“Wars begin when you will, but they do not end when you please”.
Niccolo Machiavelli
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყებიდან სულ მალე 1 წელი შესრულდება. კრემლის გეგმების ჩამოშლის და უმძიმესი სამხედრო დანაკარგების ფონზე, თითქოს აღარავის ეპარება ეჭვი უკრაინის გამარჯვებაში, თუმცა ამ გამარჯვების დადგომა და გაფორმება წარმოადგენს სწორედ ამ ომის მთავარ შეკითხვას, რომელზედაც პასუხი მხოლოდ სამხედრო სიბრტყეში არ მდგომარეობს.
დღეს ფრონტზე არსებული სიტუაცია, თითქოს ქმნის იმის წინაპირობებს, რომ უკრაინამ შეძლოს და, ახალი კონტრშეტევის შედეგად, რომელიმე მიმართულებაზე (ყველაზე სავარაუდოდ ზაპაროჟიე, სვატოვო-კრემინა) რუსეთის თავდაცვის ზღუდისა და ფრონტის ჩამოშლა გამოიწვიოს, რამაც კიევი გამარჯვებასთან კიდევ უფრო უნდა დააახლოოს. ასეთი შეტევის ორგანიზებას თავისი პირობები სჭირდება, როგორც შესაბამისი რაოდენობის სამხედრო ტექნიკისა და რეზერვების მობილიზება, ასევე სხვა გარემო ფაქტორებიც, მაგალითად, შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომაც. თუმცა, წმინდა სამხედრო ასპექტების გარდა, ომის მსვლელობაზე ყველაზე დიდ გავლენას, როგორც ჩანს, პოლიტიკური სიბრტყე ახდენს.
მოგეხსნებათ, ნებისმიერი ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით. რუსეთის შემთხვევაშიც, როდესაც საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების განსახორციელებლად სამხედრო კამპანიის დაწყება გადაწყდა უკრაინის წინააღმდეგ, ომი იქცა იმ ინსტრუმენტად რომელსაც ახალი, მოსკოვისთვის სასურველი მშვიდობის დადგომა უნდა უზრუნველეყო უკრაინაში, რომელიც მისთვის იქნებოდა მისაღები. ამდაგვარი ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის, ძალთა მაშინდელი პროპორციის გათვალისწინებით, ომის ავანტიურული გეგმა იყო ერთადერთი მოსალოდნელი სცენარი კრემლისთვის, რომელშიც ახლა უკვე ნათელია, რომ მოსკოვი კატასტროფულად შეცდა და არ მოხდა უკრაინული წინააღმდეგობის მყისიერი ჩამოშლა. ამაზე ჩვენ სხვა სტატიაში უკვე ვისაუბრეთ - ჰიბრიდული ომის ტყვეობაში.
ახლა, დამდგარი რეალობის გათვალისწინებით, ნათელია, რომ სამხედრო-ოპერატიული სურათის უკრაინისთვის სასარგებლოდ საბოლოო გარდატეხისთვის, აუცილებელია კიევის შესაბამისი რაოდენობის სამხედრო-ტექნიკით უზრუნველყოფა, რომელიც უკვე არსებული ძალიან მნიშვნელოვანი დასავლური დახმარების მოცულობის გაზრდის გარეშე ურთულესი ამოცანა იქნება. ამაზე უკრაინის გენერალური შტაბის უფროსმაც ისაუბრა ცოტა ხნის წინ ეკონომისტთან მიცემულ ინტერვიუშიც.
მაგრამ პოლიტიკურ ველში არსებული გამოწვევა, პირველ რიგში აშშ-ში და ზოგადად დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში კვლავინდებურად ჭოჭმანის საფუძველია - როგორი უნდა იყოს ომის დასასრული, ახალი მშვიდობა და რუსეთის ადგილი და მდგომარეობა შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობაში. როგორც სჩანს, ამ შეკითხვებზე კონსოლიდირებული პასუხი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს უკრაინის მიმართ გაწეულ დახმარების მოცულობაზე სხვა არსებულ ობიექტურ მიზეზებთან ერთად. (მარაგების სიმცირე დასავლეთში, სამხედრო წარმოების სიმძლავრეების გაზრდისთვის საჭირო დრო და აშ).
კონკრეტულად აშშ-ში წარსული ომების ცუდი გამოცდილება პირდაპირ დაღს ასვამს უკრაინის მიმართ შიდა ამერიკული მხარდაჭერის ანატომიას. ერაყისა და ავღანეთის ომების წარუმატებელმა გამოცდილებამ გარკვეული შიშები გააჩინა აშშ-ს შიდაპოლიტიკურ წრეებში, რომ უკრაინის ომიც დაუსრულებელ ხანგრძლივ კამპანიად არ იქცეს, რომელიც მძიმედ დააწვება აშშ-ს და გამოყენებული იქნება სამხედრო ბიუჯეტის გასაბერად, რომელის შედეგადაც, პირველ რიგში, კერძო სამხედრო-სამრეწველო კომპანიები იხეირებენ. ამაზე აქტიური დებატები უკვე მიმდინარეობს, განსაკუთრებით დემოკრატიული ფლანგის ე.წ. მემარცხენე პროგრესულ ფრთაში, რომელიც დღეს კონგრესში მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი. მაგალითად, აღნიშნული ფრთა ითხოვს ერაყის ომის გამოცხადების აქტის უკანონოდ ცნობას და პრეზიდენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას ქვეყნის გარეთ სამხედრო კამპანიების წარმოების თვალსაზრისით.
აღნიშნული პოლიტიკური ფრთის ერთ-ერთ ამოცანას წარმოდგენს იმ ავტორიზაციის აქტის გაუქმება, რომელიც 9/11-ის მერე წარმოადგენდა ერაყსა და ავღანეთში ომის დაწყების სამართლებრივ საფუძველს.
2002 წელს მიღებული ერაყის ომის დაწყების აქტის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის აღმასრულებელ შტოს ანიჭებს ფართო და არა სათანადოდ გამჭვირვალე უფლებამოსილებებს, განაგრძოს სამხედრო ძალის გამოყენება ქვეყანის გარეთ. მაგალითად, მიუხედავად ერაყში ომის ოფიციალური შეწყვეტისა 2011 წელს, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სწორედ ამ აქტით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა 2020 წლის დასაწყისში დრონით თავდასხმის სამართლებრივ საფუძველად, რომელმაც მოკლა ირანელი გენერალი ქასემ სოლეიმანი.
აღნიშნული ჯგუფი, სავარაუდოდ, ამ საკითხზე მხარდაჭერას იპოვის ბაიდენის ადმინისტრაციისგანაც, რომელმაც 2021 წელს უკვე გამოხატა აქტის გაუქმების მხარდაჭერა - და უფრო ფართო დემოკრატიული პარტიისგანაც, რომელმაც ეს საკითხი თავისი ბოლო პარტიული პლატფორმის ნაწილად აქცია. პალატის კენჭისყრამ ავტორიზაციის გაუქმებაზე 2021 წელს მხარდაჭერა ჰპოვა 49 რესპუბლიკელ წევრს შორისაც.
აღნიშნული პროცესები, ცხადჰყოფს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებს, რომელიც გავლენას ახდენს ვაშინგტონის ნაბიჯებზე საერთაშორისო არენაზე და, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაშიც. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელების ნაწილმა უკვე მოითხოვა უკრაინისადმი გაწეული დახმარების სკრუპულოზური შემოწმება, რომ ყველაფერი მიზნობრივად იხარჯება.
ოქტომბრის თვეში, დემოკრატიული პარტიის ე.წ. პროგრესული პოლიტიკური ფრთის ოცდაათმა წევრმა სკანდალური წერილით მიმართა პრეზიდენტ ბაიდენს, რომ გაძლიერებულიყო დაპლომატიური ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით მალე დასამთავრებლად. ინფორმაციის გავრცელების შემდგომ შექმნილი უკმაყოფილების ფონზე პოლიტიკური ჯგუფი იძულებული გახდა წერილი უკან გაეწვია, თუმცა ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად არა ერთგვაროვანია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან ამერიკული პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება.
დღეს ომის თეატრზე არსებული სიტუაცია უკრაინისგან გადამწყვეტ სამხედრო-ოპერატიულ წარმატებებს მოითხოვს. იდეალურ სცენარში სასურველია ოკუპირებული ტერიტორიების 24 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობამდე გაწმენდა და მერე ყირიმის საკითხიც თავისთავად დადგება დღის წესრიგში. თუმცა, როგორ მოხდება ეს პოლიტიკურ ველში, რამდენად დათანხმდება პუტინი და კრემლი ახალი პოლიტიკური სურათისა და მშვიდობის მიღებას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დღესაც. სწორედ ეს არის მთავარი საკითხი - ახალი მშვიდობის ყველასთვის მისღები სურათის მიღწევა.
როგორც სამხედრო ისტორია, სამხედრო-სტრატეგიული აზროვნება და უახლოესი წარსული გვაჩვენებს, ახალი ყველა მხარისათვის მისაღები მშვიდობის დამყარების გარეშე, ომები განწირულია დროში დიდხანს გაიწელოს, ან სულად გაიყინოს, თუ არ მოხდება სამხედრო წარმატების სათანადოდ თარგმნა პოლიტიკურ დონეზეც. ამისათვის კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, აუცილებელია კიევმა მიიღოს სათანადო სამხედრო-ტექნიკური და მატერიალური დახმარება უფრო სწრაფ და სასურველ ტემპში. ამ მხრივ აშშ-ს პოზიციას და როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს უკვე გაწეული დახმარების მოცულობიდანაც ნათლად ჩანს. (იხილეთ ინფო გრაფიკა).
საერთო ჯამში გლობალურ არენაზე იქმნება სურათი, რომ ჯერ არ არის სათანადო გადაწყვეტილება მიღებული პირველ რიგში ვაშინგტონში, რა პოლიტიკა აირჩიონ რუსეთის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში. გაიღონ თუ არა მაქსიმალური ძალისხმევა მოსკოვის უკრაინაში სამხედრო თვალსაზრისით სრული განადგურებისათვის. ის, რომ ამისათვის უკრაინელი ხალხი მზად არის მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს უკვე ეჭვს არ იწვევს.
ამასთან ერთად, როგორი იქნება ამ მოვლენების ფონზე მოსკოვის შიდაპოლიტიკური მომავალი ამოუცნობ განტოლებად ჩანს ამ ეტაპზე და, როგორც ისტორია გვასწავლის, რუსეთის პოლიტიკური ბედი ხშირად საბედისწეროა, ხშირად არა მარტო მისი უშუალო სამეზობლოსთვის, არამედ პლანეტარული მასშტაბითაც. აღნიშნული საკითხი ვაშინგტონისთვის ცალკე განზომილებას იძენს აშშ-ჩინეთის გაცხადებული დაპირსპირების ფონზეც.
მოსკოვისთვის, ომის მაქსიმალური გაჭიანურება და თუნდაც მისი 2024 წლის აშშ-ს არჩევნებამდე გაწელვა, ერთ-ერთ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, განსაკუთრებით ვაშინგტონში არსებული შიდაპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით. ამიტომ დღეს მოსკოვი უკრაინაში მაქსიმალურად ცდილობს გამოფიტვის სტრატეგიის ელემენტებით მოქმედებას, რამაც კიევს არ უნდა მისცეს დიდი გამარჯვებების სწრაფად მოპოვების საშუალება. მიუხედავად, იმისა რომ ეკონომიკურად რუსეთს მომავალ წლებში გაცილებით გაუჭირდება, მას ჯერ კიდევ გააჩნია რესურსი და სათანადო ნება გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში. ამის პრევენციის საუკეთესო გზა კი, უკრაინის დროული და სათანადო შეიარაღება რჩება, ვინაიდან, დღეს, არსებული „ომის სასწორის“ პირობებში, ყველაზე დიდ ფასს უკრაინა იხდის საკუთარი შვილების სისხლის ფასად. შესაბამისად, ომის საბოლოო დასრულების სასურველ სურათთან დაკავშირებით დასავლეთი და პირველ რიგში ვაშინგტონი მაქსიმალურად მალე უნდა ჩამოყალიბდეს, გადალახოს შიდა წინააღმდეგობები და შესაბამისი სტრატეგიაც აირჩიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომის ე.წ. „friction” (ხახუნი) უკრაინას მუდმივად დატოვებს პერიოდული სამხედრო დახმარების ინექციების ამარად, რომელიც ვერ იქნება სწრაფი გამარჯვებების გარანტია. თუ ვაშინგტონი წარმოადგენს დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერს, რომელზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის დამთავრებაც ამ ომის შედეგად უნდოდა პუტინს, მაშინ ვაშინგტონმა კიდევ ურო აქტიურად უნდა იმოქმედოს.
აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება სათანადო პოლიტიკურ ლიდერებსაც მოითხოვს უმთავრესი გეოპოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან დასავლეთში და საკითხავია, არიან კი ისინი ამისთვის მზად დღეს? შეუძლიათ გადამწყვეტი გამარჯვების სტრატეგიის შემუშავება? სწორედ მსგავსი სტრატეგიის რეალიზაციის მერე შეძლებს კიევი თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს, მას მერე რაც უკრაინისთვის სასურველი მშვიდობის პოლიტიკური უზრუნველყოფის მექანიზმები გაჩნდება სამხედრო წარმატებებთან ერთად.
ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები დრო გვიჩვენებს, თუმცა უკრაინის ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოწვევა დღეს ხანგრძლივი-გაწელილი გამოფიტვის ომია.