20 მარტს, საქართველოში კორონავირუსის მხრივ არსებულ სიტუაციაზე ევროპული რადიო - EURADIO საფრანგეთიდან „ჯეოქეისი“-ს მკვლევარს, ლიკა ჭიპაშვილს ესაუბრა. ჩართვაში ლიკა ჭიპაშვილმა მიმოიხილა საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო შექმნილი დღევანდელი ვითარება, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ მიღებული სპეციფიური ზომები და მოქალაქეთა სოციალური ცხოვრების ასპექტები.
გთავაზობთ ჩართვის ქართულ ვერსიას:
საქართველოში ვირუსი მინიმალურია, ზომები მაქსიმალური
2020 წლის 20 მარტი
ფლორა ვიდალი, EURADIO-ს ჟურნალისტი:
- კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი, როგორც ჩანს, საქართველოში ბრწყინვალედ იმართება. გთავაზობთ ლიკა ჭიპაშვილის ჩართვას, რომელიც ვრცლად მიმოიხილავს საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ მდგომარეობას. ლიკა ჭიპაშვილი არის EURADIO-ის ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად კი მკვლევარი „ჯეოქეისში“, რომელიც გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სპეციალიზირებული Think-Thank-ი.
ლიკა ჭიპაშვილი, „ჯეოქეისი“-ს მკვლევარი:
- გამარჯობა - Bonjour - ქართულად გესალმებით, რაც ნიშნავს - მე თქვენ გისურვებთ გამარჯვებას. ის, რაც დღეს ევროპას, მსოფლიოს და ჩვენ ყველას გვჭირდება ამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც COVID-19 წარმოადგენს.
მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის ევოლუციის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ჩვენი - ევროპის კონტინენტზე შექმნილ მდგომარეობას თუ მივიღებთ მხედველობაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ, საქართველოში სიტუაცია ნაკლებად მძიმე და მეტად სტაბილურია. დღეის მონაცემებით, საქართველოში გვაქვს კორონავირუსის მხოლოდ 43 დადასტურებული შემთხვევა, რომელთა უმრავლესობა გახლავთ იტალიიდან იმპორტირებული შემთხვევები. იტალია ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, მაგრამ ამასთან, ჩვენ გვყავს დიდი დიასპორა იტალიის რესპუბლიკაში.
სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID-19 ნელი ტემპით ვრცელდება. ჩვენთან 1-ელი შემთხვევა მხოლოდ 26 თებერვალს დაფიქსირდა და მიიჩნევა, რომ დროის თვალსაზრისით, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ორი კვირა მოიგო ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის. დღეისთვის, ყველაზე მეტად დამაიმედებელი ფაქტი გახლავთ ის, რომ შეგვიძლია ვირუსის გავრცელების მართვა; კერძოდ, 1-ელი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდე - ჩვენ ვფლობთ ვირუსის შესაძლო გავრცელების პროცესს, ვინაიდან დადასტურებული 43-ვე შემთხვევაში ცნობილია ვირუსის მატარებელი ადამიანების პირველადი და მეორეული კონტაქტები ანუ იდენტიფიცირებულია ვირუსის გავრცელების წყარო, რაც გვაძლევს საფუძველს ვიყოთ ოპიტიმისტები.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს ამ პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, აღნიშნულ კონტექსტში ქვეყნის მთავრობამ მიიღო სპეციფიური, ძალიან მკაცრი ზომები საჭირო დროზე ბევრად ადრე. სხვათაშორის, მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ გადააჭარბა და არ იყო აუცლებლობა ასეთი მკაცრი ზომების მიღებისა ამდენად ადრეულ პერიოდში. თუმცა, დღეს, როცა ვაკვირდები მსოფლიოში ვირუსის გავრცელების მხრივ არსებულ სიტუაციას, როგორც მოქალაქე, მივიჩნევ, რომ საქართველომ კარგად იმოქმედა.
ჩვენ, ჯერ კიდევ იანვრის თვეში შევწყვიტეთ ფრენები ჩინეთთან და მივიღეთ ძალიან მკაცრი ზომები აეროპორტებში იმ ჩამომსვლელთა შესამოწმებლად, რომლებიც მოემართებოდნენ [კორონავირუსის] მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან. აღნიშნული დაგვეხმარა შემდგომში - უკვე ადგილზევე - აეროპორტშივე მოგვეხდინა იდენტიფიცირება კონორავირუსის 1-ელი შემთხვევისა.
ჩვენთან, საქართველოში უკვე 2 მარტიდან აღარ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, შეწყდა სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში 1-ელ აპრილამდე. სწავლება კი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. ამასთან, გაუქმდა სპორტული თუ კულტურული სახის აქტივობები.
რაც შეეხება პროფესიულ სფეროს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენ, მაქსიმალურად, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ვცდილობთ ვიმუშაოთ დისტანციურად. გარდა ამისა, 18 მარტიდან საქართველოში აღარ ხორციელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 2 კვირით, რა თქმა უნდა, დაშვებულია გამონაკლისი ადამიანთა გარკვეულ კატეგორიაზე.
სოციალური ცხოვრების კონტექსტში კი, უნდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით, ჩვენთან პანიკა და შიში არ დომინირებს. ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, არსებობს საიმედო სიტუაცია, რაც ჩვენი - მოქალაქეების მხრიდან არ საჭიროებს სუპერმარკეტების ერთდროულად დაცარიელებას. სხვა ტიპის - არაპირველადი საჭიროების მქონე მაღაზიები და ობიექტები კი იხურება დღეიდან და სოციალურ დონეზე, ვფიქრობ, ეს უკვე ცოტათი შეცვლის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს.
საქართველოში არსებული ზემოაღწერილი შედარებით სტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უცხოეთში, ცდილობენ მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდნენ ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ჩვენი იმ თანამოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც ვირუსის გავრცელების გამო, გახლავთ ბლოკირებულნი უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველომ უკვე დააბრუნა 200-მდე ქართველი სამშობლოში იტალიიდან, აგრეთვე, ბულგარეთიდან და მიმდინარეობს ჩვენი სტუდენტების გამოყვანა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან. ჩვენი დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ, მათ შორის საფრანგეთის რესპუბლიკაში, მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა მოახდინონ თანამოქალაქეების ორგანიზება მათი სამშობლოში დაბრუნების მიზნით. პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს შორის, აქვე, მსურს აღვნიშნო ბოლო ზომა, რომელიც მთავრობამ გუშინ გაგვაცნო. აღნიშნული გულისხმობს ონლაინ სამედიცინო კონსულტაციის გაწევას საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში.
აღნიშნულ კონტექსტში მსურს მივესალმო აპლოდისმენტებით ჩვენს ექიმებს ევროპაში, მთელ მსოფლიოში მათი ყოველდღიური საქმიანობისათვის. მართლაც, ვიყოთ ერთამენთის მიმართ სოლიდარულნი და დავრჩეთ სახლებში! დღეს, პარადოქსულად, ყველაზე დიდი თავისუფლება გახლავთ მისი შეზღუდვა და იზოლირება. დავრჩეთ სახლებში და ამგვარად, დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, რათა ერთიანი ძალებით ვიბრძოლოთ ამ პანდემიის წინააღმდეგ, რადგან ძალა ხომ მხოლოდ ერთობაშია!
იხილეთ ჩართვის ორიგინალი ვერსია ფრანგულ ენაზე.
მოგვიანებით, "ჯეოქეისი"-ს მკვლევარის, ლიკა ჭიპაშვილის აღნიშნული ინტერვიუ ციტირებულ იქნა ევროპული გამოცემა Euractiv-ის მიერ:
ENG: Georgia’s furious fight against COVID-19
http://bit.ly/2L4r2Yr
FRA: Le combat acharné de la Géorgie contre le COVID-19
http://bit.ly/3hxtu5U