„ჯეოქეისს“ელჩი იოსებ ნანობაშვილი შემოუერთდა

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „ჯეოქეისის“ გუნდს მრჩევლთა საბჭოს წევრის პოზიციაზე ელჩი იოსებ ნანობაშვილი შემოუერთდა.


იოსებ ნანობაშვილი 2020 წლიდან ხელმძღვანელობს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონულ წარმომადგენლობას ქ. თბილისში. მანამდე, 23 წლის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობდა საქართველოს საგარეო უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის 2015-2020 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში.


სხვადასხვა წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იოსებ ნანობაშვილს ეკავა ისეთი თანამდებობი როგორიცაა, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ევროსაბჭოს სამმართველოს უფროსი, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი და სხვა. აღსანიშნავია მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა ეუთო-ში საქართველოს მისიასა (ქ. ვენა, 2009 – 2013 წ.წ.) და ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში (ქ. ბრიუსელი, 2002 – 2006 წ.წ.). 


იოსებ ნანობაშვილი ფლობს პოლიტიკურ მეცნიერებებში ფილოსოფიის დოქტორისა და დიპლომატიის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხებს. მინიჭებული აქვს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.


იოსებ ნანობაშვილი ევროკავშირის შესახებ არა ერთი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორია. მას ეკუთვნის ასევე მრავალმხრივი დიპლომატიის წარმოების პრაქტიკული სახელმძღვანელო. იოსებ ნანობაშვილი გახლავთ მანიტობას უნივერსიტეტისა (კანადა) და პირეოსის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) მეცნიერ-მკვლევარი; ვებსტერის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.


„ჩვენთვის დიდი პატივია ბატონი იოსების შემოერთება, მისი ღრმა ანალიზის უნარი და ფართო გამოცდილება კიდევ უფრო გააძლიერებს ანალიტიკური ცენტრის მისიას და ხელს შეუწყობს ორგანიზაციის ზრდასა და განვითარებას,“- აღნიშნა ჯეოქეისის თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
 

გააზიარე: