საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის” ფარგლებში, ზუგდიდსა და ქუთაისში, ამერიკულ კუთხეებში, შეხვედრები გაიმართა.
ჯეოქეისისა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა შეიქმნა. აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ეროვნული თანხმობის დეკლარაცია შემუშავდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო მიმართულებების მიხედვით (დეოკუპაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, სამართლიანი სოციალური პოლიტიკა). ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე - ფართო საზოგადოებაში.
პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება. GSAC-ისა და „ჯეოქეისის“ წარმომადგენლებმა, ბ-ნმა ვალერი ჩეჩელაშვილმა და პროფ. ხათუნა ბურკაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართეს დისკუსია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარი წარიმართა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანებით შეიძლება მიიღოს საქართველომ. „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა:
“2023 წელი საქართველოსათვის ევროინტეგრაციის გზაზე გარდამტეხ წლად იქცა. ჩვენმა ქვეყანამ ხელშესახებ შედეგს მიაღწია. ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველოს, როგორც ევროპულ სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა, რეფორმების გზით, საბოლოოდ განახორციელოს მისი ევროპული მიზნები და გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამასთან, ეს არის აღიარება იმისა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულია და შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება”.
“შესაბამისად, გეოპოლიტიკური მოცემულობა გვკარნახობს, პარტნიორების მხარდაჭერით, მთელი რიგი ცვლილებების განხორციელების გაგრძელებას ევროპულ კრიტერიუმებთან უფრო მეტად დაახლოებისათვის. მით უფრო, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და არათუ წლები, არამედ საუკუნეებია ისწრაფვის დასავლურ სისტემასთან სრული ინტეგრირებისათვის. ეს როგორც ჩვენი წინაპრების, ასევე საქართველოს მოსახლეობის ურყევი არჩევანია, რომელიც ქმნის მყარ, კონსტიტუციურ საფუძველს იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ჩვენ შევძლებთ მეტი სტრატეგიული ნაბიჯის გადადგმას ჩვენი ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანის იმპლემენტაციისათვის,” - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
GSAC-ის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა:
„გახლეჩილი საზოგადოების მართვა მარტივია, ზუსტად ამიტომ ჩვენი მეგობრები ასე განიცდიან პოლარიზაციას საქართველოში, ხოლო არაკეთილმოსურვეები მასში ხედავენ საზოგადოების მანიპულირების დამატებით ინსტრუმენტს. დეპოლარიზაცია არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი. საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრობა წარმოადგენს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების პერსპექტივების გარანტიას. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ რეგიონალურ კონტექსტშიც. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ სამხრეთ კავკასია ეკუთვნის ევროპის სივრცეს, არამედ იმასაც, რომ ის შეიძლება გახდეს ევროკავშირის სივრცეც“.
„შესაბამისად, პროექტის „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ მეორე ფაზის ფარგლებში იმართება თემატური დისკუსიები, ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებაზე, ექსპერტებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო სექტორთან და აკადემიურ წრეებთან. დეპოლარიზაციის პროცესში მასმედიის როლის გათვალისწინებით, განხორციელდება შეხვედრები მედია მენეჯერებთან და ჩატარდება ჟურნალისტების ტრენინგი,“- აღნიშნა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა.