ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისსა" და სამხრეთ კორეის ეროვნული გაერთიანების ინსტიტუტს (KINU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. KINU-ს სათავო ოფისი სეულში, კორეის რესპუბლიკაში მდებარეობს.
მემორანდუმის მიზანია ორ კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთობების გაძლიერება და კვლევითი თანამშრომლობის ხელშეწყობა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ აკადემიურ კვლევით პროექტებს, გამოაქვეყნებენ პუბლიკაციებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სემინარებს და საპანელო დისკუსიებს შესაბამისი სფეროს ქართველი და სამხრეთ კორეელი მეცნიერებისა და ექსპერტების ჩართულობით.
დოკუმენტის საფუძველზე ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისი" და კორეის ეროვნული გაერთიანების ინსტიტუტი შეეცდებიან აკადემიური ცოდნისა და გამოცდილების გაცვლით ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას შესაბამის სფეროებში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და კორეის ეროვნული გაერთიანების ინსტიტუტის პრეზიდენტმა, კიმ ჩუნ სიგმა.
„მოხარულები ვართ იმ შესაძლებლობით, რასაც ეს მემორანდუმი გვთავაზობს ცოდნისა და ურთიერთგაგების გასაუმჯობესებლად. იგი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ორგანიზაციების თანამშრომლობის, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის,“ - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.