"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა ნიშნავს როგორც საკუთარი ამომრჩევლის, ისე პარტნიორების წინაშე არათანმიმდევრულობის დემონსტრირებას. „ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმართვისას უნდა არსებობდეს წითელი ხაზები. პოლიტიკურ აქტორებს პასუხისმგებლიანი ქცევა მართებთ. ასევე, გაუგებარია გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიერ პრეტენზია პარტნიორებთან ექსკლუზიური ურთიერთობებისა და იმის აღნიშვნა, რომ თითქოს მათი ნათქვამი წარმოადგენს ჭეშმარიტებას. უპირველეს ყოვლისა, დასავლელ პარტნიორებს ჩვენი პოლიტიკური სიმწიფის, პოლიტიკური კულტურის ზრდა უნდა ვაჩვენოთ. ეს არის ჩვენი ძირითადი იარაღი, რომლითაც მათთან თავი უნდა მოვიწონოთ. განცხადებები გაკეთებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და გერმანიის ელჩის მიმართ აზიანებენ როგორც გარკვეულ პოლიტიკურ აქტორებს, ისე, საბოლოო ჯამში, ქვეყნის პოზიციონირებას საქართველოს ფარგლებს გარეთ. რბილად რომ ვთქვათ, ამ ძალებს ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიძინებული აქვთ“, - დასძინა მან.
"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებულ დესტრუქციულ განცხადებებზე და აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია კონსტრუქციული ელემენტების დანერგვა. ასევე, მან ისაუბრა პოლიტიკური ძალების ტრანსფორმაციაზე როგორც გარედან, ისე შიგნიდან. „რაც უფრო მეტად ვეზიარებით სტანდარტებს გარე ზეწოლის შედეგად, ეს ხელს შეუწყობს პროცესის განახლებას,“ - განაცხადა მან. მისი თვალთახედვით, სიძულვილის ენას თავისუფლებასთან საერთო არ აქვს. თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობას გულისხმობს.
„ვიცით დემოკრატიის საბაზისო მდგენელები. ამავდროულად, უნდა გავიაზროთ თანამედროვე სახელმწიფოს ტექნოკრატიული ელემენტები. განახლება გარდაუვალია. სხვაგვარად განვითარება შეუძლებელია. ნუ გვაქვს იმის ილუზია, რომ ცვალებად მსოფლიოში სამიდღემჩიოდ ვინმე ჩვენი ძიძა იქნება. ჩვენ საბაზისო უნარები უნდა შევიძინოთ ჩვენი შიდა განვითარებისათვის“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი
გააზიარე: