პროფესორი ხათუნა ბურკაძე, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, ნატო-ს თავდაცვის კოლეჯმა სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის შეარჩია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე კვლევების განსახორციელებლად. პროფესორ ხათუნა ბურკაძის წინადადებები საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის თანამედროვე გამოწვევების დაძლევის შესახებ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ნატო-ს ექსპერტების მიერ მოწონებულ და შერჩეულ იქნა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პროფესორ ხათუნა ბურკაძეს 2024 წლის მეცნიერის პრემია ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის დარგში გადასცა. ასევე, იგი არის ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. ხათუნა ბურკაძე იკვლევს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გავლენას უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების პროცესზე. ამასთან, ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT), ფულბრაიტის სტიპენდიის ფარგლებში, ხელმძღვანელობდა კვლევას კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. კვლევის მიგნებების გარკვეული ნაწილი გამოქვეყნდა MIT-ის მიერ. გარდა ამისა, ხათუნა ბურკაძემ განახორციელა კვლევა ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიულ, ეთიკურ და სამართლებრივ ჩარჩოზე. მისი ნაშრომი ციფრული გარდაქმნის საერთაშორისო ტენდენციებზე შეტანილია გაერო-ს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში, ხოლო განმარტებები დიპლომატიის ორი ახალი სახის: ციფრული და კიბერ დიპლომატიის შესახებ „ფლეტჩერ ფორუმმა“ 21-ე საუკუნის დიპლომატიის რუბრიკაში შეიტანა. ასევე, ის აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხებზე უსაფრთხოების სფეროს მიმართულებით. ამასთან, იგი მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალური სიგელითაა დაჯილდოებული.