ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ მის გუნდს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე შეუერთდა.
შალვა ლომიძის კარიერა ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში 1994 წლიდან იწყება. 1999 წელს მან დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. იმავე წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურში, სადაც 2005 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მსახურობდა. 2005 წელს განაგრძო მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურში და 2012 წლამდე იკავებდა საკვანძო თანამდებობებს. იმავე წელს ის დაინიშნა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსად.
2014 წელს შალვა ლომიძემ დაიწყო მუშაობა საქართველოს დაზვერვის სამსახურში, სადაც სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს, მათ შორის: დირექტორატის უფროსის მოადგილე, დირექტორატის უფროსი და სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. 2020 წლიდან 2021 წლამდე იგი იყო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
2021 წლის 23 აპრილს დაინიშნა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და ამ პოზიციას იკავებდა 2024 წლის აპრილამდე.
„ჩვენი ანალიტიკური ცენტრი უაღრესად მოხარულია ბატონი შალვას გუნდში შემოერთებით. მისი პროფესიული გამოცდილება დაზვერვის, კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორგანიზაციის მისიას ინოვაციური ხედვებისა და გადაწყვეტილებების შეთავაზების კუთხით, რაც უმნიშვნელოვანესია ცენტრის შემდგომი განვითარებისა და წარმატებისთვის,“ - აღნიშნა ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.