ხათუნა ბურკაძე - აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან უნდა შევძლოთ ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია

პროფესორმა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ხათუნა ბურკაძემ განაცხადა: „აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან უნდა შევძლოთ ურთიერთობების გაუმჯობესება, რაც, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჩვენი ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და, ამავდროულად, სტრატეგიული მოკავშირეა თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში. შესაბამისად, მშვიდობის დასაცავად, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინაშე არსებული ამოცანების განსახორციელებლად და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისათვის საჭიროა გადავხედოთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლებიც იქცნენ შემაფერხებელ ფაქტორებად საქართველო-ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობისათვის“. 
 

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობისათვის აუცილებელია ვაჩვენოთ, რომ გვაქვს მზაობა ხელი შევუწყოთ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისათვის გადამწყვეტია. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები წარმოადგენენ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად. დემოკრატიის უკუსვლა უნდა დასრულდეს და უნდა შევძლოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიზნებზე რეალურად ფოკუსირება,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ. 
 

გააზიარე: