რა მიზნები ამოძრავებდა რუსეთს 2014 და 2015 წელს უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციისა და მიმდინარეობის დროს?

ავტორი:

ამ სტატიაში საუბარი იქნება რუსეთის მიზნებზე 2014 და 2015 წლებში, იგი გაანალიზებული იქნება დიპლომატიის, ეკონომიკისა და სამხედრო მიმართულებების კატეგორიებიდან. 


ისტორიის სხვა და სხვა ეტაპზე რუსეთის სახელმწიფოს ლიდერები ყოველთვის დიდი ინტერესით გამოირჩეოდნენ შავი ზღვის რეგიონის , უფრო კონკრეტულად კი ყირიმის ნახევარკუნძულის და მასზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სევასტოპოლის პორტის მიმართ. ჯერ კიდევ 1856 წლიდან, რუსეთი, ყირიმის ომში დამარცხების შემდგომ და იძულებით თანხმობისა პირობებზე, რომელიც დადებული იყო საფრანგეთ- ინგლისის მიერ და ითვალისწინებდა რუსეთის სამხედრო ბაზის გაუქმებას სევასტოპოლში, ყოველთვის ისწრაფოდა და ისწრაფვის ყირიმზე კონტროლს და მისი გამოყენებით შავი ზღვის რეგიონში დომინანტობისკენ.


ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ტერიტორია, რუსეთმა ჯერ კიდევ ეკატერინე დიდის დროს დაიპყრო, თუმცა მოგვიანებით საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის ლიდერმა, ნიკიტა ხრუშოვმა, ეს ტერიტორიული ერთეული უკრაინის სოციალისტურ რესპუბლიკას გადსამომავალოდაულოცა და უკრაინის კონტროლქვეშვე დარჩა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომაც. თუმცა აქ არის ერთი დეტალი:  ოფიციალური მოსკოვისთვის სევასტოპოლში არსებული პორტი კვლავ რჩებოდა უდიდესი მნიშვნელობის მატარებლად მისი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის, რომელსაც იგი აკონტროლებდა 1997 წელს უკრაინასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. წარმოდგენილი პორტი არის რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომელსაც იგი იყენებდა და დღემდე იყენებს თავისი ძალაუფლების გასავრცელებლად რეგიონში. მისი მნიშვნელობა ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დროსაც გამოიკვეთა, იქამდე კი აფხაზეთის ომის დროსაც, როდესაც რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალების დესანტირება სწორედ სევასტოპოლის პორტიდან განახორციელა.


ყირიმის ნახევარკუნძულზე, ანექსიამდე, იმყოფებოდა 2 სხვა და სხვა ქვეყნის ჯარი, უკრაინული და რუსული. ორივეს იქ ყოფნას მოსახლეობა გამართლებულად მიიჩნევდა და არ უჩნდებოდათ ეჭვია არცერთი მხარის ლეგიტიმურობაში. როგორც ზემოთ იყო ნახსენები, მე-20 საუკუნეში ხრუშოვმა ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინის სოციალისტურ რესპუბლიკას გადასცა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ორივე სახელმწიფო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, ტერიტორიის გადაცემა უფრო სიმბოლური ხასიათის იყო, ვიდრე სტრატეგიული, ამასთან არც არავის ეგონა მაშინ, რომ სოციალისტური რესპუბლიკა ოდესმე დაიშლებოდა და დაიწყებოდა ახალი ძალთა ბალანსის გადანაწილება რეგიონში. იქიდან გამომდინარე, რომ ყირიმში რუსული მოსახლეობის დიდი დიასპორა იყო, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა რუსეთის ფედერაციასთან აქტიურ თანამშრომლობას. ამ სიტუაციით კი რუსეთმა კარგად ისარგებლა და წამოიწყო ფარული ოპერაციები, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ კრემლის სპეციალური დანიშნულების წარმომადგენლების ინფილტრაცია ხდებოდა ყირიმში და ისინი თავს ასაღებდნენ ადგილობრივი მილიციის თანამშრომლებად, საიდანაც იღებდნენ ინფორმაციას და ქმნიდნენ გარკვეულ კლიმატს ადგილობრივ დონეზე, ამას ემატებოდა უშუალოდ კრემლიდან წამოსული პროპაგანდისტული კამპანია, რაც კიდევ უფრო აღვივებდა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ სკეპტიციზმს და მოსახლეობას კრემლის პოლიტიკისადმი უფრო მიდრეკილს ხდიდა.


ცალსახაა რუსეთის ძალოვან დანაყოფებს მნიშვნელოვნად  მიუძღვით წვლილი ყირიმის ანექსიაში, თუმცა ნიშანდობლივია აწ უკვე ზემოთ ხსენებული რუსული პროპაგანდა და აგიტაცია. 2014 წლის მოვლენებით ცხადი გახდა, რომ რუსეთის ურთიერთობები და დამოკიდებულებები დასავლურ სამყაროსთან, აგრეთვე პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან, არ წარმოადგენს ცალკე დამოუკიდებელ საკითხს. ამასთან, ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებას აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვრებთან ახლოს, კრემლში აღიქვამდნენ როგორც გამოწვევას და საფრთხეს, რუსეთის ინტერესების ხელყოფად. 


რუსეთში ისტორიულად მუდამ სწამდათ, რომ უკრაინა სლავური, კონკრეტულად რუსული სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო და იქნებოდა, ხოლო მის პერსპექტივას განიხილავდა, როგორც ბუფერული სახელმწიფო ევროპასა და რუსეთს შორის. იმისათვის, რომ უკრაინის სწრაფვა დასავლეთისაკენ მაქსიმალურად აღეკვეთა, რუსეთი მაქსიმალურად შეეცადა ჯერ ვიქტორ იანუკოვიჩის გამოყენებით, შეეცვლევინებინა გეზი ევროკავშირისკენ უკრაინას, ხოლო ცნობილი მოვლენების შემდგომ( მაიდნის რევოლუციაა მხედველობაში), 2014 წელს წამოიწყო აქტიური სამხედრო კამპანია. ყველა ეს ქმედება კი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა კრემლის ინტერესების განუყოფელი ნაწილია. 


კიევის ცენტრში, 2013 წელს დაწყებული მოვლენები და საპროტესტო ტალღა, რომელსაც წინ უძღოდა იმჟამინდელი პრორუსი ლიდერის, ვიქტორ იანუკოვიჩის ქმედებას, უარი განეცხადებინა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, რასაც შემდგომ მოჰყვა ძალადობრივი დაპირისპირება მომიტინგეებსა და სახელმწიფო ძალოვან სტრუქტურებს შორის, კიდევ ერთხელ ცხადჰყო რუსეთის დაუცხრომელი სურვილი, მოეხდინა გავლენა სახელმწიფოზე, ხოლო მისი გადმობირებით კი კონტროლი დაემყარებინა, როგორც მთლიანად სახელმწიფოზე, ასევე შავი ზღვის რეგიონზე, რადგან ფაქტია, მოცემულ წყლებში რუსეთისა და მის ორბიტაზე გადასული უკრაინის სახელმწიფო შექმნიდა აბსოლუტურ ძალის ღერძს, სადაც ლიდერი იქნებოდა რუსეთი. თუმცა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მოვლენები ასე არ განვითარდა და, მეტ-ნაკლებად, რუსეთმა პირველი გეოპოლიტიკური მარცხი იწვნია. მიუხედავად ამისა, ამ მარცხს რუსეთის მიზნებისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია, მან გეგმაზომიერად გააჩაღა ორი კამპანია_  ერთი შეეხებოდა ყირიმის ანექსიას, ხოლო მეორე საპროტესტო ტალღის აგორებაა აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც მოგვიანებით ამბოხად გადაიქცა. 


ეს ყველაფერი რუსეთს ძალიან უადვილდებოდა და პრაქტიკულად წინააღმდეგობების გარეშე აღწევდა მიზნებს, რადგან ლოკალურ დონეზე ადგილობრივი მოსახლეობა რუსულ სამხედრო ძალებს მეგობრულად იღებდა და მხსნელებად მიიჩნევდა.


ცალსახაა, რომ პუტინის მთავარი მიზანი არ არის საბჭოთა კავშირის აღდგენა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველანაირი მოქმედება ეწინააღმდეგება ამ მოცემულობას. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იმის დემონსტრირებაა, რომ რუსულენოვანმა ხალხმა გაიგოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია შინაგანი სტაბილურობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პუტინს სურს შეინარჩუნოს დღევანდელი პოლიტიკური სისტემა თავის ლიდერობით,  რუსეთისთვის მისივე მიდგომა ძალაუფლების შესანარჩუნებლად არის მისთვის სასიცოცხლოდ საჭირო. რუსეთის ეკონომიკა დეგრადირებული იყო ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. წინა წლებში პუტინს 80 პროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა პოპულარობის კუთხით ქვეყანაში და ეკონომიკური ზრდაც წელიწადში შვიდი პროცენტს შეადგენდა. არსებულ ვითარებაში პუტინი კვლავ მაღალი პოპულარობით სარგებლობდა, მიუხედავად იმისა, რომ ის 60 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, ამან ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედა და 2013 წელს ეკონომიკა წელიწადში 1,4 პროცენტზე ჩამოვიდა. ამიტომ რუსეთს და განსაკუთრებით პუტინს იმის ეშინოდა, რომ ეკონომიკური სტაგნაცია აღმოჩნდებოდა არა დროებითი, არამედ სისტემური და შეუქცევადი.


რუსეთი დასავლეთის მხრიდან საფრთხეს გრძნობს. მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ევროკავშირის, განსაკუთრებით კი ნატო-ს, გაფართოება მის საზღვრებთან მიახლოებით. უკრაინის კრიზისი გადაიქცა ნულოვანი ჯამის თამაშად (Zero-sum game)  სადაც მოგებულს რჩება ყველაფერი, ხოლო დამარცხებულს არაფერი. 


2010 წელს უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა და მაშინდელი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერეს ხარკოვის შეთანხმებას, რომელიც შედგებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის იჯარის ხელშეკრულებისგან, რომელიც გულისხმობდა 2017 წლიდან 2042 წლამდე გახანგრძლივებას. სანაცვლოდ, უკრაინამ მიიღო ფასდაკლება რუსული გაზის იმპორტზე, რომელმაც შეადგინა 40 მილიარდი დოლარი. ეს სტრატეგიული ნაბიჯი იყო უპირატესად რუსეთის ფლოტის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად რეგიონში, თუკი უკრაინა გახდებოდა დასავლური სამყაროს ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფარული ზრახვა უკრაინაში  და კონკრეტულად ყირიმის კონფლიქტში, სულაც არ ყოფილა სტაბილიზაციის და არეულობის შემცირების მოტივით გამოწვეული, მისი მიზანი იყო შავი ზღვის რეგიონში საზღვაო ძალაუფლების უზრუნველყოფა და ასევე მისი დომინირება შავი ზღვის ფლოტზე სევასტოპოლში, რათა მომხდარიყო პრევენცია პოტენციური საფრთხეებისა, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა რუსეთის გავლენისთვის რეგიონში.


რუსეთს აქვს დიდი ეკონომიკური გავლენა შავი ზღვის რეგიონში, რადგან მას გააჩნია  ევროპაში ენერგიის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზა. 2022 წლის ომამდე ევროპის მთლიანი ნავთობის 25 პროცენტზე მეტის ექსპორტს რუსეთი უზრუნველყოფდა და დაახლოებით ერთი მესამედი ნავთობის ტანკერებით ტრანსპორტირდებოდა შავი ზღვიდან. აგრეთვე რეგიონი არის გზა ახლო აღმოსავლეთისთვის, რომლის დახმარებითაც რუსეთი პარტნიორობს მრავალ ქვეყანასთან. აქედან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონი განიხილება, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივი რუსეთისთვის. რუსეთმა შეძლო უზრუნველეყო თავისი საზღვაო ძალა და დომინირება ყირიმის ანექსიით. რუსეთის შემდგომი საზღვაო გეგმები იყო განავითარებინა მისი ერთ-ერთ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ნავსადგური, ნოვოროსიისკი. კიდევ ერთი დამატებით ამბიციური გეგმა იყო რუსული საზღვაო ფლოტის განახლება, რომელიც სამომავლოდ ჩაითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ განვითარებად. როდესაც ეს გეგმები განხორციელდებოდა, რუსეთი გააძლიერებდა ნავიგაციისა და საზღვაო ხაზების უზრუნველყოფასა და კომუნიკაციას შავ ზღვაში. გარდა ამისა, ის გაზრდიდა სამხედრო და პოლიტიკურ წვრთნებს, რათა გაეკონტროლებინა და ამით ხელი შეეშალა პოტენციური შიდა კონფლიქტების წარმოქმნისათვის, რასაც შეიძლებოდა საფრთხე შეექმნა რუსეთისათვის. რუსეთი ხელს შეუწყობდა და დაიცავდა თავის ეკონომიკას, აგრეთვე მის უსაფრთხოების ინტერესებს ხმელთაშუა ზღვაში და ამით გააუმჯობესებდა ეკონომიკურ დინამიკას. 


რუსეთს თავისი ახალი ტერიტორიით, ანუ ყირიმით, შეუძლია ააშენოს ან/და განაახლოს თავისი ბაზები შავი ზღვის რეგიონში და გააძლიეროს  სამხედრო ძალა დასავლეთის ან უკრაინის გავლენის გარეშე. შავი ზღვის ფლოტის რეკონსტრუქცია შესაძლებლობას მისცემს შენარჩუნდეს როგორც სევასტოპოლის, ასევე შავი ზღვის რეგიონში სუვერენიტეტი, რაც გაუხსნის რუსეთს შესაძლებლობების ფანჯარას გააუმჯობესოს და განაახლოს სამხედრო ტექნიკა, სანაპირო რაკეტები, სახმელეთო ძალები, თვითმფრინავები და სატრანზიტო მარშრუტები. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ანექსია რუსეთს უპირატესობას ანიჭებდა, შავი ზღვის რეგიონში შეიქმნა  ახალი დაძაბულობისა და კონფრონტაციების რისკები, როგორც რეგიონული, ისე გარე აქტორების გააქტიურებით რუსეთის წინააღმდეგ რეგიონში. 


ყირიმის ანექსია რუსეთის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად და შავი ზღვის ფლოტის განმტკიცების მიზნით (ხარკოვის შეთანხმება) სევასტოპოლში და მისი სატრანზიტო მარშრუტების ენერგიის ექსპორტისთვის ევროპასა და აზიაში საკმაოდ მომგებიანი იყო. შესაბამისად, ყირიმს, როგორც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობას, შეუმცირდა გარე აქტორების ზეწოლა და გავლენა, როგორიცაა აშშ და ნატო-ს გავლენა.


შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ჩართულობა და მიზანი არ ყოფილა შეემცირებინა არეულობა ან თუნდაც პრორუსი მოსახლეობის დაცვა შიდა დონეზე, არამედ პირიქით, პრორუსებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება პუტინს საქმეს ადგებოდა, რადგან მას ჩარევის საფუძველი მიეცა.  საბოლოოდ კი პუტინის რუსეთი იჭერდა ორ კურდღელს, ერთით იზრდიდა პოპულარობას საკუთარ მოსახლეობაში, რადგან დასავლური ძალებისგან იცავდა უკრაინაში პრორუს მოსახლეობას, მეორეს მხრივ კი დიპლომატიურ ასპარეზზე იმყარებდა პოზიციებს როგორც დომინანტი სახელმწიფო.


დიდი სახელმწიფოები ცდილობენ მიაღწიონ მსოფლიო სიმდიდრეს, რადგან ეს სიმდიდრე ქმნის ძლიერ ეკონომიკას, ხოლო ძლიერი ეკონომიკა ძლიერ სამხედროს ძალასა და თავდაცვას. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლება მიზნად ისახავს კარგი ეკონომიკისკენ  სწრაფვას. აქედან გამომდინარე თუ რუსეთი დაკარგავს თავის გავლენას უკრაინაში ამან შეიძლება შეაფერხოს მისი უკვე დეგრადირებული ეკონომიკა იმის გათვალისიწინებით, რომ ისედაც რუსეთის ეკონომიკური ზრდა წელიწადში 7 პროცენტიდან 1,4 პროცენტამდე შემცირდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საფუძვლიანი მიზეზი რუსეთის შავი ზღვის რეგიონთან დაახლოებისა იყოს მდიდარი ბუნებრივი რესურსები და, შესაბამისად, ხელსაყრელი სტრატეგიული ტერიტორია დომინირებისთვის, მომგებიანი სატრანზიტო გზები ევროპისა და ცენტრალური აზიისკენ. ყირიმის ანექსია რუსეთს უქმნიდა ეკონომიკის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებს, და პერსპექტივას გაეზარდა თავისი გავლენა რეგიონში. რუსეთის მთავარი ეკონომიკური მიზანი შავი ზღვის რეგიონში განპირობებულია მისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტების დაუფლებაში და ენერგიის ექსპორტისთვის ევროპაში, რადგან ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი 2022 წლის ომამდე ევროპის ნავთობის მოხმარების 25 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფდა. ამასთან აუცილებლად უნდა ვახსენოთ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის წილი მსოფლიო ბაზარზე, 2014-2015 წლებში მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტის კუთხით, ეს ქვეყანა მეშვიდე ადგილს იკავებდა რაც 37.9 მილიონ ტონა ხორბალს შეადგენდა. მასზე კონტროლის მოპოვებით, რუსეთს შეეძლებოდა როგორც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ვაჭრობით დიდი მოგება ენახა, აგრეთვე ფასებით ევაჭრა და გამოეყენებინა ეს რესურსი, როგორც გავლენის მოხდენის მექანიზმი სხვა სახელმწიფოებზე.


იმის გათვალისწინებით, რომ ყირიმი ახლა რუსეთს ეკუთვნის, ცალსახა ხდება, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც განხორციელდა ნახევარკუნძულის ანექსია, იყო ეკონომიკური სარგებელი და შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის რეგიონში მთავარი მოთამაშის როლის მორგებას და დასავლური გავლენების გამორიცხვას.


დიდი სახელმწიფოები ასევე ცდილობენ მიწის ძალაუფლების მოპოვებას სამხედრო გზით, რადგან ეს არის რეგიონის მაქსიმალური კონტროლის საუკეთესო შესაძლო გზა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივია სახმელეთო ჯარები, რომლებიც გაძლიერებულია საჰაერო და საზღვაო ძალების მეშვეობით. სხვა სიტყვებით, სახელმწიფოები ცდილობენ გააძლიერონ თავიანთი სამხედრო პოტენციალი, რათა კონკურენცია გაუწიონ დანარჩენ სამყაროს, რომელიც შედგება ტერიტორიული ჰეგემონებისგან. ცივი ომის ეპოქამდე და მის დროს შავი ზღვის რეგიონი პრაქტიკულად რუსეთს ეკუთვნოდა, მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ იგი გახდა მეტ-ნაკლებად დაუცველი რეგიონი. თუმცა ბოლო წლებში შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქმედებებმა აიძულა რუსეთი გაეძლიერებინა თავისი ძალა რეგიონში რათა არ დაეკარგა კონტროლი და გავლენა. გარდა ამისა, კიდევ ერთ უპირატესობას შავი ზღვის რეგიონი რუსული პერსპექტივისთვის არის ის, რომ ეს არეალი არის გზა ახლო აღმოსავლეთისკენ, სადაც რუსეთს აქვს პარტნიორული ურთიერთობა მრავალ ქვეყანასთან. აქედან გამომდინარე, შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია რუსეთისთვის. ყირიმი, განსაკუთრებით სევასტოპოლი, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მას შემდეგ რაც იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განთავსებული. უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ რუსეთის მიზანი გახდა შეენარჩუნებინა თავისი საზღვაო ფლოტი და ბაზები ყირიმში. თუმცა, პრობლემა უკრაინის კრიზისის კონტექსტში წარმოქმნილი შიში იყო, რომ თუ უკრაინას მიიღებდნენ ევროკავშირში, 2013 წლის შეთანხმებით, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში იმოქმედებდა რუსეთის გავლენაზე შავ ზღვაში და მის იქ დომინირებაზე.


ხარკოვის შეთანხმებამ 2042 წლამდე შესაძლებლობა მისცა რუსეთს შავი ზღვის ფლოტის მოდერნიზაციისა და გაფართოებისთვის. ყირიმის ანექსიამ და ასევე ხარკოვის ხელმოწერილმა შეთანხმებამ გაზარდა რუსეთის ფლოტის  წარმომადგენლობა რეგიონში და მისცა მას შესაძლებლობა დაეწყო შავი ზღვის ფლოტის განვითარება, რომელიც შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სამხედრო საზღვაო რეფორმა რეგიონში. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გაზრდიდა რუსეთის საზღვაო ძალას.


დასასრულს, რუსეთმა მოახერხა რეგიონის თავისთვის სასიკეთოდ დაცვა და ამით შექმნა უფრო ფართო და უკეთესი საზღვაო სანაპირო ზოლი, რაც სამომავლოდ რუსეთის სამხედრო ძალას გააძლიერებდა და, შესაბამისად, შეამცირებდა გარე აქტორების გავლენას შავ ზღვაზე. თუ სიტუაცია ომის დასრულების შემდგომ დარჩება მოსკოვის სასიკეთოდ, რუსეთს შეეძლება გააუმჯობესოს შავ ზღვაში ნავიგაციისა და საზღვაო საკომუნიკაციო ხაზების უზრუნველყოფა. ეს კიდევ უფრო გაზრდის სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენებს და შეაფერხებს საშინაო კონფლიქტებს, აგრეთვე გამორიცხავს გარე ზეწოლის წარმოქმნის ალბათობას, რამაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს რუსეთის უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიკამათოთ ფუტურისტული ასპექტიდან, რომ თუ რუსეთის მსგავსი მოქმედებები წარმატებით გაგრძელდება, იგი შეძლებს დაიცვას თავისი ეკონომიკა, აგრეთვე მისი უსაფრთხოების ინტერესები ხმელთაშუა ზღვაში.
 

გააზიარე: