კოვიდ-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე. ვირუსი, რომელიც, თავდაპირველად, ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა, სწრაფად გავრცელდა მსოფლიოს მასშტაბით. დღეისათვის არსებობს ოთხი ძირითადი გავრცელების არეალი: აღმოსავლეთ აზია (ძირითადად სამხრეთ კორეა, სინგაპური, იაპონია), ახლო აღმოსავლეთი (უპირატესად ირანი), ევროპა (ყველაზე მეტი შემთხვევით იტალიაში) და ამერიკის შეერთებული შტატები. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა.
ეპიდემიოლოგები თანხმდებიან კორონავირუსის ორი თვისების შესახებ: იგი იოლად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე და ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ხანდაზმულები უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან. ჯერ კიდევ გამოკვლევას და დაზუსტებას საჭიროებს საკითხი იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა ვირუსის გავრცელება სიმპტომების არმქონე პირის მიერ. ასევე, გაურკვეველია, ახასიათებს თუ არა მას სეზონურობა და იკლებს თუ არა დაავადებათა შემთხვევები ტემპერატურის მატებასთან ერთად.
მოსალოდნელია, რომ კოვიდ-19-ის გავრცელებას ბევრად ნეგატიური შედეგები მოჰყვება ვიდრე 2003 წელს SARS-ის ვირუსის აფეთქებას. ამის მიზეზია ის, რომ 2003 წელთან შედარებით დღეს გლობალური ეკონომიკა უფრო მეტად არის დაკავშრებული და ჩინეთი ბევრად მეტ როლს თამაშობს გლობალურ წარმოებაში, ტურზიმში, ვაჭრობასა და ეკონომიკის სხვა სექტორებში.
კოვიდ-19-ის გამო ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაში შეჩერდა მრავალი წარმოება, ასევე, დაწესდა კარანტინი და შეზღუდვები გადაადგილებასა და მგზავრობაზე. მოსალოდნელზე უფრო მეტად შემცირდა იაპონიის ეკონომიკა, რომელიც განიხილავს სტიმულირების ღონისძიებებს. მრავალმილიარდიანი სტიმულირების პაკეტი, შესაძლოა, შემუშავდეს გერმანიაშიც. დაზარალდა საფრანგეთის ეკონომიკა, ხოლო იტალიამ, ფაქტობრივად, სრულად შეაჩერა ეკონომიკური აქტივობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. შეზღუდვები დაწესდა აშშ-სა და სამხრეთ კორეაში.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ვირუსით გამოწვეული უარყოფითი შედეგები გავრცელდება ქვეყნების უმრავლესობაზე, დაზარალდება მიწოდების არხები, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე და შეიზღუდება ტურიზმი და საქმიანი მივლინებები.
დაავადებათა გამო, ასევე მშობლების მიერ შვილების მოვლის საჭრობის გამო სკოლებისა და ბაღების დაკეტვის შედეგად, შეიზღუდება სამუშაო ძალის მიწოდება ბაზარზე. კარანტინი და ობიექტების დაკეტვა გამოიწვევს უტილიზაციის დონის მნიშვნელოვან შემცირებას და მრავალი წარმოება, რომელიც დამოკიდებული იყო ნაწილების იმპორტზე, შეამცირებს ან შეაჩერებს საქმიანობას, რაც უარყოფითად აისახება ქვედა დონის ბაზარზე. შეზღუდვების გამო გაიზრდება ბიზნესის დანახარჯები.
შემოსავლებისა და ხელფასის შემცირების, დაავადების შიშის და გაურკვევლობის შედეგად ადამიანები ბევრად ნაკლებს დახარჯავენ. კრიზისის გამო, მოსალოდნელია, რომ კომპანიებმა დაითხოვონ თანამშრომლები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და სამასპინძლე სერვისი. მომხმარებლის მიერ ხარჯვის შემცირების საპასუხოდ შემცირდება საინვესტიციო აქტივობაც, რაც უარყოფითად აისახება საერთო მოთხოვნაზე.
კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ერთ-ერთი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისისგან განსხვავებით მონეტარული პოლიტიკის ზომები, შეიძლება, არ იყოს ეფექტიანი გამოსავალი. მიწოდების ქსელების რღვევისა და წარმოების შეჩერების დროს სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება ვერ იქონიებს სასურველ შედეგს. თუ ადამიანები არ ივლიან მაღაზიებში და რესტორნებში, არ იმოგზაურებენ თვითმფრინავით და არ გაჩერდებიან სასტუმროებში იაფი კრედიტი გამოსავალი ვერ იქნება. ნაცვლად ამისა, ბევრად ეფექტიანი შეიძლება იყოს მიზნობრივი ღონისძიებების გატარება, რომელიც საჭირო დახმარებას აღმოუჩენს ყველაზე უფრო მეტად დაზარალებულ მოქალაქეებსა და ბიზნესს.
უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულია შემდეგი მიზნობრივი ღონისძიებები: ჯანდაცვის სისტემის სტიმულირება, მათ შორის, საკმარისი რესურსების გამოყოფა პერსონალისა და ტესტირებისათვის; დროებითი დახმარების გაცემა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, უმუშევრობის დაზღვევა და ვირუსთან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება; მომხმარებლების პირდაპირი დაფინანსება (მსგავსად აშშ-სა, რომელიც განიხილავს მოქალაქეებისთვის თანხის მიწოდებას); იმ კომპანიების თანამშრომელთა ხელფასების დაფინანსება, რომელიც ვირუსის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა; საგადასახადო და სავალო ვალდებულებების გადავადება, ელექტროენერგიის ან სხვა ძირითადი საწარმოო ფაქტორებისათვის ფასის შემცირება განსაკუთრებით დაზარალებული რეგიონების ან სექტორებისთვის; ბანკებისათვის სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნების შემცირება და ფინანსური სისტემისათვის საკმარისი ლიკვიდობის მიწოდება, რაც ბანკებს საშუალებას მისცემს, არ შეაჩერონ იმ კომპანიების დაკრედიტება, რომლებიც ფულადი ნაკადების პრობლემას განიცდიან.
ეკონომიკის სტიმულირების მიზნობრივ ღონისძიებებს განიხილავს ევროკავშირიც. ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის კანონმდებლობა სახელმწიფო დახმარების შესახებ წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, მიიღონ შემდეგი ზომები: გადაავადონ მოგების და დღგ-ს გადასახადები, აგრეთვე, საპენსიო შენატანები; დაეხმარონ კომპანიებს, რომლებიც განიცდიან ლიკვიდობის ნაკლებობას და, ზოგიერთ სექტორში (ტურიზმი და ავიაცია), აუნაზღაურონ კომპანიებს ზიანი, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის შედეგად შემცირებული მოთხოვნის გამო.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ექვსპუნქტიანი გეგმა, სწორედ, მიზნობრივ ღონისძიებებს მოიცავს ეკონომიკის კონკრეტული სექტორებისა და სეგმენტის სტიმულირებისათვის, რაც მოსალოდნელია, რომ ბევრად ეფექტიანი იქნება ვირუსთან გასამკლავებლად. გეგმა ითვალისწინებს შემდეგ მოქმედებებს მთავრობისა და ბანკების მხრიდან: ობიექტური საჭიროების შემთხვევაში ბიზნესისათვის სესხის რესტრუქტურიზაცია 3 თვით, აუცილებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირების განთავისუფლება სასესხო ვალდებულებისგან 3 თვით, ტურიზმის სექტორისათვის 4 თვით ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება, გარკვეული კატეგორიის სასტუმროებისათვის სახელმწიფოს მიერ სესხის განაკვეთის დაფინანსება 6 თვით, სახელმწიფოს მიერ წლის განმავლობაში დასაბრუნებელი დღგ-ს თანხის გაორმაგება (რომელიც ჯამურად შეადგენს 1.2 მლრდ. ლარს) და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე 300 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიციის ჩადება.
რთულია განჭვრეტა, რა კვალს დატოვებს და როგორ შეიცვლება მსოფლიო კორონავირუსის შემდგომ, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ მსგავსი გლობალური კრიზისები ყოველთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების საწინდარი ხდება. კრიზისი და ეპიდემია ბიზნესს უბიძგებს ხოლმე, შეიმუშავოს ახალი ტექნოლოგიები და განავითაროს ბიზნეს პროცესები. გავრცელებული მოსაზრებით 2003 წელს, სწორედ, SARS-ის ვირუსის აფეთქებამ შეაჩვია ჩინელი მომხმარებელი ონლაინ შოპინგს და ხელი შეუწყო კომპანია „ალიბაბას“ ზრდას. მსგავსად ამისა, სკოლებისა და სასწავლებლების დაკეტვის შედეგად არ არის გამორიცხული, დისტანციური სწავლების მეთოდები უფრო მეტად პოპულარული გახდეს.
კოვიდ-19-ის მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური ნიშნითაც. ვირუსი, ერთგვარი, ტესტია სხვადასხვა პოლიტიკური სისტემებისთვის (ლიბერალური კაპიტალისტური და ჩინური პოლიტიკური კაპიტალისტური) - რომელი მათგანი აღმოჩნდება უფრო ეფექტიანი მოსახლეობისა და ეკონომიკის დაცვის კუთხით.