ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს

17 სექ. 2020

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშს "POSTV-ის“ გადაცემა „პოლიტიკური პოსტის“ეთერში აფასებს.
 
„ძალიან სასიხარულოა ის შეფასებები, რაც ამ დოკუმენტშია. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის გამარჯვება - ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების გამარჯვება, როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ საქართველო მისი ძირითადი და საკვანძო პარტნიორია რეგიონში. ეს არის ძალიან არსებითი. ამ დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ ევროპისკენ სვლა მხოლოდ პოლიტიკური ძალების მუშაობის შედეგი არ არის, ეს საზოგადოებაში არსებული ფართო კონსესუსის შედეგია. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ეს არის ჩვენი ერთობლივი პოზიტიური ჯამის პრინციპზე დაფუძნებული ძალისხმევის ნაყოფი და ამით მხოლოდ უნდა ვიამაყოთ“,- განაცხადა ყიფიანმა.

ევროპარლამენტის სხდომის მიმოხილვისას ვიქტორ ყიფიანი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება მეტად გადავიტანოთ თავად დოკუმენტის არსზე, მასში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე. რა თქმა უნდა, ცალკეული ევროპარლამენტარების კომენტარები ასევე ყურადსაღებია საერთო პროცესის შესაფასებლად, მაგრამ აქვე ყურადღება მისაქცევია ამათუიმ ევროპარლამენტარის შესაძლო პარტიულ აფილიაცაზე და მის მიერ ინფორმაციის წყაროზე. 

„სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტში ობიექტურად განხილულია მართლმსაჯულების პრობლემა. მართლმსაჯულება ჩვენი სუსტი წერტილია. რეფორმირების დიდი გზა გავიარეთ, თუმცა დარჩენილია თვისობრივი ნახტომი და მე ვისურვებდი ერთხელ და სამუდამოდ, მომავალმა პარლამენტმა ეს საკითხები დღის წესრიგიდან მოხსნას, რათა არ დარჩეს მანიპულაციების თემად.“- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. 

ინტერვიუსას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ აღნიშნა: „ევროკავშირის დასკვნა არის ძალიან დამაიმედებელი და ეს არის დიდი მოტივაცია ქართული რეფორმების გასაგრძელებლად. დღეს რთულ პერიოდში მყოფი ევროკავშირისთვის დღის წესრიგში აქტიურად დგას ე.წ. ახალი თაობის ევროკავშირის შექმნა, - საქართველო კი ევროპული სულისკვეთებით და წარმატებული რეფორმების საფუძველზე მზად არის მონაწილეობა მიიღოს განახლებული ევროკავშირის მშენებლობაში.“ 

 

იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი

გააზიარე: