ხათუნა ბურკაძემ და დავით კაპანაძემ, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ფარგლებში, ახალქალაქში შეხვედრა გამართეს

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“  ერთობლივი პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის” ფარგლებში, ახალქალაქში ადგილობრივ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 


„ჯეოქეისისა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა შეიქმნა. აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ეროვნული თანხმობის დეკლარაცია შემუშავდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო მიმართულებების მიხედვით (დეოკუპაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, სამართლიანი სოციალური პოლიტიკა).
 

ეროვნული თანხმობის პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე - ფართო საზოგადოებაში. პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება.
 

GSAC-ისა და „ჯეოქეისის“ წარმომადგენლებმა, ბ-ნმა დავით კაპანაძემ და პროფ. ხათუნა ბურკაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართეს დისკუსია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარი წარიმართა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანებით შეიძლება მიიღოს საქართველომ. 


GSAC-ის უფროსმა მკვლევარმა, ბ-ნმა დავით კაპანაძემ ისაუბრა იმ ისტორიულ კავშირებზე, რაც საქართველოს საუკუნეების მანძილზე გააჩნდა ევროპის ქვეყნებთან. აგრეთვე, მან ყურადღება გაამახვილა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და იმ პერსპექტივებზე, რომლებიც სტატუსის მინიჭების შემდეგ ეძლევა ქვეყანას.


„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: “2023 წელი საქართველოსათვის ევროინტეგრაციის გზაზე გარდამტეხ წლად იქცა. ჩვენმა ქვეყანამ ხელშესახებ შედეგს მიაღწია. ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველოს, როგორც ევროპულ სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა, რეფორმების გზით, საბოლოოდ განახორციელოს მისი ევროპული მიზნები და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამასთან, ეს არის აღიარება იმისა, რომ საქართველო  ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულია და  შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება”. 


“შესაბამისად, გეოპოლიტიკური მოცემულობა გვკარნახობს, პარტნიორების მხარდაჭერით, მთელი რიგი ცვლილებების განხორციელების გაგრძელებას ევროპულ კრიტერიუმებთან უფრო მეტად დაახლოებისათვის.  მით უფრო, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და არათუ წლები, არამედ საუკუნეებია ისწრაფვის დასავლურ სისტემასთან სრული ინტეგრირებისათვის. ეს როგორც ჩვენი წინაპრების, ასევე საქართველოს მოსახლეობის ურყევი არჩევანია, რომელიც ქმნის მყარ, კონსტიტუციურ საფუძველს იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ჩვენ შევძლებთ მეტი სტრატეგიული ნაბიჯის გადადგმას ჩვენი ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის იმპლემენტაციისათვის,” - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გააზიარე: