ხათუნა ბურკაძე - რუსეთის აგრესიის ფონზე ნატო საქართველოს მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების, კრიზისის მენეჯმენტისა და უსაფრთხო კომუნიკაციების მიმართულებებით აძლიერებს

ავტორი:

ნატო-ს ბოლო მინისტერიალისა და რამშტაინ-9-ის შედეგებზე, ამ ფორუმების ფონზე საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
 

- ქალბატონო ხათუნა, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ალიანსის წევრებმა რუსეთის შეკავების, ნატო-ს თავდაცვის გაძლიერებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
 

ასევე გაიმართა „რამშტაინის“ მორიგი მე-9 შეხვედრა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინისთვის თავდაცვის ძირითადი შესაძლებლობების აუცილებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
 

ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეტევისთვის ემზადება, უკრაინა და მისი პარტნიორები უკრაინას კონტრშეტევისთვის დახმარებას უწევენ, ახლა, როცა იარაღის მიწოდების დროულობა და სისწრაფე მნიშვნელოვანია, ნატოს სამიტს წინ უძღოდა გადაწყვეტილებები იმის შესახებ, რომ უკრაინას მიეწოდებოდა „ლეოპარდისა“ და სხვა ტიპის ტანკები, თვითმფრინავები, თქვენ როგორ შეაფასებდით ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალისა და რამშტაინ-9-ის შედეგებს?
 

- ნატო-ს თავდაცვის მინისტრებისა და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრები მიანიშნებენ, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დამცველთა პრიორიტეტია უკრაინისათვის მძიმე შეიარაღების, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემისა და საბრძოლო მასალების მარაგების მიწოდების უზრუნველყოფა, რაც გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს საომარი მოქმედებების ველზე და უკრაინას კონტრშეტევითი ოპერაციების წარმატებით დასრულების შესაძლებლობას მისცემს.
 

მეტიც, ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ „სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეს“. ეს კი გულისხმობს კიევისთვის იარაღის, საბრძოლო მასალის, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის სწრაფად მიწოდებას დაყოვნებების გარეშე. დღეს არა მხოლოდ არაორდინალური, მტკიცე გადაწყვეტილებების მიღების, არამედ მყისიერი მოქმედებების დროა.
 

უკრაინისათვის დახმარების გაზრდის კონტექსტში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების უკრაინაში გასაგზავნად მზადება დაიწყეს ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, კანადამ, ნორვეგიამ, ესპანეთმა.
 

ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩეხეთი 90-ზე მეტ T-72 ტიპის ტანკს უკრაინას ერთობლივად გადასცემენ. აშშ უკრაინას Bradley-ისა და Abrams-ის ტანკებს მიაწოდებს, Challenger-ის ტანკებს კი კიევი გაერთიანებული სამეფოდან მიიღებს.
 

საგრძნობლად გაზრდილი სამხედრო დახმარება და პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისათვის გამარჯვების უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. ამ გამარჯვებაზეა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის მომავალი დამოკიდებული. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, „პუტინის მიერ უკრაინის ანექსიის აღიარება აგრესორებისთვის პანდორას ყუთს გახსნის“.
 

უკრაინის წარმატება უნდა გახდეს საფუძველი ისეთი შეკავებითი, პრევენციული მექანიზმების განვითარებისა და თანამედროვე უსაფრთხოების ისეთი გლობალური არქიტექტურის შექმნისა, სადაც სუვერენულ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა დაცული იქნება და ძალისმიერი მეთოდებით საზღვრების შეცვლა არ მოხდება.
 

საერთაშორისო სამართლის ნორმების სათანადოდ აღსრულებისათვის საერთაშორისო სისტემის გარდაქმნა გარდაუვალია, სხვაგვარად კვლავაც აგრესიული მოქმედებების განხორციელების მოწმენი გავხდებით.
 

- საქართველოსთან დაკავშირებით ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა - „მოკავშირეები თანხმდებიან, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო“.
 

თავდაცვის მინისტრებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ გააძლიერონ ნატოს პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ, რომლებიც „რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან“.
 

სტოლტენბერგის თქმით, - „ნატო გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას კიბერ, კრიზისის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასე რომ, მორგებული პარტნიორობა და მორგებული მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც საქართველოს მსგავს პარტნიორებთან ვახორციელებთ.
 

ნატოს მინისტერიალსა და რამშტაინ 9-ს წინ უძღოდა ოსტინ-ბურჭულაძის შეხვედრა ვაშინგტონში, აშშ-ს მიერ საქართველოსთვის 33 აშშ მილიონი დოლარის გამოყოფა. ასევე საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში.
 

სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდა საქართველოსთვის ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი?
 

- როგორც აღნიშნეთ, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალამდე ვაშინგტონში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შეხვდა.
 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისათვის 33 მილიონი დოლარის გამოყოფის ინიციირება კვლავ ცხადყოფს, რომ აშშ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოკავშირეა.
 

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსათვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, თავდაცვის ძალების ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან კიდევ მეტად დაახლოება და შეკავების პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელება, რაც გულისხმობს საფრთხეების თავიდან აცილების შესაძლებლობების განვითარებას.
 

რაც შეეხება ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე მზარდი აგრესიის ფონზე. უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა აჩვენა, რომ აუცილებელია დროულად გადაწყვეტილებების მიღება.
 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები თანხმდებიან გააღრმაონ საქართველოსთან თანამშრომლობა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, კრიზისის მენეჯმენტისა და უსაფრთხო კომუნიკაციების მიმართულებებით. ამდენად, ნატო რუსული ინტერვენციის სამიზნე ქვეყნების მხარდაჭერას აძლიერებს.
 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ე.წ. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა.
 

აღნიშნულ ფორმატს აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა და გვაძლევს შესაძლებლობას რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში პარტნიორებთან ერთად ჩავერთოთ.
 

- კარგია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს აქვს „რუსული საფრთხე“.
 

რას ნიშნავს ჩვენთვის კიბერ, კრიზისის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით დახმარების აღმოჩენა?
 

- რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა როგორც კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ასევე კომუნიკაციის არხების უსაფრთხოების ტექნიკური, ორგანიზაციული სტანდარტების გაუმჯობესება და კრიზისების მართვის გაცილებით ეფექტიანი, კოორდინირებული მექანიზმის დანერგვა.
 

ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მზაობა ამ პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით საქართველოს აღმოუჩინონ დახმარება, რაც შესაძლოა გულისხმობდეს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტებში, ახალი კონცეპტუალური, სისტემური ხედვის განვითარებას, განსაკუთრებით კრიზისების მართვის ნაწილში და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას.
 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ალიანსის მხარდაჭერა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის თვალსაზრისითაც.
 

- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ვითარებაში, როცა კოლექტიური დასავლეთი ასე თანმიმდევრულად ეხმარება უკრაინას, როცა აშშ აცხადებს, რომ შავი ზღვა მისი ინტერესის სფეროა, რაზეც სპეციალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ამ პროცესში საქართველო შეიძლება იყოს ჩართული, ახლა აშშ-საქართველოს, ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების თემა ალბათ ყველაზე აქტუალურ საკითხადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
 

სავარაუდოდ, რატომ არ ვიღებთ ნატოსგან იმაზე მეტ დახმარებას, ვიდრე ეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე შესაძლებელია?
 

- საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, განახლებული არსებითი პაკეტი გააჩნია.
 

თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ნატო-ს 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე წევრმა სახელმწიფოებმა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი გზამკვლევის შემუშავებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად და განაპირობებს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის მეტად ამაღლებას.
 

უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების შედეგად, საქართველოს, როგორც ალიანსის ასპირანტ ქვეყანას სჭირდება მკაფიო პოლიტიკური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ წლების წინ ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირება საქართველოს ალიანსში წევრობის შესახებ რეალობად იქცეს. ამ ტიპის პოლიტიკურ ცვლილებას შეუძლია ქვეყნის თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერება. აღნიშნული პროცესი ორმხრივია.
 

თუმცა, ამავდროულად, აუცილებელია პარტნიორებთან სტრატეგიული კომუნიკაციის არხების გაუმჯობესება და პროაქტიულად მეტი ინიციატივის შეთავაზება, რაც მოგვცემს გეოპოლიტიკური შესაძლებლობების უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას.
 

ინიციატივებს შორის ვგულისხმობ ისეთი რეკომენდაციების შეთავაზებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც მათი ჩართულობით ერთობლივი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობენ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. ეს კი რეგიონში ჩვენს როლს, მნიშვნელობას გაზრდის და ქვეყნის საჭიროებას მეტად გამოკვეთს.
 

- ახლა, როცა რუსეთის სათათბიროს ერთმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ან გაუქმებას, რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რაზეც ალბათ მალე საბოლოო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
 

ვითარებაში, როცა ევროპის ქვეყნებს რუსეთისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტილი აქვთ, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა, სავარაუდოდ, მომხდარს როგორ აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, იგივე ევროკავშირი და ნატოელი პარტნიორები?
 

- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიო განცხადება გააკეთა რუსეთთან ფრენების განახლებასთან დაკავშირებით.
 

კერძოდ, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ამერიკის დიპლომატიური უწყების განმარტებით, ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის.
 

- გვერდს ვერ ავუვლით კიდევ ერთ თემას, რომელიც პირდაპირაც და ირიბადაც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის თემატიკას.
 

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“.
 

„ხალხის ძალა“ ითხოვს საქართველოში ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში მეტ არა მხოლოდ გამჭვირვალეობას, არამედ, მათთვის „უცხოელი აგენტების“ სტატუსის განსაზღვრას.
 

დამკვირვებელთა უმრავლესობა შენიშნავს, რომ თუ ეს კანონი იქნა მიღებული საქართველო ზუსტად იმ გზას გაივლის, რაც რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების წინ გაიარა.
 

არადა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები სულ გვირჩევენ, რომ თუ გვინდა ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობა, საქართველოში, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს არასამთავრობო სექტორის გაძლიერებაზე.
 

თქვენ როგორ შეაფასებდით პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს და თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რამდენად შეესაბამება იგი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოთხოვნებს?
 

- საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესისათვის მნიშვნელოვანია ლუსტრაციის კანონის მიღებაზე ვიფიქროთ და განვახორციელოთ იმ ტიპის ინიციატივები, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციისათვის შემაფერხებელ ფაქტორად არ იქცევა, პირიქით ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისათვის 12 პრიორიტეტზე კონცენტრაციას.
 

მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ამა წლის 1 თებერვალს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში პოზიტიურ საფუძველს ქმნის ევროპული მიზნების მისაღწევად.
 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2017 და 2018 წლებში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის ევროპული მომავალი საქართველოს კონსტიტუციითა გამყარებული. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
 

ამდენად, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აფერხებს ევროპული ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაეს კანონს და სამართლებრივად ბათილია.
 

შესაბამისი საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელებით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებითა და ერთიანობის დემონსტრირებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შევძლებთ.
 

ქვეყნის ევროპული მომავლისათვის აუცილებელია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ყველა მხარემ გაანალიზოს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ჩაერთოს საქართველოს ევროინტეგრაციის იმ პროცესში, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისათვის უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის.
 

ეს ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობა, გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ჩვენი წინაპრების ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს.

 

„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

გააზიარე: