოფი მისი მეგობარი მამაკაცი კი მოკლა. სამწუხაროდ, მოსახლეობის საგანგაშო ნაწილმა დიდი თანაგრძნობა გამოუცხადა ბრალდებულს, დაშავებული ქალი კი შვილის ,,ღირსების“ გათელვაში დაადანაშაულეს.
2014 წელს, განხორციელდა კვლევა ,,კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში’’, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) მხარდაჭერით. აღნიშნული კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. კვლევის მიხედვით, დებულებას რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, რესპოდენტთა 89% ეთანხმება. მნიშვნელოვანია, რომ ამ დებულებას თანაბრად იზიარებენ როგორც კაცები, ასევე ქალები.
აღნიშნული კვლევის თანახმად: ,,სექსუალურ ძალადობასთან მიმართებაში რესპონდენტთა დამოკიდებულება არ გამოირჩევა ძალადობის მსხვერპლთა მიმართ ემპათიით: გამოკითხული კაცების 36% და ქალების 31% ეთანხმება მოსაზრებას: „ქალებს იმიტომ აუპატიურებენ, რომ ისინი გაუფრთხილებლობით თავად იგდებენ საკუთარ თავს ამ სიტუაციაში.“ კაცების 34.8% და ქალების 23% მიიჩნევს, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებს სურთ, რომ ისინი გააუპატიურონ. ასევე, კაცების 53% და ქალების 45% თვლის, რომ თუ ქალი ფიზიკურ წინააღმდეგობას არ უწევდა კაცს, არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურებას. გარდა ამისა, გამოკითხული კაცების 39% და ქალების 36% მიიჩნევს, რომ ისეთ ქალებს აუპატიურებენ, რომლებსაც ცუდი რეპუტაცია აქვთ.“
საქართველოში გენდერული ნიშნით ძალადობის სტატისტიკა საგანგაშოა. ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება, ოჯახში ძალადობა და ასევე პარტნიორის მხრიდან განხორციელებული ძალადობა. ბევრი გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული საქართველოში არ არის სათანადოდ გამოძიებული. ამის ნათელი მაგალითია ხანუმ ჯეირანოვას საქმე, რომელიც 2014 წელს, საგარეჯოს რაინოს სოფელ ლამბალოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ხანუმ ჯეირანოვას ოჯახი ღალატში ადანაშაულებდა. მომხდარ ტრაგედიას, წინ უძღვოდა სახალხო შეურაცხყოფა და ქმრისა და ნათესავებისგან სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. გამოძიება დაიწყო, თუმცა მალევე შეწყდა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. გამოძიებას არც გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზა ჩაუტარებია და არც თვითმხილველები დაუკითხავს. ასევე არ დაწყებულა გამოძიება ხანუმ ჯეირანოვას მიმართ დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის ფაქტზე. არ გამოკვეთილა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივიც. ადამიანის უფლებათა ცენტრმა და ,,საფარმა“, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით, ჯეირანოვას საქმეზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) მიმართა. 2021 წლის 11 ნოემბერს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო უზრუნველყო ხანუმ ჯეირანოვას მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება და სამართლებრივი დევნა. კომიტეტმა დასძინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ეფექტური დაცვა და არ მიიღო ყველა შესაბამისი ზომა ჯეირანოვას მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. მან ასევე დაასკვნა, რომ საქართველომ დაარღვია ვალდებულება გამოიძიოს და დასაჯოს მსხვერპლზე თავდასხმისა და მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი პირები.
საქართველოს მოსახლეობას ასევე კარგად ახსოვს 2021 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში დატრიალებული ტრაგედია, სადაც 14 წლის გოგომ თავი მოიკლა სისტემატიური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის შედეგად. გოგონა სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი იყო. ოჯახის წევრები და ნათესავები კი მას მოძალადის წაქეზებას, ,,ოჯახის ღირსების გათელვასა’’ და ,,უსირცხვილო“ საქციელში სდებდნენ ბრალს. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი უწყებები ინფორმირებულნი იყვნენ ბავშვზე სისტემატიური ძალადობის შესახებ თუმცა მათ ვერ შეძლებს დანაშაულზე შესაბამისი რეაგირება და მისი პრევენცია. გოგონა ძალიან განიცდიდა მასზე სექსუალური ძალადობის გამო დაწყებული გამოძიების გაჭიანურებას. პოლიციამ მოძალადე მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, როდესაც ეს ტრაგედია მომხდარი იყო. გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური შელახვით. მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ შესაბამისი უწყებები ვერ ახდენენ ძალადობის შემთხვევებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სისტემური ცვლილებების გატარებას მოითხოვს. სახელმწიფომ უნდა შეძლოს დაიცვას ქალები და ბავშვები ძალადობის ყველა ფორმისგან და აღკვეთოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოჯახში ძალადობას ქალის თვითმკვლელობა მოჰყვა. საქართველოში შესწავლილი თვითმკვლელობების შემთხვევები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კიდევ ერთი უმძიმესი შედეგი თვითმკვლელობამდე მიყვანაა.
საზოგადოების ნიჰილიზმი, მსხვერპლისადმი ემპათიის ნაკლებობა და არაჰუმანური დოგმები, უფრო ამიძიმებს არსებულ რეალობას.
ეჭვგარეშეა, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა, სახელმწიფოში და საზოგადოებაში სისტემურ ცვლილებას საჭიროებს. არ არის საკმარისი მხოლოდ საკანონმდებლო აქტებში ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაფიქსირება. საჭიროა ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელების უზრუნველყოფა. ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე. ღრმად დამკვიდრებული სტერეოტიპები და გენდერული როლები ხელს უშლის საზოგადოების ჰარმონიულ განვითარებას. დროა რომ ქალი აღიქმებოდეს ინდივიდად და არა ოჯახის ,,ღირსების“ თამასად და მამაკაცის საკუთრებად. ქალს აქვს უფლება ინდივიდუალურად განკარგოს თავისი სხეული ყოველგვარი შეზღუდვის და საზოგადოებრივი წნეხის გარეშე.