ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისი" საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობას აფართოებს - ამჯერად ცენტრმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ ორგანიზაციასთან - ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი (GARA).
ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოსა და შეერთებული შტატებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობას, გლობალურად მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიებისათვის ინტელექტუალური პლატფორმების შექმნას, გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე ფოკუსირებული სიღრმისეული ანალიტიკური ანგარიშების შემუშავებას.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ორგანიზებას გაუწევენ საერთაშორისო კონფერენციებს, სტრატეგიულ საკითხებზე დიალოგსა და დებატებს, სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგ პროგრამებს. ასევე, ჩაერთვებიან ერთობლივ კვლევით საქმიანობაში და მოამზადებენ პოლიტიკის დოკუმენტებს, რათა ხელი შეუწყონ საერთო ინტერესების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.
გარდა მემორანდუმის გაფორმებისა, შეთანხმდა, რომ GARA-ს დახმარებით ამერიკის შეერთებულ შტატებში "ჯეოქეისის" წარმომადგენლობა გაიხსნება.
"ამ პარტნიორობის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ინტელექტუალური და პოლიტიკაზე ორიენტირებული დიალოგის გასაძლიერებლად. "ჯეოქეისისა" და ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის გამოცდილების გაერთიანება ხელს შეუწყობს დისკუსიების გაშლას გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ინფორმირებული და სტრატეგიული მიდგომების შესამუშავებლად. ერთობლივი კონფერენციები, კვლევები და ინიციატივები მიზნად ისახავს რეგიონული და საერთაშორისო სტაბილურობის მიმართ ჩვენი საერთო ხედვისა და მიდგომების განვითარებას“, - განაცხადა "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.