სიტყვა „თალიბი“ პუშტუნთა ენაზე მოსწავლეს ნიშნავს, პუშტუნები კი ის ირანული წარმომავლობის ხალხია, რომლებიც ავღანეთის მოსახლეობის ეთნიკურ უმრავლესობას წარმოადგენენ, ხოლო პაკისტანში რიგით მეორე ეთნიკურ ჯგუფად გვევლინებიან სიმრავლის მიხედვით. „თალიბანი“ „თალიბთა“ ერთობას, სიმრავლეს აღნიშნავს და ეს ტერორისტული ორგანიზაციაც ავღანეთის მოსახლეობის მსგავსად უმეტესწილად პუშტუნებითაა დაკომპლექტებული. ორგანიზაციის რიგებში მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი ტაჯიკურია, თუმცა მცირე რაოდენობით არიან ჰაზარები, უზბეკები და სხვა ეთნოსები. რაც შეეხება იდეოლოგიურ საფუძვლებს, უნდა აღინიშნოს, რომ თალიბანი, დეობანდი ფუნდამენტალიზმზე[1], რელიგიურ ნაციონალიზმზე დგას, ეს უკანასკნელი კი საკმაოდ ძლიერ საყრდენს წარმოადგენს და წინამდებარე სტატიის უმთავრეს განსახილველ საკითხადაც სწორედ ნაციონალისტური, ეთნიკური მდგენელის განხილვა შეგვიძლია მივიჩნიოთ, რელიგიური ტერორიზმის კონტექსტში.
როგორც ზემოთ ითქვა, თალიბანი კლასიკური დეფინიციით რელიგიურ ნაციონალიზმზე დაფუძნებული ტერორისტული ორგანიზაციაა და ამ ორი მძაფრი ასპექტის ერთობა, როგორც წესი, ორგანიზაციას მეტ სიმტკიცესა და გამძლეობას სძენს, რადგან საერთო მრწამსს სისხლით ნათესაური კავშირიც ერთვის. კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ თალიბანზე საუბრისას კი მნიშვნელოვანია აქცენტის უფრო მეტად ეთნიკურ, ნაციონალისტურ ფაქტორზე გამახვილება. იმის უკეთ აღსაქმელად და დასანახად თუ რა როლს თამაშობს ეთნიკური; ნათესაური, ტომობრივი კავშირი, ტერორისტული ორგანიზაციის მედეგობაში და გამოირჩევა თუ არა იგი რელიგიურ ფაქტორზე მეტი სიმძაფრით, საჭიროა თემის რეტროსპექტიულ ჭრილში განხილვა. ცხადია, ეს ყოველივე არ გულისხმობს ღრმა ისტორიულ წიაღსვლებს, არამედ კონტექსტის მიმოხილვას, რომელსაც, თავის მხრივ, მივყავართ 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრასა და ამ შეჭრის შედეგად განვითარებულ მოვლენებთან. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ჯერ კარტერის, ხოლო შემდგომ რეიგანის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ავღანელი მოჯაჰედების მიერ საბჭოთა კავშირი დამარცხებულ იქნა, ავღანეთში პოსტკონფლიქტური კრიზისი კვლავაც გაგრძელდა. მეტიც, ქვეყნის სათავეში პროსაბჭოური ლიდერი, პრეზიდენტი ნაჯიბულა რჩებოდა, სანამ 1992 წელს მოჯაჰედებმა არ აიღეს დედაქალაქი ქაბული და პრეზიდენტმა თავს გაქცევით არ უშველა. სწორედ ამ მოვლენის შემდგომ პერიოდს უყურებდნენ იმედით ავღანეთის მცხოვრებნი, რადგან ქვეყანას ჩამოშორდა უცხოური გავლენის მქონე მმართველი და გარდამავალი მთავრობა გამოჩენილმა საველე მეთაურმა აჰმად შაჰ მასუდმა გადაიბარა. შაჰ მასუდს, წარმოშობით ტაჯიკს, ესმოდა რა, რომ იქ სადაც ეთნიკურ უმრავლესობას პუშტუნები წარმოადგენდნენ, ქვეყნის მმართველობაც ამავე ტომის წარმომადგენელს უნდა ჩაებარებინა, გარდამავალი მთავრობა სწორედ პუშტუნ რაბინთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა, თუმცა ამ ყველაფრის წინააღმდეგ თალიბანის სხვა სამხედრო ლიდერები წავიდნენ და ქვეყანა კვლავ სამოქალაქო ომსა და ქაოსში ჩაეფლო. თალიბანის ჩამოყალიბება კი ამ პროცესებს დაემთხვა და მას საფუძვლად დაედო 1994 წელს ყანდაჰარში მულა ომარის მიერ ადგილობრივი უსამართლო ლიდერის დასასჯელად მცირე „სადამსჯელო რაზმის“ შექმნა. მულა ომარი, რომელიც სამართლიანი მებრძოლის სახელითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, დაარსებიდანვე სათავეში ჩაუდგა თალიბანს, რომლის შექმნაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პაკისტანმა, სადაც ასევე დიდია მოსახლეობაში პუშტუნთა ხვედრითი წილი. კერძოდ, ეს პროცესი ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციასთან ერთად დაიწყო, როდესაც პაკისტანმა მასობრივად მოახდინა ავღანეთიდან ლტოლვილთა მიღება და ერთის მხრივ მის მიერ, ხოლო მეორეს მხრივ საუდის არაბეთის დაფინანსებით გახსნილ მედრესეებში აქტიურად შეუდგა მომავალ მებრძოლთა იდეოლოგიურად გამოზრდას. მართალია რეგიონში პაკისტანი ამერიკის ერთგვარ მოკავშირედ ითვლებოდა, თუმცა მისი მოქმედება სხვა არაფერი იყო თუ არა ორმაგი თამაში, რომელშიც ქვეყანა ერთი ხელით თითქოს ებრძოდა ტერორიზმს, ხოლო მეორით მისი სპეცსამსახურები უსაფრთხო თავშესაფარს ქმნიდნენ ტერორისტებისთვის. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ალ ქაიდას ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდაციისას სწორედ პაკისტანში იმალებოდა. ერთი სიტყვით, ეთნიკურმა ერთიანობამ, რელიგიური მოტივების რადიკალური მიმართულებით წარმართვამ და საერთო მტრის ხატმა გამოიწვია თალიბანის შექმნა და ეს ფაქტი ავღანეთში ოსამა ბინ ლადენის ჩამოსვლისა და ალ ქაიდას ჩამოყალიბების პერიოდსაც დაემთხვა. მომდევნო ეტაპზე თალიბანმა წარმატებით განაგრძო გაძლიერება და ერთი მეორის მიყოლებით ავღანური ქალაქების აღება. რა თქმა უნდა, წარმატებას და მმართველობის შენარჩუნებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა მათ მიმართ პოზიტიური განწყობა ავღანელი ხალხისა, რომელიც დაიღალა განუწყვეტელი ომებით და სამოქალაქო ქაოსით. მიუხედავად უკიდურესი სიმკაცრისა, შარიათის კანონების დაწესებისა და თალიბთა მიერ ისეთი სისასტიკეების ჩადენისა, როგორიც საჯაროდ დახვრეტა და ჩამოხრჩობაა, ორგანიზაცია ინარჩუნებდა მართვის სადავეებს. ტერორისტული ორგანიზაციების განხილვისა და შესწავლის კონტექსტში, თალიბანზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსხვავებით ალ ქაიდასგან, ისლამური სახალიფოსგან (დაეში/ISIS) კლასიკური გაგებით, თალიბანი ვერ ჩაითვლება აპოკალიფსურ ტერორისტულ ორგანიზაციად, რომლის მიზანსაც გლობალურ ომში, „არმაგედონში“, აშშ-სა და ისრაელის მსგავსი „ურჩხლების“ დამარცხება წარმოადგენს. უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული ასპექტები, ასეთი სიმძაფრით მხოლოდ რიგი რელიგიური ტერორისტული ორგანიზაციებისთვისაა დამახასიათებელი, თალიბანის შემთხვევაში კი როგორც ეს შემდგომში ორგანიზაციაში შემავალმა პირებმა განაცხადეს, რელიგიურ ასპექტს არ ჰქონია მკაფიოდ გამოხატული უპირატესობა და ხშირად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არა მმართველი საბჭოს „კვეტა შურა“-ს, რომელშიც რაბინები, რელიგიური ლიდერები არიან გაერთიანებულნი, არამედ მულა ომარის ინდივიდუალური შეხედულებების საფუძველზე იყო მიღებული. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, შეიძლება ითქვას, რომ თალიბანის ინტერესები გარკვეულწილად ალ ქაიდას მოქმედებებს „შეეწირა“, რადგან ორგანიზაციას აშშ-თან არ ჰქონია უშუალო კონფრონტაცია, მანამ, სანამ 9/11-ს ტერაქტის შემდგომ ომარმა „პუშტუნვალის“ ადათიდან გამომდინარე უარი არ უთხრა ამერიკას ბინ ლადენის გადაცემაზე, რომელიც თავს ავღანეთს აფარებდა და მეტიც, აქტიურად იყენებდა თალიბანის ტერიტორიასა და ინფრასტრუქტურას ავღანეთში საკუთარი მებრძოლების გასაწვრთნელად და მოსამზადებლად. ორგანიზაციის გაძლიერების შემდგომ, 9/11-ს ეპოქამდე მისი შეჩერება ვერავინ შეძლო, მათ შორის ვერც შაჰ მასუდმა, რომელიც პანჯშირის ხეობაში გამაგრებული ღირსეულ წინააღმდეგობას წევდა, თუმცა საბოლოოდ მოკლულ იქნა ბინ ლადენის დავალებით. 2001 წელს ავღანეთში ამერიკის თაოსნობით კოალიციური ჯარების შესვლის შემდგომ, მოხერხდა თალიბანის სამხედრო ძალის უმეტესი ნაწილის განადგურება. მულა ომარმა კი ბინ ლადენის მსგავსად გაქცევით უშველა თავს.
ამ მოვლენის შემდგომ ავღანეთში სტატუს ქვო კვლავ იცვლება და ხელისუფლებაში ისევ გარეშე ძალასთან შეთანხმებული კანდიდატი კარზაი მოდის, რომელმაც სიტუაცია უნდა შეცვალოს, თუმცა კარზაის არაეფექტიანი მმართველობა, ქაოსი და აყვავებული კორუფცია ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის ქვეყანაში თალიბანის დაბრუნებისთვის, რომელიც ნელ-ნელა ძალას იკრებს და ფენიქსივით ფერფლიდან ახერხებს აღდგომას. ორგანიზაციის გაძლიერებას კი ეტაპობრივად მოჰყვება ქალაქებზე და ნარკოტრეფიკზე კონტროლის აღდგენა. ამერიკის მიერ გაწეული დახმარება, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების შესაქმნელად დახარჯული კოლოსალური ფინანსური და ადამიანური რესურსების ეფექტიანობა დროის გასვლასთან ერთად ეჭვქვეშ დგება. თალიბანის უფრო და უფრო გაძლიერებას ერთობლივად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა, მიუხედავად ყველაფრისა, ადგილობრივ მოსახლეობას ჰბეზრდება გარეშე ძალების მიერ დასმული პირების უშედეგო მმართველობა, კორუფცია, ტყუილები და მათ უმოქმედობასა და კომპლექსურ თაღლითურ სქემებს თალიბანის მმართველობას და სასტიკ, თუმცა ამავდროულად მარტივ შარიათის კანონებს არჩევს. იმდენად, რამდენადაც ავღანეთში განათლების დონე ძალიან დაბალია და მოსახლეობის დიდი უმრავლესობა წერა-კითხვის უცოდინარია, ავღანელებს არასახარბიელო სოციალური მდგომარეობისგან თავის დასაღწევად უწევთ პრიმიტიულ ხერხებს მიმართონ, ამ მხრივ კი ქვეყანაში ორი გამოსავალია, სოფლის მეურნეობა ან ოპიუმის მოპოვება. ეს უკანასკნელი კი ბევრად მომგებიანია ადგილობრივთათვის და თალიბანის მმართველობის პერიოდში ისინი უპრობლემოდ ახორციელებდნენ სარფიან ნარკობიზნესს, მაშინ როდესაც კოალიციის კონტროლქვეშ არსებული ხელისუფლება ამის უფლებას არ იძლეოდა და მათ მარცვლოვანი კულტურების მოყვანისკენ უბიძგებდა. ამ ყოველივეს თან ერთვის აშშ-ში ადმინისტრაციების ცვლილება და რეგიონისადმი არაერთგვაროვანი მიდგომები, რომლის შედეგადაც, კოალიციური ჯარის რაოდენობა ავღანეთში უფრო და უფრო მცირდება. თავის მხრივ, თალიბანის რიგები მუდმივად ივსება „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ პუშტუნებით, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის გასათავისუფლებლად. აღნიშნული ტერმინი „თავისუფლებისთვის ბრძოლა/მებრძოლი“ კი საკმაოდ მნიშვნელოვანია ტერორიზმის შესწავლის ჭრილში, რადგან სწორედ „ტერორისტის“ დეფინიციაზე საუბრისას ვერ ხერხდება შეთანხმება ერთ, უნივერსალურ განმარტებაზე, ვინაიდან, როგორც ამბობენ, ერთისთვის ტერორისტი, მეორისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლია. ბოლო პერიოდში კი თალიბანი მართლაც საკუთარი ქვეყნის უცხოებისგან გასათავისუფლებლად იბრძვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სრულებით არ ცვლის იმ ფაქტს, რომ იგი სასტიკი სადამსჯელო მეთოდების და წლების განმავლობაში განხორციელებული არაერთი ტერორისტული აქტის გამო ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება და აღიარებულია ისეთი აქტორების მიერ, როგორიცაა: აშშ, NATO, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ თალიბანმა მოახერხა ბოლომდე აღდგენა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჩენილი მეთაური მულა ომარი 2013 წელს ლიკვიდირებულ იქნა. მეტიც მისმა პოლიტიკურმა წარმომადგენლობამ ყატარის დედაქალაქ დოჰაში აშშ-თან ხელშეკრულებასაც კი მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც აშშ საბოლოოდ გაიყვანდა ავღანეთიდან ჯარს და თალიბანი ამ პროცესის მშვიდობიანად დასრულებაზე იღებდა პასუხისმგებლობას, სანაცვლოდ აშშ, ყველაფერთან ერთად, გაათავისუფლებდა პატიმრობაში მყოფ ათასობით თალიბს. კოალიციური ჯარების მიერ ავღანეთის დატოვებისთანავე ნათლად გამოჩნდა, რომ აშშ-ს მიერ ავღანური არმიის გაწვრთნისა და შეიარაღებისთვის გახარჯული მილიონები ფუჭი აღმოჩნდა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომლებიც რიცხოვნობითაც და აღჭურვილობითაც აღემატებოდნენ თალიბანის მებრძოლებს, საბოლოოდ მხოლოდ ფურცელზე დარჩნენ, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩაბარდნენ რა თალიბანს ქაბულსა და სხვა ქალაქებში შესვლისთანავე. რასაკვირველია, თალიბანის სასტიკი რეჟიმის და შარიათის კანონების მოწინააღმდეგე ავღანელები ცდილობდნენ ქვეყნის ყველანაირი მეთოდებით დატოვებას და ამ ქაოსის შემხედველი, რომელიც ვიდეო კადრების სახით გავრცელდა, მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი შეძრული იყო. თალიბანმა კი საბოლოოდ მოახერხა „ფერფლიდან აღდგომა“ და როგორც ითქვა, ყველა სხვა რელიგიურ ტერორისტულ ორგანიზაციაზე უფრო მედეგი და ძლიერი გამოდგა, ამაში კი ზემოთ არაერთხელ ნახსენებ ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიც პაკისტანის მხარდაჭერა, საუდის არაბეთის მსგავსი აქტორების დაფინანსებით რადიკალიზმის გაღვივება, და „საკუთარ მოედანზე თამაშია“, უდიდესი როლი ითამაშა ეთნო-ნაციონალისტურმა ფაქტორმა, რომელმაც ტერორიზმის რელიგიური სვეტი უფრო განამტკიცა და რელიგიური ნაციონალიზმით ნასაზრდოებმა ორგანიზაციამ ადგილობრივი პუშტუნებით სწრაფად შევსება და რეგენერაცია მოახერხა, მაშინ როდესაც ბევრად ძლიერმა და გლობალური მასშტაბით დამანგრეველი ეფექტის მქონე ისეთმა რელიგიურმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა, როგორიც ალ ქაიდა და ისლამური სახალიფოა, ფაქტობრივად შეწყვიტეს ფუნქციონირება და მხოლოდ რელიგიური ექსტრემიზმი ვერ გამოდგა ისეთივე მყარი საყრდენი, როგორიც ეთნიკური, ნათესაური, კლანური კავშირები. მსჯელობა იმ საკითხზე, ტერორისტული ორგანიზაციების შემთხვევაში ეთნო-ნაციონალისტური საყრდენი უფრო მედეგია, ვიდრე რელიგიური, თუ ნაციონალისტური ფაქტორი რელიგიურთან ერთად რელიგიური ნაციონალიზმის სახით იძლევა ყველაზე მტკიცე და მყარ ერთობას, ნამდვილად შეიძლება. ავღანეთი კი კვლავ რჩება, როგორც მას უწოდებენ, „იმპერიათა სასაფლაოდ“, მესაფლავე ამჯერად თალიბანი აღმოჩნდა.
წყაროები:
- ვინ არიან თალიბები და როგორ მოქმედებენ ისინი?
https://www.radiotavisupleba.ge/a/31398555.html
- თალიბანი - ავღანური ფენიქსი
http://liberali.ge/articles/view/20086/talibani---avghanuri-feniqsi-
- Miller, A. Martin. The Foundations of Modern Terrorism. New York; Cambridge University Press, 2013.
- The West Still Doesn’t Understand the Taliban
https://www.foreignaffairs.com/reviews/review-essay/2022-03-21/west-still-doesnt-understand-taliban
- Why is Afghanistan the Graveyard of Empires
https://thediplomat.com/2017/06/why-is-afghanistan-the-graveyard-of-empires/
- Why Afghanistan Fell – An Insider’s Account of What Went Wrong
https://www.foreignaffairs.com/articles/afghanistan/2021-10-11/why-afghanistan-fell
- Why The Taliban Won
https://www.foreignaffairs.com/united-states/why-taliban-won
[1] მოძრაობა სუნიტურ ისლამში