საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივაზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისი“-ს მკვლევარს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.
ხათუნა ბურკაძემ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში საქართველოს ჩართულობა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და წლიური ეროვნული პროგრამის შესრულების პროცესი შეაფასა. მან საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, პარტნიორების მხარდაჭერასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა.
„ჯეოქეისი-ს“ მკვლევარმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „საქართველოსთან მიმართებით შესასრულებელია ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირება, რომელიც უკვე თითქმის 12 წელს ითვლის.“ მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონში მზარდი დასავლური ინტერესების ფონზე მეტად შეიძლება საქართველოს სტრატეგიული საჭიროების გამოკვეთა. სასურველია, ქართული დიპლომატიის ძალისხმევითა და პარტნიორების მხარდაჭერით 2021 წლის ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში მეტი ფოკუსირება მოხდეს საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში, რაც შესაძლოა პრაქტიკული ნაბიჯებითაც გამოიკვეთოს. მაგალითად, შემუშავდეს ნატო-საქართველოს პაკეტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე (NATO-Georgia Package on the Black Sea Security).
ხათუნა ბურკაძემ დასძინა, რომ საერთაშორისო პოზიტიური გზავნილები და საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის დინამიკა მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელია.
გაეცანით ინტერვიუს
გააზიარე: