"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ლევან მიქელაძის სახელობის ფონდისა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით საქართველოს თემატიკაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

13 აგვ. 2020

საერთაშორისო ონლაინ კონფერენციის თემა გახლდათ: „საქართველო და მისი სამეზობლო“.  


„დღეს საერთაშორისო სისტემა არაერთი გამოწვევისა და რთული ამოცანის წინაშე დგას. მთელი რიგი მნიშვნელოვანი კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ასევე, საქართველოს ზოგიერთი მეზობლის ისტორიულად არაპროგნოზირებადი ქცევა ზრდის ქვეყნის მოწყვლადობას. საქართველო იმყოფება ორ ნორმატიულად დაპირისპირებულ სამყაროს შორის: ერთი ეფუძნება თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებს, ხოლო მეორე ორიენტირებულია რევანშისტულ მიდგომებზე“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.


„ამასთანავე, საქართველოს სჭირდება თავისი შესაძლებლობების გაძლიერება ჰიბრიდულ საფრთხეებთან ეფექტიანად გასამკლავებლად“, - დასძინა მან.


ვიქტორ ყიფიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ისაუბრა შავ ზღვაზე ძალთა ბალანსთან დაკავშირებულ საკითხებზე. „საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნისთვის წარმოადგენს როგორც გამოწვევას, ისე შესაძლებლობას, განსაკუთრებით მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. ამჟამად შავი ზღვა არის არენა შეჯიბრისთვის გავლენის, რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომის მოსაპოვებლად. შესაბამისად, ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს უფრო მოეთხოვებათ სტრატეგიული სიმტკიცე, ვიდრე სტრატეგიული თმენა“. 


ასევე, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო მიისწრაფვის იყოს დემოკრატიული და უსაფრთხო ადგილი როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე პარტნიორებისთვის. 
საერთაშორისო კონფერენციაზე განხილული საკითხები შეაჯამეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა და აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ. 

 

 

იხილეთ ონლაინ კონფერენციის ჩანაწერი

გააზიარე: