ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი - ნიკოლოზ ხატიაშვილი ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) აღმასრულებელი საბჭოს წევრად მეხუთე ვადით აირჩიეს.
“მაქვს პატივი კვლავ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა EPAG - ის აღმასრულებელ საბჭოში. არსებული გამოწვევების ფონზე, 2025 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს საქმიანობაში. გვაქვს არაერთი ახალი ინიციატივა და პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა იმ ამოცანის და მიზნის მიღწევას, რომელიც გააჩნია ჩვენს ორგანიზაციას. 2025 წლისთვის ჩვენი ამოცანაა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორგანიზაცია, გავზარდოთ ორგანიზაციის ინტელექტუალური რესურსი, განვამტკიცოთ EPAG-ის საერთაშორისო კავშირები და ხელი შევუწყოთ აშშ-საქართველოს კავშირების გაძლიერებას, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში“ - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) აერთიანებს აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ 25 გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებს. ორგანიზაცია აერთიანებს 1400-მდე რეგისტრირებულ წევრს. ასოციაციის მთავარი საყრდენი სწორედ მისი წევრები და არსებული ინტელექტუალური რესურსია.
ასოციაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს დასავლური განათლების მქონე პროფესიონალებისა და თანამოაზრეების ქსელის შექმნა. EPAG-ი არის პლატფორმა იდეების გენერირებისთვის, სივრცე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების დასაკავშირებლად, ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალების ქსელის შესაქმნელად, სოციალური აქტივობების განსახორციელებლად.
EPAG-ის მისია ქვეყანაში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობაა, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელების, გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარების, ადვოკატირების გზით.