ხათუნა ბურკაძე, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების ომის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებსა და აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა, „დღეს, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ნაშენები აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა შეჩერებულია. კერძოდ, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2009 წელს ხელმოწერილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფუნქციონირება შეაჩერა“.
„ქარტია წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის მტკიცე პოლიტიკურ საფუძველს. აღნიშნული დოკუმენტის მიზანია მხარეებს შორის გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა საკვანძო მიმართულებით. იგი ეფუძნება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერის პრინციპებს, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას. მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, აუცილებელია ვიფიქროთ იმ დისკუსიების დაწყებაზე, რომლებიც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის შესაძლო გზების განსაზღვრას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების აღსადგენად“, განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.