ვიქტორ ყიფიანი აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი სიტყვით წარსდგა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც Caspian Policy Center (CPC)-ისა და Near East South Asia (NESA) Center-ის ორგანიზებით, 10-11 ივლისს, ბაქოში, სასტუმრო ჰილტონსა და აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში გაიმართა. 


კონფერენციაზე, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ცვალებადი გლობალური პოლიტიკური დინამიკისა და დამოკიდებულების ფონზე, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და დიდი კასპიის რეგიონის პოლიტიკის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სამომავლო საკითხები განიხილეს.


ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს Caspian Policy Center (CPC)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეფგან ნიფტიმ და NESA-ს სტრატეგიული კვლევების ცენტრის აკადემიურმა დეკანმა და ცენტრალური აზიის კვლევების პროფესორმა, როჯერ კანგასმა. სადისკუსიო პანელებს კი მოდერატორობა გაუწიეს აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის პრორექტორმა, განვითარებისა და დიპლომატიის ინსტიტუტის დირექტორმა, ფარიზ ისმაილზადემ და Caspian Policy Center (CPC)-ის საბჭოს წევრმა, ელჩმა რიჩარდ ჰოლანდმა.


ვიქტორ ყიფიანი სიტყვით წარსდგა გარე ძალებისა და ფართო კასპიის რეგიონს შორის ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სესიაზე და მსმენელებს გაუზიარა საკუთარი შეფასებები მიმდინარე პოლიკრიზისის - უკრაინის ომის, პოსტ-პანდემიური ძვრებისა და პირველი გლობალური ეკონომიკური ომის ფონზე საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების, პერსპექტივებისა და ქვეყნის როლის შესახებ.


სიტყვით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე; შავი და კასპიის ზღვების ურთიერთდაკავშირედობადობაზე და თანამშრომლობისათვის ახალი სივრცის შექმნის მნიშვნლობაზე. 


მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად შუა კორიდორისა და ენერგო კაბელის პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. მისი თქმით, აღნიშნული პროექტები,  გარდა ეკონომიკური პარამეტრებისა, ეროვნული უსაფრთხოების სისტემებს შორის თანამშრომლობის ახალ ელემენტებს შემოიტანს როგორც სადაზვერვო მონაცემების გაცვლის კუთხით, ასევე უსაფრთხოების სფეროში პრევენციული ღონისძიებების გატარების მხრივ.   


ვიქტორ ყიფიანმა განიხილა თანამშრომლობის სხვადასხვა ორგანიზაციული ფორმები, რაც გააღრმავებს თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს კოორდინაციას კრიზისების აღმოჩენისა და პრევენციის მიზნით. ვიქტორ ყიფიანის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც რეგიონალურ უსაფრხოებაზეა საუბარი, უკრაინაში მიმდინარე ომისადმი დასავლური მიდგომა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ უკრაინის ომის შედეგებით. 


„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოს როლზე, მის ჩართულობაზე, სარგებლიანობასა და დანიშნულებაზე რეგიონალურ კონტექსტში. გამოთქვა აზრი, რომ მიმდინარე პროცესები საშუალებას გვაძლევს ჩამოვიშოროთ ძველი სტერეოტიპები და გადაწყვეტის ჭრილში ახლებურად გავიაზროთ რისკების მართვის მექანიზმები. ამ მხრივ , მან კონფერენციის მონაწილეებს რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა, რომლებიც,  შესაძლებელია, შემდგომ განხილვათა საგანი გახდეს.
 

გააზიარე: