ხათუნა ბურკაძე - ყველასთვის განათლების ხელმისაწვდომობისა და სწავლების ეფექტიანობისათვის დისტანციური განათლება ცვლილებებს საჭიროებს

11 სექ. 2020

"ჯეოქეისის" მკვლევარმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ პანდემიის ფონზე დისტანციური განათლების განვითარების 12-პუნქტიანი რეკომენდაციების პაკეტის შესახებ ისაუბრა.
 

მისი თვალთახედვით,  საჭიროა შემდეგი ტიპის რეკომენდაციების გათვალისწინება:
 

  1. 2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია განახლებას საჭიროებს. დღევანდელი ეპიდვითარებისა და მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით, მოქმედი განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია არ პასუხობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური განათლების დანერგვისთვის აუცილებელ კონცეპტუალურ მიდგომებს. მით უფრო იმ ფონზე, რომ 2020 წლის 12 ივნისს „ზოგადი განათლების“ და „უმაღლესი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონებში შევიდა ცვლილებები დისტანციური სწავლების თაობაზე. განახლებულ და შემდგომ სტრატეგიებში მკაფიოდ უნდა აისახოს, თუ როგორია სახელმწიფოს კონცეტუალური ხედვა განათლების  ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ. სასურველია, დოკუმენტში განისაზღვროს დისტანციური სწავლების პრინციპები, მეთოდოლოგია, დისტანციური სასწავლო პროცესის დაგეგმვის ეტაპები, ასევე, დისტანციური განათლების თანმდევი გამოწვევები, მათი დაძლევის საშუალებები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და  განათლების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ჰიბრიდული/შერეული სწავლების პროცესის შესაძლებლობების გამოკვეთაც. ეს ხელს შეუწყობს  გარკვეულწილად პრაქტიკაში ბალანსის დაცვას ტრადიციულ და დისტანციური სწავლების ფორმებს შორის. 
     
  2. სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში უნდა მომზადდეს სპეციალური პაკეტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. დისტანციური სწავლების ხელშემწყობი სამშვიდობო პაკეტის მიზანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების მაქსიმალური ინტეგრირება დისტანციური სწავლების შესაბამის პროგრამებში, ასევე, მათთვის უფასო ინტერნეტ პაკეტების შეთავაზება და საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა. 
     
  3. აუცილებელია, საყოველთაო ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებული პროექტების ეფექტიანი იმპლემენტაცია. ყველა რეგიონს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან. ასევე, უმნიშვნელოვანესია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის შესაბამისი სოციალური პაკეტების შემუშავება, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს კომპიუტერი და ონლაინ რესურსები. ეს პროცესი ხელს შეუწყობს დისტანციური განათლების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად სათანადო გარემოს შექმნას. 
     
  4. სასურველია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ციფრული მმართველობის განვითრების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ამ თვალსაზრისით ესტონეთის გამოცდილება თვალსაჩინოა, რადგან ესტონეთის ციფრული განათლების სისტემის წარმატება განაპირობა როგორც საგანმანათლებლო ტექნოლოგების განვითარებამ, ისე საგანმანათლებლო სივრცის მონაწილეთა რეგულარულად გადამზადებამ. ამავდროულად, ესტონეთმა განათლების სისტემაში ფართოდ დანერგა ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა: ციფრულ მონაცემთა ბაზები, ციფრული სახელმძღვანელოები, ელექტრონული სწავლების მასალები, ციფრული კლასის დღიურები, ციფრული სწავლების  აპლიკაციები. მეტიც, ესტონეთმა განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს სხვა ქვეყნებს და მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ შექმნილი ციფრული განათლების ხელშემწყობი პლატფორმების შესახებ. შესაბამისად, შეიძლება საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივ დონეზე შეიქმნას ფორმატი დისტანციური განათლების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
     
  5. მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული პირის  ციფრული უნარ-ჩვევების რეგულარულად განვითარება, რათა მათ შეძლონ განათლების სივრცის ციფრულ ტრანსფორმაციასთან ეფექტიანი ადაპტირება. ამ მიმართულებით შესაძლოა შეიქმნას დისტანციური სწავლების განვითარების მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომელშიც ჩაერთვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობით შექმნილი პლატფორმის მიზანი იქნება განათლების სივრცეში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიღწევების განხილვა და დონორების მეშვეობით შესაბამისი ტრენინგ-მოდულების ჩატარება განათლების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ცნობადობის ასამაღლებლად. ამასთანავე, ამ პლატფორმის მეშვეობით საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი  დისტანციური სწავლების პრაქტიკას.
     
  6. მნიშვნელოვანია ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმების შექმნა, რაც გაადვილებს საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას. შესაძლოა ქვეყნის მასშტაბით შეიქმნას ცენტრალიზებული ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც საგნებისა და თემატიკის მიხედვით განთავსდება ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები, მათ შორის სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები, ვიდეო ლექციები. ავტორებმა, გამომცემლობებმა შეიძლება ელექტრონულ წვდომაზე გარკვეული საფასური დააწესონ ან საზოგადოებას საგანმანათლებლო მასალები გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფასოდ შესთავაზონ. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია აღნიშნული პლატფორმის შექმნის დროს ყველა ჯგუფის ინტერესის გათვალისწინება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების. 
     
  7. აუცილებელია, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხელოვნური ინტელექტის როლი გამოიკვეთოს, რაც ხელს შეუწყობს მთელი რიგი ინფორმაციის მიმართ ავტომატიზირებული მიდგომის დანერგვას. „ჩეთბოტები“- ციფრული თანამშრომლები, შემუშავებული ინსტრუქციების საფუძველზე, განუმარტავენ დაინტერესებულ პირებს დისტანციური სწავლების შესაბამისი აპლიკაციების გამოყენების წესს, უპასუხებენ ხშირად დასმულ კითხვებს და განახორციელებენ ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციებს. 
     
  8. საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდი განვითრების ფონზე და დისტანციური სწავლების საჭიროებებიდან გამომდინარე, დღევანდელი მოცემულობა მოითხოვს კიბერ ჰიგიენისა და კიბერ უსაფრთხოების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ამ მიზნით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა შემუშავდეს შესაბამისი სასწავლო საგნები და კურსები. მათი მიზანი იქნება მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია დაცული ელექტრონული სერვისების,  ვებ-გვერდების, უსაფრთხო ონლაინ პროექტების, საგანმანათლენლო ქსელების დაცვის სტანდარტებისა და კიბერ ჰიგიენის სხვა საკითხების შესახებ. ხოლო სტუდენტები გაიღრმავებენ ცოდნას კიბერ ინციდენტების ტიპების, კიბერ შეტევების მახასიათებლების, პერსონალური მონაცემების კიბერ სივრცეში დაცვის საერთაშორისო პარამეტრებისა და კიბერ უსაფრთხოების სხვა თემების თაობაზე. 
     
  9. სასურველია, შეიქმნას ონლაინ კურსების ბანკი, რომელიც სფეროების მიხედვით (სამართალი, დიპლომატია, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ.) გააერთიანებს ონლაინ სასწავლო კურსებს. ასევე, ამ პლატფორმის გამოყენებით შესაძლებელია ერთობლივი ონლაინ პროგრამის შემუშავება საქართველოს სახელმწიფო ან კერძო უნივერსიტეტისა და სხვა ქვეყნის ცნობილი უნივერსიტეტის მონაწილეობით. პროექტის განხორციელება შეიძლება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და  დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით.
     
  10. Microsoft-თან კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა.  Microsoft-ი საქართველოს წამყვანი პარტნიორია  ქვეყნის განათლების სივრცის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. შესაბამისად, მასთან თანამშრომლობის გაძლიერებით შესაძლებელია მომავალში შეიქმნას ქართულ რეალობაზე ორიენტირებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამები და აპლიკაციები, რომლებიც უფრო გაადვილებენ დისტანციური სწავლების პროცესს როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 
     
  11. აუცილებელია შეიქმნას დისტანციური სწავლების ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა. მისი მიზანი იქნება იმ სტანდარტებისა და პარამეტრების განსაზღვრა, რომლებიც დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელების თვალსაზრისით ხელს შეუწყობენ სკოლებისა და უნივერსიტეტების შესაბამისი აპარატურითა და სხვა საშუალებებით აღჭურვას.
     
  12. უმნიშვნელოვანესია შემუშავდეს პანდემიის შედეგად დაზარალებულ  სტუდენტთა ფინანსური დახმარების პაკეტი. კოვიდ 19-ის გამო წარმოქმნილმა ეკონომიკურმა გამოწვევებმა  პრობლემები შეუქმნა სტუდენტებს, რის გამოც ისინი სწავლის საფასურს ვერ იხდიან. აღნიშნული გეგმის მიზანი იქნება, დონორებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით,  პანდემიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებს  დახმარება აღმოუჩინოს.

 

იხილეთ სრული ინტერვიუ

 

გააზიარე: