ომის 10 თვე, რა იქნება 2023 წელს – "ბათუმელების" ინტერვიუ ვახტანგ კაპანაძესთან

ავტორი:

რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია შესული… სტრატეგიული მიზანი გახდა მინიმუმ რუსეთად აღიარებული ტერიტორიების ნომინალურ საზღვრებამდე გასვლა, მაგრამ ამასაც ვეღარ ახერხებენ რუსები,“ – ისევ აქტიურად აკვირდება ომს უკრაინაში გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი აზრით, რუსეთს შეტევით პოტენციალს ვერც არმიის მილიონ-ნახევრამდე გაუზრდის მოუტანს და გაზაფხულზე გარდამტეხ ნიშნებს უნდა ველოდოთ.
 

„ეჭვი მეპარება, რომ რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხარისხობრივ გაზრდას. პირიქით შეიძლება მოხდეს, რადგან ამას შესაბამისი აღჭურვილობა და სამეთაურო შემადგენლობა სჭირდება… გაზაფხულზე უკვე საქმე იქნება იმაში, თუ ვინ დაასწრებს შეტევას. იმედი მაქვს, უკრაინელები დაასწრებენ შესაბამისად მომზადებას და ინიციატივას აიღებენ ხელში,“ – გვითხრა ვახტანგ კაპანაძემ.
 

გადამდგარი გენერალი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მთავარია დროულად ჩამოყალიბდეს დასავლეთი, „რა ფორმით უნდა დამარცხდეს რუსეთი“ და მიაწოდონ ის აღჭურვილობა, რაც უკრაინას ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმის საშუალებას მისცემს.


„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

 

- ბატონო ვახტანგ, ბოლო მონაცემები რას აჩვენებს თქვენთვის: რამდენად ინარჩუნებენ უკრაინელები ბახმუტს, რომელიც დაპირისპირების მთავარი ადგილია?
 

- ბრძოლები გრძელდება ქალაქის გარეუბნებში. უკრაინელები ჯერჯერობით ინარჩუნებენ ქალაქს და იმედი მაქვს, შეძლებენ შენარჩუნებას. მიმდინარეობს ასევე ბრძოლები ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით, სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებითაც მიუახლოვდნენ რუსები ქალაქს. მას შედეგ, რაც ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ეს არის ქალაქი-ციხესიმაგრე, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებენ ბახმუტისთვის.
 

- აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ რუსული წყაროს თანახმად, ბახმუტის მიმართულებაზე „ვაგნერის ჯგუფი“ და რუსული სადესანტო ძალები უკრაინელების გამოფიტვისკენ მიისწრაფვიან, თუმცა თავადაც მიახლოებული არიან შესაძლებლობების მაქსიმუმს, ანუ რუსებს აღარ შეუძლიათ ბახმუტთან შეტევის გაგრძელება და პაუზა სჭირდებათო. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ვერ აიღონ რუსებმა ბახმუტი იმის მიუხედავად, რომ ქალაქში მიმდინარეობს უკვე ბრძოლა? 
 

- ბახმუტში შესულები არიან რუსები, თუმცა ქალაქში შესვლა შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად. სტალინგრადი ამის კარგი მაგალითია – იქაც ქალაქში მიმდინარეობდა ბრძოლები დიდი ხანი და დასრულდა იმით, რომ საბოლოოდ გერმანელები დამარცხდნენ.
 

კვლევითი ცენტრები, ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, დაგვიანებით აქვეყნებენ ინფორმაციას, რაც ისედაც ყველასთვის ნათელია: ადრეც ვამბობდი, რომ რუსებმა არ აიღეს პაუზა ლისიჩანსკის შემდეგ და ამის შედეგია ის, რომ დღემდე ბახმუტთან არიან გაჩერებული. თუმცა, მეორე მხრივ, ამით რუსებმა მიაღწიეს იმას, რომ უკრაინელები სხვაგან აღარ უტევენ რუსებს. უკრაინელებიც მხოლოდ ბახმუტთან არიან კონცენტრირებული. ჩემი აზრით, ეს გარკვეულწილად უკრაინელების შეცდომაა.
 

- ანუ უკრაინაც შეიძლება მიუახლოვდეს ე.წ. კულმინაციის წერტილს ბახმუტში? 


- ორივე უახლოვდება „კულმინაციის წერტილს“, თუმცა დამცველებს [უკრაინელებს] გაცილებით შორს აქვთ ეს „კულმინაციის წერტილი“, ვიდრე შემტევს.
 

რა არის იცით? ერთია ბახმუტი და მეორეა ის, რომ რუსებს აქვთ გარკვეული წარმატება სვიატოვოს, ასევე სოლედარის მიმართულებაზე. სვიატოვო და სოლედარი თუ აიღეს, ჩრდილოეთიდან შემოუვლიან ბახმუტს და აღარ დასჭირდებათ ეს ბრძოლა ქალაქში. ასე შეუძლიათ, ბახმუტი მოაქციონ ბლოკადაში. ამ ეტაპზე რთულია, რამე კონკრეტული თქვა იმაზე, თუ რა მოხდება. გააჩნია, რა რესურსს დახარჯავს უკრაინა ბახმუტის დასაცავად და რა რესურსს გამოიყენებენ რუსები. თუმცა განვმეორდები და ვიტყვი: პოლიტიკური და მორალური დატვირთვის გარდა, სხვა დატვირთვა ბახმუტს არ აქვს.
 

- უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, ბუდანოვის თქმით: „…არ შეგვიძლია ყველა მიმართულებაზე მათი [რუსების] დამარცხება. ეს არც მათ შეუძლიათ. ველით ახალ და უფრო დახვეწილ იარაღს…“ თქვენი დაკვირვებით, უკრაინის წარმატება ახლა მხოლოდ შესაბამისი იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული?


- რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია შესული, ეს გასაგებია, მან ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ამ მიზნების მიღწევის პერსპექტივა არ უჩანს რუსეთს. რუსეთისთვის ყველაზე დიდი წარმატება ახლა ის იქნება, რომ შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორიები.
 

რუსები ამ ეტაპზეც აგრძელებენ შეტევებს წარუმატებლად, მაგრამ ისინი შეტევებს განაგრძობენ. უკრაინელების განცხადებაც, რომ 25 მიმართულებაზე მოიგერიეს მოწინააღმდეგის შეტევა ადასტურებს, რომ უკრაინელები არიან დაცვაში სხვა მიმართულებებზეც.
 

- მაშინ რატომ გამოდის, რომ რუსეთი სტრატეგიულ ჩიხშია შესული?  


- რუსეთი ვერც გამოდის ამ ბრძოლიდან და ვერც დაგეგმილ სტრატეგიულ მიზნებს აღწევს. სულ თავიდან გვახსოვს, რა სტრატეგიული მიზნებიც ჰქონდა რუსეთს, შემდეგ ეს შეცვალეს და სტრატეგიული მიზანი გახდა მინიმუმ რუსეთად აღიარებული ტერიტორიების ნომინალურ საზღვრებამდე გასვლა, მაგრამ ამასაც ვეღარ ახერხებენ რუსები.
 

- თქვენთვის რას აჩვენებს დანილოვის განაცხადი: „თუ საჭირო იქნება უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე გადავა და ამას არავის ჰკითხავს,“ – ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი მას შემდეგ, რაც რუსეთში, სარატოვის ოლქში, ენგელსის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა.
 

- უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ომი გადაიტანოს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, რატომაც არა? სხვა თემაა: რამდენად დაუდგებიან გვერდით უკრაინას დასავლეთიდან პარტნიორები. დღეს უკრაინას ფაქტობრივად დასავლეთი აძლებინებს ამ ომს, უკრაინელ სამხედროებსაც დასავლეთში ამზადებენ… უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია.
 

ამ შემთხვევაშიც საბჭოთა კავშირის დროინდელი, სადაზვერვოდ დრონებით ახორციელებენ ამ დარტყმებს. უკრაინას ახლა იმდენი ძალა არ აქვს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრას და იქ სამხედრო ოპერაციები აწარმოოს, თუმცა ეს არ გამორიცხავს გარკვეულ სპეცოპერაციას, ან სადივერსიო მოქმედებებს.
 

- „პოლიტიკო“ წერდა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკიმ, კიევისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემა ითხოვა, თუმცა ამერიკულმა მხარემ  ამაზე კვლავ უარი განაცხადა. ATACMS-ი არის შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც „ჰაიმარსი“ და M270 MLRS სისტემები ისვრის 310 კილომეტრზე. თქვენი აზრით, რატომ თქვა ამ იარაღის მიწოდებაზე აშშ-მ უარი და რას შეცვლიდა ეს?
 

- არსებობს ისეთი რაკეტებიც, რომელიც 500 კილომეტრზეც ისვრის… ამ რაკეტების მიწოდება ნიშნავს იმას, რომ უკრაინას შეეძლებოდა, მაგალითად, ყირიმი დაებომბა, ასევე უკრაინელები შეძლებდნენ რუსეთის ძალიან ღრმად, საარმიო დაჯგუფების ზურგში განეხორციელებინათ დარტყმები. ეს არა მხოლოდ შეტევითი, ზოგადად უნივერსალური იარაღია უზრუნველყოფის და მომარაგების ცენტრებს რომ დაარტყა.
 

- და რატომ არ აწვდიან უკრაინას, თქვენი აზრით? 
 

არ აძლევენ, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ არ არიან ჩამოყალიბებული დასავლეთში, რით უნდა დასრულდეს რუსეთის დამარცხება. როგორც ჩანს, დასავლეთში არ უნდათ, რომ ეს ბრძოლა იმ ეტაპზე მივიდეს, რომ უფრო ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
 

- ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგი ამბობს: „ჩვენ ფასს ფულით ვიხდით, უკრაინელები კი, სისხლით. თუ ავტორიტარული რეჟიმი დაინახავს, რომ ძალას შედეგი მოაქვს, ყველანი უფრო მაღალ ფასს გადავიხდით“. ეს არ აჩვენებს იმას, რომ უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერით ფართომასშტაბიან კონტრდარტყმას შეძლებს? 
 

- ახალი არაფერია ამაში, ეს არის იგივე მოწოდება დასავლეთის ქვეყნების მიმართ, რომ დაეხმარონ უკრაინას. მაგალითად, გერმანიაში საუბარი იყო ტანკების მიწოდებაზე, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ამის წინააღმდეგია, დასავლეთში კი, ლიდერები მაქსიმალურად საკუთარ ამომრჩევლებზე არიან დამოკიდებული… სტოლტენბერგის მიერ აბსოლუტურად სწორად გამოხატული ეს აზრი მიმართულია იქითკენ, რომ მსოფლიომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს. აქ საუბარია, ჩემი აზრით, იმაზე, რომ ჯერ კიდევ დასავლეთი არ არის ჩამოყალიბებული, რა ფორმით უნდა დამარცხდეს რუსეთი, რა უნდა იყოს რუსეთის დამარცხება.
 

- ბაიდენმა ხელი მოაწერა აშშ-ის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 45 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფა. რამდენად შეიძლება აშშ-ს და დასავლეთის სხვა ქვეყნების ფინანსურის გზავნილებით უკრაინამ სამხედრო აღჭურვილობის მნიშვნელოვნად გაძლიერება შეძლოს?


- რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია, მაგრამ ამით გაძლიერება ვერ მოხერხდება. ამით იქნება შესაძლებელი დაკარგული რესურსების შევსება. მეტწილად ეს არის დანახარჯების შევსება. მაგალითად, უკრაინას შეუძლია 5 ათასი ჭურვის გაშვება „ჰაიმარსიდან“, ხოლო ამერიკელი მწარმოებელი წელიწადში  აწარმოებს მხოლოდ 9 ათას ცალ ჭურვს. ასე რომ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხარჯების დროულად შევსებაზე, როცა ინტენსიური საცეცხლე დაპირისპირებაა, ძალიან დიდია იგივე ჭურვების ხარჯი, რომელიც ახლა ასე ძალიან სჭირდება უკრაინას.
 

აღარ ვსაუბრობ იმ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის აღდგენის ხარჯებს, რასაც რუსეთი ანგრევს უკრაინაში.
 

- „პატრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემას მოსკოვში აშშ-რუსეთის ურთიერთობების ესკალაციად აფასებენ. მათი შეფასებით, რეალურად რუსეთი არა უკრაინას, არამედ აშშ-სა და დასავლეთს ეომება. თქვენი აზრით, რატომ აწყობს კრემლს ისევ ამ გზავნილის გააქტიურება?


- ამით რუსეთი ცდილობს, გაამართლოს საკუთარი წარუმატებლობა. ასევე, მობილიზება გაუწიოს მოსახლეობას, აჩვენოს, რომ აი, ჩვენ მთელი მსოფლიო გვეომება, ეომება ჩვენს ქრისტიანობას, ტრადიციებს. ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია.
 

- თქვენი აზრით, რას უკავშირდება რუსეთის დასავლეთის ძალების დაჯგუფების სარდლობის კიდევ ერთხელ შეცვლა? ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ამჯერად ამ დაჯგუფების მეთაურობას გენერალ-ლეიტენანტ ევგენი ნიკიფოროვს გადასცემენ და იგი მეოთხე სარდალი იქნება, რომელიც აღნიშნულ ჯგუფში უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ შეიცვალა.


- ამ გვარების შეცვლით არაფერი იცვლება არც რუსების სამხედრო ხელოვნებაში და არც მათ სტრატეგიაში. ერთადერთი, სუროვიკინმა შემოიტანა ეს უკონტაქტო დარტყმები, რაც მიმართულია უკრაინის სტრატეგიული პარალიზებისკენ. აღნიშნული არც სიახლეა სამხედრო ხელოვნებაში და არც რაიმე არაორდინალური. მეტ ცვლილებას მე ვერაფერს ვხედავ. აქ უფრო მნიშვნელოვანი მგონია რუსეთის შეიარაღებული ძალების რეფორმების გეგმა, რაც შოიგუმ შესთავაზა პუტინს და ისიც დათანხმდა.
 

- რა არსებითი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს შოიგუს რეფორმამ რუსულ არმიაში? 


- აქ სულ 11 პუნქტია. ერთ-ერთია, მაგალითად, ის, რომ მილიონნახევარი უნდა გახდეს არმია. მნიშვნელოვანი ის, რომ მასში 700 ათასამდე უნდა გაიზარდოს საკონტრაქტოების რაოდენობა. კარელიაშიც საარმიო კორპუსს აყალიბებენ ფინეთის სურვილის ნატოსთან დაკავშირებით და მთლიანობაში შეიარაღებული ძალები სადივიზიო სისტემას უბრუნდება.
 

ორ საჰაერო-სადესანტო დივიზიას ქმნიან ასევე დამატებით, იქმნება დიდი სიმძლავრის საარტილერიო ბრიგადები, გაწვევის ასაკი იზრდება 18-დან 21 წლამდე, თუმცა რაოდენობის გაზრდას სჭირდება შესაბამისი სამეთაურო შემადგენლობა, აღჭურვილობა და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ასეთი ომისთვის ტაქტიკური საბატალიონი ჯგუფების და თანამედროვე მანევრული ომის მეთოდების გამოყენება რუსებს არ შეუძლიათ და უბრუნდებიან მასობრივი, დიდი არმიების საბჭოურ სისტემას.
 

- რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს რაოდენობრივად არმიის გაზრდას? 


- ეჭვი მეპარება, რომ რაოდენობის გაზრდა გამოიწვევს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხარისხობრივ გაუმჯობესებას. პირიქით შეიძლება მოხდეს, რადგან ამას შესაბამისი აღჭურვილობა და სამეთაურო შემადგენლობა სჭირდება. როგორც წესი, რეფორმები ვერ ხორციელდება, როდესაც საომარ მოქმედებებში ხარ ჩართული, თუმცა მსგავსი საკითხები ყურადღებით არის სათვალთვალო და შესასწავლი.
 

ამ გზით რუსეთი რაღაცნაირად მაინც შეძლებს თავდაცვისუნარიანობისგაძლიერებას. ნუ დაგვავიწყდება ასევე, რომ 1000 კილომეტრიდან საბრძოლო შეხების ხაზი 815 კილომეტრამდე შემცირდა, რაც თავდაცვის სიღრმის და სიმჭიდროვის გაზრდას უწყობს ხელს. ასევე მგონია, რომ ბელარუსია ვერ გაუძლებს ზეწოლას და იქნება ჩათრეული ამ ომში რუსეთის მიერ.
 

- რა ჩანს ამ ეტაპზე, რუსეთი ემზადება ისევ მორიგი შეტევისთვის? 


- ჩანს ის, რომ დაახლოებით 2 თვეში ეს 300-ათასიანი მასა, რომელიც გაწვეული იქნა რუსეთში, მათი ძირითადი ნაწილი დაასრულებს მომზადებას და გადავა წინა ხაზზე. გაზაფხულზე უკვე საქმე იქნება იმაში, თუ ვინ დაასწრებს შეტევას. იმედი მაქვს, რომ უკრაინელები დაასწრებენ შესაბამისად მომზადებას და ინიციატივას აიღებენ ხელში.
 

მე ეჭვით ვუყურებ რუსეთის შეტევით პოტენციალს, მაგრამ მათ შეუძლიათ, რომ უკრაინელებს შეუმცირონ შეტევითი შესაძლებლობა.
 

- „ომის ადამიანურმა და მატერიალურმა ღირებულებამ, შესაძლოა, რუსული პოლიტიკური ელიტის ომისადმი ერთგულება შეარყიოს. მთავარი გასაღები რუსეთის შიგნითაა,“ – მიიჩნევს ბარბარა ზანჩეტა, ლონდონის კინგსის კოლეჯის ომის კვლევის დეპარტამენტიდან. სამხედრო ანალიტიკოსების ხედვას იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს 2023 წელს BBC აქვეყნებს. ანალიტიკოსების ნაწილი გაზაფხულზე ელის ომის დასრულებას და უკრაინის გამარჯვებას, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს ომი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, რაც თქვენ ივარაუდეთ ომის დაწყების პირველ დღეებში. ამ გადასახედიდან რის თქმა შეგიძლიათ?


- საკმაოდ პატივსაცემი ექსპერტისგან მოვისმინეთ, რომ ომი წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რეალობა ასეთია: ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვართ… ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ომის დასრულება არის დამოკიდებული რუსეთის სახელისუფლებო ვერტიკალზე, თუმცა ვერ ვხედავ, რომ ამ სახის ცვლილებები მომწიფდა რუსეთში. ამას სხვა მონაცემები და სადაზვერვო ინფორმაცია სჭირდება. ვერ ვხედავ ვერც ანტისაომარ განწყობებს და პროტესტს რუსეთში, არც რუსი ჯარისკაცები არ ყრიან იარაღს და არ გარბიან ფრონტის ხაზიდან, რაც, მაგალითად, იყო 1917 წლის რევოლუციის წინაპირობა.
 

ასევე ვხედავთ, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა ის ეფექტი ვერ გამოიწვია, რასაც ყველა ელოდა.
 

- რა რჩება მაშინ უკრაინის მხარეს დამაიმედებელი, როცა თქვენ ამბობთ, რომ გაზაფხულზე ელით უკრაინისგან კონტრშეტევის დაწყებას და ინიციატივის ხელში აღებას?


- ვრჩები იმ აზრზე, რომ უკრაინას წარმატებისთვის სჭირდება დარტყმითი დაჯგუფების შექმნა. იმედი მაქვს, რომ შეიცვლება ხედვები დასავლეთშიც. მაგალითად, თავდაპირველად განიხილებოდა მხოლოდ ჯაველინების მიწოდება, შეიცვალა შემდეგ ეს მიდგომა. ახლაც მგონია, რომ შესაძლოა, მოძველებული საბჭოთა ტექნიკა მიაწოდონ, მაგრამ დასავლეთი დაეხმარება უკრაინას შეტევითი ტექნიკის კუთხით, უკრაინამ რომ შეძლოს თავისი ამოცანის შესრულება. ჩემი აზრით, რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი, რომ 2023 წელს უკრაინამ შეძლოს დაკავებული ტერიტორიების მთლიანად გათავისუფლება.
 

რომც გაათავისუფლონ, არა მგონია, რომ ეს იყოს ომის დამთავრება, ვინაიდან ასე პირველი ომიც წააგეს რუსებმა ჩეჩნებთან, შემდეგ კი, დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი. ომის დასრულებისთვის საჭიროა რუსეთში ხელისუფლების შეცვლა, ძირეული ცვლილებები და არამხოლოდ სამხედრო წარუმატებლობა.

გააზიარე: