ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციისა და სამინისტროს თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით

შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციასთან და საგარეო უწყების თანამშრომლების შესაძლო  გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 


დღევანდელ ცვალებად გარემოში ისეთი პატარა და გეოპოლიტიკურად მოწყვლადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა,  ეფექტიანი და მოქნილი საგარეო პოლიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.  ის ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტის დაცვის, საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფის,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ წლების განმავლობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს საერთაშირისო დღის წესრიგში მყარი პოზიციების დამკვიდრებაში. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციისა და ამით გამოწვეული კვალიფიციური კადრების გათავისუფლების მცდელობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინსტიტუციურ სიმტკიცესა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული უწყება - ეს არის ქვეყნის საგარეო სტრატეგიული ხედვის განხორციელების მთავარი მექანიზმი, რომლის ჩამოყალიბებას მრავალი წელი და დიდი რესურსი დასჭირდა. 


ქართველი დიპლომატები წლების განმავლობაში იძენდნენ გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო სასწავლებლებში, რათა თავისი ცოდნა გამოეყენებინათ ქვეყნის განვითარებასა და საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს ინტერესების დასაცავად.  მათი უსამართლო გათავისუფლება არა მხოლოდ პროფესიონალი კადრების დემოტივაციას გამოიწვევს, არამედ რისკის ქვეშ დააყენებს მთელი სამინისტროს მიერ მიღწეულ მრავალწლიან პროგრესს, რომლის შემდგომში მიღწევა ძალიან რთული იქნება. 


„ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტებისა და  დაკნინების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. აღნიშნული პროცესი არღვევს ინსტიტუციური განვითარების ლოგიკას და საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ მომავალს და ეროვნულ ინტერესებს. 


ძლიერ ინსტიტუტებსა და პროფესიონალ დიპლომატებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გარეშე, საქართველო აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციისა და ისეთი საგარეო საფრთხეების წინაშე, რაც ხელყოფს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მის კონსტიტუციურ პრიორიტეტებს (საერთაშორისო ურთიერთობებსა) და დააზიანებს ესოდენ საჭირო პარტნიორობას ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან.  


მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც დააზიანებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ  საწყისებს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და მის უსაფრთხოებას. 


მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ღირსეულ და  გაბედულ თანამშრომლებს, რომლებმაც ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ და ღიად გამოხატეს  თავისი ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მზად ვართ მათ შევთავაზოთ ჩვენი პლატფორმა  პროფესიული ხედვების გასაზიარებლად და საგარეო მიმართულებით  მათი ცოდნისა და კონტაქტების გამოსაყენებლად. 
 

გააზიარე: